ნინი გოგიჩაიშვილი, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ის ჟურნალისტ ნათია ბანძელაძისა და ყველასთვის საყვარელი ტელესახის, გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას შვილია. ნინის თავადაც წარმატებული კარიერა აქვს და 2018 წელს „მის საქართველოს“ ტიტულიც დაიმსახურა. გარდა მოდელობისა, ის ტელეწამყვანის ამპლუასაც ითავსებს და გატაცებულია კულინარიით.
ამჯერად ნინი "მთავარი არხის" დილის გადაცემის რუბრიკის "კითხვების გარეშე" სტუმარია:
"ჩემი ბავშვობა ძალიან ტკბილად მახსენდება. მაშინ ინტერნეტი ისეთი განვითარებული არ იყო, როგორიც ახლაა. ამიტომ ბავშვები ერთად უფრო მეტ დროს ვატარებდით.
მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უნარი, რაც სხვებისგან გამოარჩევს. მე ადამიანებში ძალიან დიდ ნდობას ვიწვევ. ისეთ თემებს მიზიარებენ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვარ ძალიან ემოციური და გულჩვილი... ჩემთვის ბედნიერება ჩემს ოჯახთან ასოცირდება.
მამაჩემი იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერში მხარს მიჭერდა. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე ფასეული თავისუფლებაა" - ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი.