მეგობარი გოგონები ერთ ბარში შეიკრიბნენ. ნანიკო დაბრუნდა საქორწინო მოგზაურობიდან და დაქალს შეხვედრა მოუწყვეს. ნანის სასწრაფო რეპორტაჟი ჰქონდა დასამთავრებელი და ცოტათი დააგვიანა. როდესაც ის ბარში მივიდა, გოგონებს უკვე დალეული ჰქონდათ რამდენიმე ფუჟერი შამპანური და თვალები უჟუჟუნებდათ, თან მასხრობის ხასიათზეც დამდგარიყვნენ. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და თვალებგაბრწყინებულები და ღაწვებშეფაკლულები მეტიჩრულად კისკისებდნენ. ნანი მოიღუშა - ჯერ ერთი, დალევა არ უყვარდა დიდად და მეორეც, შამპანურს თვალის დასანახავად ვერ იტანდა. «რა გაუძლებს ახლა ამდენ მთვრალ ქალს», - უკმაყოფილოდ გაიფიქრა და ინანა, რომ წამოვიდა.
მისმა მეგობრებმა უშნო ტკარცალით ბარის სტუმრების ყურადღება ეგრევე მიიქციეს, მათ შორის უმეტესობას მამაკაცები წარმოადგენდა. ზოგი კი ღიმილით უცქერდა აღტყინებულ მხიარულ კომპანიას, თუმცა უმრავლესობას მათი ქცევა აშკარად არ მოსწონდა. ერთ-ერთ მათგანს სახეზე ისეთი დაუფარავი ზიზღი აღბეჭდვოდა, რომ, მტრისას!..
უცნობი ოდნავ მოშორებით, ბარის გრძელი დახლის ბოლოში იდგა და თავის მეზობელს ესაუბრებოდა. მაღალი მამაკაცი იყო, სახის მკაცრი, დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა, ნაცრისფერი თვალები - ცივი და გამჭოლი გამოხედვით, ტუჩებზე კი დამცინავი ღიმილი აეკრა. ელეგანტური რუხი ფერის პიჯაკი ეცვა. რა საინტერესო, უჩვეულო გარეგნობა აქვსო, გაიფიქრა ნანიმ და რატომღაც, გული აუჩქროლდა. ჰო, ზუსტად ეს სიტყვა მიესადაგება იმ შეგრძნებას, მაშინ რომ დაეუფლა. ამ კაცისგან ძალა და უშიშრობა იგრძნობოდა და კიდევ - ადამიანებზე გავლენის მოხდენა. ალბათ უყვარს, როცა თავისზე სუსტებს მართავს, - დაასკვნა ნანიმ და უცნობს თვალი აარიდა.
ცოტა ხნის შემდეგ მალულად კვლავ გაიხედა მისკენ. უეცრად შეამჩნია, უცნობმა როგორ მოავლო მოჭუტული თვალებით მზერა გოგონებს და ნანის მკერდს როგორ დააშტერდა. ისეთი თვალებით უყურებდა, გოგონა სკამს მიელურსმნა. სანამ აზრზე მოვიდოდა, უცნობი გულგრილად შებრუნდა და თავის თანამეინახესთან საუბარი განაგრძო.
სოფომ ნანის მუჯლუგუნი წაჰკრა.
- იცნობ მაგ ტიპს?
- არა, საიდან, პირველად ვხედავ, - დაბნეულმა თავი გადააქნია.
აღელვება რომ დაეფარა, გააკეთა ის, რასაც სხვა დროს არასდროს გააკეთებდა. ფუჟერი შუშხუნა შამპანურით გააპიპინა და სულმოუთქმელად გამოცალა.
- ყოველ შემთხვევაში, ეგ ტიპი აქ ყველას ჯობია. ნახე, რა კაცია! - განაცხადა ნანიკომ.
- რაღაც არ მომწონს აქაურობა, - წარმოთქვა ნანიმ მოულოდნელად, - ნეტავ სხვაგან შევკრებილიყავით, საშინელი მოწყენილობაა.
- მოწყენილობა იქნება, გენაცვალე, აბა რა, ხუთი საათის შემდეგ მოხვედი და… ჩვენ ისეთი დრო ვატარეთ, ვერ ხედავ, აქეთ აქვს მთელ დარბაზს თვალები დაყვლეპილი. მაგრამ ვაქცევთ ყურადღებას? არა, რა თქმა უნდა, - შესძახა სოფომ, - უი, რა გამახსენდა! - ტაში შემოჰკრა უეცრად, - გინდათ, სტუდენტობა გავიხსენოთ? გავითვალოთ, ყველამ ერთად დავლიოთ და ვინც წააგებს, იმან სურვილი შეასრულოს!
ნანიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. რა საჭირო იყო შეჯიბრება, მან წინასწარ იცოდა, რომ წააგებდა. შამპანურის სუნსაც ვერ იტანდა და დალევას როგორღა მოახერხებდა? მაგრამ წეღან რომ დალია? ეგ ისე, გულის გასამაგრებლად გააკეთა თუ მღელვარების დასაფარავად… რა მნიშვნელობა აქვს!
სწრაფად არათუ შამპანურს, წყალსაც კი ვერ სვამდა, მაგრამ მეგობრებს ხათრი ვერ გაუტეხა და თამაშში აჰყვა, იქნებ ხასიათი გამომიკეთდესო.
მოჰკიდა ხელი ფუჟერს, სიგნალს დაელოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც კი სასმლის დალევას შეუდგა, ეგრევე იგრძნო, როგორ არ სიამოვნებდა და… დააგვიანა. გოგონები სიცილით ბჟირდებოდნენ, სანამ იგი სასმისს ბოლომდე დაცლიდა. როგორც იქნა, სული მოითქვა, პირი ხელის ზურგით მოიწმინდა, ცარიელი ფუჟერი მაგიდაზე ხმაურით დადგა და ნიშნის მოგებით გადახედა დაქალებს.
- მოთმინებით ველოდები თქვენს «განაჩენს», - ომახიანად შესძახა და ხელები გაშალა, - ჰა, რა ვქნა, ვიმღერო? ვიცეკვო? თუ სტრიპტიზი მოვაწყო?
უეცრად ნუცა წამოხტა, თვალებში ჭინკები აუციმციმდა, ტაში შემოჰკრა და შესძახა:
- ხმათა უმრავლესობით, მოვიფიქრე კიდეც დავალება! ნანი მივიდეს იმ უსიამოვნო ტიპთან და ერთი კოცნისთვის 10 ლარი გადაუხადოს! ა, ბატონო, ფულს მე ვდებ! მაინტერესებს, რა სიფათი დაედება, ამას რომ მოისმენს! - ნუცამ ჩანთიდან ტკიცინა ათლარიანი ამოიღო და მაგიდაზე დადო.
ნანის ფერი ეცვალა. სასმელმა თავისი ქნა, ღაწვები მასაც აუფორაჯა ორმა ფუჟერმა შამპანურმა, მაგრამ გონება არ არევია, რომ ასეთ გიჟურ წინადადებას დათანხმებოდა.
- არა! მაგას ვერ ვიზამ, ხომ არ გაგიჟდი! მიდი, სხვა რამე მოიფიქრე! - შორს დაიჭირა.
თითქოს ინტუიციამ უკარნახა, რომ უცნობთან ხუმრობა კარგს არაფერს მოუტანდა, მაგრამ ატკრციალებულ ქალებს რა შეაჩერებდა, თითქოს ყველას ჟინიანმა ტალღამ გადაუარა.
- ნანი, აბა, შენ იცი, არ შეგვარცხვინო. მიდი, თორემ უარესს მოვიფიქრებთ. მართლა სტრიპტიზს ხომ არ იცეკვებ, გოგო?!
ნანი მიხვდა, დაქალები თავისას არ დაიშლიდნენ და ხელი ჩაიქნია. მათგან არც ერთს არ გაუჭირდებოდა ამ დავალების შესრულება და ნანი რა, წითელი კვერცხია? მართალია, უჭირს უცხო ადამიანებთან გაშინაურება, ვერ გრძნობს თავს მთლად თამამად, მაგრამ ახლა გამბედაობა შეემატა, სასმელმა თავისი ქნა. არადა, ისე, რა იცი, რა ხდება? იქნებ გაუმართლოს კიდეც და მოეწონოს იმ უცნობს? ან, უარეს შემთხვევაში, საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება? მაგრამ რომ აკოცოს, მერე სად წავიდეს? როგორ მოიქცეს?
ამის წარმოდგენაზე კინაღამ გული წაუვიდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოიკრიბა გამბედაობა, საკუთარ თავს შეუძახა, აბა, შენ იცი, ნაძლევი არ წააგოო და გაუბედავი ღიმილით გაემართა უცხო მამაკაცისკენ, თან სიტყვებს ეძებდა, არ იცოდა, როგორ მიემართა და, საერთოდ, საიდან დაეწყო სათქმელი.
მისკენ მიმავალ ნანის მამაკაცმა ყურადღება მაშინვე მიაქცია, ცივი თვალებითა და გაყინული სახით მასთან შესახვედრად მოემზადა. ნანიმ ნაბიჯს აუჩქარა.
- გამარჯობა!
შიშით ხმა ჩაუწყდა, მისალმება ძლივს ამოღერღა და ჩაახველა, თითქოს ეს ძალას შემატებდა.
უცნობი გაოცებული მიაჩერდა.
- გნებავთ რამე?
გოგონამ გულღიად გაუღიმა, მაგრამ თვალებში შეხედვის შეეშინდა, ხელში ჩაბღუჯული ათლარიანი გაუწოდა და უთხრა:
- მე თქვენი კოცნის ყიდვა მინდა.
როგორც ჩანს, საკმაოდ ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი, ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა.
- მარტო ეს გინდათ? სხვა არაფერი? - ღვარძლიანად ჩაიცინა მამაკაცმა, ბარის დახლს მიეყრდნო და თავხედი გოგონა ამრეზით აათვალიერ-ჩაათვალიერა. ნანის ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ამდენ ხალხში შიშველი იდგა, გაქცევა უნდოდა და ნაბიჯს ვერ დგამდა…
მამაკაცმა ჯიბიდან საფულე ამოიღო, გოგონას 100-დოლარიანი გაუწოდა, ირონიულად გაუღიმა და ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით თქვა, რაც ალბათ ბევრმა გაიგონა:
- მეც მაქვს შენთან წინადადება. ას დოლარად მეტს ვითხოვ, ვიდრე კოცნას. მოსულა?
ნანი გაშრა. სახეზე ალმურმა აჰკრა. თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ასეთი შეურაცხყოფა მისთვის არასდროს არავის მიუყენებია. როგორ გააწბილა ამ ვიღაცამ! ზურგიდანაც კი გრძნობდა სხვების დამამცირებელ მზერას.
- არც იოცნებოთ! - სხვისი, დაბნეული ხმით წამოისროლა, რადგან მეტი ვერაფერი მოიფიქრა, შემდეგ მკვეთრი მოძრაობით შემობრუნდა და თავისი მაგიდისკენ გაემართა ტორტმან-ტორტმანით.
ცდილობდა, ნაბიჯი არ აეჩქარებინა, რომ მისი წასვლა გაქცევას არ დამსგავსებოდა. ამასთან, საკმარისი იყო, ოდნავ ჩქარა გაევლო, რომ აუცილებლად წაიქცეოდა. თავზარდაცემული ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას. სანამ მაგიდას მიუახლოვდებოდა, ერთბაშად გამოაფხიზლა იმ შეურაცხყოფამ, რომელიც უცხო მამაკაცმა მიაყენა. ტუჩები მაგრად მოკუმა. ეშინოდა, არ ატირებულიყო. იმ კაცზე კი არა, საკუთარ თავზე ბრაზობდა, მეგობრებს წინააღმდეგობა რომ არ გაუწია და სანაძლეოზე დათანხმდა. რა თამაშობანა აუტყდა? ხომ უგრძნობდა გული, რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა? ახია მასზე!
- რა მოხდა, რა გითხრა? - გოგოებმა მის სახეზე მაშინვე ამოიკითხეს, რომ რაღაც საშინელება მოხდა.
- არაფერი, - გულგრილად უპასუხა ნანიმ, - არ გამიმართლა, იმ ტიპს საერთოდ არ ჰქონია იუმორის გრძნობა.
- მართლაც საზიზღარი ტიპია, არ უნდა წამოგვეწყო ეს უაზრობა. პატარა ბავშვებივით ვიქცევით, - მიუხვდა თინიკო, - მაგ დეგენერატს მეც არ ვაკოცებდი. მოდით, წავიდეთ აქედან, გვერდით, ღია კაფეში ნაყინი და ნამცხვრებია, ცოტას გავგრილდებით.
სანამ გოგონები აიშლებოდნენ და ფულს გადაიხდიდნენ, ნანი გარინდული იჯდა. აღარსად აპირებდა წასვლას. თან გული უსკდებოდა, იმ კაცს არ შეემჩნია მისი აფორიაქება.
8 8 8
როგორც კი ბარიდან გამოვიდნენ, ნანიმ თავის ტკივილი მოიმიზეზა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უკარნახა. მანქანის სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა, თვალები მილულა, მაგრამ უცნობის სახე და დამცინავი ღიმილი ვერ დაივიწყა. ვერაფრით მიმხვდარიყო, რა ემართებოდა, რატომ კანკალებდა ასე, რატომ ფიქრობდა ამდენს იმ თავხედზე? რატომ და იმიტომ, რომ დაამცირეს, დასცინეს და მასხრად აიგდეს. რა დიდი გამოცნობა ამას უნდა?
სულელი ბავშვივით მოიქცა, სანაძლეოს რომ აჰყვა. იმან კი ყველაზე დამამცირებელი მეთოდით მოიცილა თავიდან, აბუჩად აიგდო და სამაგიერო გადაუხადა.
არა, როგორმე უნდა ამოიგდოს გონებიდან ეს შემთხვევა, დიდი ამბავი, ერთმა ნაძირალამ თუ გული ატკინა. რაც იყო, იყო. მომავალში ჭკუას ისწავლის. შეცდომა ხომ ადინჯებს ადამიანს და ერთი ნაბიჯით ზრდის.
თანდათან დამშვიდდა, ამასთან, დაიფიცა, რომ იმ ბარში აღარასდროს შედგამდა ფეხს.
8 8 8
ახლა კი ბორჯომის სასტუმროში მარტო იყო ნომერში, საწოლზე მიწოლილი და იმ უცნაურ საღამოს იხსენებდა. მაშინ ეგონა, რომ იმ კოშმარისგან თავი სამუდამოდ დაიხსნა. საიდან უნდა სცოდნოდა, რომ სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ ის უცნაური უცნობი ქარიშხალივით შემოიჭრებოდა მის ცხოვრებაში, ააფორიაქებდა და გულს დაუსერავდა…
ის მწარე დღეები თითქოს საკმარისი არ იყო, ახლა აქაც გამოეცხადა, ისევ ააფორიაქა, დააბნია. ნანიმ თავი უსუსურ არსებად იგრძნო. მაგ დეგენერატს სწორედ ამის მიღწევა უნდა - ნანის გათელვა, დათრგუნვა, განადგურება, მაგრამ ვერ ეღირსება! ნანი აღარაა ის პატარა გოგო, სხვის ნება-სურვილზე რომ დადიოდა!
ამ აზრმა დაამშვიდა. საბანი თავზე წაიხურა და მალე ჩაეძინა კიდეც.
მეორე დილით, როდესაც სასტუმროს ბუფეტში სასაუზმოდ ჩავიდა, ირაკლი გამოეცხადა, მაკას ქმარი. იგი შეშფოთებული ჩანდა.
- ნანი, ახლახან ვასიკომ დამირეკა. ამინდი იცვლებაო. პილოტი შიშობს, რომ თბილისის აეროდრომი დაიკეტება და გაფრენას ჩქარობს, მით უმეტეს, რომ ერთი საათით ბაკურიანში მოუწევს დაფრენა.
- როგორ თუ ბაკურიანში?
- აბა, რა ვიცი, რომელიღაც მგზავრს იქ წასვლა მოუსურვებია, დიდი ფულიც გადაუხდია და პილოტს ვინღა ჰკითხავს? უფროსობა რასაც უბრძანებს, ის უნდა გააკეთოს. იქნებ დარჩე კიდევ რამდენიმე დღე, სანამ ამინდი შეიცვლება და მერე მე თვითონ წაგიყვან ჩემი მანქანით, კარგი? გარდა ამისა, ისე შეგეჩვიეთ, არ გვემეტები გასამგზავრებლად, გაგვიჭირდება უშენოდ, ოღონდ მართლა.
- დიდი მადლობა, ირაკლი, მაგრამ თბილისში სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე, გადაუდებელი საქმე მაქვს. მეც ძალიან მომენატრებით, მაგრამ არა უშავს, რამდენიმე კვირაში ისევ ჩამოვალ.
ცოტა არ იყოს, ეუხერხულებოდა ტყუილის თქმა. მშვენივრად იცოდა, რომ არანაირი გადაუდებელი საქმე არ ჰქონდა, მაგრამ აქ გაჩერება აღარ შეეძლო, არ უნდოდა, კვლავ შეფეთებოდა სანდროს.
ირაკლიმ წარბი აზიდა, რა გაეწყობაო, ნანის მოდურ სამგზავრო ჩანთას ხელი დაავლო და ჰოლში გავიდნენ. ამ დროს კარი გაიღო და ვასიკოც გამოჩნდა.
ცრემლმორეული მაკა გადაეხვია დაქალს. კარგა ხანს იდგნენ ჩახუტებულები, შემდეგ ნანი ვასიკოს მანქანაში ჩაჯდა და ცოლ-ქმარს ნაღვლიანი მზერით მოხედა.
- მალე დაბრუნდი, ნანუკი, რა! - ხელი დაუქნია მაკამ.
- აუცილებლად! არ მოიწყინოთ უჩემოდ! - ღიმილით გამოყო თავი მანქანის ფანჯრიდან.
მთელი გზა უხმოდ გაიარეს. ვასიკომ მანქანა პირდაპირ მიაყენა პატარა, თეთრ ვერტმფრენს. ნანი გადავიდა, კარი მიაჯახუნა და მოახლოებულ მამაკაცს ხელი გაუწოდა დასამშვიდობებლად. ეს უკანასკნელი კი მოეხვია, აკოცა და უთხრა:
- ჯერ კიდევ არ არის გვიან, იქნებ დარჩენილიყავი?
- არ შემიძლია, ვასიკო, ხომ იცი, სამსახური მაქვს, რომ არ გამოვცხადდე, საყვედურს მეტყვიან, შვებულება უკვე დამიმთავრდა, - ნანიმ თბილად გაუღიმა და ვერც შეამჩნია, ორივენი «შენობით» მიმართვაზე როგორ გადავიდნენ.
- საინტერესო სამუშაო შენთვის აქაც მოიძებნება! გთხოვ, დარჩი, არ მინდა შენი დაკარგვა.
«ჩვენ მაინც არაფერი გამოგვივა», - სინანულით გაიფიქრა გოგონამ, მამაკაცს ალერსით ჩამოუსვა ლოყაზე თითები და ვერტმფრენში ავიდა.
სალონში სულ ოთხი სავარძელი იყო და ყველა თავისუფალი.
მფრინავი თავის ადგილას იჯდა, თან ხელსაწყოებს ამოწმებდა.
ნანი მიესალმა და ჰკითხა:
- მგზავრი მარტო მე ვარ?
- ერთს ველოდებით კიდევ და დავიძვრებით. როგორც კი ამოვა, არ დავაყოვნებთ.
- თქვეს, ამინდი შეიცვლებაო, საშიში ხომ არ იქნება ფრენა?
- აბა, წინასწარ რა გითხრათ. ჯერჯერობით სიმშვიდეა. მთავარია, ბაკურიანიდან გამოვფრინდეთ დროზე და იქ არ ჩავიკეტოთ. აი, ჩვენი მგზავრიც გამოჩნდააა! - მხიარულად შესძახა პილოტმა.
კიდევ კარგი, არ დააგვიანა, - შვებით ამოისუნთქა ნანიმ და სავარძელში გასწორდა, მაგრამ როგორც კი «მგზავრს» შეხედა, გული საგულიდან ამოუხტა.
- ოჰოოო! რა უცნაური დამთხვევაა! - დამცინავად გაიღიმა სანდრომ, - თურმე ერთად ვმგზავრობთ. არ ვიცოდი, არ ვიცოდი?! - შემდეგ ნანის გვერდით დაჯდა და ღვედები შეიკრა.
ნანიმ განზე გაიხედა, პასუხი არ გაუცია.
- როგორც ყოველთვის, გაქცევით შველი თავს, არა? - არ მოეშვა სანდრო.
- რა თქმა უნდა, - კბილებშუა გამოცრა გოგონამ, აკანკალებული ხელებით ძლივს მოახერხა ღვედების შეკვრა, მაგრამ მოულოდნელად ისევ შეიხსნა და წამოდგა.
არა, უნდა დარჩეს! ამ კაცთან ერთად ფრენა არ შეუძლია, თბილისამდე ვერ მოითმენს მის სარკასტულ «ბაიათებს», მაგრამ ჩასვლა ვერ მოასწრო. ძრავა ამუშავდა და ვერტმფრენმა ჰაერში აიწია. ნანი შეტორტმანდა და წონასწორობა რომ არ დაეკარგა, სასწრაფოდ დაეშვა სავარძელზე.
კარგა ხანი გავიდა, სანამ დამშვიდდებოდა და ხმის ამოღებას შეძლებდა.
- აქ როგორ აღმოჩნდი, სანდრო? - გულგრილად შეეკითხა.
- აქ სად? ბორჯომში? - კითხვა შეუბრუნა მამაკაცმა.
- არა, ვერტმფრენში.
- ააა! როგორ და… ბილეთი ვიყიდე და ისე, - ჩვეული ცინიზმით ჩაიცინა სანდრომ.
- კი მაგრამ, გუშინ საღამოს არ გითქვამს, რომ წამოსვლას აპირებდი?
- არც შენ გიკითხავს, როგორც მახსოვს? ბაკურიანში მაქვს საქმე და საჩქაროდ უნდა გადავფრინდე, მანქანით ვერ ვასწრებ, შემდეგ კი თბილისამდეც გამოგყვებით.
- შენი მეგობრები ალბათ მოიწყენენ უშენოდ, უფრო ზუსტად, შენი მეგობარი ქალი, - უკბინა ყოფილმა ცოლმა და მაშინვე ენა მოიკვნიტა.
რა შტერია, ეს რამ ათქმევინა! ახლა იფიქრებს, რომ ეჭვიანობს!
გაგრძელება იქნება