"დაუჯერებელია! ამ არაჩვეულებრივ ქალს, სოფო ჭყონიას, ვუმადლი, რომ აჭარელი ქალების ხელით ნაქსოვი შალის უნიკალური წინდები, არც მეტი, არც ნაკლები, ლონდონსა და პარიზში იყიდება" - რას წერს ზურა შევარდნაძე სოფო ჭყონიას შესახებ - Marao

"დაუჯერებელია! ამ არაჩვეულებრივ ქალს, სოფო ჭყონიას, ვუმადლი, რომ აჭარელი ქალების ხელით ნაქსოვი შალის უნიკალური წინდები, არც მეტი, არც ნაკლები, ლონდონსა და პარიზში იყიდება" - რას წერს ზურა შევარდნაძე სოფო ჭყონიას შესახებ

2023-10-16 11:03:39+04:00

სოფო ჭყონიას ქართველი და უცხოელი მოდის მიმდევრები კარგად იცნობენ. ის "Mercedes-Benz-ის მო­დის კვი­რე­უ­ლი - თბი­ლი­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­ი და ორ­გა­ნი­ზა­ტორ­ია. გარდა ამისა, მან საქველმოქმედო ფონდი "იყავი შემდეგი" დააარსა და მოდის, დიზაინის, ხელოვნების სკოლის მშენებლობა დაიწყო. სოფო ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ქალიშვილია, რომლის სახელიც პირდაპირ ასოცირდება "კოკა-კოლასთან". სოფო ამ მიმართულებითაც საქმიანობს და "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. 

ამჯერად სოციალურ ქსელში სოფო ჭყონიასა და მისი საქმიანობის შესახებ ზურა შევარდნაძე წერს. ის განმარტავს, რომ სწორედ სოფოს ინიციატივით, ნაქსოვი შალის უნიკალური წინდები ლონდონსა და პარიზში იყიდება:

„ამ არაჩვეულებრივ ქალს, სოფო ჭყონიას, ვუმადლი, რომ აჭარელი ქალების ხელით ნაქსოვი შალის უნიკალური წინდები, არც მეტი, არც ნაკლები, ლონდონსა და პარიზში იყიდება. მან მოიყვანა ჩვენთან ამ ამბის მოსასმენად ის საქმიანი და საჭირო ხალხი, ვინც ეს ჩვენი მართლა საოცარი ნამუშევრები სწორ ხალხს აჩვენა. 3 650 ცალი წინდიდან არცერთი არაა ერთნაირი ორნამენტით, მართლა გასაოცარი ამბავია. ბევრს ვმუშაობთ, რომ ერთი „ანდაზაც“ „(უზორი)“ არ დაიკარგოს და შევინახოთ ახალი თაობებისთვის.

აჭარული ნაქარგების იტალიური ამბავი ცალკე და დიდი მოსაყოლია, ამაზე ვრცლად გიამბობთ მოგვიანებით, დაუჯერებელია!

ვუყურებ, ვუსმენ და ბოლომდე მეც არ მჯერა, ისეთი ამბავია ატეხილი რომში.

ხელგამრჯე აჭარელი ქალების შრომა რომ ასე ორგანიზებული და აწყობილი ყოფილიყო, ამ ამბავს და პროექტს კულტურის სამინისტრომ 2022-ში დაუჭირა მხარი და გამოუცხადა დიდი მხარდაჭერა. აჭარული უნიკალური ნაქარგობის კატალოგიც მაშინ გამოიცა.

თვალსა და ხელს შუა ბევრ ხელობას ვკარგავთ, ვიცით ყველამ.

არ შეიძლება, არ ვიყო მადლიერი, რომ ეს ამბავი გრძელდება, აჭარაში „ახალები“ ქარგავენ და ქსოვენ, ბებიები შვილიშვილებს ასწავლიან, ბევრი მიმდევარი და მიმბაძველი გამოგვიჩნდა - ესაა მიზანიც!

ბრიტანელი, ფრანგი და იტალიელი ამ საქმის დამფასებელი ხალხისგან დიდია ინტერესი და ეს ინტერესი გვაძლევს ძალას, ამდენი ამბისთვის საჭირო ძალას.

არც ჩვენს პატარა მაღაზიას აკლია მყიდველი გარდენიაში, სადაც აჭარელი ქალების ნამუშევრები იყიდება. აჭარელი ფასკუნჯები და ხოხბები მიფრინავენ ხან საით, ხან - საით. საახალწლო საჩუქრებად უკვე დაუკვეთა სახელოსნოს სამმა ქართულმა კომპანიამ სუფრები და თხელი, ფაფუკი შალის წინდები. უსაშველოდ მადლიერი ვარ!

გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ!“ – წერს ზურა შევარდნაძე.