საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი 2016-18 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2003-04 წლებში - ეს სალომე ზურაბიშვილის რეგალიებია. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ქვეყანას სათავეში 2018 წლის დეკემბრიდან ჩაუდგა. მას შემდეგ მისი პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი გაორმაგებულია.
1974 წელს 22 წლის სალომე ზურაბიშვილმა რომში გაიცნო ასევე ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ნიკოლოზ გორჯესტანი (გუგუშვილი). სალომე ზურაბიშვილს და კოკი გუგუშვილს ორი შვილი, თეიმურაზი და ქეთევანი შეეძინათ.
თეიმურაზ გორჯესტანი 1981 წლის 26 ივლისს დაიბადა. იგი პროფესიით დიპლომატია და მუშაობს დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში, სტრატეგიული და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე.
ქეთევან გორჯესტანი 1984 წლის 22 მარტს დაიბადა. იგი პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად მუშაობს საფრანგეთის ტელეკომპანია "ფრანც 24"-ში სპორტულ ჟურნალისტად.
სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლოზ გორჯესტანი 80-იან წლებში განქორწინდნენ. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილი დაუახლოვდა ემიგრაციაში მყოფ ქართველ ისტორიკოსს, მწერალსა და ფილოსოფოს ჯანრი კაშიას. მათი პიროვნული დაახლოება საბოლოოდ დაოჯახებით დასრულდა. ჯანრი კაშია 2012 წლის 11 მარტს გარდაიცვალა პარიზში, კარდიოლოგიური ოპერაციის დროს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის შვილები - ქალ-ვაჟი, ქეთევანი და თემური, საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ, იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. ცნობილია, რომ ის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის შვილია, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის შვილი.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა და მისმა მეუღლემ პარიზში 2019 წლის მაისში ოფიციალურად იქორწინეს. 2020 წლის 26 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილს შვილიშვილი - მარიამ გორჯესტანი (გუგუშვილი) შეეძინა. სალომე ზურაბიშვილი ბებიის ამპლუაში ხშირად არ ჩნდება, თუმცა შვილიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს.
ამჯერად სალომე ზურაბიშვილი კადრებს სწორედ შვილიშვილის, მარიამის ნათლობიდან აქვეყნებს: “ეს კი პირველი სურათი გაქრისტიანებულ მარიამთან”, – დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრეზიდენტმა.