"ევროპის დედოფალი“ - გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მრავალი მეტსახელიდან ერთ-ერთია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკას ორი წლის წინ ჩამოშორდა, რითაც მერკელის თითქმის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა.
ევროპის ქვეყნების ამჟამინდელ მმართველებს შორის არც ერთი ყოფილა ქვეყნის სათავეში ისე ხანგრძლივად, როგორც მერკელი. BBC წერს, რომ ის ევროკავშირის დაახლოებით 100 სამიტში მონაწილეობდა, ხოლო კულუარებში ამბობენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მას ასე მოიხსენიებდნენ: "ერთადერთი ზრდასრული ოთახში".

ანგელა მერკელი (ქორწინებამდე - კესნერი) 1954 წლის 17 ივლისს ჰამბურგში, პოლონურ ოჯახში დაიბადა, თუმცა რამდენიმე კვირაში მისი ოჯახი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადავიდა. ანგელას მამამ, ჰორსტ კაზმერჩაკმა, ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე 3 წლით ადრე, გვარი გერმანულ ყაიდაზე - კესნერად გადაიკეთა. ჰორსტ კაზმერჩაკი ლუთერანულ ეკლესიაში პასტორად მსახურობდა.
ბავშვობაში მომავალი კანცლერის მშობლები მას საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისკენ არ უბიძგებდნენ, არც პიონერებში ჩაწერა დაუძალებიათ. მოგვიანებით, ის თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდების კავშირში ("კომკავშირის" გერმანული ანალოგი) გაწევრიანდა და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ორგანიზაციის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა: აგიტაციისა და პროპაგანდის მდივნის პოსტს იკავებდა.
