The Queen’s Gambit-ის ვარსკვლავმა ანია ტეილორ-ჯოიმ მუსიკოს მალკომ მაკრეიზე იქორწინა. ქორწილი სექტემბრის ბოლოს ვენეციაში შედგა, სადაც არაერთი ცნობილი ვარსკვლავი იყო მიწვეული, მათ შორის, ჯულია გარნერი, კარა დელევინი და სხვ. გავრცელებული პაპარაცული ფოტოები მსახიობის ქორწილის დღესაა გადაღებული.
რაც შეეხება წყვილს, ისინი ერთად პირველად 2022 წლის მარტში გამოჩნდნენ Vanity Fair-ის "ოსკარის" შემდგომი წვეულების წითელ ხალიჩაზე. მიუხედავად მათი ოფიციალური ურთიერთობისა, მედიისგან დამალვას მუდამ ცდილობდნენ.
ანიას ორი საქორწინო კაბა ეცვა - მე-15 საუკუნის აივნიდან, რომელიც ვენეციის დიდ არხს გადაჰყურებს, "დიორის" კრემისფერ ზღაპრულ კაბაში გამოწყობილმა პატარძალმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. კაბა გაფორმებული იყო ფერადი დეტალებითა და ნახატებით, არატრადიციული სტილით.
მეორე კაბა, რომელიც ასევე არატრადიციული იყო, ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. ანიამ მოკლე თეთრი კაბა მოირგო, რომელიც მის სხეულსა და იდეალურ ფორმებს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. მსახიობი ორივე კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა და სოციალურ ქსელებში გულშემატკივრების მოწონებაც დაიმსახურა.
ანია ტეილორ-ჯოის არჩევანი "დიორზე'' რომ შეჩერდა, ეს გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რადგან ის ბრენდის გლობალური ელჩი 2021 წელს გახდა და მას შემდეგ ის რეგულარულად მონაწილეობს Dior-ის მოდების ჩვენებებზე და ატარებს მის ტანსაცმელს თითქმის ყველა ღონისძიებაზე.