თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს 18 ოქტომბრიდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ბენქსის ნამუშევრების ნახვის საშუალება ექნებათ. ექსპოზიცია ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის - ბენქსის შემოქმედების გზაზე გვიყვება - ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლებამდე. ანონიმურობა ხელოვანის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა, მიუხედავად დიდი ინტერესისა, იდენტობის დამალვის ახსნა მუდამ ერთია - მას არ სურს ნამუშევრებიდან და მთავარი სათქმელიდან ყურადღების თავის იდენტობაზე გადატანა.
გამოფენა 18 ოქტომბერს გაიხსნება და საქართველოში 4 თვის განმალობაში დარჩება. გამოფენის კურატორი კი სტივ ლაზარიდისია. მისი მიზანია, გრაფიკოსის წარმატების გზა მნახველთათვის თვალსაჩინო გახადოს, იმის, თუ რისი გავლა მოუხდა მსოფლიო აღიარებამდე "იდუმალ მხატვარს". გრაფიტების პარალელურად, გამოფენაზე ქანდაკებებსა და სხვადასხვა ტილოსაც ვიხილავთ. „ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალისგან, კულმინაცია კი იქნება ბანქსის ორიგინალი ნამუშევრები ბრიტანელი ლორდი ჩერჩილის და სხვა კერძო კოლექციებიდან - ბანქსის ლეგენდის დაბადება", - წერს სახვითი ხელოვნების მუზეუმი ოფიციალურ გვერდზე. გამოფენა ასევე ქართველი თანამედროვე ხელოვნების წამომადგენლებისთვისაც მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი დარბაზი სწორედ ქართველ გრაფიკოსებს დაეთმობათ: გაგოშა, კოსკი და მიშიკო სულაკაური - სწორედ მათ ვიხილავთ ერთ-ერთ დარბაზში.
იდუმალი ბრიტანელი ხელოვანი ბენქსი, რომლის იდენტობაც უცნობია, უარს ამბობს ვინაობის გამხელაზე. მისი თქმით, ეს ერთგვარი თავდაცვის გზაცაა, რათა გრაფიტების უკანონოდ განთავსების გამო სასჯელი თავიდან აიცილოს. თუმცა ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე მის ამ ნაბიჯს ჭკვიანურ მარკეტინგულ გათვლას უკავშირებს. მედია ხშირად წერს სხვადასხვა მოსაზრების შესახებ, ვინ შეიძლება იმალებოდეს იდუმალი მხატვრის უკან. ყველაზე გავრცელებული ინფორმაციით, ბანქსი რობინ განინჰემია. კიდევ ერთი ვერსიით, ის Massive Attack-ის რობერტ დელ ნაჯაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია, რადგან მუსიკოსი რობერტ დელ ნაჯა ასევე არის გრაფიტის შემსრულებელი და წლები გაატარა ბრისტოლში. ბენქსიც ხომ ბრისტოლიდანაა. მესამე და ასევე პოპულარული მოსაზრება Gorillaz-ის დამფუძნებელ ჯეიმი ჰიულეტის უკავშირდება. კომიქსების შემსრულებელი და ინგლისური ვირტუალური ჯგუფის, Gorillaz-ის დამფუძნებელი ანონიმურმა სასამართლო ექსპერტიზამ ამხილა ისეთ დეტალებში, რომლებიც ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს.
ვინც უნდა იდგეს ბენქსის სახელის უკან, მისი გავლენა 1990-იანი წლებიდან სულ უფრო იზრდება. ამას "ბენქსის ეფექტიც" მოწმობს - ეს ტერმინი იმის საჩვენებლად შეიქმნა, თუ როგორ იზრდებოდა ინტერესი სხვა ქუჩის მხატვრების მიმართ ბენქსის წარმატების ფონზე. ბენქსიმ ნამუშევრების სხვადასხვა კედელზე განთავსება 1990-იანი წლებიდან დაიწყო. მოგვიანებით კი ეს ერთგვარ ხელოვნებად იქცა. ბენქსი ოდესღაც ახასიათებდა გრაფიტს, როგორც დაბალი კლასის „შურისძიების“ ან პარტიზანული ომის ფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდს წაართვას ძალაუფლება, ტერიტორია და დიდება უფრო დიდ და უკეთ აღჭურვილ მტერს. ბენქსის ქუჩის ხელოვნებას აქვს სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა. ის ეხება პოლიტიკურ თემებს, ომის სატირულ კრიტიკას, კაპიტალიზმს, თვალთმაქცობასა და სიხარბეს. მის მიერ დახატული თითოეული გრაფიტი შეიცავს გარკვეულ გზავნილს, რომლითაც საზოგადოებასთან დაკავშირებას ცდილობს. სატირა და ბნელი იუმორი მის ყველა ნამუშევარში იგრძნობა, თითქოს ასე უფრო ამარტივებს, მსუბუქს ხდის მთავარ სათქმელს. ეს სწორედ ის თემებია, რითიც საზოგადოება იტანჯება.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ