კოცნის საფასური - თავი 3 - Marao

კოცნის საფასური - თავი 3

2023-10-11 10:34:22+04:00

წინა თავი

- მე მსიამოვნებს თქვენი ყურადღება, ამას არ დაგიმალავთ. უფრო მეტიც, დიდ პატივად მიმაჩნია, რომ მოგწონვართ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მე არ ვარ თავისუფალი - დრო მჭირდება, რომ საკუთარ თავში გავერკვე და ამიტომ შინ აუცილებლად უნდა დავბრუნდე. იმედია, გესმით ჩემი.

მამაკაცმა ამოიხვნეშა.

- რა გაეწყობა, ოღონდ ერთს გთხოვთ, არ დამივიწყოთ.

- პირობას გაძლევთ, - გაეცინა ნანის, - უბრალოდ, თბილისში საქმეები მელოდება და ამიტომ ვჩქარობ, თუმცა ძალიან მეჯავრება სამარშრუტო ტაქსით და ავტობუსით ჯაყჯაყი.

- რატომ ავტობუსით ან «მარშრუტკით»? ჩემი მანქანით გაგისტუმრებთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.

- არა, რას ამბობთ! არავითარ შემთხვევაში!

- და რატომ ასეთი კატეგორიული უარი? - გაეღიმა მამაკაცს, - რა გაეწყობა, ნება თქვენია. მაშინ იცით, რას გეტყვით? მიკვირს, მაკამ რომ არ გითხრათ. ჩვენ აქ აეროდრომი გვაქვს და შეგიძლიათ ვერტმფრენით ჩაფრინდეთ თბილისში. უფრო კომფორტულია, ახლავე დავრეკავ და ყველაფერს გავარკვევ.

- ზედმეტად წუხდებით ჩემი გულისთვის, - დაიმორცხვა ქალმა.

- თქვენი გულისთვის უზედმეტესადაც შევწუხდები, თანაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და წამითაც არ ვინანებ ამას, - იდუმალი ხმით მიუგო მამაკაცმა და ჯიბიდან მობილური ამოიღო.

ნანი მიხვდა, რომ ამ ენერგიულ ადამიანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, უფრო მეტიც - არც უნდოდა წინააღმდეგობის გაწევა, რადგან მისმა სიტყვებმა გული აუჩუყა. ნეტავ ქმრისგან მოესმინა ოდესმე მსგავსი რამ, მიახლოებული სიტყვები მაინც… ვასიკო საერთოდ არ ჰგავდა სანდროს. სანდრო ყველაფერს იღებდა და არაფერს გასცემდა…

ნანიმ იგრძნო, როგორ მოეწურა გული.

ვასიკომ ნომერი აკრიფა, ვიღაცას დაელაპარაკა და რაღაცაზე შეუთანხმდა.

- ყველაფერი მოვაგვარე, - მოუბრუნდა ნანის, - მაპატიეთ, რომ ასეთი ინიციატივა გამოვიჩინე და თქვენს თანხმობას არ დაველოდე.

- რას ამბობთ, მადლობელი ვარ, რომ ჩემი გულისთვის ასე გაისარჯეთ. ახლა კი, მგონი, დროა, ირაკლი და მაკა მოვძებნოთ.

- ოჰ! ისინი სულ გადამავიწყდა, რა ეგოისტი ვარ! წავიდეთ, შევუერთდეთ ბედნიერ წყვილს!

ვასიკო წამოდგა, ნანის მიუახლოვდა და ხელები მხრებზე დააწყო.

- ნანი! შეიძლება ახლა დაგემშვიდობოთ? მინდა ეს მანამ გავაკეთო, სანამ მარტონი ვართ…

ნანიმ გაუღიმა და რაღაც უმნიშვნელო სიტყვები ჩაილაპარაკა. ვასიკო მას აღარ უსმენდა, მამაკაცი ნელა დაიხარა და ქალს ტუჩებზე დაეკონა. ისე ნაზად, ფრთხილად აკოცა, თითქოს მძინარე არ გავაღვიძოო. ნანის თვალები უნებლიეთ დაეხუჭა. ვასიკომ მასში ვნება ვერ გააღვიძა, მაგრამ თავი მაინც კარგად იგრძნო, სასიამოვნო მოთენთილობამ დარია ხელი.

- ბედნიერი ვიქნები, თუკი ეს ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი აღმოჩნდება, - ჩაიჩურჩულა მამაკაცმა და თვალი თვალში გაუყარა სახეალეწილ ქალს.

«არა, სამწუხაროდ, გაგრძელება არ იქნება», - გაიფიქრა ნანიმ და მწარედ გაიღიმა.

ასე კი გაიფიქრა, მაგრამ რატომღაც მოუნდა, ამ კოცნას მისი გონება და სხეული აეფორიაქებინა, აღეგზნო, რომ ამქვეყნად ყველაფერი დავიწყებოდა, რომ ამ ძლიერ მამაკაცთან სამუდამოდ დარჩენილიყო, მაგრამ რაღაც ეწეოდა თითქოს უკან, გული სასიკეთოს ვერაფერს ჰპირდებოდა, გონების კარნახი კი ამ შემთხვევაში უძლური ჩანდა.

- მომიყევი, მოგეწონა? - მოუთმენლად ჰკითხა მაკამ, როცა ნანი მასთან დაბრუნდა.

- რა უნდა მომწონებოდა?

- რა კი არა, ვინ? ვითომ ვერ ხვდები, რას გეკითხები, არა?

- ის ძალიან სიმპათიურია, - მოკლედ მოუჭრა ნანიმ და ყავა მოსვა.

- ესე იგი, მაინც გადაწყვიტე ხვალ წასვლა, - ამოიოხრა მაკამ, - სხვათა შორის, ირაკლიმ მითხრა, მაინც წავაო.

- შენი ირაკლი ჭკვიანი ბიჭია, - გაეღიმა ნანის, - აუცილებლად უნდა წავიდე, მაგრამ თუ კიდევ დამპატიჟებთ, ჩამოვალ.

ნანიმ ირგვლივ მიმოიხედა. საცეკვაო მოედნის ირგვლივ, მაგიდებთან უამრავ სტუმარს მოეყარა თავი. ისმოდა ფუჟერების წკრიალი, საუბარი და ხმადაბალი სიცილი. სასიამოვნო მელოდიის ჰანგები იფრქვეოდა დარბაზში, მაგრამ ჯერჯერობით არავინ ცეკვავდა. ყველაფერს პატრონის გემოვნებიანი ხელი ეტყობოდა და საზოგადოებაც სოლიდური შეკრებილიყო.

- როგორ მომწონს აქაურობა, თანაც მიკვირს, რომ სეზონის ბოლოს ამდენი ხალხია.

- ჩვეულებრივ, ამ დროს ცოტა ხალხია, მაგრამ დღეს კიევიდან ჩამოვიდა დელეგაცია, ბიზნესმენების ჯგუფია, აქ გადაწყვიტეს თავმოყრა, - თქვა მოახლოებულმა ირაკლიმ, - სხვათა შორის, ერთი ცნობილი გამომცემელიცაა მათ შორის, მედიაჰოლდინგის მფლობელი, თუ არ ვცდები, ორლოვი უნდა იყოს გვარად.

- იგორ ორლოვი? რას ამბობ! მართლა? - გაიოცა ნანიმ.

- ვერასდროს დავიჯერებდი, თუ მაგ ადამიანს ოდესმე შევხვდებოდი. მიხარია, რომ ჩამოვიდა. მისი წყალობით, ჩემი სასტუმროს ყველა ნომერი დაკავებულია, - კმაყოფილებით განაცხადა ირაკლიმ.

- თქვენთან ყოფნა კი კარგია, მაგრამ მე ხვალ მაინც უნდა გავემგზავრო. იცით, ვასიკომ თვითმფრინავზე ადგილიც მიშოვა.

- მართლა? ყოჩაღ, ვასიკო, არადა, ძალიან ძნელია მაგის ბილეთის შოვნა. ალბათ მისი ხათრით ვიღაცას უარი უთხრეს და ადგილი შენ დაგითმეს.

მშვიდმა მელოდიამ ნანი კარგ ხასიათზე დააყენა. კოქტეილს წრუპავდა, რამაც სასიამოვნოდ მოთენთა კიდეც, მაგრამ მაინც აწუხებდა რაღაც, უცნაური და აქამდე უჩვეულო მოუსვენრობა დაეუფლა.

ამ დროს ვალსის მელოდია გაისმა. ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა მაკას და მოედნის შუაგულში გაიყვანა. რა ბედნიერები არიან, როგორ უყვართ ერთმანეთი, - გაიფიქრა ნანიმ და გაუკვირდა, შურის მაგვარმა გრძნობამ რომ გაჰკრა გულში.

- იქნებ ჩვენც მიგვებაძა მათთვის? - ვასიკოს ცხელი სუნთქვა იგრძნო ყელთან.

ნანი წამოწითლდა.

- რატომაც არა, - მორცხვად გაიღიმა და მორჩილად მიჰყვა მამაკაცს უკან.

ვასიკო შესანიშნავად ცეკვავდა და მკერდზე მაგრად ჰყავდა მიკრული ქალი. ნანი დაძაბული ცეკვავდა, თან ვასიკოს მხარს ზემოთ მოცეკვავე წყვილებს ათვალიერებდა.

არა, ეს შეუძლებელია! - შიშით გაიფიქრა, როდესაც თვალი მოჰკრა ახალგაზრდა მამაკაცსა და ქერათმიან ლამაზმანს, რომელსაც თავი პარტნიორის მხარზე ჩამოედო და რაღაცას ეტიტინებოდა. კაცი მას ყურადღებას არ აქცევდა, რადგან დამცინავი ღიმილით ნანის მისჩერებოდა.

ამ უკანასკნელს კინაღამ გული შეუღონდა. უეცრად ცეკვა შეწყვიტა და გაფითრებულმა უხმოდ ახედა ვასიკოს.

- რა მოხდა, ნანი? ცუდად ხომ არ ხართ? - შეშფოთდა მამაკაცი.

- არა, არა, კარგად ვარ, მაგრამ მირჩევნია, მაგიდასთან დავბრუნდეთ, რატომღაც, თავბრუ დამეხვა.

ისინი მაგიდას მიუსხდნენ და ვასიკომ წყალი დაუსხა.

- არაფერია, გამივლის, ალბათ სასმელმა თუ იმოქმედა. ასეთ სიცხეში დალევა უკვე მეტისმეტია.

ნანიმ ყინულივით ცივი წყალი მოსვა, მერე ვასიკო დაარწმუნა, რომ თავბრუს ხვევამ გაუარა, რადგან ცოტა ხნით მარტო დარჩენა მოუნდა. უნდოდა, როგორმე დელიკატურად მოეშორებინა მამაკაცი თავიდან.

- თქვენ ხომ მუშაობთ, ვასიკო, აქ უამრავი სტუმარია, გთხოვთ, იმათ მიხედოთ, მე კი მანამ გონს მოვალ.

- არ მინდა, ასეთ მდგომარეობაში დაგტოვოთ, - გამოუტყდა ვასიკო.

როგორი მზრუნველი, ნაზი და სანდო კაცია, - გაიფიქრა ნანიმ.

- ნუ ღელავთ, უკეთ ვარ, უბრალოდ, ცოტა ხნით აივანზე გავალ და ყველაფერი რიგზე იქნება.

როგორც იქნა, მოიცილა თავიდან თაყვანისმცემელი. წყლიან ჭიქას ხელი დაავლო და აივანზე გავიდა. იქვე მდგარ რბილ სკამზე ჩამოჯდა და ყლუპ-ყლუპად დაიწყო წყლის სმა, თან მოციმციმე სანთლებს გაჰყურებდა უაზროდ.

მაინც რა უცნაურია, როგორ გაამართლა ანდაზამ - ძაღლი ახსენე და ხელში ჯოხი მოიმარჯვეო. წეღან ის და მაკა სანდროზე ლაპარაკობდნენ და აგერ, არ გამოეცხადა? მისტიკაა პირდაპირ! ბედის ირონიაც ამას ჰქვია!

იქნებ შეცდა? ნუთუ მოეჩვენა? იქნებ ვეღარ იცნო და სხვა მამაკაცში აერია? არა, შეუძლებელია, ნამდვილად სანდრო იყო. როგორ უნდა დავიწყებოდა მისი დამცინავი მზერა და ცინიკური ღიმილი?

ამდენ მკითხაობას არ ჯობდა, უკან შებრუნებულიყო და კარგად დაკვირვებოდა მამაკაცს? ასე კი გაიფიქრა, მაგრამ ადგილიდან ადგომა და დარბაზში შებრუნება ვეღარ გაბედა.

გაბრაზებულმა მუშტები შეკრა. პირდაპირ აუტანელია ყოფილ ქმარზე ამდენი ფიქრი და ნერვიულობა. სანდრო ამად არ ღირს, ის ხომ მასზე მხოლოდ ბიზნესის გამო დაქორწინდა. აი, ძალიან მალე ოფიციალურად განქორწინდებიან და ეს პრობლემაც მოიხსნება დღის წესრიგიდან. როგორც ჩანს, ეს დღეც დადგა, მორჩა!

ეს პირდაპირ შოკია! ნანი და სანდრო ამ წლების მანძილზე ყოველნაირად ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის თავი აერიდებინათ და ხედავთ, რა მოხდა? ასე უეცრად და მოულოდნელად ბორჯომში შეეფეთნენ ერთმანეთს.

რატომ არ შეუძლია ნანის, გულგრილად ჩაუაროს გვერდით, გაუღიმოს და თავი დაუკრას, როგორც უბრალო ნაცნობს? ან ადამიანს, რომელიც უკვე აღარ აინტერესებს, მაგრამ ოდესღაც რაღაც აკავშირებდა მასთან?

ო, ღმერთო! რა საშინელ ხასიათზე დადგა! ჰაერი აღარ ჰყოფნიდა უკვე. სწრაფად წამოდგა, ხვეულ კიბეს ჩაუყვა და ბაღში ჩავიდა. ძლივს ამოისუნთქა, როცა მარტო დარჩა სიჩუმეში. ხის ქვეშ, ძელსკამზე ჩამოჯდა და თანდათან დამშვიდდა. სიამოვნებდა, საკუთარ ფიქრებთან მარტო რომ დარჩა.

ნეტავ, რა ადარდებს? ალბათ არც სანდროს ესიამოვნა მაინცდამაინც მისი დანახვა. ის აქ სამუშაოდ და გასართობად ჩამოვიდა და მოულოდნელი განცდები სულაც არ სჭირდება.

8 8 8

როდესაც ნანიმ და სანდრომ ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, მამაკაცმა მას ისეთი თანხა შესთავაზა, ნანის შეეძლო არ ემუშავა და თავის გემოზე, უდარდელად ეცხოვრა - ემოგზაურა და ძვირადღირებული სამოსი შეეძინა, მაგრამ ქალმა ფულზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ გარიგების საფუძველზე გათხოვდა, თავის ქორწინებას კომერციულს ნამდვილად ვერ დაარქმევდა, ამიტომაც მთელი ამ თვეების განმავლობაში ჯიუტად იმეორებდა, მე მისი არაფერი მინდა, სულ არაფერი, საკუთარ თავს თვითონ მივხედავო.

ნანიმ არც მამისეულ სახლში ისურვა ცხოვრება თავისი ძმის, ლექსოს მსგავსად. იგი თავს უფრო თავისუფლად და დამოუკიდებლად გრძნობდა ლამაზ, მყუდრო სამოთახიან ბინაში, რომელიც ბებიისგან ანდერძით ერგო. კონცერნში კი მუშაობდა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში მუშაობა არ შეუწყვეტია, ძმის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ჟურნალს თავი მაინც არ დაანება და ხშირად აქვეყნებდა სტატიებს.

არა, მაინც რა მძიმე წელი გადაიტანა! არც ცოლქმრობაში გაუმართლა და ვერც კონცერნის საქმე აეწყო კარგად. მას შემდეგ, რაც კონცერნს სათავეში ლექსო ჩაუდგა, პრობლემებმა იმატა. ამას ისიც დაერთო, რომ მისმა ძმამ ერთი შტერი გოგო მოიყვანა ცოლად.

8 8 8

გრილმა ნიავმა დაუბერა, ნანი მოიბუზა, ცოტა არ იყოს, შესცივდა. ალბათ ნერვიულობის ბრალია, რადგან მის სულში უფრო მეტი სიცივეა ჩაბუდებული. როგორმე თავი ხელში უნდა აიყვანოს და რაღაც მოიფიქროს, თუკი სანდრო კვლავ მასთან სიახლოვეს მოინდომებს. თუმცა რა სიახლოვეზეა ლაპარაკი, ახლა კი ნამდვილად აზვიადებს! ის ქერათმიანი არსება ისე შესციცინებდა თვალებში, რომ სანდრო ნანისთვის ვერ თუ არ მოიცლის, მით უმეტეს, რომ მარტო გასართობად არ უნდა იყოს ჩამოსული, იგი ხომ «ფულიანი» ტომრის - იგორ ორლოვის წრეში ტრიალებს და როგორც ჩანს, საერთო საქმეც აკავშირებთ. ნანი სანდროს კარგად იცნობს, ის ნაბიჯსაც არ გადადგამს, თუ გამორჩენას არ მოელის. მას სწორედ ასე არ მოექცა? ალბათ ესეც მსგავსი შემთხვევაა და ეჭვიც არ ეპარება, რომ ორლოვთან თანამშრომლობამ სანდროს ბანკი საგრძნობლად გაამდიდრა.

არა, მაინც რაში მაინტერესებს სანდრო და მისი ბანკი, ანდა ვისთან და როგორ ატარებს დროს. «ეს კაცი ჩემს აღელვებად და ფიქრად არ ღირს! - შეუძახა ნანიმ თავის თავს, - მე პატიოსნად შევასრულე ჩვენი გარიგების ყველა პუნქტი, ძალიან მალე მოეღება ჩვენს ქორწინებას ბოლო და თავისუფლად ამოვისუნთქავ».

მხოლოდ ახლა, ხის ქვეშ მჯდარმა გააცნობიერა, რა შეცდომაც დაუშვა უახლოეს წარსულში, როდესაც მამის თხოვნას ანგარიში გაუწია და იმ ცივსისხლიან «ნადირს» ცოლად გაჰყვა. წინასწარ რომ სცოდნოდა, რა საფიქრალს გაუჩენდა ეს ფიქტიური ქორწინება, ამ აფერაზე არაფრის დიდებით არ წავიდოდა.

კვლავ ამოუყვა კიბეს, დარბაზში დაბრუნება გადაწყვიტა. ნელა ამოდიოდა, სვენებ-სვენებით. მაკას ეტყვის, რომ თავი ასტკივდა და სასტუმროში წავა.

ნანის არ გაუგონია ნაბიჯების ხმა, მან ყოველთვის უჩუმრად იცოდა მოახლოება. თუმცა, რას გაიგონებდა იმ ხმაურში… ის იყო, თითქმის აათავა კიბე და მაღლა აიხედა, რომ სანდრო დაინახა, რომელიც ცალი ხელით მოაჯირს ჩაფრენოდა და ნანის ბოლო საფეხურზე ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა.

ნანი გაშრა, როდესაც თითქმის მივიწყებული და ასე დამზაფვრელი ხმა გაიგონა.

- საღამო მშვიდობისა, ჩემო საყვარელო მეუღლევ!

ნანი გაუნძრევლად იდგა, ერთ დროს ძალიან ნაცნობმა ხმამ საშინლად ააფორიაქა. რაც შეეძლო, შეეცადა, მისი ასეთი მდგომარეობა სანდროსთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო, ამიტომ ამაყად ასწია თავი და მაქსიმალურად მშვიდად ჰკითხა:

- აქ რას აკეთებ, სანდრო?

- რა დამთხვევაა, - ჩაეცინა მამაკაცს, - მეც სწორედ ამ კითხვის დასმას ვაპირებდი, თუმცა მივხვდი, რომ ალბათ კონცერნმა გამოგგზავნა მნიშვნელოვან საქმეზე, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი აქაური ბიზნესმენის კომპანიაში შეგამჩნიე. იცი, რა მაინტერესებს? მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებს თუ…

- რაღაც ვერ ვხედავ აუცილებლობას, ამ შეკითხვაზე პასუხი გაგცე, - ამრეზით ახედა ქალმა, - შენ სულაც არ გეხება, ვისთან რა ურთიერთობა მაქვს, გასაგებია?

- არ მეხება? როგორ არ მეხება, მე ხომ შენი ქმარი ვარ! - გაიოცა სანდრომ და ცოტაოდენი პაუზის შედეგ ცინიკურად დაამატა, - ჯერ კიდევ!.. - შემდეგ კი ხმა გაიმკაცრა და გააგრძელა, - ასე რომ, კეთილი ინებე და მიპასუხე.

- რაღაც ძალიან გვიან გაგახსენდა ეგ, - ირონია არც ნანიმ დაიშურა, - თუმცა მაინც გეტყვი: აქ დასასვენებლად ჩამოვედი, შვებულებას ვატარებ მეგობრებთან ერთად.

- ვასიკო კობახიძე შენი მეგობარია?

- ვასიკო ჩემი მეგობრების მეგობარია, აქ გავიცანი და მასაც დავუახლოვდი. კიდევ რა გაინტერესებს?

- რას ნიშნავს დაუხლოვდი, რამდენი ხანია, აქ ხარ? როგორ დაახლოვდით?

ნანიმ ტუჩი მოიკვნიტა და თავი ძლივს შეიკავა, არ აყვირებულიყო. სანდროს ყოველი სიტყვა, როგორც ყოველთვის, შეურაცხმყოფელი იყო მისთვის.

- რატომ არაფერს მეუბნები? ბორჯომში ამ დროს ყოფნა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა შენი თანამდებობის ქალისთვის ან იქნებ სპონსორი გამოგიჩნდა, თუ მეგობრები დაგეხმარნენ?

გაგრძელება იქნება