ქართველებისთვის კარგად ნაცნობი და საამაყო მეცნიერი, გია დვალი, უკვე არაერთი წელია, პროფესიულ საქმიანობას საზღვარგარეთ ეწევა. ქართველი ფიზიკოსი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა. შ. გია დვალი 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მას ჰყავს მეუღლე, თამუნა დვალი. ისინი ორი შვილის, სოფოსა და დავითის მშობლები არიან.
ამჯერად გია დვალი დავით გორგილაძის საავტორო გადაცემაში სწორედ ოჯახის შესახებ საუბრობს:
"ჩემი შვილები მინდა, რომ იყვნენ დამოუკიდებლები, თვითონ უკეთ იციან, რაც უნდათ... რამდენჯერაც კორექციას შევეცადე, ყველაფერი უკუღმა გამოვიდა... ვცდილობ ხანდახან რჩევა მივცე შვილებს, მაგრამ არ ვიცი, სწორია? ორივე ძალიან ცნობისმოყვარეა. ჩემს საქმიანობას სულ ვუზიარებ ოჯახის წევრებს, ჩემი ცოლიც მეცნიერია, ბიოლოგი. სულ მიზიარებს თავის საქმეებს და მეც ვცდილობ, გავუზიარო. ძირითადად, კარგი შტრიხები რაც აქვთ ჩემ შვილებს, ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ხანდახან პრობლემაა, მაგალითად, მეგობრები ერთად როცა ვიკრიბებით... ყველა ფიზიკოსის მეუღლე ფიზიკოსი არ არის. ხდება ისე, რომ ფიზიკოსები გადაიჭრებიან თავის სამყაროში და ეს ცოტა პრობლემას ქმნის ხოლმე,“ - ამბობს გია დვალი.