კოცნის საფასური - თავი 1 - Marao

კოცნის საფასური - თავი 1

2023-10-09 10:39:53+04:00

ნანი სარკესთან იდგა და თავის ანარეკლს ათვალიერებდა. სამ კვირაში კარგა გემრიელად გაირუჯა. ახლა ძალიან უხდებოდა თავისი საყვარელი კრემისფერი კაბა უფრო მომხიბვლელს ხდიდა.

- დღეს საღამოს «მიქსში» მივდივართ! - მოესმა ნანის მეგობრის, მაკას ხმა.

მაკა ოთახში შემოვიდა და მის გვერდით დადგა. ნანი თმას ივარცხნიდა.

- ვისია ეს კლუბი? მგონი, ვასიკო კობახიძის, არა? - გულგრილად იკითხა ნანიმ და ბოლო აკორდი «ჩაატარა», დავარცხნილ თმაზე ფენის ცივი ჰაერის ნაკადი მიუშვა.

მაკა სარკისკენ გადაიხარა, «ელი სააბის» ფლაკონი აიღო, თავი მოხსნა, ღრმად შეისუნთქა, სუნამო შეისხურა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა.

- ასეც რომ იყოს, მერე რა? დაშავდა რამე? - და კიდევ ერთხელ შეისხურა «ელი სააბი», - მაგარი სურნელი აქვს!

- ნუ დამიცალე, გეყოფა! - მოჩვენებითად გაუბრაზდა ნანი, - რამდენიმე წვეთიც საკმარისია, შუამდე კი არ უნდა დაიყვანო, - თბილად გაიღიმა, - არაფერიც არ დაშავდა, ისე ვიკითხე, უბრალოდ, - მხრები აიჩეჩა და ფენი გამორთო.

- რა «ჟმოტი» გახდი ბოლო დროს, რა! - მაკამაც გაიხუმრა და სუნამო ადგილზე დააბრუნა, - "ელი სააბიც" კი არ გემეტება ჩემთვის. არა, მართლა, რატომ მკითხე ვასიკოზე? შენ ამაზე უბრალოდ არ გაამახვილებდი ყურადღებას.

- რატომ გკითხე და მგონია, რომ ისევ მაჭანკლობას აპირებ. მერამდენე კაცს მირიგებ, არ დამიმალო!

- მერედა, რა არის ამაში ცუდი? ვასიკო მაგარი მამაკაცია, სიმპათიური. ვერ ხედავ, როგორი აღნაგობა აქვს? გიჟდებიან ქალები, თან ფულიანია. აი, ვინ არის იდეალური მამაკაცი. ზუსტად საშენოა!

ნანის წარბი არ შეუხრია, მშვიდად გასცა პასუხი.

- გეთანხმები, არაჩვეულებრივი მამაკაცია და შენს მაჭანკლობასაც მიეცემოდა აზრი, მე რომ გათხოვილი არ ვიყო. მაგრამ რა ვუყოთ, ქმარი რომ მყავს? როგორც ჩანს, შენ ეს უკვე დაგავიწყდა.

მაკას სიცილი აუტყდა.

- მე დამავიწყდა? შენ კი გახსოვს? როგორ მიკვიიიირს! გათხოვილი გქვია და ქმარი მესამე წელია, თვალით არ გინახავს! ამას ეძახი შენ ცოლქმრობას?

- ჩვენ ასე გვირჩევნია, - კვლავ აიჩეჩა ნანიმ მხრები, - იქამდე მაინც, სანამ განქორწინებას არ გავაფორმებთ.

- აი, ხომ ხედავ? - ნიშნის მოგებით შესძახა მაკამ.

- ჰო, ვხედავ და არ მინდა, სანდროს რაიმე საბაბი მივცე, რომ მერე ყველაფერი მე არ დამაბრალოს. ჭორების თავი და ნერვები არ მაქვს.

- გამაგიჟებ პირდაპირ! გგონია, შენი სანდრო იქ, კიევში შენსავით პატიოსნად იქცევა? დაგრიალებს ალბათ ქალებში და არის ერთ ამბავში, შენ კი მონაზონივით განზე არ იყურები, არიქა, ვინმეს არ მოვეწონოო, - გაუბრაზდა დაქალი.

- ეს მისი საქმეა, მისი ცხოვრებაა და აღარ მაინტერესებს. ის სხვაა, მე სხვა ვარ და სხვანაირად ვერ მოვიქცევი.

- იცი, რა მიკვირს, ნანი? თუ სანდრო არ აპირებდა თავისი მარტოხელა ცხოვრების წესის შეცვლას, შენზე რატომ დაქორწინდა? - განაგრძობდა იერიშს მაკა.

- ვიცი რო? აბა, რა გითხრა, ალბათ ჰქონდა საამისო მიზეზი.

- შეიძლება ჰქონდა, არ გედავები, მაგრამ შენ რატომ დათანხმდი? - არ ეშვებოდა მაკა.

ნანიმ სარკეში გაუღიმა მეგობარს და ხმადაბლა მიუგო.

- მეც მქონდა მიზეზი, - მერე ღრმად ამოიოხრა და სავარცხელი მთელი ძალით დაისვა თმაზე.

- ისეთი მიზეზი, რომ ერთ ჭერქვეშ მხოლოდ ერთი თვე იცხოვრეთ, არა? - გაექილიკა მაკა.

- ერთი თვე კი არა, მთელი შვიდი კვირა! - გაღიზიანებულმა შეუსწორა ნანიმ.

- არაჩვეულებრივი მახსოვრობა გქონია, - ჩაიღიმა მაკამ, - მაგრამ ალბათ არის ისეთი განცდა, რომლის დავიწყებაც ძნელია, რადგან ასე აგაღელვა ჩემმა შენიშვნამ.

- მთლად მასეც არ არის…

- გასაგებია, - ამჯერად აღარ ჩაეძია მეგობარი, - მაგრამ რატომ იჩქარეთ? არ გიფიქრია, რომ ასე სწრაფად არ უნდა დაცილებულიყავით? იქნებ შეიძლებოდა სიტუაციის გამოსწორება? ამაზე არასდროს გილაპარაკიათ?

- ეჰ, მაკა… ჩვენი ქორწინება იმთავითვე განწირული იყო. ორივემ შეცდომა დავუშვით და მალევე მივხვდით ამას, მაგრამ უკვე გვიან იყო სინანული. ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა - რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და უხმაუროდ გავეყაროთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად ისედაც დიდი ხანია, ურთიერთობა დამთავრდა.

- ჰოდა, მეც მაგას ვამბობ! დროა, პარალელურად ახალი რომანი წამოიწყო.

- არა, ჯერ მაგის დრო არ არის და ნუ ჩამჩიჩინებ ხანუმასავით, შემეშვი, თუ ქალი ხარ! ხომ ხედავ, მაქსიმალურად ვიკავებ თავს მამაკაცებთან ურთიერთობაზე. სხვათა შორის, მათ შორის ვასიკო კობახიძესაც ვგულისხმობ. სანამ საბოლოოდ არ გავთავისუფლდები სანდროსგან, არავისთან დაახლოებას არ ვაპირებ. არც არსად მეჩქარება, სიბერემდე ჯერ დიდი დროა.

- შინაბერობამდე, გინდოდა გეთქვა.

- თუნდაც.

- მაგრამ, იმედია, დღეს კლუბში წამოსვლაზე უარს არ იტყვი. ხვალ ისედაც მიემგზავრები და მერე როდის გნახავ, ღმერთმა უწყის. თან ვასიკოს ეწყინება, დაგვპატიჟა და უხერხულია, არ მივიდეთ. თან როგორ მთხოვა, ნანი აუცილებლად წამოიყვანეო. ირაკლიც წამოვა. კარგი?

- კარგი, ჰო, კარგი. ვერ ხედავ, რომ ვემზადები? აბა, რისთვის დავივარცხნე ეს თმა ასე საგულდაგულოდ? შეფარვით მაინც ვეპრანჭები სასიამოვნო მამაკაცებს, ფრიგიდული კი არ ვარ, მეც მაქვს რაღაც-რაღაც მოთხოვნილებები ხანდახან, - გაიცინა ნანიმ და თვალების დახატვას შეუდგა, - თქვენ ყველანი ქალაქში დაბადებულები ხართ და გინდათ, გავლენიანი ადამიანების გული მოიგოთ, ერიდებით მათ განაწყენებას, მე კი ერთი სოფლელი გოგო ვააარ! - პროვინციულად მოუქცია ნანიმ და ენა გამოუყო მეგობარს.

- კარგი რა, ისე ლაპარაკობ, თითქოს რაღაცაში მადანაშაულებდე, - მოიქუფრა მაკა და საათს დახედა, - ოუ! რა დრო გასულა, მე კი ჯერაც არ ვარ მზად! წავალ, თავს მივხედავ, თორემ ხომ იცი, როგორი «პეროგარჭობილი» საზოგადოება იკრიბება იქ.

მაკა პასუხს არ დალოდებია, დაქალს ლოყაზე აკოცა და გაუჩინარდა. ნანის სახიდან ღიმილი გაუქრა, შემობრუნდა და იქვე, ტაბურეტზე ჩამოჯდა.

სულაც არ იზიდავს ვასიკოს მოსანადირებელ ბრძოლაში ჩაბმა. «თუმცა ვასიკო რა შუაშია, მე ჩემი თავისუფლების დათმობა არ მსურს», - გაიფიქრა თავისთვის.

მაკა ისე იოლად ლაპარაკობდა ნანის ხანმოკლე ქორწინებაზე, თითქოს ვნებიანმა რომანმა ცხოვრების შემდგომ პროზას ვერ გაუძლო. ნეტავ, რა რეაქცია ექნება, რომ გაიგოს ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გაჰყვა სანდროს ცოლად? სიყვარული აქ არაფერ შუაშია, ეს საქმიანი გარიგება იყო მხოლოდ. უბრალოდ, ამ ქორწინებით მის ქმარს უფლება ეძლეოდა, კონცერნის დირექტორთა საბჭოში თავისი ხმა ჰქონოდა. ყველაფერში ოჯახური ბიზნესი იყო დამნაშავე. კონცერნი! ჰმ! საქართველო და კონცერნი! იმდენი შეურცხვათ ამათ ცხვირი! რომ არა ბაბუა, ამათ ერთი უბრალო შპს-ც კი აღარ ექნებოდათ!

გაგრძელება იქნება