მსახიობი ლია კაპანაძე 1934 წლის 8 მარტს დაიბადა. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
1959-70 წლებში იყო რუსთაველის თეატრის,1970-80 წლებში – მარჯანიშვილის თეატრის, 1980 წლიდან კი – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. მაყურებელს ის არაერთი ცნობილი როლით ახსოვს, მათ შორის: „ზღვის შვილები“ (ეთერი), „დიდი მწვანე ველი“ (პირიმზე), „ფერისცვალება“ (ნატო), „როცა აყვავდა ნუში“ (დედა), „დათა თუთაშხია“ (ეკა), „ძახილი“ (დეიდა ნინო), „კუკარაჩა“ (ინგას დაქალი) და სხვ.
ამჯერად ლია კაპანაძე „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარია, სადაც "დიდი მწვანე ველისა" და დოდო აბაშიძის შესახებ ისაუბრა:
"მე დოდო აბაშიძეს, პირველ რიგში, როგორც არაჩვეულებრივ პიროვნებას, კარგ მსახიობსა და ადამიანს ვაფასებ. ეს, ალბათ, არავინ იცის, დედამისმა რომ გაიგო ჩვენი ურთიერთობის შესახებ, დამიძახა სამსახიობო განყოფილებაში, გამიცნო და მითხრა, ბედნიერი ვიქნები, თუ დოდოს გაჰყვები ცოლად, ჩემგან წინააღმდეგობა არ შეგხვდებათო.
ახლა ძალიან გულახდილად ვსაუბრობ, რომ დავინახავდი, არავისი მერიდებოდა, მივიდოდი, დავდგებოდი და მის გვერდით ვიყავი სულ. ხანდახან ამის გამო ჩემს თავს ვუსვამდი კითხვას, ნუთუ, თავმოყვარეობა აღარ მაქვს-მეთქი. იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ, ჩვენ რომ ერთმანეთი გვიყვარდა, ეს ცხადი იყო და ყველა ხედავდა.
ჩვენს ისტორიას ორი ფინალი აქვს. ერთ მშვენიერ დღეს "პირველ მერცხალს" აჩვენებდნენ პირველად კინოთეატრში, დავესწარით, გამოვედით, მანქანით მოვდივართ და უცებ ვკითხე, რა არის ეს ჩვენი ურთიერთობა, როდემდე უნდა ვიყოთ ასე-მეთქი. მიმიყვანა სახლამდე, შევედი სახლში, ტირილი დავიწყე, ვამბობდი, დოდო მიყვარს-მეთქი... ჩემი გოგონა იქვე იწვა, დედაჩემმა მითხრა, აი, ვინ უნდა გიყვარდესო და შვილისკენ მიმითითა.
ჩემი პირველი ადამიანური პრეტენზია არის ღირსებასთან და მიმაჩნია, რომ შინაგანად დიდი ღირსებაც მაქვს, მაგრამ ეს სიყვარულს არ სცოდნია. ერთ დღეს, მივდივარ თეატრში, შევდივარ და ვხედავ, დგას დოდო, მის გარშემო შემოკრებილია ხალხი, როცა დამინახა, უფრო ხმამაღლა, ალაპარაკდა, მანიშნებდა, აქ ვარო. ერთ-ერთი იქ მყოფთაგანი მოვიდა და მითხრა, დღეს კრება არ შედგაო. მე ჩემს მეგობარს დავურეკე, უნდა შევხვედროდი, გავედი გარეთ და იქ ველოდებოდი. იქვე დავინახე მანქანა, მანქანასთან შეკრებილი მსახიობები, პარიზში მიფრინავდნენ "ფესვების" სინჯებზე და ემზადებოდნენ. დოდო ახლა მათთან მივიდა და გააგრძელა ხმამაღლა ლაპარაკი, მე ზურგით ვიდექი, ის არ ჩუმდებოდა, ელოდებოდა, რომ მივიდოდი, როგორც ამას სულ ვაკეთებდი, მაგრამ აღარ მივედი. ვთქვი, რომ ეს ჩემი ღირსების საკითხია. ეს იყო ჩვენი ბოლო კონტაქტი, ამის შემდეგ აღარ გვილაპარაკია" - იხსენებს ლია კაპანაძე.