ნატვრის ხესთან დამარხული ოცნებები - ვინ იყვნენ ფილმის პერსონაჟები: მარიტა, ფუფალა და ციციკორე სინამდვილეში და როგორი იყო მათი ცხოვრება - Marao

ნატვრის ხესთან დამარხული ოცნებები - ვინ იყვნენ ფილმის პერსონაჟები: მარიტა, ფუფალა და ციციკორე სინამდვილეში და როგორი იყო მათი ცხოვრება

2023-10-05 12:26:01+04:00

"იდგა ჩემი ნატვრის ხე... იდგა საცოდავად ტოტებამოყრილი... ქარი კი უბერავდა და ჩემს ყველა ნატვრას, ფერად-ფერადს, აქეთ-იქით აფრიალებდა... ათასფერად გადაჭრელდა ხე... მერე წამოწვიმა... წვიმის წვეთებმა ჩამორეცხეს ცრემლიანი ოცნებები...“ - თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხე“ ქართული და არამარტო ქართული კინემატოგრაფიის ის გენიალური შედევრია, რომელიც, ჟამთასვლასთან ერთად, მეტ ხიბლსა და მნიშვნელობას იძენს. მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ფილმში მოქმედება მარიტასა და გედიას სიყვარულის გარშემო ვითარდება. მარიტა სილამაზისა და სიკეთის განსახიერებაა, მთელი სოფელი ამაყობს მისით, უფრთხილდება და ზრუნავს მასზე იქამდე, სანამ სოფლის უხუცესი, ციციკორე, თანასოფლელებთან ერთად საშინელ შეცდომას არ დაუშვებს. მარიტას უსიყვარულოდ გაათხოვებენ, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ოჯახს შეთესთან შეაქნევინებენ. შეთე წარმოსადეგი, მდიდარი, მაგრამ გულქვა ახალგაზრდაა. მშვენიერი მარიტა იძულებული ხდება, დაემორჩილოს სოფლის ნებას და დაივიწყოს თავისი ერთადერთი სიყვარული, მეზობლის ბიჭი - გედია. რეჟისორმა ფილმში ბევრი მნიშვნელოვანი სიმბოლო შეიტანა, რომლებიც იმდროინდელ რეალობას უკავშირდება. ბევრი ადამიანი დღესაც აღიქვამს ფილმს, როგორც გულისამაჩუყებელ ამბავს, მაგრამ დაკვირვებული მაყურებელი ტრაგიკული, გასაოცარი სიყვარულის ისტორიის მიღმა, ავტორის დიდ ჩანაფიქრსაც ხედავს...

რაც შეეხება უშუალოდ მსახიობებს, რომლებმაც დაუვიწყარი პერსონაჟები შექმნეს და გაცოცხლეს, „ნატვრის ხის“ გადაღებაზე ლიკა ქავჟარაძესა და სოსო ჯაჭვლიანს უკვე ნათამაშები ჰქონდათ რეზო გაბრიაძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „სიყვარულო, ძალსა შენსა“, მაგრამ რადგან ეს ფილმი ჯერ არ იყო გამოსული ეკრანზე, მაყურებელი მათ არ იცნობდა. ზაზა კოლელიშვილისთვის, რომელიც შეთეს განასახიერებდა, ეს პირველი როლი იყო კინოში.

ზაზა კოლელიშვილი იხსენებს: „შეთეს როლმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ლიკა საოცრად ბავშვური იყო, ძალიან სუფთა… როგორ არ გესიამოვნებოდა მასთან ყოფნა და ურთიერთობა?! გადაღებისას დასველებული, ლამის ითიშებოდა ხოლმე. ამიტომ ავტობუსით მოჰყავდათ და სასტუმროში ცხელ წყალს ახვედრებდნენ. ერთი იეზიდი მძღოლი გვყავდა, აბასა, კინოსტუდიაში დაბერდა. ლიკა მხოლოდ მე მაძლევდა ხელში აყვანის უფლებას. მეც აბასას ვეხვეწებოდი, სასტუმროდან შორს გააჩერე-მეთქი. ჩემთვის ეს „სასიამოვნო ტვირთი“ იყო – ნაბადს მოვასხამდი და სასტუმროში ასე ხელში აყვანილი ამყავდა."

ფუფალა არარსებულ, თავის გამოგონილ სამყაროში მცხოვრები უწყინარი ადამიანია. ის არავის არაფერს უშავებს, პირიქით, მუდამ ცდილობს, სხვებს დაეხმაროს. მუდამ ცდილობს გახდეს საზოგადოების ნაწილი და თავი დაიმკვიდროს. სურს, ჰყავდეს მეგობრები, შემფარებლები, მაგრამ სოფლისთვის ის მუდამ დაცინვის ობიექტია. ყოველი ნაბიჯი გაჟღენთილია მარტოობითა და სასოწარკვეთით, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, არასდროს კარგავს შინაგან სიამაყეს. "მართლაც ლამაზი ვიყავი, ალქალას, ოქროქალას, თვალჟუჟუნას მეძახდნენ“ - ამბობს ის, თითქოს წარსულს იხსენებს, მაგრამ თავს ახლაც ლამაზად თვლის. ფილმში არის რამდენიმე უსიტყვო სცენა, რომლებშიც ფუფალას პერსონაჟის უკეთ დანახვაა შესაძლებელი: იგი მარიტას უყურებს, არაფერს ამბობს, მის მზერაში ერთდროულად  იკითხება აღტაცება, ნაღველი, მარიტასადმი სიბრალულიც და წინათგრძნობაც, რომ ეს ღვთიური სილამაზე დასაღუპადაა განწირული... მარიტასა და შეთეს ჯვრისწერის დროსაც იყვნენ უკმაყოფილონი, ზოგი ძალით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, ზოგიც სიტყვით - „გაიყიდა თამარ ქალი ოქროსთუმნიანებზე!“ – ისმოდა შეძახილები.  ფუფალა კი დუმილითა და ამ სიბრალულით აღსავსე მზერით თანაუგრძნობდა ეკლესიიდან გამოსულ ჯვარდაწერილ მარიტას.

ლიკა ქავჟარაძის მოგონებებიდან - „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე“ მაინც მუდამ სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მიხარია, რომ მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“. რა იქნებოდა "ნატვრის ხე" შეუდარებელი მარიტას გარეშე...

ფილმში გადამწყვეტი როლი ციციკორეს ეკუთვნის, სოფლის თავკაცს, რომელიც მუდამ ერევა თანასოფლელების საქმეში, მათ რჩევა-დარიგებებს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის“ ბელადად“ არავის აურჩევია, მაინც ყველა მას ემორჩილება, უნდათ ეს თუ არა. მათ კი, ვინც მას არ ემორჩილება, ჭკუასუსტ ადამიანებად თვლის და აბუჩად აგდებასაც არ ერიდება. ფილმის ბოლოს, კულმინაციურ მომენტში, ყველა პერსონაჟის რეალური სახე ჩნდება. ციციკორეს პირდაპირ ეუბნებიან, რომ არასწორი იყო, ხედავენ მღვდლის ყველაზე უღმერთო სახეს.

რეჟისორის მთავარი ჩანაფიქრი სწორედ იმის ჩვენება იყო, თუ სადამდე მიჰყავს ადამიანი კარჩაკეტილ ცხოვრებას და რა ხდება, როდესაც საზოგადოება იქცევა ბრბოდ. მთავარი სათქმელი ერთგვარი მოწოდებაა, თუ თვალებს დავხუჭავთ და დავიხშობთ ყურებს, არ გავაანალიზებთ, რას ჩავდივართ, სწორედ იმ ბრბოდ ვიქცევით, რომელიც ყოველივე წმინდას ბღალავს და ანადგურებს. იქნებ ყველა თეთრი ცხენი გადაურჩეს ციციკორეს და მღვდელს...

ცოტამ თუ იცის, რომ ეს ამბავი უბრალოდ ზღაპრად მოყოლილი ტრაგედია არ არის და ფილმის პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები ჰყავთ. ამის შესახებ გაზეთი "ივრის განთიადის“ 1997 წლის 4 ივნისის ნომერში ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც საინტერესო მოგონებებს ვეცნობით.

როგორც გაზეთში წერდნენ, ციციკორე ნამდვილ ცხოვრებაში სოლომონ პარუნაშვილი ყოფილა:

"ძალიან უყვარდა გოგლა (გიორგი ლეონიძე). როცა მოვიდოდა სოფელში, აუცილებლად ჩვენთან უნდა მოსულიყო. ციციკორე კარგი მოსაუბრე, სამართლიანი კაცი იყო. მას ახალგაზრდობაში კონკაზე უმუშავია. იცოდა ოთხი ენა: ქართული, რუსული, სომხური და თათრული. დაანთებდნენ ის და გოგლა ბუხარს, მიუსხდებოდნენ და თითქმის გათენებამდე საუბრობდნენ“, - იხსენებდა მისი რძალი.

ქეთევან ფიცხელაური კი რეალურ "ფუფალაზე" ასეთ რამეს წერდა:

"ფუფალა იყო გიორგიწმინდიდან, დიღმელაშვილების ქალი. მას არავინ არ ჰყავდა. ხშირად გადმოდიოდა პატარძეულში და სოფიო ნათლიასთან (გოგლას დედა) რჩებოდა კვირიდან კვირამდე... სოფიო ნათლია კეთილი ქალი იყო, ფუფალას ისე მიიღებდა, როგორც თავის ახლობელს. კარგად აჭმევდა, ჩააცმევდა და ისე გაისტუმრებდა ხოლმე.“

გაზეთში კატო გულიაშვილის მოგონებასაც შეხვდებით მარიტას შესახებ:

"მე ახალი პატარძალი ვიყავი. ხალხს ვიღაც ახალგაზრდა ქალი შეესვა ვირზე და უკან მისდევდნენ, ზედ აყრიდნენ ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებოდათ: ქვას, ჯოხს, ტალახს. მან შეიყვარა ოჯახის ნათლია, რაც დიდი ცოდვა იყო.“