დღეს, 9 ოქტომბერს, მოდელ თაკო ნაცვლიშვილის დაბადების დღეა. თაკო ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმმარკის ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "ელი სააბი", "რალფ & რუსო", "ზუჰაირ მურადი", "დიორი", "ჩალაიანი", "იამამოტო" და სხვ.
მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წამატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც "ჩაქრა". საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ - ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
არაერთი წარმატებული ჩვენებიდან თუ კამპანიიდან განსაკუთრებით "არმანის" 40 წლისადმი მიძღვნის ჩვენებას გამოარჩევს. "არმანთან" პირველად 2015 წლის ოტ კუტიურზე ითანამშრომლა. იტალიური მოდის ლეგენდამ თავისი ბრენდის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად შოუ გამართა, სადაც წლების განმავლობაში შექმნილი საუკეთესო ლუქები გააერთიანა. ერთ-ერთი ლუქი კი სწორედ თაკომ მოირგო.
"არმანის" პოდიუმიდან თაკომ ბრენდის კამპანიაშიც გადაინაცვლა. მან "არმანის" ერთ-ერთი ხაზს გაუწია რეკლამა.
თაკო წარმატებული, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ოჯახის შვილია. ყოფილი მოდელის, ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი წლებია, რაც პოპულარობას ინარჩუნებს. მათ თაკოს გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავთ - ანა ნაცვლიშვილი, დედის და დის მსგავსად, სამოდელო კარიერას მიჰყვება და არაერთი წარმატებაც აქვს, გუგა კი, მამის მსგავსად, კალათბურთითაა დაკავებული და ამჟამად ლატვიის გაერთიანებულ ლიგაში თამაშობს. თაკოს, ანას და გუგას ასვე ჰყავთ პატარა ძმა, ანდრია, რომელიც სულ რაღაც 5 წლისაა.
თვალისმომჭრელი სამოდელო კარიერის პარალელურად, მოდის სფეროში ახალი პროფილით სულ ცოტა ხნის წინ წარდგა, ჩამოაყალიბა პირველი ქართული ეკო-მეგობრული თეთრეულის ბრენდი Sheidish-ი. ეს არის პირველი ქართული ეკო-მეგობრული ბრენდი, რომელიც იღებს და აფასებს მრავალფეროვნებას. „ჩვენი მისიაა, შევქმნათ ტრენდული და, ამავდროულად, მინიმალისტური თეთრეული, რომელიც მოერგება ყველა ტიპის ქალს. გვინდა ვიყოთ ქალის თეთრეულის ეფექტური და ინოვაციური ბრენდი, რომელიც შესთავაზებს მომხმარებელს საუკეთესო ხარისხს, სტილსა და კომფორტს. ჩვენი მიზანია, გავათავისუფლოთ ყველა ქალი ცუდად მორგებული საცვლებისგან და მოვარგოთ "შეიდიშის" პროდუქტი სხეულის ყველა ტიპს“. რაც შეეხება ბრენდის სახელს, „შეიდიში“ სპარსული სიტყვაა, ძველ ქართულში ის ქალის შიდა საცვლების სახელით აღინიშნება.
„მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრ თეთრეულის ბრენდთან ვმუშაობდი. მათ შორის იყო კარგი და ცუდი. გულის სიღრმეში, ყოველთვის მინდოდა ჩემი თეთრეულის ბრენდი შემექმნა. ბევრჯერ მიფიქრია, როგორ გამომესწორებინა, შემეცვალა სტილი და ფორმები, რომ გამეხადა თეთრეული ისეთი, როგორიც მე მსურდა. დაკვირვებისა და სწავლის შემდეგ მე შევქმენი "შეიდიში". მე მსურს შევქმნა თეთრეული, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე თეთრეული - ცხოვრების წესი, ქალის სილუეტი, სექსუალურობა და თავდაჯერებულობა” - ამბობს თაკო.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მოდელმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისმა იტალიურმა ქორწილმა და თვალისმომჭრელმა სურათებმა მედიის და საზოგადოების აღფრთოვანება ერთხმად დაიმსახურა. მისი რჩეული ოთო ხუროძეა. თაკომ და ოთომ ქორწილი იტალიაში, ქალაქ რომში გადაიხადეს. ჯვრისწერა San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ეკლესიაში შედგა. წვეულება და ხელის მოწერა კი ლაციოში, Castello Orsini-Odescalchi-ში გაიმართა. თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის უმშვენიერესი კაბა ეცვა.