4 ოქტომბერს Netflix-ზე ყოფილი სპორტსმენის, დევიდ ბექჰემის, მისი ოჯახის, კარიერისა და ფეხბურთის შესახებ გადაღებული სერიალის პრემიერა შედგა. სპორტი, სკანდალები და სიყვარული - ფილმი მისი ცხოვრების ყველა საფეხურს შეეხება. პროექტის რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი ფიშერ სტივენსია. სერიალი მაყურებელს უყვება, როგორ იქცა ფეხბურთელი მსოფლიო დონის ფენომენად და რა როლი აქვს ამ გზაში ვიქტორია ბექჰემს. ისინი ჰყვებიან იმ სირთულეებზე, რაც წარმატებას თან ახლდა, ფილმში გამოყენებულია აქამდე უცნობი ისტორიები და კადრები.
ლონდონურ პრემიერას ოჯახი სრული შემადგენლობით ესწრებოდა, მათ შორის, ვიქტორიასა და დევიდის ვაჟი რომეო ბექჰემი შეყვარებულთან, მია რეგანისთან ერთად. ეს მიასა და რომეოს პირველი ოფიციალური გამოჩენა იყო. მია რეგანი 21 წლის ბრიტანელი მოდელია. მასზე ხშირად წერენ, რომ როგორც Gen Z-ის წარმომადგენელს, აქვს განსაკუთრებული და განსხვავებული მიდგომა მოდისადმი, რაც მას უნიკალურს ხდის. მია რეგანმა უკვე მოასწრო თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: Balmain, Gucci Beauty, British Vogue და სხვ.
რომეო ბექჰემი ვარსკვლავური წყვილის მეორე შვილია. ის არის 21 წლის მოდელი და ფეხბურთელი. რომეო თავდაპირველად შეუერთდა "არსენალის" აკადემიას ძმებთან, ბრუკლინთან და კრუზთან ერთად 2014 წელს, 2021 წლის სექტემბერში გადავიდა USL League One Club-ში. 2022 წელს კი Brentford-ს შეუერთდა.
რომეო და მია ახალ თაობაში ძალიან პოპულარული წყვილია. ისინი სოციალურ ქსელში გამორჩეული ფოტოებითა და ვიდეოებით იწონებენ თავს. ხშირად წერენ იმასაც, რომ რომეო - მამას, დევიდს, ხოლო მია ვიქტორია ბექჰემს ბაძავს და მათაც სურთ, გახდნენ ისეთივე საკულტო წყვილი, როგორებიც დღემდე არიან დევიდი და ვიქტორია.