ნანი დაიბნა და უკან დაიხია, რომ ამ საშიში კაცისგან შორს ყოფილიყო. ახლა შესაძლებლობა ეძლეოდა, ის სამარცხვინო ეპიზოდი მეხსიერებიდან სამუდამოდ ამოეშალა.
- მინდოდა, თქვენთვის მადლობა გადამეხადა.
სანდრომ გაოცების ნიშნად წარბები აზიდა.
- მადლობა რისთვის?
- ჩემს ოჯახს რომ არ მოუყევით ჩვენი გაცნობის ამბავი, - როგორც იქნა, წარმოთქვა ეს სიტყვები და გულზე მოეშვა, - გთხოვთ, მაპატიოთ იმ უაზრო სცენის გამო. მე და ჩემი მეგობრები ოდნავ შევთვერით და…
- მეც შევამჩნიე, რომ თქვენმა მეგობრებმა ზედმეტი დალიეს, - ცივად მიუგო სანდრომ.
გაოცებულმა ნანიმ პირი დააღო. რას ნიშნავს მისი სიტყვები? ეს იგი, ბარში მათ უთვალთვალებდა?
ხმაში აშკარა აღელვება დაეტყო.
- თქვენ ვერ გამიგეთ. უბრალოდ, მინდოდა ამეხსნა, რომ მე სანაძლეო წავაგე და თქვენთან იმ უცნაური წინადადებით იმიტომ მოვედი… იძულებული გავხდი.
- მეც მქონია მსგავსი შემთხვევა, თუმცა იშვიათად, - მშვიდად უპასუხა მამაკაცმა, - სხვათა შორის, თქვენ მაშინ მოიგებდით სანაძლეოს, ყველას დასანახად ათლარიანი რომ არ აგეფრიალებინათ ჩემთვის ცხვირწინ. სხვა დროს უბრალოდ მთხოვეთ და…
სანდრომ მზერა მის ტუჩებზე შეაჩერა. გოგონამ უნებლიეთ გაუსვა ტუჩები ერთმანეთს, თითქოს მათ დამალვას ცდილობსო.
სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც მოგვიანებით ნანიმ დაარღვია.
- გმადლობთ რჩევისთვის, - ცივად მიუგო, - არა მგონია, მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს, აღარ ვაპირებ სანაძლეოს დადებას და ბავშვურ თამაშებში მონაწილეობას.
სანდროს გაეღიმა.
- სამწუხაროა. თქვენ არ ამბობდით, რომ სულ მუშაობა დამღლელია, რომ გართობაც არის საჭირო?
ნანი დაიბნა, არ იცოდა, რა ეპასუხა. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში მამა შემოვიდა. გოგონამ შვებით ამოისუნთქა.
- მაპატიეთ, სანდრო, მარტო რომ დაგტოვეთ. იმედი მაქვს, ჩემი ქალიშვილი არ მოგაწყენდათ.
- არაფერია, ბატონო გიორგი, ჩვენ მშვენივრად გავერთეთ.
888
გიორგიმ კიდევ ერთხელ მოუბოდიშა სტუმარს, მერე კი ხელები მოიფშვნიტა და კმაყოფილი ღიმილით აღნიშნა:
- ახლა დანარჩენებიც შემოგვიერთდებიან. სანდრო, ლექსომ არ გითხრათ, რომ ჩვენ აქ საცურაო აუზიც გვაქვს და კორტებიც? ხვალ შეგიძლიათ დაისვენოთ და გაერთოთ.
მამამ და სანდრომ საუბარი გააბეს და ნანიმ ამოისუნთქა, დამშვიდდა, თუმცა ერთი რამ უკვირდა - განა რამდენ ხანს უნდა დარჩენილიყო ეს კაცი აქ, რომ ხვალ საცურაოდ და ჩოგბურთის სათამაშოდ ეპატიჟებოდნენ? ან კი ვის უნდა ეთამაშა მასთან, როცა ჩოგბურთი ოჯახში ნანის გარდა არავინ იცოდა?
კვლავ აფორიაქდა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა სუფრასთან სანდროს გვერდით დასვეს. მამაკაცმა სკამის საზურგეზე გადადო ხელი და მისი თითები ნანის შიშველ მხარს შეეხო. ამ შეხებამ დენივით დაუარა სხეულში, ხელები აუკანკალდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წამომხტარიყო.
დაძაბულობამ მაშინღა გაუარა, როცა შენიშნა, რომ სანდრო ყურადღებას მას საერთოდ არ აქცევდა და ლექსოსთან საუბრით იყო გართული. თუმცა ტყუილად, რამდენიმე წუთის შემდეგ სანდრომ თეფშით ნიგვზიანი ბადრიჯანი მიაწოდა და ხმადაბლა უთხრა:
- ნუ ხართ ასე დაძაბული, თქვენგან ისეთი ვიბრაცია მოდის, რომ მალე ჭიქებიც კი აწკარუნდება.
ნანი შეკრთა.
- რა სისულელეა, ძალიან მშვიდად ვარ, რატომ უნდა ვიყო დაძაბული? გეჩვენებათ! - მიუგო ნანიმ და თავი ამაყად ასწია.
- თუ აქ ყოფნა არ გსიამოვნებთ, რატომ მოხვედით?
- ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. მე ჩემს სახლში ვარ და არა სტუმრად! - უკბინა ნანიმ.
- ესეც ასე, - ჩაილაპარაკა მამაკაცმა, - როგორც ვხედავ, თქვენები მაგრად გიცავენ.
- თუ თქვენ ჩვენს ოჯახურ ტრადიციას გულისხმობთ, ნამდვილად არ ცდებით.
- ჰო-ო? მაინტერესებს, სადამდე მიგიყვანთ ეგ ოჯახური ტრადიცია.
ნანიმ არაფერი უპასუხა. იგი კვლავ ელოდა ამ უსიამოვნო საუბრის გაგრძელებას, მაგრამ სანდრო დოდოს მიუბრუნდა და ეტყობა, რაღაც ისეთი უთხრა, ეს უკანასკნელი სიცილისგან ჩაბჟირდა და კინაღამ სკამიდან გადმოვარდა.
ნანიმ თავი ასწია და მამის შეშფოთებულ მზერას წააწყდა. მისკენ შეტრიალდა, ელოდა, რომ მამა დაელაპარაკებოდა, მაგრამ გიორგის მისთვის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ლექსოს ჩასჩურჩულა ყურში რაღაც.
«როგორც ჩანს, ერთობ მნიშვნელოვანი რამ ხდება ჩემ ირგვლივ, მაგრამ არ მიმხელენ», - გაიფიქრა ნანიმ.
საპატიო სტუმარი მათ ოჯახში სულაც არ იყო იშვიათობა, მაგრამ ახლა მთელი არსებით გრძნობდა, რომ ეს სტუმრობა სხვებისგან განსხვავდებოდა. ნეტავ, რაშია საქმე, რას უმალავენ? როგორც ჩანს, საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე მას ეგონა. მამაც და ლექსოც უცნაურად იქცევიან. ასეთი რა მოხდა?
როდესაც ვახშამი დამთავრდა და სუფრაზე ტკბილეული შემოიტანეს, სანდრო ნანის მიუბრუნდა და ხელოვნებასა და ლიტერატურაზე ჩამოუგდო ლაპარაკი. ნანის გაუკვირდა - არ ეგონა, რომ ეს ცივსისხლიანი, ცინიკური კაცი ასეთი განათლებული აღმოჩნდებოდა. ისინი გულღიად საუბრობდნენ, მაგრამ ნანიმ მაინც შვება იგრძნო, როდესაც ვახშმობა დასრულდა.
ქალები აივანზე გავიდნენ, მამაკაცები კი ოთახში დარჩნენ და საუბარი გააბეს.
- რა საინტერესო ადამიანია სანდრო, არა? - თქვა დოდომ, - მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება, მას ჩვენებთან ურთიერთობა მოეწონა, - დოდო აივნის მოაჯირს გადაეყრდნო.
- არ ვიცი, რას გულისხმობ, მაგრამ მაინტერესებს, ახლა რაზე საუბრობენ. ასე მგონია, რაღაც უცნაური ხდება. არ მომწონს ეს სიტუაცია, ზედმეტად ელოლიავებიან და ფეხქვეშ ეგებიან ამ კაცს. რატომ იმცირებენ ასე თავს? დოდო, შენ არაფერი იცი? ლექსო არ გელაპარაკება ხოლმე თავის საქმეებზე?
რძალს გაეცინა.
- შენს ძმას არ იცნობ? სიტყვას ვერ დააცდენინებ. მეც მეტი საქმე არა მაქვს, ვეხვეწო და რამე ვათქმევინო და, საერთოდაც, სულაც არ მაინტერესებს ამ კონცერნის ამბები. ეგღა მაკლია, მაგის პრობლემებით გავიფუჭო ხასიათი. მთავარია, საქმე მოგვარდეს და როგორ მოხდება ეგ, რა მნიშვნელობა აქვს?
«ნუთუ მართლა ამ უცხო კაცზე ვართ დამოკიდებული? ნუთუ მის გარეშე ყველაფერს დავკარგავთ? არა, ამის დაშვება შეუძლებელია, ეს არ უნდა მოხდეს! თუკი რამე შემეძლება, მეც ყველაფერს გავაკეთებ კონცერნის გადასარჩენად», - ფიქრებში ჩაიძირა ნანი.
8 8 8
- რა სულელი ვარ, მაშინ როგორ ვერ მივხვდი, რაც უნდა მომხდარიყო? - თავისთვის ალაპარაკდა ნანი, - ყველაფერი აშკარა იყო, მაგრამ ამას მხოლოდ ჩემისთანა ბრიყვი ვერ დაინახავდა. თუმცა, როგორ უნდა მივმხვდარიყავი? ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემები ამ ნაბიჯს გადადგამდნენ. ასე როგორ გამწირეს? იქნებ ეგონათ, რომ მე არ დავთანხმდებოდი? - მამის გამამართლებელ საბუთს დღემდე ეძებდა გოგონა.
სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო ყველაზე უცნაური და მოულოდნელი მთელ ამ სიტუაციაში.
ნანიმ იცოდა, რომ ახლავე უნდა გაქცეულიყო, მაგრამ ბავშვობიდან ჩანერგილმა ოჯახისადმი მოვალეობის გრძნობამ ამის უფლება არ მისცა.
8 8 8
იმ საღამოს დრო საშინლად გაიწელა, - ფიქრებით კვლავ წარსულს გადაწვდა ნანი.
- მაინც რა აქვთ ამდენი სალაპარაკო? როდის მორჩებიან ნეტავ! - გაბრაზებას ვერ მალავდა დოდო და მალიმალ მაჯის საათს დასცქეროდა.
ნანი კი აივანზე მიმოდიოდა და იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეძვრინა თავი ამ მდგომარეობიდან.
- კარგი რა, მორჩი აქეთ-იქით სიარულს, ისედაც ვნერვიულობ! - დაეტაკა მულს დოდო.
- მაპატიე, მეც შენსავით ვნერვიულობ და თავიც ამტკივდა. ჯობია, ჩემს ოთახში ავიდე და ცოტა ხნით მივწვე, იქნებ გამიაროს.
- წადი, წადი, ჩემო პატარავ, - უეცრად მოლბა რძალი, - იცი? იმისთანა ტკივილგამაყუჩებელი აბები მაქვს, არაჩვეულებრივი, მოგცემ და დალიე, წამში გაგიყუჩებს. გახსოვს, მე როგორ გამაწამა შარშან შაკიკმა? ამ წამალმა კი სასწაული მოახდინა.
- არა, დოდოშკა, დიდი მადლობა. არ მიყვარს წამლის დალევა, ხომ იცი. უბრალოდ, ძალიან გადავიღალე და თავის ტკივილიც ამის ბრალია. წამოვწვები და გამივლის. ახლა დაძინება არ მაწყენდა. თუ მიკითხოს, ჩემ მაგივრად მოუხადე ბოდიში სტუმარს.
- კი ბატონო, რა პრობლემაა, - თავი დაუქნია რძალმა, - მაგრამ ლექსოს არ მოეწონება ახლა შენი გაუჩინარება. მას იმედი ჰქონდა, რომ სანდროს შენებურად გაართობდი.
- უჩემოდაც გაერთობა, არ ეტყობა, რომ მოწყენილია ან რამე აღიზიანებს. ასე რომ, დიდად არ იდარდებს ჩემს გაუჩინარებას, - ნაძალადევად გაიღიმა ნანიმ.
- კი მაგრამ, მე მაინც არ გებრალები? - აწუწუნდა დოდო, - მარტო მტოვებ იმ უცხო ადამიანთან? რა საშინელებაა, ზრდილობის გულისთვის მოაღო პირი და იქაქანო.
- მაშინ შენც მოიფიქრე და… იქნებ შაკიკმა შემოგიტია? - ღიმილით თვალი ჩაუკრა ნანიმ და აივნის კარი გამოაღო.
საძინებელში შევიდა თუ არა, ტანთ გაიხადა, პენუარი ჩაიცვა, თმა გაიშალა, დაივარცხნა და დაფიქრდა. თავის ტკივილი, რა თქმა უნდა, მოიგონა, მაგრამ იგრძნო, რომ ამწუთას ტკივილი მართლა ეწყებოდა. ნერვიულობამ თავისი გაიტანა.
«დღეს მაინც ვერაფერს ვიზამდი,» - არწმუნებდა თავის თავს, - «ხვალ კი ვნახოთ, რა მოხდება. რას გადაწყვეტენ, რით დამთავრდება კაცების თათბირი»…
ნანი ლოგინში შეწვა, თავი ბალიშში ჩარგო და თვალები დახუჭა, მაგრამ რული არა და არ ეკიდებოდა. სამაგიეროდ, თავში ათასგვარი ამაფორიაქებელი აზრი უტრიალებდა.
ადგა, მაგიდას მიუჯდა, კომპიუტერი ჩართო და მუშაობა დაიწყო. მისი ერთ-ერთი რუბრიკა მკითხველის დიდი მოწონებით სარგებლობდა. აი, ახლაც საინტერესო თემა ჰქონდა - «როგორ მოვინადიროთ ოცნების მამაკაცის გული», მაგრამ არა, ეს რატომღაც, ამწუთას სულაც არ მოეწონა და თემა შეცვალა - «როგორ უნდა მოიქცეს ქალი, არასასურველი მამაკაცის მახეში რომ არ გაებას «, - აი, ეს მოსწონს, ეს უკეთესი დასაწერი იქნება, უმისამართოდ გაუღიმა სივრცეს და დაიწყო.
მაგრამ წერა მალევე შეწყვიტა, - ყველა სიტყვა თავიდან უცბად ამოუფრინდა. რა ემართება? ამოიოხრა, გაღიზიანებულმა კომპიუტერი გამორთო და ფანჯარასთან მივიდა. გახურებული შუბლი ფანჯრის მინას მიადო. ბაღი მთვარის შუქით იყო განათებული. მოშორებით, ავტოფარეხთან, სამი მანქანა შენიშნა: მამის სოლიდური «მერსედესი», ლექსოს ჯიპი და სტუმრის სპორტული მანქანა, მაგრამ რა ფირმის იყო, ნანიმ არ იცოდა. ავტომობილიც პატრონს ჰგავდა - უჩვეულო იყო, ძლიერი, საშიში, მაგრამ იმდენად ბრწყინვალე, რომ მაშინვე თვალში მოგხვდებოდა და აღგაფრთოვანებდა.
ნუთუ მამას და ლექსოს ისე გაუჭირდათ, რომ დასახმარებლად სრულიად უცხო ადამიანს მიმართეს? რა ხდება სინამდვილეში?
მოულოდნელად კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ნანი შეკრთა. აფართხალებულ გულზე ხელი ისე მიიდო, თითქოს გულისცემის შეჩერებას ცდილობსო და იმის გამოცნობას შეეცადა, ვინ შეიძლებოდა ამ დროს მისი საძინებლის კარს მოსდგომოდა, თან ასეთი გაუბედავი კაკუნით.
- ნანი, გძინავს? - გაისმა მამის ჩუმი ხმა.
- არა, მამა, შემო! - შვებით ამოისუნთქა გოგონამ.
მამამ მორიდებით შემოაღო კარი და შემოიხედა. ნანის გაუკვირდა მისი ასეთი საქციელი, როდის იყო, საკუთარი ქალიშვილის ერიდებოდა?
- არ მინდოდა შენი შეწუხება. დოდომ მითხრა, თავი ასტკივდაო. როგორ ხარ, არ გაგიარა?
- უკეთ ვარ, ცოტა გამიარა.
გოგონა საშინელ დღეში ჩავარდა. გრძნობდა, მამა ამ შუაღამისას მასთან ტყუილად არ მოვიდოდა. გული მისთვის ჯერ უცნობი ამბის მოლოდინში შეეკუმშა.
- შემოდი, რას დგახარ კარში? რამე გინდოდა?
- მეგონა, ვახშმის შემდეგ ვისაუბრებდით, მაგრამ რადგან დაძინება გადაწყვიტე… დილით დაგელაპარაკები, რა ვიცი.
ნანი გაშრა, მიხვდა, მამა უსიამოვნო საუბრის თავიდან აცილებას ცდილობდა. ამიტომ მსწრაფლ ასწია თავი, ჯობდა მწარე სიამრთლე ახლავე მოესმინა, ვიდრე დილამდე გაურკვევლობაში ყოფილიყო.
- ხვალამდე რატომ უნდა დავიცადოთ, კი არ ვკვდები. მითხარი, რისი თქმაც გინდოდა, - ცოტა არ იყოს, უკმეხად გამოუვიდა.
მამამ ამოიხვნეშა და ოთახში შემოსული სავარძელში ჩაესვენა. ნანი იქვე, საწოლზე ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა.
- ნანი, რას ფიქრობ სანდროზე? - ეგრევე სტუმრით დაიწყო გიორგიმ.
გოგონამ ნერწყვი ძლივს გადააგორა სასულეში და მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ თქვა:
- მასზე საერთოდ არ ვფიქრობ, მამა! ის ჩვეულებრივი ბანკირია, ისეთივე, როგორიც სხვები, მე ასე მგონია. რატომ მეკითხები? შენი აზრით, უნდა მეფიქრა?
მამა მოიღუშა.
- ნანი, ცდები, შვილო! ის სხვებს არ ჰგავს, - მამა აქ შეჩერდა და მერე კვლავ განაგრძო, - სულ არ მოგწონს? ოღონდ, მართალი მითხარი, არ მომატყუო.
გოგონას გუნებაში ჩაეღიმა, ეს არც ისე იოლი საქმე იყო. მამასთან კი არა, ასეთ საკითხებში საკუთარ თავთანაც არ იყო ხოლმე გულწრფელი.
- აბა, რა გითხრა, მამი! მას საერთოდ არ ვიცნობ. როგორ შემიძლია, რამე აზრი მქონდეს? ვერ ვხვდები, ან კი რატომ გაინტერესებს ჩემი აზრი? რატომ გახდა ეს ასე მნიშვნელოვანი?
- რატომ და… შენც ხომ ხვდები, ჩვენი ოჯახის ბიზნესი სწორედ მის გადაწვეტილებაზეა დამოკიდებული.
- ვერ გავიგე? კონცერნის მომავალს ის განაპირობებს, მე სანდრო მომწონს თუ არა? მე რა შუაში ვარ? - დაიძაბა გოგონა, მაგრამ მაინც გაიღიმა.
მამამ ჩაახველა და ლაპარაკი დაიწყო. აუხსნა ქალიშვილს იმ გარიგების არსი, რაზეც მოითათბირეს.
ნანის თვალები ცრემლებით აევსო. ყვირილი, ყველაფრის დამტვრევა უნდოდა, რადგან მიხვდა, რომ ჩიხში მოაქციეს და უკან დასახევი გზა არ დაუტოვეს. პატარა ხელები გაბრაზებულმა მომუშტა და საწოლს მსუბუქად დაუშინა. შემდეგ კი, ყვირილის ნაცვლად, ჩუმად იკითხა:
- ამიტომ გამომიძახეთ დღეს?
ნანიმ მრისხანედ აზიდა წარბები.
მამამ არ შეიმჩნია მისი გაწიწმატება და დაყვავებით მიუგო:
- რატომ ფიქრობ ასე? ჩვენ, უბრალოდ, გვინდოდა, ერთმანეთი გაგეცნოთ, მეტი არაფერი.
- თქვენ გინდოდათ, არა? - მწარედ ჩაიცინა გოგონამ, - გასაგებია… - ბოლო სიტყვები ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა, თავი ხელებში ჩარგო და გაიხსენა, როგორ გააშიშვლა სანდრომ მზერით, როგორი ზიზღით ამოიღო ჯიბიდან 100-დოლარიანი და ნიშნის მოგებით გაუწოდა…
ნუთუ სხვა გამოსავალი არ არსებობს? შეუძლებელია, კონცერნის გადარჩენა მხოლოდ ამ კაცზე იყოს დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა ეს ოჯახური ბიზნესი? დახურონ საერთოდ და სხვა რამე წამოიწყონ, არ შეიძლება? რას გადაჰყვნენ ამ ისედაც ჩამყაყებულ სამშენებლო საქმეს? ყველგან სოკოებივითაა წამოჭიმული ეს უგემოვნო კორპუსები. მე შენ გეტყვი, ისეთი ხარისხიანი აშენებულია, გული არ გაგიხაროს ერთბაშად! ერთი საშუალო მიწისძვრა და თავზე დაგენგრევა ყველა! რა, განა მხოლოდ მათი ბიზნესი განიცდის კრიზისს? ყველა სამშენებლო კომპანიის საქმე ცუდად მიდის, უმრავლესობა საერთოდ გაჩერებულია. იმ ხალხმა იკითხოს, ფული ბოლომდე რომ აქვს ჩადებული და ჯერ ფუნდამენტიც არაა გათხრილი მათი სახლების…
გაგრძელება იქნება