4 ოქტომბერს Netflix-ზე ყოფილი სპორტსმენის, დევიდ ბექჰემის, მისი ოჯახის, კარიერისა და ფეხბურთის შესახებ გადაღებული სერიალის პრემიერა შედგა. სპორტი, სკანდალები და სიყვარული - ფილმი მისი ცხოვრების ყველა საფეხურს შეეხება. პროექტის რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი ფიშერ სტივენსია. სერიალი მაყურებელს უყვება, როგორ იქცა ფეხბურთელი მსოფლიო დონის ფენომენად და რა როლი აქვს ამ გზაში ვიქტორია ბექჰემს. ისინი ჰყვებიან იმ სირთულეებზე, რაც წარმატებას თან ახლდა, ფილმში გამოყენებულია აქამდე უცნობი ისტორიები და კადრები.

ვიქტორია და დევიდი ღიად საუბრობდნენ 20 წლის წინანდელ სკანდალზე, როდესაც დევიდ ბექჰემსა და მის პიარ-ასისტენტ რებეკა ლუს შორის რომანის შესახებ ჭორები ვირუსულად მოედო ყვითელ პრესას და რომელმაც დიდი გავლენა იქონია ბექჰემების ოჯახის სიმტკიცეზე. კამერასთან გულწრფელ საუბრებში ცოლ-ქმარი იხსენებს: „ეს იყო ჩვენთვის უმძიმესი პერიოდი. ვგრძნობდი, რომ სამყარო ჩვენ წინააღმდეგ იყო, - იხსენებს ვიქტორია, - ყოველ დილას, გაღვიძებისას, ვაცნობიერებდით, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო... ორივე ვგრძნობდით, რომ ერთმანეთს კი არ ვკარგავდით, არამედ ერთად ვიძირებოდით. არასდროს ვყოფილვარ უფრო უბედური, ვიდრე მაშინ“.

წყვილმა ურთიერთობა 1997 წელს დაიწყო და მალევე დაინიშნენ. 1999 წლის მარტში, ქორწილამდე ოთხი თვით ადრე, მათ პირველი შვილი, ბრუკლინი შეეძინათ. როგორც დევიდ ბექჰემი აღნიშნავს, რაც მოდის და სპორტის სამყაროს ყველაზე ცნობილი წყვილი გახდნენ, მისი ცხოვრება შეიცვალა და ამ პოპულარობამ საფეხბურთო კარიერაც კი დაჩრდილა.
სერიალი სავსეა საარქივო ფოტოებითა და ვიდეოებით, ინტერვიუებით ოჯახის წევრებთან , სპორტსმენებთან და მეგობრებთან. „საცირკო სანახაობა იქამდეა გასართობი, სანამ იქ თავად აღმოჩნდები“ – ამბობს ვიქტორია საარქივო ჩანაწერის ფონზე. რაც შეხება პრემიერის საღამოს, ჩვენება ლონდონში შედგა, სადაც მთელი ოჯახი ერთად იმყოფებოდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით ყოფილ ნახევარმცველს წარმატებას ულოცავენ და თბილი სიტყვებით ანებივრებენ. „ვგრძნობდი, რომ ეს იყო სწორ დროს მიღებული სწორი გადაწყვეტილება. ასევე მინდოდა შემექმნა რაღაც ჩემი ოჯახისთვის, რაც მათ უკან მოხედვისას სიამოვნებას მოჰგვრიდა“, - ამბობს დევიდი პრესასთან საუბრისას.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ