"უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ქართული სცენის ნამდვილ ვარსკვლავებს ვიცნობდი, ოჯახებით ვმეგობრობდით და ერთმანეთთან ძალიან თბილი, უშუალო ურთიერთობა გვქონდა", - ამბობს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, რომლის ინიციატივით, თბილისში არაერთი ცნობილი ხელოვანის ვარსკვლავი გაიხსნა. დავით ოქიტაშვილი იხსენებს ადამიანებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თანამედროვე ქართულ კულტურაზე.
"ჩემი პროექტი 2000 წელს დავიწყე. უცხოეთში რომ მივდიოდი და ცნობილი მსახიობების ვარსკვლავებს ვნახულობდი, სულ ვფიქრობდი, ჩვენზე მეტი ვარსკვლავი ვის ჰყავს-მეთქი... ასე გადავწყვიტე, რომ ჩვენთვის საყვარელი, ცნობილი ხელოვანებისთვის ვარსკვლავი გაგვეხსნა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი იდეის წყალობით, არაერთი მათგანი გავახარეთ და რომ მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. ჩამოთვლაც კი მიჭირს და არ მინდა, ვინმე გამომრჩეს: ნინო რამიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, თენგიზ არჩვაძე, ლეილა აბაშიძე... აი, ასეთ საოცარ ადამიანებთან ვმეგობრობდი...
ნინო რამიშვილი
ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ნინო რამიშვილის ვარსკვლავის გახსნა: ქალბატონი ნინო ძალიან სუსტად იყო და როცა მივიყვანეთ, გვითხრა, ხელი გამიშვითო - არ უნდოდა ვინმეს ასეთ მდგომარეობაში ენახა. თავს ძალა დაატანა და ხალხის მიერ გაკეთებულ კორიდორში წაიცეკვა. თავის მაყურებელს არ დაანახა, რომ ავად იყო. მერე დარბაზში ავიყვანეთ, ცოტა ხანს კულისებში იჯდა, მაგრამ შეუძლოდ გახდა და იძულებული გავხდით, სახლში წაგვეყვანა" - იხსენებს დავით ოქიტაშვილი.
წაიკითხეთ სრულად