კოცნის საფასური - თავი 2 - Marao

კოცნის საფასური - თავი 2

2023-10-10 10:23:16+04:00

წინა თავი

ეს ყველაფერი კი ნანის ბაბუის მამამ მოიგონა. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, იგი, ალბათ, დიდად იამაყებდა თავისი წინდახედულებით. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ჟორჟმა, ანუ გიორგიმ, ასე ერქვა ბაბუის მამას, ჯერ კიდევ საფრანგეთში შექმნა კონცერნი, როცა ემიგრაციაში იმყოფებოდა ბოლშევიკებისგან დევნილი. იქაურ დოკუმენტებში კი იურიდიულად იყო გაფორმებული, რომ დირექტორთა საბჭოში მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებოდნენ გაერთიანებული. ბაბუა საქართველოში აღარ დაბრუნებულა და იქ დარჩა საცხოვრებლად, საფრანგეთში, სადაც უმდიდრესი ადამიანი გახდა. აბა, რას წარმოიდგენდა ბაბუა, რომ პატრიარქალური ოჯახების ეპოქა დასრულდებოდა და კონცერნი დაიღუპებოდა, მით უმეტეს, რომ ოდესღაც დიდ ოჯახში თითზე ჩამოსათვლელი მამაკაცებიღა დარჩნენ და მათ შორის ცოტას თუ ჰქონდა ბიზნესმენისთვის საჭირო თვისებები.

იმ შორეულ წლებში გაცილებით იოლი იყო ახალი კაპიტალის მოზიდვა - გარიგებებისთვის პატიოსანი სიტყვაც საკმარისი გახლდათ, ახლა კი…

ნანის მამამაც მემკვიდრეობით მიიღო წინაპრების დანატოვარი კაპიტალი. საქართველოშიც დადგა ის დრო, როცა კონცერნის შექმნაც შეიძლებოდა და ოლიგარქადაც შეეძლო ადამიანს გადაქცეულიყო. ამიტომაც ოჯახური ტრადიცია გაგრძელდა. ახლა ეს ფრანგულ-ქართული კონცერნი სამშენებლო საქმიანობითაა დაკავებული და მამა და ძმა, ლექსო უძღვებიან.

ნანის საქმრო სანდრო, წარმატებული ბანკირი, რომელიც მისი წყალობით მოხვდა კონცერნში, ჯენტლმენი არასდროს ყოფილა და მისთვის პატიოსნება, მოკრძალება და საყოველთაოდ მიღებული ნორმების დაცვა ლიტონი სიტყვები აღმოჩნდა.

პირველივე დღიდან სანდრომ ნანის პირდაპირ მიახალა, რომ კონცერნის მრავალწლიანი პრესტიჟი მისთვის არაფერს ნიშნავდა, მას მხოლოდ მომავალი მოგება აინტერესებდა. არადა, კონცერნის საქმეები ბოლო წლებში არც ისე სახარბიელოდ წარიმართა. ვერა და ვერ აეწყო საქმე. ასე რომ, ფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღებდა სანდრო, თუკი მისი ბანკი კონცერნის მართვაში მიიღებდა მონაწილეობას. როდესაც ნანის მამამ სანდროს კონცერნის წესდება შეახსენა, ამ უკანასკნელმა ცივად უპასუხა:

- ეს გადაულახავი პრობლემა არ გახლავთ, ბატონო ჩემო. თქვენ გასათხოვარი ქალიშვილი გყავთ, არც მე ვარ ცოლიანი. ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა. ამიტომ, თუ ერთმანეთი არ შეგვიყვარდება, ფიქტიურად ვიქორწინებთ და შემდეგ დავშორდებით. რამდენადაც ვიცი, განქორწინება ხელს არ შემიშლის, კონცერნის მართვაში მონაწილეობა მივიღო.

ნანის მამა დააფიქრა პოტენციური სიძის სიტყვებმა და შინ დაბრუნდა თუ არა, გულდამძიმებულმა წამოიწყო შვილთან ლაპარაკი.

- მე იმ ვაჟბატონს მოვახსენე, რომ უშენოდ ვერაფერს გადავწყვეტ და თუ დათანხმდები, ეს მხოლოდ საქმიანი გარიგება იქნება… აქ ყოველგვარი მიეთ-მოეთი გამორიცხულია. ხვდები, ალბათ, რასაც ვგულისხმობ! თუ ასეთი ფიქტიური ქორწინება შენთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, ჩვენ სხვა გამოსავალს მოვძებნით. შენ ამაზე წამითაც არ იდარდო. და თუ არაფერი გამოგვივა, მაგის დედაც ვატირე, რაც იქნება, იქნება, მშივრები არ დავიხოცებით.

ნანის მისმა სიტყვებმა თავზარი დასცა და სავარძელში უღონოდ ჩაეშვა, მაგრამ მამის თანდასწრებით არაფერი შეიმჩნია და მშვიდად მიუგო:

- გამოსავალი იოლი მოსაძებნი რომ ყოფილიყო, მაშინ ასეთი წინადადებით ჩემთან, ალბათ, არ მოხვიდოდი, მამა. ასე არ არის?

ოთახში გულის გამაწვრილებელი სიჩუმე ჩამოწვა. კარგა ხნის შემდეგ მამამ ხმა ამოიღო და დამარცხება აღიარა.

- მართალი ხარ, ნანი… პირადად მე სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. არც ის მინდა, გაგწირო, მაგრამ ვიფიქრე, გარეგნულად შესანიშნავი კაცია, შეძლებულიცაა, საზოგადოებაში დაფასებულიც. იქნებ ეს გარიგება შემდეგ და შემდეგ სიყვარულშიც კი გადაგეზარდოთ. ამის იმედს ვიტოვებდი, როცა შენთან სალაპარაკოდ მოვდიოდი.

- კარგი, მამი, მე თანახმა ვარ. ბოლოს და ბოლოს, ქორწინება ხომ მხოლოდ ქაღალდზე გაფორმდება. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. რამდენი ვინმე აწერს ხელს რამდენ ვინმესთან რაღაც საქმიანი გარიგების სანაცვლოდ. ამით არაფერი დაშავდება. მთავარია, რომ მე არც საქმრო მყავს და არც არავინ მიყვარს, რომ ჩემმა ნაბიჯმა საყვარელი ადამიანი გაანაწყენოს. მერე კი, როგორც კი ფინანსური პრობლემები მოგვარდება და ჩემი ეგრეთ წოდებული ქმარი დირექტორთა საბჭოში მოხვდება, ჩვენც უხმაუროდ განვქორწინდებით.

მაგრამ ნანი მწარედ შეცდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო…

8 8 8

ნანიმ ხელები სახეზე აიფარა. გული გამალებით უცემდა. მოგონებებმა სული აუფორიაქა და ახლა დამშვიდება უჭირდა. გაღიზიანებული წამოხტა და ფეხშიშველა აივანზე გავარდა. სუნთქვა ეკვროდა. აკანკალებული თითებით აივნის მოაჯირს ჩააფრინდა და საღამოს გრილი ჰაერი ხარბად შეისუნთქა. ერთხანს იდგა ასე გარინდული.

როგორც იქნა, ცოტათი მოეშვა, დაწყნარდა, ირგვლივ მიმოიხედა და გაიფიქრა, რომ შვებას სწორედ აქ, მაკასა და მისი ქმრის სასტუმროში თუ ჰპოვებდა.

ნანი და მაკა პირველი კლასიდან მეგობრობდნენ. ათი წელი ერთ მერხზე ისხდნენ და სკოლის მერეც გააგრძელეს მეგობრობა, თუმცა სხვადასხვა პროფესია აირჩიეს - ნანი ჟურნალისტი გახდა, მაკა - ექიმი.

მაკას ბედმა გაუღიმა: მისი მორიგეობის დროს საავადმყოფოში ავტოკატასტროფაში მძიმედ დაშავებული ირაკლი მიიყვანეს, რომელსაც ახალგაზრდა ექიმმა პირველი დახმარება აღმოუჩინა და არც მერე მოაკლო ყურადღება. შემდეგ მაკასა და ირაკლის ერთმანეთი შეუყვარდათ და როგორც კი მამაკაცი გამოჯანმრთელდა, ჯვარიც დაიწერეს. მეჯვარე, რა თქმა უნდა, ნანი იყო. ირაკლის ბორჯომში ორი საკუთარი სასტუმრო ჰქონდა და მაკაც მეუღლესთან ბორჯომში გადასახლდა.

ნანიმ ბორჯომში შესანიშნავად გაატარა შვებულება მეგობრებთან და უკვე თბილისში გასამგზავრებლად ემზადებოდა.

ვასიკო კობახიძე, ბორჯომის ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბის მეპატრონე, ირაკლის მეგობარი იყო და მას შემდეგ, რაც ნანი გაიცნო, თავისუფალ დროს მასთან ატარებდა. აშკარა იყო, მოსწონდა ლამაზი ქალი და ამას არც მალავდა.

ნებისმიერი სხვა მოიხიბლებოდა ასეთი მამაკაცის ყურადღებით და სიამოვნებით გაიხსენებდა ბორჯომში გატარებულ დღეებს… ნებისმიერი, მაგრამ არა ნანი… რატომ?

ვითომ იმიტომ, რომ გათხოვილია და ვალდებულია უერთგულოს კაცს, რომელსაც მისი ქმარი ჰქვია? სანდროს იგი, ალბათ, აღარც ახსოვს. მაშ, რა საჭირო იყო პომპეზური ჯვრისწერა? ფიქტიური ქორწინებისთვის უბრალო ხელის მოწერაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ სანდრომ აიჩემა - ბებიაჩემის ოცნებაა, ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერო და უარს ვერ ვეტყვიო. სანდროს ამქვეყნად არავინ ჰყავდა, ბებიის გარდა, მშობლები ადრე დაეხოცა და ორი წლიდან ბებია, ტრადიციების დამცველი მოხუცი პედაგოგი ზრდიდა. საბედნიეროდ, ბებია ქუთაისში იყო და არ იცოდა, მისი სათაყვანებელი შვილიშვილი ცოლთან ერთად რომ არ ცხოვრობდა, რომ მათი ქორწინება მხოლოდ ფიქცია იყო და სხვა არაფერი.

სანდროს თავისი მდგომარეობა არ ადარდებდა. მან თავისას მიაღწია, ნანის წყალობით კონცერნის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ცოლს არანაირ ყურადღებას აღარ აქცევდა და თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. მით უმეტეს, რომ ხშირად უწევდა კიევში ყოფნა, სადაც თავის დროზე უნივერსიტეტში სწავლობდა და ერთ მეგობართან ერთად ბანკიც დააარსა.

ნანი შეეცადა მოეშორებინა უსიამოვნო მოგონებები და სანდროზე აღარ ეფიქრა…

ოთახში შემობრუნდა, შავი, გულამოღებული კაბა ჩაიცვა, ზურმუხტისთვლებიანი მძივი გაიკეთა და სარკეში ჩაიხედა. დიდი არაფერი, სექსბომბა ნამდვილად არ არის, მაგრამ გარეგნობით მაინც ვერავინ დაიწუნებს, ვერავინ… სანდროს გარდა. საკუთარ თავზე გაბრაზდა, რა ხდება, რატომ აეკვიატა ეს სანდრო? რატომ ფიქრობს მასზე ამდენს, მას ხომ საერთოდ არ ახსოვს ნანის არსებობა?

8 8 8

ვასიკოს კლუბის ორიგინალური შენობა პარკის ახლოს იდგა. ფანჯრები გაჩახჩახებული იყო და იქიდან მუსიკის ჰანგები იღვრებოდა. ამ სამეფოს მეპატრონე მას პირდაპირ ჰოლში ელოდებოდა. ნანის დანახვაზე ვასიკოს სახე გაუბრწყინდა, მაშინვე მასთან მივიდა და ხელზე ემთხვია.

- ნანი, საოცრება ხარ! მაკა, ვერ დაარწმუნე შენი დაქალი, რომ აქ ცოტა ხანს კიდევ დარჩეს და თბილისში არ წავიდეს?

- ჯერჯერობით არაფერი გამომივიდა, ხვალ დილით აპირებს გამგზავრებას. ამოიჩემა, სამსახურს ვერ დავკარგავო.

ვასიკოს გაეღიმა.

- სამსახური რა პრობლემაა? თუ საჭიროა, აქაც გამოვუძებნით საქმეს.

ნანიმ ღიმილით დააქნია თავი.

- თქვენი «მიქსის» საქმე ისედაც ბრწყინვალედ არის აწყობილი და რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი არ გჭირდებათ.

- მე სხვა, თქვენთვის მისაღები ვაკანსიებიც მაქვს, - არ ცხრებოდა მამაკაცი.

- გმადლობთ, მაგრამ მე ჩემი სამუშაო მაკმაყოფილებს და სხვას არ ვეძებ… ჯერჯერობით.

- კარგი, რა გაეწყობა. თქვენ ჩემს კლუბს პირველად ესტუმრეთ და მინდა თავად დაგათვალიერებინოთ იგი. ამის ნება ხომ მაინც მაქვს?

- მშვენიერი აზრია! - წამოიძახა მაკამ, - მე და ირაკლი აქ დავრჩებით, აქაურობა ზეპირად ვიცით, შენ კი ვასიკოს წაჰყევი.

საძაგელი გოგო! - თავისთვის გაიფიქრა ნანიმ და ნაძალადევი ღიმილით გაჰყვა მამაკაცს. ვასიკო სიამაყით ათვალიერებინებდა მართლაც შესანიშნავ, გემოვნებით მოწყობილ გარემოს.

- მაინც ვერ მოგხიბლეთ? იქნებ ჩვენთან დარჩენილიყავით? - კიდევ ერთხელ სცადა ვასიკომ ნანის გადაბირება, როდესაც ისინი მის კაბინეტში შევიდნენ.

- ეს შეუძლებელია, მაგრამ მადლობელი ვარ შემოთავაზებისთვის. სხვათა შორის, ერთი აზრი მომივიდა. იქნებ თქვენ გადმოსულიყავით ჩვენს კონცერნში? თქვენისთანა ინიციატივიანი და საქმიანი ადამიანი ჩვენს ბიზნესს ნამდვილად წაადგება.

ვასიკოს გაკვირვება დაეტყო სახეზე.

- რაშია საქმე, გაგიჭირდათ?

- ისე რა, - ამოიოხრა ნანიმ, - ცოტა პრობლემები დაგროვდა, მიმხედავი კი არავინაა. ხედავთ, როგორ არაპროფესიონალთან გაქვთ საქმე? იმის ნაცვლად, რომ მეთქვა, კონცერნი წარმატებულია და წინ მიიწევს-მეთქი, ცუდი რეკლამა გავუწიე.

- ნუ ნერვიულობთ, აქ ჟურნალისტები არ არიან და თქვენს საიდუმლოს აქედან ვერავინ გაიტანს, - ვასიკომ დაკვირვებით შეათვალიერა ანი, - თუ გული არ მიგიწევთ რეკლამისკენ, იქნებ სხვა საქმისთვის მოგეკიდათ ხელი?

- უკვე ვცადე. უნივერსიტეტის შემდეგ ჟურნალში ვმუშაობდი.

- მერე? მოგბეზრდათ?

- არა, მაგრამ ჩემმა ოჯახმა მაგრძნობინა, რომ ხელი სხვა საქმისთვის არ უნდა მომეკიდა. იცით, მათ თუ რამე გადაწყვიტეს, აუცილებლად მიაღწევენ თავისას.

- ოჰო… თქვენ მე კარგი იდეა მომაწოდეთ. იქნებ მეც თქვენსავით მოვიქცე?

ნანიმ შეამჩნია, რომ ვასიკომ მისკენ გამოიწია და ისეთი სახე მიიღო, რომ მამაკაცი მიუხვდა და უკან დაიხია.

- მაპატიეთ, მაგრამ ამჟამად სერიოზული ცვლილებებისთვის მზად არ ვარ, - ნერვიულად უპასუხა ნანიმ, - მე ჯერ პირადი პრობლემები უნდა მოვაგვარო.

- ვიცი, რომ გათხოვილი ხართ, - ფრთხილად დაიწყო ვასიკომ, - მაკამ მითხრა. იცით, მეც განქორწინებული ვარ და… ეს დიდი ტრაგედია არ გახლავთ.

ნანის ხმა არ ამოუღია.

- ოოო, ესე იგი, იმ ადამიანისადმი გრძნობა ჯერაც არ გაგნელებიათ! - ვასიკოს ხმაში ეჭვი და ტკივილი ერთდროულად იგრძნობოდა.

- რა სისულელეა, - ჩაეცინა ნანის, - ჩვენ ისე ცოტა ხანს ვიყავით ერთად, რომ გრძნობებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

- ეს არაფერს ნიშნავს. ზოგჯერ საკმარისია, ადამიანს უბრალოდ თვალი მოჰკრა და მისი სახე გულში სამუდამოდ ჩაგრჩეს.

- შესაძლოა, თქვენ მართალი ხართ, მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ - ადამიანი ჯერ კარგად უნდა გაიცნო და მხოლოდ ამის შემდეგ…

- მე დაგელოდებით… თუ საჭიროა, დაგელოდებით, არსად მეჩქარება… - შეაწყვეტინა ვასიკომ.

- იცით? თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ და ძალიანაც მომწონხართ, - გაუღიმა ნანიმ.

- არა, ჯობია, ხმა არ ამოიღოთ, არაფერი მითხრათ, ვგრძნობ, რომ უარს მეტყვით, ამიტომ მირჩევნია, იმედით ვიცოცხლო.

- არ არის საჭირო ბანალური ფრაზები. თქვენ ხომ მე არ მიცნობთ, მხოლოდ ის იცით, რაც მაკამ გიამბოთ ჩემზე. ის კი ობიექტური არ არის ჩემ მიმართ და თანაც მაჭანკლობა უყვარს, ეს მისი ჰობია! არ დაუჯეროთ! არც ისე კარგი ადამიანი ვარ.

- აი, სწორედ ამიტომ გთხოვთ, ხვალ თბილისში არ გაემგზავროთ. ძალიან მინდა უკეთ გაგიცნოთ. იცით? რაც ცოლს დავშორდი, მას მერე განვიცდი. ერთი პერიოდი დეპრესიაშიც კი ჩავვარდი, მაგრამ თანდათან გავაცნობიერე, რომ ამით არ მთავრდება ყველაფერი, რომ ცხოვრება გრძელდება. როდესაც პირველად დაგინახეთ, იმ წუთას მივხვდი, რომ სწორედ ის ქალი ხართ, მე რომ მჭირდება. და ეს არ არის  ბანალური ფრაზა, თუმცა კი ძალიან ჰგავს ბანალურს.

ნანიმ თავი ჩაღუნა და ხმადაბლა მიუგო:

გაგრძელება იქნება