სოფი ლორენი, თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი და საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავია. იგი არა მხოლოდ სილამაზისა და სტილის ეტალონად ითვლება, არამედ მე-20 საუკუნის საკულტო პიროვნებაცაა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მისი გამოჩენის დღიდან მისი სტილი და ჩაცმულობა მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალმა გადაიღო.
მსახიობის წარმატება სილამაზის კონკურსით დაიწყო, როცა დედამისმა ქუჩაში განცხადება ნახა: "გინდა, გახდე ზღვის პრინცესა? მიიღე მონაწილეობა კონკურსში!" მან შვილს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია, სადაც სოფიმ მეორე ადგილი დაიმსახურა. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კინოკარიერა. 1950-იანი წლების დასასრულს მან ითამაშა ფილმებში: "ბიჭი დელფინზე" და "სიამაყე და ვნება", სადაც თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.
მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი შედგა ჰოლივუდში, მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "სურვილი თელების ქვეშ" ენტონი პერკინსთან ერთად; "მცურავი სახლი", რომანტიკული კომედია კერი გრანტთან ერთად; ჯორჯ კიუკორის ფილმში "ფელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში".
გარდა წარმატებული კინოკარიერისა, მისი ცხოვრება, რომანები თუ დახვეწილი, ელეგანტური სტილი მუდამ ტაბლოიდების საყვარელი თემა იყო. მსახიობი ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა მოდის ჩვენებასა თუ სახლს. მისი რჩეული კი მუდამ კრისტიან დიორი იყო. ერთ-ერთი საკულტო ფოტოც სწორედ დიორის მაღაზიაშია გადაღებული, როდესაც დაბალქუსლიან ფეხსაცმელს არჩევდა.
სოფი ლორენი ყოველთვის მოდურად გამოიყურებოდა და მხოლოდ ტრენდულ ნივთებს ირჩევდა. 70-იან წლებში მისი ფავორიტი იყო ფართო შარვლები, მჭიდროდ მორგებული ნათელი ზედები და მასიური სათვალეები. სხვათა შორის, ამ ფორმის სათვალე მსახიობს დღესაც უყვარს. შემდგომ მოდაში მინიმალიზმი შემოვიდა და მსახიობმა ეს სტილი არაჩვეულებრივად მოირგო - მკაფიო ფერები ზედმეტი გაფორმებების გარეშე. ხშირად გამოირჩეოდა ექსტრავაგანტური ჩაცმულობით, მაგრამ, დროის ცვლილებასთან ერთად, დახვეწილი, ელეგანტური, მის ხასიათსა და გემოვნებაზე იდეალურად მორგებულ სტილი შეიმუშავა, რომელიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს სხვადასხვა ასაკის ქალბატონში.
დღეს მსახიობი 89 წლისაა და, ასაკის მიუხედავად, საოცარ ფორმაშია. სხვადასხვა ღონისძიებაზე, ჩვენებასა თუ კინოპრემიერაზე ყოველი გამოჩენისას ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და ნებისმიერ დროს შესაძლებელია შესანიშნავად გამოიყურებოდე. გთავაზობთ მსახიობის გამორჩეულ მომენტებს.