კოცნის საფასური - თავი 4 - Marao

კოცნის საფასური - თავი 4

2023-10-12 10:46:31+04:00

წინა თავი

ნანი შეკრთა, სანდრომ ყველაფერი იცოდა მის შესახებ. ნუთუ ამ წლების განმავლობაში უთვალთვალებდა? აბა, საიდან გაიგო, რომ მაკას ქმარს აქ სასტუმროები აქვს და იმათ მიიწვიეს? იქნებ არაფერი იცის და ეს უბრალოდ, სიტყვათა თამაშია მხოლოდ? ამის გაფიქრებაზე გუნება შეეცვალა.

- რა შენი საქმეა და რაში გაინტერესებს, ვინმე დამეხმარა თუ არა? - შეუღრინა თავზე წამომდგარ ქმარს.

- სწორედ რომ ჩემი საქმეა, - მუქარასავით გაისმა სანდროს ხმა, - გირჩევნია აღიარო, რომ კონცერნმა გამოგგზავნა… თუ მართლა ისვენებ?

- ვითომ რატომ არ უნდა დავისვენო, უფლება არ მაქვს, შვებულება ავიღო? სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი შვებულებაა… უკანასკნელი სამი წლის მანძილზე!

- გინდა თქვა, რაც ჩვენ დავქორწინდით?

ნანიმ არ უპასუხა. სანდრო კი არ ეშვებოდა.

- შენსას მიაღწიე - შესანიშნავი კურორტი, მშვენიერი ბუნება და თავბრუდამხვევი რომანი შეძლებულ მამაკაცთან. შენც ხომ ეს გინდოდა? მაინც გაიტანე შენი, არა?

- უმჯობესია, საკუთარ თავს მიხედო! - იფეთქა ქალმა, - როგორც ვხედავ, არც შენ კარგავ დროს უქმად! - უკმეხად მიუგო.

- ვიცი, რასაც გულისხმობ, საყვარელო, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ზოგჯერ პირველი შთაბეჭდილება შესაძლოა მცდარიც აღმოჩნდეს.

«როგორ არა, ვაჟბატონო! კარგად გიცნობ!» - გაიფიქრა ნანიმ და შეეცადა, რაც შეიძლება უდარდელად ეთქვა.

- თუ შეიძლება, გამატარე, ჩემი მეგობრები ალბათ უკვე მეძებენ. ისე, არც შენ გაწყენდა დაბრუნება, მოუთმენლად გელოდებიან! - უკბინა ქმარს.

- გმადლობთ ზრუნვისთვის, - არაფრად ჩააგდო სანდრომ ნანის რეპლიკა, - სხვათა შორის, ჩვენ ბევრ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ.

- თუ განქორწინებას გულისხმობ, შეგიძლია რამდენიმე დღე კიდევ მოითმინო და ამ პრობლემას ჩვენი ადვოკატები უჩვენოდაც მოაგვარებენ.

- შვებულება მოდურ კურორტზე და განქორწინების დაჩქარება, - ირონიულად გაწელა სანდრომ სათქმელი, - ეს მეტად საინტერესო და საგულისხმო ფაქტია.

ნანი შეცბა, მას სანდროს ხმაში მუქარა მოესმა. არა, უმჯობესია, ახლავე, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი გაარკვიოს და ამაღამ მშვიდად დაიძინოს, თორემ შეიძლება ნერვიულობისგან გული გაუსკდეს.

- არა მგონია, ჩვენი განქორწინება რაიმე პრობლემასთან, ქონების გაყოფასთან ან პრეტენზიებთან იყოს დაკავშირებული.

- კი, მაგრამ რა ვუყო გაცრუებულ ოცნებას და დამსხვრეულ გულს, ეს არ არის მხედველობაში მისაღები?! - ჩაეცინა სანდროს.

ნანი გაბრაზდა - ერთი ამას დამიხედეთ, ვინ ლაპარაკობს გაცრუებულ ოცნებებზე, უტიფარი! დასცინის კიდეც!

- გარიგების დროს იმედგაცრუებებზე არაფერი თქმულა, - ნიშნის მოგებით მიუგო ქალმა, - მე ჩემი პირობა პირნათლად შევასრულე და ძალიან გთხოვ, სისულელეებს თავი დაანებე. შენი საშაყირო არ ვარ. მინდა, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს ვითომ ურთიერთობა.

სანდრო კი არ ცხრებოდა.

- არა, ჩემო ლამაზო და მშვენიერო, ასე არ გამოვა. თუ გინდა, ვიომოთ, მაგრამ ხარ კი მზად? მე რაღაც აზარტში შევედი.

ნანის გული საშინლად უცემდა და მარჯვენა ხელი უნებურად გულთან ახლოს, მკერდზე მიიდო.

- აჰააა, ხედავ, რაში ყოფილა საქმე? - მის ხელს თვალი გააყოლა მამაკაცმა, - საქორწინო ბეჭედს აღარ ატარებ თურმე.

- დიახაც, აღარ ვატარებ. რა საჭიროა თავის მოკატუნება?

- მართალი ხარ, შენ ხომ ყოველთვის პირდაპირი იყავი.

- სანდრო, თავი დამანებე. ხომ იცი, რომ ჩვენი ქორწინება მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. რატომ არ გინდა, რომ ყველაფერი სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულდეს? შენც დაისვენებ და მეც, ზედმეტ ტვირთს მოვიშორებთ თავიდან.

სანდრომ მხრები აიჩეჩა.

- მე, უბრალოდ, არ მიყვარს დაუმთავრებელი საქმეები.

როგორ შეიძლება იმის დასრულება, რაც არასდროს ყოფილა! - გაიფიქრა ნანიმ, მაგრამ ხმამაღლა სულ სხვა რამ თქვა:

- ნუთუ დაგავიწყდა ჩვენი დაქორწინების მიზეზები? შენ ხომ კონცერნის დირექტორთა საბჭოში მოხვედრა გინდოდა და ჩემი დახმარებით მიაღწიე კიდეც ამას.

- ჰოოო… მართლაც რომ დამავიწყდა ეს სისულელე.

სანდროს ხმაში მრისხანე ტონმა გაიჟღერა.

- სხვათა შორის, შენამდე ამ შეზღუდვას ზიანი არავისთვის მიუყენებია.

სანდრომ ლამის ზიზღით მოწკურა თვალები.

- თუკი ყველაფერი წესრიგში გქონდათ, მაშინ დახმარებისთვის ჩემს ბანკს რატომ მოადექით? იქნებ იმიტომ, ჩემო ძვირფასო, რომ შენმა ოჯახმა ბაბუის აწყობილი საქმე და დანატოვარი გაანიავა?

- როგორ ბედავ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას! - აფეთქდა ნანი.

- ზოგჯერ სიმართლის მოსმენა მტკივნეულია, ისევე, როგორც იმის აღიარება, რომ კაპიტალი არამომგებიანად დააბანდეთ.

ნანიმ ღრმა ამოიოხრა და შეეცადა, თავი ხელში აეყვანა. სანდროსთან კამათი კარგს არაფერს უქადდა.

- მე გირჩევ, ეს საკითხი განსახილველად დირექტორთა საბჭოზე გაიტანო, მე ხომ მხოლოდ  კონცერნის უბრალო თანამშრომელი ვარ და ჩემთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. რაც შეეხება ჩვენს შეუღლებას, აქ ყველაფერი ნათელია - ოჯახური იდილია არ შედგა, ყველაფერი დასრულდა.

- ცდები, ჩემო მშვენიერო, - ხმადაბლა წარმოთქვა სანდრომ, - არაფერიც არ დამთავრებულა, უფრო ზუსტად, ჯერ არც დაწყებულა. მთავარი წინ გველოდება.

ნანი ასეთ თავხედობას არ მოელოდა. მან ხელი ჰკრა მამაკაცს და გაიქცა. შემდეგ ნაბიჯი შეანელა და ბარისკენ აიღო გეზი, მაგრამ ზურგს უკან სანდროს გამჭოლ მზერას მაინც გრძნობდა.

- კიდევ კარგი, გამოჩნდი, ძალიან შეგვაშინე და შენ საძებნელად ვაპირებდით ახლა წამოსვლას, - მიაყარა მაკამ, როცა გაფითრებული ნანი დაინახა.

- რა იყო, სად უნდა დავკარგულიყავი? დაბლა ჩავისეირნე, ბაღში. - უდარდელი ტონით მიუგო მეგობარს და მზერა აარიდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც მეგობრები რესტორნიდან გამოვიდნენ, ნანიმ გაბედა და სანდროს მაგიდისკენ გააპარა მზერა, აინტერესებდა, კიდევ უთვალთვალებდა თუ არა მამაკაცი. მაგრამ სანდროს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თავის ქერათმიან ლამაზმანთან «ღიმილფრქვევით» იყო გართული.

«ძალიანაც კარგი», - გაიფიქრა ნანიმ და ტუჩები ბრაზიანად მოკუმა.

ვასიკომ დამშვიდობებისას ნანის ხელზე აკოცა და ალერსიანად ჩახედა თვალებში. ნანიმაც გაუღიმა და შეეცადა, გულის სიღრმეში რაღაც გრძნობა მაინც აღმოეჩინა ამ სიმპათიური და მზრუნველი მამაკაცის მიმართ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

მანქანაში მაკა ხმადაბლა ელაპარაკებოდა ქმარს და ცდილობდა, მეგობარი არ შეეწუხებინა. ნანის კი თავში სანდროსთან შეხვედრა და საუბარი უტრიალებდა. ფიქრობდა, რა იგულისხმა სანდრომ, როცა უთხრა, ჯერ არ დაწყებულაო, მაგრამ ვერა და ვერ მიხვდა.

ალბათ, ბედისწერაა, რომ ამდენი წლის შემდეგ ბორჯომში შეხვდნენ ერთმანეთს და ისიც ერთსა დ იმავე კლუბში.

ეს რომ რომელიმე დიდ ქალაქში მომხდარიყო, როგორმე აიცდენდა ამ შეხვედრას, როგორც ამას ადრე ახერხებდა. ნანიმ ყოველთვის იცოდა სანდროს ადგილსამყოფელი და ამიტომ თავად ცდილობდა, მისგან რაც შეიძლება შორს ყოფილიყო. როდესაც სანდროს მამამისის სახლში იწვევდნენ სტუმრად, მიზეზს გამოძებნიდა, რომ იქ არ მისულიყო და ქმარს არ შეხვედროდა.

- რაღა მაინცდამაინც მაშინ გამოგიჩნდება საქმე, როცა ის ვაჟბატონი ჩვენთან სტუმრობს? - ბუზღუნებდა ლექსო, - რატომ უნდა გაართოს დოდომ! ხომ იცი, მისი როგორ ეშინია, ლამის გული წაუვიდეს.

დოდოსთან დაკავშირებით ნანის საკუთარი აზრი ჰქონდა: მისი ღრმა რწმენით, მის რძალს, ლექსოს ცოლს, სანდროსნაირები ვერ შეაშინებდა. თავის რძალთან ურთიერთობა ნანის უჭირდა, მაგრამ ამას არასდროს ამჟღავნებდა.

- რატომ გიკვირს, ლექსო? დოდო შენი ცოლია, შენ კი კონცერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ხარ. ასე რომ, კონცერნის სტუმრების მიღება და გართობა მისი პირდაპირი მოვალეობაა, - ცივად მიუგო ნანიმ, წამითაც არ დაინდო ძმა.

დოდო ყოველ მოხერხებულ მომენტს იყენებდა და ეწუწუნებოდა ქმარს, რომ ნანი თავს არიდებდა მოვალეობას და საკუთარ ქმარზე ზრუნვას რატომღაც, მას ავალებდა. ის, რომ ნანისა და სანდროს ქორწინება ფიქტიური იყო, ოჯახმა დოდოს დაუმალა, ვინაიდან ამ ამბავს ერთ წამში მთელ თბილისს მოსდებდა.

- ლექსო, ჩემო კარგო, მოგიწევს რაიმე მიზეზის გამოძებნა, რათა დოდოს აუხსნა, რატომ არ ვესწრები ამ შეხვედრებს, - უთხრა მაშინ ნანიმ ძმას მორიგი საყვედურის მოსმენისას, - დოდოს დასამშვიდებლად არ ვაპირებ სანდროსთან შეხვედრას, მით უმეტეს, ვიცი, რომ მას ეს არ სიამოვნებს.

ნანი სიმართლეს ამბობდა, ამაში სავსებით იყო დარწმუნებული. ამიტომ ახლა ეჭვები კლავდა - მათი ეს შეხვედრა შემთხვევითი იყო? რატომ ჩაუსაფრდა სანდრო ბაღში? რატომ უთხრა ის უცნაური სიტყვები? რამდენიმე დღეში სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს და რატომ ემუქრება?

ნანიმ მოსვენება დაკარგა…

888

რაც უნდა მოიმოქმედოს, იმ ვაჟბატონს მაინც არაფერი გამოუვა. დირექტორთა საბჭოს წევრობა მარადიული თანამდებობა არ არის, ნებისმიერი წევრის საბჭოდან გამოყვანა ხმათა უმრავლესობით შეიძლება. თუმცა მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. ღმერთო, ნეტავ კონცერნმა მოახერხოს და დაფინანსების სხვა წყარო გამონახოს, მაშინ სანდრო და მისი ბანკი სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება…

სასტუმროში ნანიმ მაკას ციტრამონი გამოართვა და თავის ნომერში განმარტოვდა. დილით გასამგზავრებლად უკვე მზად იყო, ბარგიც ჩალაგებული ჰქონდა. მხოლოდ კბილის ჯაგრისს აიღებს, კბილის პასტას და მორჩა, დანარჩენი მოგვარებულია.

ნანი ტუალეტის მაგიდასთან ჩამოჯდა და სარკეში ჩაიხედა - რა საშინელი სიფათი შემოსცქერის! გაფითრებული, დაღლილი სახე. უეცრად მსუბუქად შეჰკივლა: თავისი ანარეკლის თვალიერებისას შენიშნა, რომ ყელზე აღარ ეკეთა მარჯნისთვლიანი კულონი. თავი ხელებში ჩარგო და ჩაფიქრებულს გაახსენდა, როგორ ისტერიკულად აწვალებდა ძეკვს, რათა სანდროს ცინიკური მზერისთვის თავი აერიდებინა. ალბათ, მაშინ დაკარგა ბებიის სახსოვარი… ამ ბოლო დროს შესაკრავი ხშირად ეხსნებოდა ისედაც, რამდენჯერ დაეკარგა და იპოვა. ოხხხ. როგორ სძულს ეს კაცი! არა, მაინც რატომ ფიქრობს ამდენს მასზე, ქვეყანაზე სხვა მამაკაცი დაილია?

მორჩა! ყველაფერი წარსულში დაასამარა, დღეიდან… არა, უფრო სწორად, ამ ღამიდან იგი ახალ ცხოვრებას იწყებს! სანდროს გარეშე და ვისთან ერთად, ამას დრო უჩვენებს. იქნებ სულაც ვასიკოსთან ერთად!

ეჰ… რა სულელია და მიამიტი… გადაწყვეტილების მიღება ერთია და შესრულება - მეორე. შესრულებაც არის და შესრულებაც. თქმა ადვილია, გაკეთება - ძნელი.

ოთახში ცხელოდა და ვერც მოთუხთუხე ვენტილატორი აგრილებდა ჩახუთულ ჰაერს. ნანი მოუსვენრად წრიალებდა საწოლში, დაძინება უჭირდა და ამ ჯაბახანა ვენტილატორის ზუზუნი ხომ საერთოდ ნერვებს უშლიდა. ხელი გადაიწვდინა გამაგრილებლისკენ და გამორთო.

«არა, როგორ მითხრა? ჯერ არაფერი დამთავრებულა, ახლა ვიწყებო. ეს კი ალბათ იმას ნიშნავს, რომ არ მომასვენებს და მუდმივად დამიწყებს თვალთვალს. რა საშინელებაა! ვიცოდე მაინც, რა უნდა, რა აქვს ჩაფიქრებული. რატომ არ მომეშვება? ის მასკარადი ხომ ჩავამთავრეთ? აწი მიხედოს თავის ცხოვრებას, ნახოს სხვა, ვისკენაც მართლა გაუწევს გული და დაქორწინდეს. მე რა, ხელს შევუშლი თუ? ჩემგან რაღა უნდა, ვერ გამიგია. აბა, შენ იცი, პატივცემულო მდიდარო ბიჭუნავ! მდიე კუდში, წამით არ მომაშორო თვალი, ვნახოთ, ვისი აჯობებს. მაინც არაფერი გამოგივა, ეს კი კარგად ვიცი». - ქალმა ერთი ღრმად ამოიოხრა და გვერდი იცვალა, თუმცა ფიქრი მაინც არ შეუწყვეტია.

აქ, ამ პატარა ქალაქში ვერსად დაემალება, მაგრამ როგორც კი წავა, დაეკარგება და მერე ეძებოს. მან მხოლოდ მამის ხათრით გადადგა ეს უაზრო ნაბიჯი, ახლა კი, კეთილი ინებოს მამამისმა და ამ კაცის მუქარისგან დაიცვას როგორმე.

კვლავ ამოიოხრა - საბრალო მამა, რამდენჯერ მოუხადა ბოდიში სანდროს გამო. მაგრამ ის რა შუაშია, ნანი ხომ ბავშვი არ იყო, ჭკუა რატომ არ იხმარა? უნდა გამოეჩინა სიმტკიცე და ამ სულელურ წინადადებას არ დათანხმებოდა. მაშინ ამ დღეშიც არ აღმოჩნდებოდა!

არც კონცერნში მუშაობაზე უნდა დათანხმებულიყო. «არა, მაინც რატომ მიმძიმს ხოლმე უარის თქმა? ჟურნალში საქმე კარგად მიმდიოდა, ხელფასიც მეტი მქონდა და ჟურნალისტობაც მომწონდა. იქ საჭირო ვიყავი, ახლა რაღა შემრჩა ხელში? უინტერესო სამსახური და აგრესიული, არაფრად ღირებული ვითომ ქმარი».

ვერა და ვერ მოისვენა. თვალზე რული არ ეკარებოდა და მახსოვრობაში ამოუტივტივდა ერთი შემთხვევითი შეხვედრა. ეს იყო მოგონება, რომლის გახსენებაც არასდროს სურდა და მეხსიერების შორეულ, ყველაზე ბნელ კუნჭულში საგულდაგულოდ ინახავდა. ეს მოგონება აფორიაქებდა, სულს უმღვრევდა, არ ასვენებდა და ისე ნათლად ჩაებეჭდა გონებაში, თითქოს სულ ახლახან მოხდა და არა რამდენიმე წლის წინ.

გაგრძელება იქნება