"ახლა დედა რომ ცოცხალი იყოს, ჩავეხუტებოდი, ხელს აღარ გავუშვებდი, ბევრ იასამანს მივუტანდი, ვეტყოდი – ყველაფერს გადავდებ, ოღონდ აქ დარჩი, ოღონდ ერთად ვიყოთ-მეთქი! სულ მახსოვს და სანამ ჩემი გული ფეთქავს, სულ მემახსოვრება. ყოველი მისი გახსენება ჩემთვის ცრემლია. მისი არავითარი ნივთი თან არ დამაქვს, დედა გულში მყავს!” - ამბობდა ნიკუშა შენგელაია დედაზე, სოფიკო ჭიაურელზე.
ალბათ, ყველას ეგონა, რომ გენიალური გიორგი შენგელაიასა და სოფიკო ჭიაურელის ვაჟი მშობლების გზას გააგრძელებდა, მაგრამ ის მხატვარი გახდა და ცხოვრება, მშობლების მსგავსად, საინტერესოდ წარმართა.
ამჯერად ის ჟურნალ "სარკესთან" ოჯახისა და მეუღლის შესახებ საუბრობს და კითხვაზე, საყვარელ ქალში დედის, სოფიკო ჭიაურელის თვისებებს ხომ არ ეძებდა, შენგელაია პასუხობს:
„არა, მე მსგავსი შემთხვევა არ მქონია. ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, თუმცა ის დედაჩემს სულ არ ჰგავს. არასდროს შემიდარებია რომელიმე ქალი დედისთვის.
თქვენს არჩევანში, რომელიც სიყვარულს ეხებოდა, დედა ერეოდა?
არა, ამ მხრივ დედა არ მარიგებდა და არაფერს მასწავლიდა. ამ საკითხში მთლიანად ჩემზე იყო მონდობილი, რადგან ეს იყო ჩემი არჩევანი. ჩემს არჩევანზე არასდროს არაფერი უთქვამს. ამ საკითხის მიმართ ძალიან დელიკატური იყო. ჩემს არჩევანს პატივს სცემდა. ჩემს რჩეულს, ვინც მე მიყვარდა, სიხარულით ეგებებოდა…“