ეჰ… რა დროს ამაზე ფიქრია, როცა მისი ოჯახის «ყოფნა-არყოფნის» საკითხი წყდება. ნანი ახლა ის მაშველი რგოლია, რომელსაც ამ უსიამოვნებების თავიდან აცილება შეუძლია. აი, გაჰყვება სანდროს ცოლად და ყველას ეშველება, ყველას… ნანის გარდა.
- როდის აპირებს ის თქვენი სანდრო ეგრეთ წოდებულ დაქორწინებას? ალბათ უკვე დაგეგმილი გაქვთ ყველაფერი! - ტონშეუცვლელად შეეკითხა მამას.
- როგორც კი აუცილებელი საკითხები მოგვარდება, - სწრაფად მიიღო მამის პასუხი, თითქოს ეს უკანასკნელი სწორედ ამ შეკითხვას ელოდებოდა, - ხომ არ აჯობებს, დეტალებზე თქვენ ორმა მოილაპარაკოთ?
- დეტალებზე! - ხმა აუკანკალდა გოგონას და ყრუდ დააყოლა, - ეს აუცილებელია?
- აბა, რა! შენ მას ოფიციალურად მიჰყვები ცოლად, თამაში ხომ არ არის?
- კარგი, თანახმა ვარ, - ჩახშული ხმით განაცხადა ნანიმ თანხმობა და თავი ჩაღუნა.
მამამ ვერ მოითმინა, შვილს მიუახლოვდა, მხრებში ხელი ჩაავლო, გულში ჩაიკრა და დამნაშავის ტონით უთხრა:
- მაპატიე, შვილო… ვიცი, ეს არ იქნება შენთვის იოლი ნაბიჯი, მაგრამ იმედი მაქვს, სწორად გაიგე. თქვენი ქორწინება მხოლოდ ქაღალდზე გაფორმდება. ისე, დასაწუნი კაცი ნამდვილად არ არის, იქნებ შეგიყვარდეთ კიდეც ერთმანეთი.
- აკი თამაში არ არისო ეს ყველაფერი? - ირონიულად ახედა გოგონამ.
- შენ ვერ გამიგე, ნანი…
- ბრწყინვალედ მესმის შენი, მამა! უბრალოდ, ის არ მესმის, რაში სჭირდება დაქორწინება, თუკი მხოლოდ ფიქტიური უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა? მხოლოდ იმიტომ, რომ ფული ჩადოს ჩვენს საქმეში?
- ჰო, აბა, რა! განა სხვა რამე აქვს განზრახული, მხოლოდ ამიტომ, გარანტიისთვის, - გამოცოცხლდა გიორგი.
- მერე? ამის გაკეთებას არ ჯობია, შეცვალოთ ამ ოხერი კონცერნის წესდება და სხვანაირად ჩართოთ ის კაცი ბიზნესში?
- მაგასაც ვიზამთ, ნანი, მაგრამ დროს სჭირდება ამას. აქ არ წყდება წესდების შეცვლის საკითხი. ამისთვის საფრანგეთში ჩასვლაა საჭირო და რა ვიცი, მთელი პროცედურებია გასავლელი. ახლა ამის ახსნის დრო არ არის. მშვენივრად გესმის ყველაფერი და უნდა მოგვყვე. დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება, - გიორგიმ თავზე ხელი გადაუსვა ქალიშვილს, თმაზე აკოცა და უკან მოუხედავად გავიდა ოთახიდან.
გაწირეს, გაყიდეს, მამამ და ძმამ… ნეტავი ისეთი რა შეცდომა დაუშვა ლექსომ, რომ ასე გაუჭირდათ? ტყუილად არ ეპარებოდა მის საქმიანობაში ნანის ეჭვი, მაგრამ არაფერს ამბობდა, რადგან მამა ენდობოდა ვაჟს. ახლა კი რა გამოვიდა? შედეგი სახეზეა!
«ღმერო, ისეთი რა დავაშავე, რომ ასეთი განსაცდელი მომივლინე?» - სასოწარკვეთილი ნანი ლოგინში შეწვა და ფიქრებს მისცა თავი, თუმცა მალევე ჩაეძინა…
8 8 8
უთენია გაეღვიძა. დიდხანს იწვა გაუნძრევლად, საჩვენებელი თითი ტუჩთან მიედო და ჭერს მიშტერებოდა. საამო დილა იყო, მზიანი და მშვიდი. ამაში რაღაც ირონიულიც ერია - მისთვის ეს მშვიდი და მზიანი დღე ყველაზე საშინელი დღე იყო. სჯობდა, წვიმა მოსულიყო, ცა მოქუფრულიყო, ჭექა-ქუხილი ატეხილიყო. მის სულიერ მდგომარეობას ასეთი ამინდი უფრო მოუხდებოდა.
ლოგინში ვეღარ გაჩერდა, ადგა, წყალი გადაივლო, ჯინსის ქვედაბოლო და სალათისფერი მაისური ჩაიცვა და სამზარეულოს მიაშურა.
სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა. ალბათ, ჯერაც ეძინა ყველას. ნანიმ ყავა მოიდუღა და მაგიდას მიუჯდა. ცოტა რომ მოღონიერდა და თვალებში გამოიხედა, ბაღში გავიდა. უყვარდა აქ სეირნობა, აქაურობა სულს უმშვიდებდა. განა რა დიდი ბაღი მათ ჰქონდათ, მაგრამ ისე გემოვნებით ჰქონდა ყველაფერი მოწყობილი, როგორც თვითონ სურდა და ამიტომაც მოსწონდა. ამ ბაღის გაშენებით აისრულა თავისი ბავშვობის ოცნება, პრინცესას ბაღი ჰქონოდა… მაგრამ დღეს სულ სხვა დილა გათენდა მისთვის - შფოთიანი და უჩვეულო.
დიდ ბაბუაზე ბრაზი მოსდიოდა. ოჯახის ბიზნესის შესანარჩუნებლად ასეთი წესი რომ მოიფიქრა. რას ფიქრობდა? განა არ იყო დასაშვები, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახი ისე გაკოტრებულიყო, რომ ვეღარ გაეგრძელებინა საქმე? განა ასე არ მოხდა ამ შემთხვევაში? თუმცა, რას ერჩის ბაბუას, მას ხომ მხოლოდ კეთილი სურვილი ამოძრავებდა. არ უნდოდა, უცხო პირები ჩარეულიყვნენ მის დიდ ოჯახურ საქმეებში.
ახლა რა მოხდება?
ნანი აუზს მიუახლოვდა, შეჩერდა და ლურჯ ფიქალში მოლივლივე წყალს ჩააცქერდა. უეცრად დაიძაბა, უცხოს მზერა იგრძნო და სწრაფად შემოტრიალდა.
ის ტერასაზე იდგა და მზის სხივით განათებულ ქანდაკებას წააგავდა.
გაქცევას აზრი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, მან უკვე შეამჩნია ნანი, რადგან მისკენ მოემართება. მამაკაცმა კიბე ჩამოათავა და ნანიც უკან, სახლისკენ დაიძრა. გვერდის აქცევას აზრი არ ჰქონდა, მოსახდენი მოხდებოდა.
სანდროს შავი ჯინსი და მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი ეცვა. გოგონამ ძლივს მოაცილა მზერა მის დაკუნთულ მკლავებს. მართლაც ძალიან სიმპათიური იყო ეს ოხერი!
- დილა მშვიდობისა, პატარა დისახლისო! ფანჯრიდან დაგინახეთ, ბაღში რომ სეირნობდით და გულმა არ მომითმინა, მაშინვე აქეთ გამოვეშურე!
- ასე ადრე დგებით? - ნანიმ მისი ნათქვამი არად ჩააგდო.
იქნებ მასაც გაუტყდა ძილი, იქნებ ისიც ფიქრებმა დატანჯა? თუ ასეა, ახია მასზე!
- თქვენ რა, მე მითვალთვალებდით? - გააგრძელა, - ვიმედოვნებ, არ გაიფიქრეთ, თავის დახრჩობას აპირებსო, თანაც აუზში!
- არა, ასეთი აზრი არ მომსვლია, - მშვიდად უპასუხა სანდრომ, - უბრალოდ, ვიფიქრე, რომ სალაპარაკოდ ხელსაყრელი დროა, ჩვენ გარდა ყველას ძინავს, ირგვლივ სიმშვიდეა, სუფთა ჰაერი, ლამაზი გარემო…
- სალაპარაკო რა გვაქვს? - თავი ასწია გოგონამ და კუშტად შეხედა, - როგორც ჩანს, მამამ უკვე გითხრათ, რა აზრის ვარ თქვენს შეურაცხმყოფელ წინადადებაზე.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. პაუზა გაიწელა. ბოლოს სანდრომ ამოიღო ხმა და კვლავ მშვიდი ტონით წარმოთქვა:
- გზის გასავლელად ორი საშუალება არსებობს - ძნელი და იოლი. ჩემი რჩევა იქნება, კარგად დაფიქრდეთ, სანამ რომელიმე მათგანს აირჩევთ. ბოლოს და ბოლოს, მე არ ვარ დამნაშავე ამ ყველაფერში და ის შუასაუკუნეების სულელური კანონი მე არ მომიგონია. ყველაფერი თქვენს დიდ ბაბუას დააბრალეთ.
- არ გაბედოთ ბაბუაჩემის დაცინვა, - აფეთქდა ნანი, - თქვენ, ფულიანი ტომრები, ვერასდროს დააფასებთ ადამიანურ ღირსებას და სინდისს. თქვენთვის მთავარი ფულის გადაყრაა იმ ნივთში, რომელსაც თვალს დაადგამთ!
სანდრომ ტუჩები მოკუმა, თვალები მოჭუტა და სახეზე დამცინავი ღიმილი აიკრა.
- თქვენი ბაბუა ახლა აქ რომ ყოფილიყო, გული გაუსკდებოდა, როცა დაინახავდა, მისმა ჭკვიანმა და ღირსეულმა მემკვიდრეებმა კონცერნი რა დღეშიც ჩააგდეს. ხოლო რაც შეეხება ფულიან ტომრებს, სწორედ ერთ-ერთის წყალობით, თქვენი ეს პატარა «სამოთხე», - სანდრომ ბაღს მოავლო თვალი, - აუქციონზე არ გაიყიდება.
გაწბილებულმა ნანიმ თავი დახარა. უნებლიეთ სანდროს ხელის მოძრაობა შეამჩნია და გული გაუსკდა, არ შემეხოსო. მისი შეხებით გამოწვეულ ჟრუანტელს ახლაც გრძნობდა, მაგრამ მამაკაცმა შარვლის ჯიბეში ჩაიწყო ხელები, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ირონიულად ჰკითხა:
- იმედი მაქვს, თავს დაცულად გრძნობთ!
გოგონას პასუხის გაცემის თავი აღარ ჰქონდა.
- ნანი, მაპატიეთ ასეთი უხეშობა, მაგრამ რა ვქნა. მე საქმიანი კაცი ვარ და ფულს ჰაერში არ ვფანტავ. ჩემს ადგილას, ვინც უნდა ყოფილიყო, კონცერნს სერიოზული გარანტიის გარეშე ფულს არ მისცემდა. როდესაც თქვენი ბიზნესის საქმეებს გავეცანი, მივხვდი, პირდაპირ კონტროლს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ, თუ დირექტორთა საბჭოს სრულუფლებიანი წევრი გავხდები. ამის მისაღწევად კი, ბაბუათქვენის წყალობით, მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს ჩემი ბრალი არ არის.
ნანიმ წაილუღლუღა:
- ესე იგი, ეს თქვენი იდეა იყო…
- რა თქმა უნდა, მაგრამ ამის გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. კონცერნს მხოლოდ ჩემი ფული თუ გადაარჩენს.
- გმადლობთ, რომ ასე კარგად ამიხსენით ყველაფერი, - უკბინა გოგონამ.
- ნება მიბოძეთ, გავაგრძელო, - არ შეიმჩნია ირონია მამაკაცმა, - ახლა ორივემ უნდა მოვუხმოთ გონებას და ამ სიტუაციიდან ღირსეულად შევეცადოთ თავის დაღწევას.
- დიახ, თქვენი მესმის, - ყოყმანით მიუგო ნანიმ, - უბრალოდ… გამიკვირდა, რომ სწორედ თქვენ აღმოჩნდით ჩვენი გადამრჩენი.
- შეეცადეთ, ის პატარა ინციდენტი დაივიწყოთ, - მშვიდად თქვა სანდრომ, - იფიქრეთ, რომ ეს მხოლოდ საქმიანი გარიგებაა და სხვა არაფერი.
- შევეცდები, - უპასუხა გოგონამ, - თუ სათქმელი დაამთავრეთ, დაგტოვებთ, საუზმემდე დაგემშვიდობებით.
სანდრო საუბრის ასე მოულოდნელად დამთავრებას არ ელოდა და სწრაფად მიაყარა:
- ნანი, იქნებ დავივიწყოთ მტრობა და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ?
- რა საჭიროა? ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, - მხრები უდარდელად აიჩეჩა ნანიმ, - თქვენ მხოლოდ ის გევალებათ, ქორწინების დროს ჩემს მეჯვარეში არ შეგეშალოთ.
სანდრო აღფრთოვანებით მიაჩერდა, მაგრამ მაინც ირონიულად გამოუვიდა:
- თქვენი მესმის, არ არის სასიამოვნო, როცა ფიქრობ, გამყიდესო, მაგრამ…
- ცდებით! ბიზნესის ენით თუ განვმარტავთ, კი არ გამყიდეს, უბრალოდ, იჯარით მოგცეს საქონელი. თქვენ დირექტორთა საბჭოში ადგილს დაიმკვიდრებთ, მე კი მსოფლიოში ალბათ ერთადერთი ქალი ვიქნები, ვინც დაქორწინებისთანავე კარს გაიხურავს და ქმარს გაეყრება.
სანდრომ თავი დაუქნია.
- ამას ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმარება ჰქვია. იცით, რას ვფიქრობ? ლექსოს მაგივრად თქვენ რომ გემართათ კონცერნი, არ დაგიმალავთ და, მეტსაც გავიღებდი.
- იცით, მე რას ვფიქრობ? ლექსოს მაგივრად მე რომ მემართა კონცერნი, თქვენ ერთი თეთრის გაღებაც არ მოგიწევდათ! ამის აუცილებლობა არ შეიქმნებოდა! - მკვახედ მიახალა გოგონამ და წარბები ამაყად შეკრა.
სანდრომ გაიღიმა, მაგრამ ღიმილმაც ვერ გაათბო მისი გაყინული მზერა.
- ნება თქვენია, მაგრამ ასეთი ვითარება მე ხელს მაძლევს და მაინც ყველაფერი შეიცვლება, გსურთ თქვენ ეს თუ არ გსურთ…
888
ნანიმ აღარაფერი უპასუხა, თავის დაქნევით დაემშვიდობა, გვერდზე გაუარა და აივანზე ავიდა. გრძნობდა, რომ სანდრო თვალს არ აშორებდა, ერთი სული ჰქონდა, მოტრიალებულიყო, მაგრამ…
თავის ოთახში შევიდა და საუზმემდე არ გამოსულა. გული დაუმძიმა შეხვედრამ…
როცა სასტუმრო ოთახის კარი შეაღო, ლექსოს მოჰკრა თვალი. თითქოს მის გამოჩენას ელოდაო, იგი მიეჭრა დას, გადაეხვია და მადლობის სათქმელად მოემზადა.
ნანიმ მაშინვე ხმა გააკმენდინა.
- მადლობა საჭირო არ არის. ასე მგონია, ამ გარიგებით ერთი პრობლემა მოვაგვარეთ, მაგრამ გაცილებით უარესი მივიღეთ.
- კარგი რა, ნანი, რას ართულებ, ტყუილად გგონია ასე. სანდროს მხოლოდ ერთი ხმის უფლება ექნება. ეს განსხვავებული კომპანიაა, თბილისში სოკოებივით რომ არის მომრავლებული, ისეთი ხომ არ გგონია? აქ მმართველობის ყველაზე მკაცრი, უცხოური წესებია შემოღებული. რას ჩამოგიშვია ეგ ლამაზი ცხვირი? ბოლოს და ბოლოს, საქორწინო გარიგება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენი ოჯახის წევრი გახდება. მას ვერც კი წარმოუდგენია, რა ძნელია ჩვენ წინააღმდეგ გალაშქრება, თუკი მოინდომებს, ვერაფერს გახდება. მის სიტყვას ძალა არ ექნება, იქადაგოს, რამდენიც უნდა. როცა დაიღლება, მოუწევს პოზიციების დათმობა და უკანა პლანზე გადასვლა.
ნანიმ დამცინავად გადახედა ძმას.
- იცი, რა მიკვირს? შენ და მამა ისე იქცევით, თითქოს აქაურები არ იყოთ.
- რაში გვატყობ, იქნებ მითხრა? - კოპები შეკრა ლექსომ.
- ყველაფერში, - ნიშნის მოგებით მიუგო ნანიმ, - ჯერ ერთი, ისე გამიმეტეთ, თვალიც არ დაახამხამეთ. ყველაზე ზნედაცემული ქართველი მამაკაცი არ მოიქცეოდა ასე. თქვენ რა ჯიშის და ჯილაგის ხართ, არ ვიცი. მეორეც, - ხელის აწევით შეაჩერა ლექსო, რომელმაც რაღაცის თქმა დააპირა, - ამ საქმეში ჩვენი ნახევარი სანათესაოა თითქმის ჩართული და როგორ გგონია, შენი «ფეხებზემკიდია» ბიძა, მისი უსაქმური ბიჭები და შენი ამაზრზენი ცოლი ოჯახური სიწმინდის სადარაჯოზე დადგებიან? საკმარისია, სანდრომ მათ ფული შეაძლიოს, ეგრევე გაყიდიან ჩვენს ინტერესებს. შენი საშველი არ იქნება, ლექსო, იდეალისტი ხარ, - ამრეზით მიუგდო ძმას და კარი გაიჯახუნა.
სასადილო ოთახში შესულს სანდრო იქ დახვდა. მამაკაცი მაგიდას მიჯდომოდა და ყავას შეექცეოდა. იგი მაშინვე წამოდგა და ნანის სკამი შესთავაზა. «მომკლა ამის ჯენტლმენობამ», - ჩაეცინა გულში გოგონას, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. დაჯდომისთანავე შეამჩნია, რომ მამაკაცი აღელვებული იყო და ამის დამალვას ცდილობდა. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა.
- რა ეშმაკები ხართ, თქვენ, ჩემ გარდა ვინ იცის! მაგარი კონსპირატორები აღმოჩნდით! - აჭიკჭიკდა დოდო, რომელიც იქვე, გაზქურასთან ტრიალებდა, - მე მართლა დავიჯერე, რომ თქვენ ერთმანეთი აქ გაიცანით და მომეჩვენა, რომ ნანი თვალის დასანახავად ვერ გიტანდათ.
- ჰო… შენ არ იცი, დოდო, სანდრო სიურპრიზების როგორი დიდოსტატია! - თავი დააქნია ნანიმ.
- ნანიკო, საყვარელო, მოდი, ცოტა გავისეირნოთ, არ გინდა? თუ ჯერ უნდა ჭამო? - სანდრომ მკლავზე ოდნავ მოუჭირა თითები, - თან ეკლესიაში შევიაროთ და ჯვრისწერის საქმეებიც მოვაგვაროთ.
- ერთი წუთით, ძმაო! ერთი წუთით მოითმინე! - წამოიძახა ამ დროს შემოსულმა ლექსომ.
- რა იყო, ლექსო, მოხდა რამე? - სანდრომ საჭიროზე მეტი შინაურულობით მიმართა მომავალ ცოლისძმას.
- არა, მე… მე უბრალოდ… მე მინდოდა მეთქვა, რომ… თუკი ნანი ჯერაც არაა ამისთვის მზად, იქნებ არ იჩქაროს…
- ოოო, ჩემო ლექსო, ეგ უკვე მკითხაობას ჰგავს. იქნებ თავად ნანის ვკითხოთ? მასზე უკეთ ვინ გვეტყვის სიმართლეს? სიტუაციას ამწუთას მხოლოდ მშვენიერი ლედი განაგებს! თუმცა, მე მგონია, რომ იგი მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა ჩვენ დავქორწინდებით. ასე არ არის, ძვირფასო ნანი? - მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა მამაკაცმა «საცოლეს».
სანამ ნანი რამეს იტყოდა, სანდრო წამოდგა, გოგონას გვერდით ამოუდგა, წელზე ხელი მოხვია და ოდნავ მიიკრა სხეულზე.
- რა თქმა უნდა, სანდრო, რა დროს ორჭოფობაა, - საკმაოდ დამაჯერებლად წარმოთქვა ნანიმ, საქმროს ღიმილს დაყენებული ღიმილი შეაგება და თან მთელი შხამი ჩააყოლა შიგ.
8 8 8
გოგონა უხმოდ მიჰყვებოდა მამაკაცს. ირგვლივ საოცარი იდილია სუფევდა. ბაღი ყვავილებით იყო მოფენილი, სახლის გვერდით ჩამავალი მდინარე კი მზის სხივებზე ლაპლაპებდა. ფუტკრების ზუზუნი და ჩიტების ჭიკჭიკი სმენას ატკბობდა. მონატრებულ სოფელში ეგონებოდა ადამიანს თავი.
- რა მაგარი ამინდია, არა? მაგარი კი არა, მშვენიერი, - სიჩუმე სანდრომ დაარღვია.
- ჩვენ მშვენიერებაზე განსხვავებული აზრი გვაქვს, - ჩაიბუზღუნა გოგონამ.
- შესაძლოა, მაგრამ ვფიქრობ, დაქორწინებამდე ჩვენი უთანხმოება უნდა დავივიწყოთ, თორემ არავინ დაიჯერებს უეცარი სიყვარულის ამბავს.
- ჩვენ რა, ამ პროგრამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ? - ამრეზით გამოხედა ნანიმ.
- რატომაც არა? - უდარდელად მიუგო სანდრომ, - სიყვარული რითია ცუდი? თანაც, მერე პრესაში დაწერენ, რომ მე თქვენი კონცერნის დირექტორთა საბჭოს წევრი გავხდი, მაგრამ თუ ვინმემ იყნოსა, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და მხოლოდ საქმიან გარიგებას აქვს ადგილი, მაშინ აღარ მოგვასვენებენ «ყვითელი» ჟურნალისტები და ცუდ დღეში ჩავცვივდებით. აი, სკანდალი ეგ იქნება, თუ იქნება.
- შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ვინმეს მოტყუებას შევძლებთ? - მისდა უნებურად, ნანი «შენობითზე» გადავიდა, თან ისე, რომ თავად არც შეუმჩნევია.
- რა თქმა უნდა, - სანდროს ფარულმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე, მაგრამ მომავალი ცოლის ასე მოულოდნელად გაშინაურება არ შეიმჩნია და თვითონაც «შინაურულად» გააგრძელა, - თუ შენ ისე მოიქცევი, როგორც ახლა. სხვათა შორის, შენი ძმაც არასწორად იქცევა. იქნებ შეგეხსენებინა, რომ შეურაცხყოფილი ძმის როლის თამაში დაგვიანებულია.
- კარგი, შევახსენებ, შენ კი ჩემ შებმას შეეშვი.
- ამის პირობას ვერ მოგცემ. შენ რა, გინდა, რომ ყველა ყველაფერს მიხვდეს?
- ჰო, ეგ დამავიწყდა. სრულებით გასაგებია ჩემთვის, რაც იმალება ამ ბნელი საქმის უკან.
- რომელი ბნელი საქმის უკან? მე ხომ არ წამომიწყია ეს თამაში? მოწვევა თქვენების ინიციატივით მოხდა, იდეაც ნაწილობრივ მათი იყო და არა ჩემი. მე არც ვიცოდი, შენ თუ ამ ოჯახის წევრი იყავი.
- სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია, - თითქოს დაიჩივლა გოგონამ და ამოიოხრა, მაგრამ წინადადების დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ სანდრომ მხრებში უხეშად ჩაავლო ხელი და თავისკენ შემოაბრუნა.
- იცი, რას გეტყვი? უარის თქმა ჯერ კიდევ არ არის გვიან! რა საჭიროა თავის გაწირვა. წამებულის გვირგვინი არ გიხდება. თუ ეს გეგმა შენში ზიზღს იწვევს, შეგიძლია უკან დაიხიო.
- სხვათა შორის, უარის თქმა შენც შეგიძლია! - გაღიზიანდა ნანი და თავადაც გადავიდა შეტევაზე, - შენ ისე შეგიძლია კონცერნი დააფინანსო, რომ დირექტორთა საბჭოს წევრი არ გახდე.
სანდროს სიცილი აუტყდა.
- რა ჭკვიანები ხართ ეს მხეიძეები! ესე იგი, შენს უქნარა ძმას ფული ჩემოდნით მივართვა, არა? თუ ჩეკი გამოვუწერო, რომელშიც თანხა არ იქნება მითითებული? რას მირჩევ, ყველაზე ჭკვიანო? - დამცინავი იერი აიკრა მამაკაცმა სახეზე, - უკაცრავად, მაგრამ მირჩევნია, ის ფული უპატრონო ბავშვებს გადავურიცხო ან ლეიკემიით დაავადებულ პატარებს.
- მერედა, რა გიშლის ხელს? გადაურიცხე, რა… შენ რომ კარგი ადამიანი იყო, ამას აქამდეც გააკეთებდი, - ნანიმ უხეშად მოიცილა მისი ხელები და ნაბიჯს აუჩქარა.
სანდრო შეჩერდა. მიხვდა, ასეთი საქციელით საბოლოოდ გადაიმტერებდა საცოლეს და შესაძლოა, მათი შეუღლება არც მომხდარიყო, ამიტომ ტონი შეარბილა და სიცილნარევი ხმით წარმოთქვა"
- როგორ შეუმჩნევლად გადავედით შენობითზე, ატყობ? ვფიქრობ, ეს კარგის ნიშანია.
ნანი შეჩერდა. ნელა შემობრუნდა და შეცბუნებული გამომცდელი მზერით მიაჩერდა მოსაუბრეს. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. პაუზა უსაშველოდ გაიწელა. ორივე თავისთვის ფიქრობდა რაღაცას. ბოლოს ნანიმ თქვა:
- მე მამას პირობა მივეცი და სიტყვის უკან წაღებას არ ვაპირებ, თუმცა დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, სხვა გზა რომ დაეტოვებინათ ჩემთვის.
- აუჰ! რა კეთილშობილური საქციელია! ნამდვილი ვაჟკაცივით მსჯელობ! არადა, ამ დროს ქალი ხარ. და რა გინდა მაგით დაამტკიცო? რომ უბიწო ქალწულივით ურჩხულს მსხვერპლად ეწირები? ბარემ მითხარი, რომ ასეა.
- როგორ მიბედავ ასე ლაპარაკს! - ვეღარ მოითმინა ნანიმ და მრისხანე მზერა ესროლა.
- ჩვეულებრივად, - მშვიდად მიუგო სანდრომ, - მე ხომ შენი საქმრო ვარ.
ნანიმ ხელი აიქნია, რომ უტიფარი მამაკაცისთვის სილა გაეწნა, მაგრამ სანდრო უფრო მარჯვე აღმოჩნდა. მან ხელი ჰაერშივე დაუჭირა, თავისკენ მიიზიდა და მკერდზე მიიკრა.
ნანის მისმა სიახლოვემ თავბრუ დაახვია.
«მგონი, მომწონს ეს დეგენერატი», - გაიფიქრა შეშინებულმა.
- ალბათ, გახსოვს, ჩემო ძვირფასო, რომ კოცნაში 10 ლარი შემომთავაზე. ახლა ორჯერ გაკოცებ და ორ ლარს გადაგიხდი.
ნანიმ მსუბუქად შეჰკივლა და მამაკაცის მკლავებიდან თავის გათავისუფლება სცადა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. სანდრომ მოხერხებულად გადაუწია თავი და ტუჩებზე დააცხრა. სწრაფად კოცნიდა, თითქოს ამით მის დასჯას ცდილობსო.
ნანი ფართხალებდა, წინააღმდეგობას უწევდა, თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. მაგრამ უნდოდა კი, გათავისუფლებულიყო ამ თავბრუდამხვევი ალერსისგან? მსგავსი რამ არასდროს განეცადა აქამდე, უნდოდა, ეს წამები არ დამთავრებულიყო, დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელებულიყო და სანდროს ხელი არ გაეშვა მისთვის. ის-ის იყო, მოეშვა, მოდუნდა და მამაკაცის ნებას დაჰყვა, რომ უეცრად ყველაფერი დამთავრდა.
სანდრომ ისევე უხეშად მოიცილა, როგორც მიიზიდა…
ნანიმ გაოცებით შეხედა. თანდათან დაუბრუნდა ცნობიერება, მოეგო გონს, როგორც იქნა. სანდრო უკვე მოშორებით იდგა და თვალმოჭუტული შესცქეროდა. გოგონამ ინსტინქტურად ხელი ტუჩებზე აიფარა.
- ოჰ, რა სამწუხაროა, რომ აქვე, სადმე თივის ზვინი არ არის, რა დროს გავატარებდით! არა, ნამდვილად არ მწყალობს ბედი. უკაცრავად, «ალერსოვანი» იდილია რომ დაგირღვიე, - ნიშნის მოგებით გაუღიმა მამაკაცმა.
- შენ… შენ… შენ ნაძირალა ხარ! - კბილებშუა ზიზღით გამოსცრა ნანიმ, - გგონია, მაგის უფლებას მოგცემდი?
სანდრომ ხელები გაშალა.
- იცი, რა? ახლა ნამდვილად პატარძალს ჰგავხარ და არა წამებულს. იქნებ მოვახერხოთ მღვდლის გაცურება და თავი შეყვარებულებად მოვაჩვენოთ? რაღაც კარგად გამოგდის.
ნანი სიმწრით ტუჩებს იკვნეტდა. ჯანდაბას! ჯანდაბას! ეს რა გააკეთა, როგორ გასცა თავი. როგორ უნდოდა გაქცეულიყო და ეს დამცინავი ღიმილი მეტად აღარასდროს დაენახა, მაგრამ რაც შეიძლებოდა, მოთოკა განრისხება და თავშეკავებულად უპასუხა:
- ჩემი თხოვნა იქნება, ამ წუთიდან აღარასდროს შემეხო.
- როგორც გინდა, სულაც არ ვარ წინააღმდეგი, - უდარდელად დაეთანხმა მამაკაცი, - თუკი შენ ეს ნამდვილად გსურს.
- დიახაც მსურს, ნამდვილად ასე მსურს! - მაინც ვერ მოითმინა გოგონამ და გაბრაზებულმა წამოიყვირა.
- მე კი მგონია, მაინცდამაინც არ უნდა იყო დარწმუნებული შენს სიტყვებში… საქმე ლაპარაკზე უკეთ გამოგდის, ისე, ჩვენში რომ დარჩეს, - კვლავ ის საზიზღარი ღიმილი აიკრა სანდრომ ტუჩებზე, შემდეგ გატრიალდა და გზას გაუყვა.
გაწბილებული გოგონა უკან დაედევნა.
გაგრძელება იქნება