ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს ყველა დროის საუკეთესო ქართველ სპორტსმენ ქალად მოიხსენიებენ. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 1956 წლიდან, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-78 წლებში, თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92 წლებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სპორტის კრიტიკოსების შეფასებებში ყოველთვის ფიგურირებდა, როგორც „გონება, რომელიც მუდმივად ანგრევდა ჭადრაკის სფეროში არსებულ გენდერულ წინასწარგანწყობებს“.
ამჯერად ნონა გაფრინდაშვილი "პირველი არხის" გადაცემის სტუმარია და თავის მიღწევებზე საუბრობს.
„მე რომ ვეტერანთა ტურნირებზე დავდივარ, ეს არის ჩემი დასვენება. ის არის ჩემი სამყარო. იქ ეროვნება არ არის, ჭადრაკია იქ ეროვნება...
მეორე ოპერაციის შემდეგ გავიმართე, დავდივარ ჩვეულებრივ... ადამიანი პენსიაზე თუ დაჯდა სახლში, ძალიან ჩქარა გადის მისი სიცოცხლე...
მე მინდა ადამიანებს მივცე მაგალითი, რომ ნებისმიერ ასაკში, თუ ფიზიკურად და გონებრივად ორგანიზმმა ხელი შეგიწყო, მაშინ მაქსიმალურად უნდა გააგრძელო საქმიანობა.
12 წლის ვიყავი, როცა სამეგრელოს გუნდი უნდა წასულიყო ბათუმში. გუნდში სჭირდებოდათ ერთი გოგოც, რომელიც თამაშობდა ჭადრაკს.
მოვიდნენ ჩემს მშობლებთან სათხოვნელად და ისე მოხდა, რომ ჩემი ძმის მაგივრად მე წავედი...
ჭადრაკმა ყველაზე მნიშვნელოვანი მომცა: ხალხის სიყვარული. ქუჩაში ჩემთან ბავშვებიც მოდიან“. – ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.