რამდენიმე წლის წინ ლილი-როუზ დეპი მხოლოდ ცნობილი მშობლების შვილი იყო, დღეს კი, ოჯახისგან დამოუკიდებლად, საკუთარი სახელი დაიმკვიდრა როგორც მოდის, ასევე კინოინდუსტრიაშიც.
ალბათ, ყველამ იცის, რომ მისი მშობლები ჯონი დეპი და ვანესა პარადი არიან. ლილი-როუზ დეპი 1999 წელს დაიბადა. სამი წლის შემდეგ მას შეეძინა ძმა - ჯონ კრისტოფერ დეპი. ადრეული ასაკიდანვე გოგონა პრესის ყურადღების ობიექტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მის საზოგადოების ინტერესისგან დაცვას სულ ცდილობდნენ, ეს ყოველთვის არ გამოსდიოდათ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პატარა ლილი კვებითი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდა და პრესა მშობლების უყურადღებობაზე ალაპარაკდა.
ლილი მძიმე მდგომარეობაში იყო და, როგორც მაშინ პრესა წერდა, სიცოცხლისთვის იბრძოდა: „როცა ჩემი ქალიშვილი ავად იყო, თითქმის საავადმყოფოში ვცხოვრობდი. ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი აქამდეც გამომივლია, მაგრამ ეს ყველაზე დიდი საშინელება იყო“ - იხსენებდა ჯონი ერთ-ერთ ინტერვიუში. საბედნიეროდ, ლილი გამოჯანმრთელდა, მამამ კი იმ კლინიკას, სადაც მისი გოგონა მკურნალობდა, 22 მილიონი დოლარი შესწირა.
მეგობრები და ნაცნობები ამბობენ, რომ ლილი წარმოუდგენლად მიზანდასახული გოგონაა. ის ბევრს შრომობს და ცდილობს, ცნობილ მშობლებს კი არ დაეყრდნოს, არამედ დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას. დედის მსგავსად, მასაც სურდა მომღერალი გამხდარიყო. „როცა პატარა ვიყავი, მინდოდა მომღერალი ვყოფილიყავი, მხოლოდ იმიტომ, რომ დედას დავმსგავსებოდი. ყველა პატარა გოგონას სურს, რომ დედას ჰგავდეს.“ თუმცა, პირველი ფილმის გადაღების დროს მიხვდა, რომ კამერებთან მუშაობა მეტად მოსწონდა და იზიდავდა, ვიდრე ჩამწერ სტუდიაში.
ჯონი დეპი ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ დარჩენილა, მაგრამ თავის ქალიშვილს მხარი დაუჭირა. "მსახიობობა, როცა ცნობილი მამა გყავს, ადვილი არ არის", - ამბობს ის. გოგონას მთელი ცხოვრება მშობლები გვერდით უდგანან, ამხნევებენ და მოტივაციას აძლევენ. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ გოგონას სამსახიობო ნიჭი ნამდვილად აქვს. კრიტიკოსებმა მისი პირველი როლები დადებითად შეაფასეს.
2015 წელს ჯონი დეპის ქალიშვილი "შანელის" მოდის სახლის სახე გახდა. დაკავებულმა გოგონამ სკოლაც კი მიატოვა, თქვა, რომ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას სხვა მიმართულებით არ აპირებდა და თავი მთლიანად მიუძღვნა იმ საქმეს, რასაც აკეთებს. ლილი ხშირად აღნიშნავს, რომ წვეულებები და ხალხმრავლობა არ იზიდავს. "კლუბის მოყვარული ნამდვილად არ ვარ. ჩაკეტილი ადამიანი ვარ. მომწონს სახლში ყოფნა და კულინარიული შოუების ყურება.”
კარიერისა და ოჯახის პარალელურად, მისი პირადი ცხოვრებაც, ისევე, როგორც სტილი, მუდამ განხილვის საგანია. ლილი-როუზი მსახიობ ტიმოთი შალამეს ხვდებოდა. წყვილი ერთად ფილმში "მეფე" თამაშობდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ერთად იყვნენ, მაგრამ 2020 წელს ოფიციალურად განაცხადეს, რომ დაშორდნენ.
ლილი როუზ დეპი ახალი თაობის გოგონებისთვის, და არამარტო მათთვის, სტილის საკულტო ნიშად იქცა. კოკო შანელი ამბობდა: „ქალს ორი რამ მოეთხოვება - იყოს ელეგანტური და ზღაპრული.“ ლეგენდარული დიზაინერი აუცილებლად იმავეს გაიფიქრებდა, მისი ბრენდის, "შანელის" ბრენდ-ამბასადორი ლილი-როუზ დეპი რომ ენახა. ის ცნობილია, როგორც „პატარა ფრანგი ქალი“, სისადავეში ჩაქსოვილი განსაკუთრებული ელეგანტურობა კი მისი ხელწერაა.
ლილი როუზის წარმატებას ხშირად ცნობილ მშობლებს „აბრალებენ“. თავად ლილის აზრით, მისი წარმატების ნეპოტიზმზე მიწერა სექსისტური განაცხადია. "ხალხს წინასწარ შექმნილი აზრი აქვს შენ შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიე წარმატებას, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არაფრის გამო არ მოგცემენ როლს, თუ მისთვის ზედგამოჭრილი არ ხარ, — განაცხადა მსახიობმა. — ინტერნეტი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ ვინ არიან შენი ოჯახის წევრები, ვიდრე ის ხალხი, რომელიც როლზე გამტკიცებს. შეიძლება ცალი ფეხი კარში გქონდეს შედგმული, თუმცა სულ ესაა. ამის შემდეგ ბევრი უნდა იმუშაო."
ლილი როუზი ასევე ფიქრობს, რომ ტერმინი "ნეპოტიზმის შვილი" სექსისტურია. მისი თქმით, როგორც წესი, ასე მხოლოდ წარმატებულ ქალებს მოიხსენიებენ და არა — წარმატებულ კაცებს. "მგონია, რომ უფლება მაქვს, მქონდეს საკუთარი აზრი. ასევე, მგონია, რომ აქ იმისთვის არ ვარ, სხვის მაგივრად მე გავცე ხალხს პასუხი. ჩემი კარიერის განმავლობაში ხშირად უნდოდათ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებული კაცებით განვესაზღვრე, იქნებოდა ეს მამაჩემი, ჩემი შეყვარებულები თუ ვინმე სხვა. მე კი მსურს, რომ რასაც შევქმნი, იმის მიხედვით განმსაზღვრონ, თუ ვინ ვარ", — განაცხადა ლილი როუზ დეპმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ