რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება, რუს სპორტსმენებს არაერთი დაბრკოლება შეხვდათ, მათ შორის, საერთაშორისო ტურნირებსა და შეჯიბრებებზე. ამ მიზეზით ზოგიერთი მათგანი სპორტული მოქალაქეობის შეცვლაზე ფიქრობდა. 2023 წლის მაისში ეს გადაწყვეტილება ფიგურული სრიალის ცნობილი რუსი მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძის ქალიშვილმა, 20 წლის დიანა დევისმაც მიიღო.
მიუხედავად ქართული წარმოშობის გვარისა, ეთერ თუთბერიძე არის ფიგურული სრიალის რუსი მწვრთნელი, რომელიც ნახევრად ქართველია და ასევე ჰყავს რუსი და სომეხი წინაპრები. ფიგურული სრიალი 4 წლის ასაკში დაიწყო, როგორც ინდივიდუალურ მოციგურავედ. მოგვიანებით გახდა მწვრთნელი და მისმა აღზრდილმა სამმა მოსწავლემ ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

ეთერ თუთბერიძის ქალიშვილი დიანა დევისი ასევე მოციგურავეა, რომელიც მანამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, თუმცა ბოლო წლებში რუსეთში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას აღარ იღებდა. "დევისისა და სმოლკინისგან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ 22 მაისს მივიღეთ საქართველოდან თხოვნა, რომ საქართველოს სახელით იასპარეზონ“, - ამბობდა რუსეთის ფიგურული ციგურაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაფხულში, როცა დევისის საქართველოს სახელით ასპარეზობის შესახებ პირველი განცხადება გავრცელდა.

დიანა დევისის მეწყვილე მისი მეუღლე გლებ სმოლკინია. ისინი დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ აშშ-ში. დიანა სწორედ აშშ-ში დაიბადა, თუმცა ბავშვობა რუსეთში გაატარა. როგორც ახლა რუსული მედია წერს, წყვილს მოქალაქეობის შეცვლის შემდეგ დიდ კონკურსებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა უკვე მოასწრეს რამდენიმე ტურნირზე გასვლა და თითოეულიდან მედლებით დაბრუნდნენ. ცოტა ხნის წინ დევისმა და სმოლკინმა საქართველოს დროშის ქვეშ იასპარეზეს ბუდაპეშტის ტროფეიზე, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს.მათი მთავარი მიზანი კი იანვარში ევროპის ჩემპიონობაა.