მუსიკოსი დათო ფორჩხიძე 1974 წლის 28 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, 90-იან წლებში ახალგაზრდებისთვის ნამდვილ კერპად იქცა. იშვიათად ჩნდებოდა მსმენელის წინაშე, თუმცა აქტუალობას დღემდე არ კარგავს. მან ჯგუფ "სახესთან" ერთად არაერთი ჰიტი შექმნა და შეასრულა და საქმიანობას დღემდე აგრძელებს - რამდენიმე წლის წინ პროექტ „ვოისის“ მწვრთნელისა და „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრის ამპლუა მოირგო.
"შეყვარებულები მყავდა თუ არა? არა, არ მყავდა. ვინც შემიყვარდა, მოვიყვანე კიდეც ცოლად. 25 წლის ვიყავი მაშინ, - ამბობდა მუსიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში. - ხატია მეგობრების წრეში გავიცანი. ლევან ლაზარიშვილის ნათესავია. ამიტომ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთხელ ვთხოვე, ნუ გავართულებთ ყველაფერს, შენ შენს გზაზე წადი და მე ჩემს გზაზე წავალ-მეთქი. წავიდა... ორ კვირაში ისე მომენატრა, ვეღარ ვძლებდი. დიდხანს მახვეწნინა, ექვსი თვე დავდევდი. ბოლოს ვუთხარი, ცოლად მინდა მოგიყვანო-მეთქი. შვიდი წლით უფროსი ვარ მასზე. 18 წლის იყო მაშინ და ბრძოლა დამჭირდა მის მშობლებთან. ვფიქრობდი, მე როგორ მიწუნებენ-მეთქი. მალე დავამტკიცე, რომ ღირსი ვიყავი ხატიასი".

დათო ფორჩხიძესა და მის მეუღლეს, ხატია ნარაკიძეს, 3 შვილი ჰყავთ: ნანუკა, თათუკა და სანდრო. ნანუკა მამის გზას აგრძელებს. ის შესანიშნავად მღერის, თუმცა, როგორც დათო ამბობდა, შვილს ქართულ მუსიკალურ პროექტებში გამოსვლის უფლებას არ აძლევდა და ამიტომ მას ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობს: "ძალიან ნიჭიერია და ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მას თანამედროვე პოპ-მუსიკის ჟანრში ვხედავ. ჩემ გადამკიდეს, მდიდარი ფონოთეკა აქვს მოსმენილი, მაგრად იცნობს ძველ ლეგენდარულ შემსრულებლებს. მოკლედ, ამ მხრივ დიდი განათლება აქვს. ყველანაირად ვარიდებდი გამოჩენას. ვიცი, რომ ცნობილი მშობლების შვილებს ერჩიან და ჩაუწყო და დაეხმარაო, რომ არ თქვან, ამიტომ საქართველოში კონკურსებში გამოსვლა ავუკრძალე" - ამბობდა დათო ფორჩხიძე.

ამ მიზეზით ნანუკა ფორჩხიძე კარიერის დაწყებას საზღვარგარეთ აპირებს, რის შესახებაც მან ჟურნალ „თბილისელებთან" ისაუბრა:
"უკვე 12 წელია, ჩემი მამიდა და მამიდაშვილები საფრანგეთში ცხოვრობენ. მე ძალიან ვიყავი მათზე მიჯაჭვული და მიჭირს მათ გარეშე აქ ცხოვრება, ამიტომ ვცდილობ, ხშირად ჩავიდე და მოვინახულო. საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მათ გამო მივიღე.
ვფიქრობ, რომ შემდეგი რამდენიმე წელი საფრანგეთში განვაგრძობ საქმიანობას, თუმცა მერე ისევ საქართველოში დავბრუნდები, იქ სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებ. მინდა, საქართველოში უფრო ძლიერი ჩამოვიდე. აქ მაინც დათოს შვილი ვარ. იქ ამის შესახებ არავინ იცის და მინდა, ყველაფერი ნულიდან დავიწყო, ჩემი თავი გამოწვევის წინაშე უნდა დავაყენო. ვნახოთ, რას მივაღწევ ქვეყანაში, სადაც არავინ მიცნობს. მინდა, რომ დათოს იმედები გავუმართლო…“ - ამბობს ნანუკა ფორჩხიძე.
