ხანში შესული მღვდელი გააოცა სანდროს სიტყვებმა, ძალიან გვეჩქარება ჯვრის დაწერა და როგორ შეიძლება ეს მოვახერხოთო.
- ხომ სიმართლეს ვამბობ, სიხარულო, შენც ხომ გეჩქარება? - მამაკაცმა ირიბად მოხედა მის უკან მდგარ გოგონას და მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა.
- დიახ. რაც უფრო მალე დავქორწინდებით, მით უკეთესი იქნება, - ძლივს ამოილუღლუღა თავჩაღუნულმა.
სანდრომ ხელი მოხვია ნანის და მკერდზე მიიკრა.
ნანის უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, მაგრამ ახლა ფართხალს ვერ დაიწყებდა, უნდა მოეთმინა.
- გასაგებია, გასაგები, - გაეღიმა მღვდელს, - ზეგ სამშაბათია და 12 საათზე მობრძანდით.
- გმადლობთ, მამაო, - თავი დაუქნია სანდრომ, ნანის მაჯაში ჩაავლო ხელი და ტაძრიდან გამოიყვანა.
- რა საშინელებაა! - აღშფოთდა გოგონა, როდესაც ეკლესიას კარგა მანძილით დაშორდნენ, - მამაომ ალბათ იფიქრა, რომ ორსულად ვარ და იმიტომაც ვჩქარობთ. ღმერთო, როგორ ვიტყუები, რა საზიზღრობაა.
- დიდი ამბავი, რა გენაღვლება, რას იფიქრებს მღვდელი? - კვლავ უდარდელი ტონით მიუგო მამაკაცმა.
- ეს შენ არ გენაღვლება ალბათ, მე კი ძალიან მაწუხებს. გამიჭირდება საკურთხეველთან ტყუილის თქმა, იმიტომ, რომ…
- რას იზამ, უნდა გავუძლოთ. არც მე მეხალისება, მაგრამ ასეა საჭირო და ამას ვერსად წავუვალთ, - მშვიდად უპასუხა «საქმრომ».
ნანის თვალები ცრემლით აევსო, უჭირდა მისგან ამდენი დამცირების ატანა.
- შენთვის ალბათ ადვილია, ჩემთვის კი… - ხმა აუკანკალდა, - ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემი რეპუტაცია.
სანდრო მოიღუშა და ტუჩები მაგრად მოკუმა.
- გგონია, მარტო შენ ხარ მსხვერპლი? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ამ გარიგებაში მეც ჩამითრიეს? შემთხვევით, მე ხომ არაფერს მაბრალებ?
- თუ ასეა, თხოვნა მექნება შენთან. ჩემ გამო შენს ცხოვრებაში ნურაფერს შეცვლი, კარგი? თუ ასე გეთანაღრება გული და შენი სურვილით არ მოდიხარ ამ ბიზნესში, ვერც საქმეს გაართმევ თავს. მით უმეტეს, ჩვენი დაქორწინება დროებითია და ძალიან მალე განქორწინებისთვის საბაბი დაგვჭირდება!
- ამით რისი თქმა გინდა? რომ შემიძლია, გიღალატო? - ჩაეცინა სანდროს, - წარმომიდგენია, რა დაემართებოდა მამაოს, შენი სიტყვები რომ მოესმინა. განქორწინებისთვის ისიც საკმარისია, თუ ორი წელი ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ. ჩვენ ხომ შევთანხმდით ამაზე? მშვიდად, უსკანდალოდ დავშორდებით. ეგღა მაკლია, ისტერიკები მომიწყო ცოტა ხანში და ეჭვიანობის სცენები გამიმართო, მერე კი ამის გამო ვშორდები ამ ადამიანსო, იყვირო.
ნანი ერთხანს ჩუმად იყო, შემდეგ კი ცივად წარმოთქვა:
- რატომღაც, მგონია, რომ ამ გარიგებით ძალიან ამაყობ.
- ჯერ კონცერნი ამოვათრიოთ ჭაობიდან და სიამაყეზე მერე ვილაპარაკოთ.
ნანი გაჩუმდა.
- ალბათ არ გეწყინება, თუ სახლამდე არ მიგაცილებ, - თქვა სანდრომ.
- რა თქმა უნდა, არა, პირიქით, გამიხარდება, თუ მარტო დავრჩები, - ამჯერად ნანიმ მიუგო უდარდელი ტონით და წარბები აწკიპა.
მამაკაცს არაფერი უთქვამს, თავი დააქნია მხოლოდ და გზა ჩქარი ნაბიჯით გააგრძელა.
ნანი იდგა და უყურებდა, როგორ მიეფარა მამაკაცის სპორტული სილუეტი მოსახვევს. მარტო დარჩა, მაგრამ სანდროზე ფიქრი არ ასვენებდა. ეს კაცი გონებას უბურღავდა.
არა, ასე არ ივარგებს, როგორმე უნდა გაუძლოს და თავიდან ამოიგდოს მასზე ფიქრი, თორემ ცხოვრება ტანჯვად გადაექცევა…
8 8 8
- ნანიიი, ნანიკოო! - სანდროს გამაღიზიანებელმა ხმამ ნანი მოგონებებიდან გამოარკვია, - რა მოგივიდა, დაყრუვდი? არ გესმის, რომ გეძახი?
დაბნეული ქალი თანამგზავრისკენ გადაიხარა.
- მაპატიე, ფიქრებში ვიყავი და…
სანდრო გაბრაზდა.
- სულ სადღაც დაფრინავ, რა! პილოტმა ღვედები შეიკარითო, დაგვიძახა. როგორც ჩანს, ქარიშხლის ზონაში მოვხვდით.
ნანიმ ილუმინატორში გაიხედა, ქარი არხევდა ნაძვებს, ცა ავად მოქუფრულიყო. აღელვებულმა თითები ერთმანეთში გადახლართა და გაატკაცუნა.
- გამოდის, ქარიშხალი მაინც არ აგვცდა, არა?
- ალბათ ასეა, თუმცა ეს კაცი გვამშვიდებს, საშიში არაფერია, უვნებლად გამოვძვრებით სიტუაციიდანო. გზა კი გაგვიგრძელდა, მაგრამ ბაკურიანში მალე დავსხდებით, თან, იმედია, უსაფრთხოდ.
- ღმერთმა ქნას, - ოდნავ დამშვიდებულმა შვებით ამოისუნთქა.
ნუთუ არ შეეძლო თავიდანვე ეთქვა, რომ საშიში არაფერია და მერე ეხსენებინა ქარიშხალი?
- ნერვიულობ? - ჰკითხა სანდრომ, როდესაც შეამჩნია, რომ ნანიმ გამშრალ ტუჩებზე ენა მოისვა.
- სულაც არა, - მოუჭრა ცოლყოფილმა, - უბრალოდ, მომწყურდა.
- მერე? აგერ არის ყუთი, ხელი გადაჰყავი და აიღე, რაც გინდა, - ურჩია სანდრომ და რკინის ყუთზე მიუთითა, - არ ინერვიულო, გამოცდილი კაცია პილოტი.
ეეჰ, რა იცის სანდრომ, რომ ქვემოთ აბობოქრებული სტიქია არაფერია იმასთან შედარებით, რაც მის გულში ტრიალებს! სულაც არ უნდოდა მოგონებების ტყვეობაში აღმოჩენილიყო, ასე საგულდაგულოდ რომ მალავდა გულის სიღრმეში.
ყველაფერი ისე ნათლად გაახსენდა, თითქოს გუშინ მომხდარიყო - აგონდებოდა მზის სხივებით გამთბარი ეკლესიის საფეხურები და სანდროს დამცინავი ღიმილი.
დღეს, როდესაც ნანიმ სანდრო თვითმფრინავში დაინახა, მწარე მოგონებები ფუტკარივით დაესია, დაკბინა და თავგზა აუბნია. როგორ იღრიალებდა ახლა, სწორედ ისე, როგორც ფუტკრისგან დაკბენილი ღრიალებდა ბავშვობაში. ღრმად ამოიოხრა, უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ნუთუ ასე განიცდის მის სიახლოვეს? არა, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა! და თუ განიცდის, უბრალოდ იმიტომ, რომ საშინელი დისკომფორტი შეექმნა.
რამდენიმე ყლუპმა მინერალურმა წყალმა ძალა შემატა. თავი ხელში აიყვანა, მაგრამ როდესაც პილოტმა თვითმფრინავი მიწაზე დასვა, ცახცახმა აიტანა.
- მორჩა, მშვიდობიანად დავეშვით, - შორიდან ჩაესმა სანდროს ხმა.
კიდევ კარგი, მაშინვე არ წამოდგა, რადგან მოეჩვენა, რომ ხელ-ფეხი აღარ ემორჩილებოდა. ეს ვაჟბატონი, იმედია, მალე მოაგვარებს თავის საქმეებს და თბილისში დროულად გაფრინდებიან, იქ კი თავს ნამდვილად იგრძნობს უსაფრთხოდ. მაგრამ როგორ დაივიწყოს მისი სიტყვები? როგორ უთხრა? ჯერ არაფერი დამთავრებულაო, არა? კიდევ რა პრობლემა გაჩნდა კონცერნში მის არყოფნაში? ეს საზიზღარი ტყუილად არაფერს იტყვის. იქნებ ლექსომ უთხრა რამე ისეთი? როგორ უნდოდა, გუშინ ძმისთვის დაერეკა, მაგრამ ყოფილ ქმართან შეხვედრამ ყველაფერი დაავიწყა.
- ნანი, გამომყვები შეხვედრაზე? ერთ საქმიან ადამიანს უნდა შევხვდე. თუ, გირჩევნია, აქ დამიცადო? - ისეთი კილოთი უთხრა მამაკაცმა, თითქოს მათ შორის მტრობა არასდროს ყოფილიყო.
ნანიმ გაკვირვებული სახე მიიღო, მაგრამ არ დაიბნა.
- აქ მირჩევნია. იმედია, მალე დაბრუნდები.
- შევეცდები, - მკვახედ მიუგო მამამკაცმა, შეეტყო, რომ აშკარად განიხიბლა მისი უარით.
ნანი კარგა ხანს იჯდა თვითმფრინავის სალონში, მაგრამ შემდეგ, როცა შეატყო, რომ ქარიშხალმა იმძლავრა და პილოტმაც ამცნო, ფრენა უნდა გადავდოთო, სანდროს აღარ დაუცადა და ყველაზე ახლომდებარე სასტუმროს მიაშურა.
მისდა გასაკვირად, ვესტიბიულში უამრავი ხალხი ირეოდა. არც ეგონა, ამ დროს ბაკურიანში ვინმე თუ იქნებოდა დასასვენებლად ჩამოსული. აქაურობა არ იყო ისე კეთილმოწყობილი, როგორც, მაგალითად, ბორჯომში.
როცა მისი რიგი დადგა და მორიგეს თავისუფალი ნომერი მოსთხოვა, არ გვაქვსო, მოახსენა ახალგაზრდა მამაკაცმა. იმდენად იმოქმედა ამ ცნობამ, რომ ძალაგამოცლილი ძლივს მილასლასდა სკამთან.
მოულოდნელად მორიგემ გამოსძახა, თქვენი გვარი მითხარითო.
- გაგიმართლათ, ქალბატონო, თქვენთვის ნომერი უკვე შეკვეთილია.
ნანიმ გაოცებისგან პირი დააღო, გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც გაღიმებულმა მორიგემ ნომრის გასაღები მიაწოდა.
ნანი შეყოყმანდა.
- აქ რაღაც შეცდომაა, მე პირველად ვარ თქვენთან, ნამდვილად არ დამირეკავს!
- ნომერი თქვენს სახელზე დღეს დილით ტელეფონით დაჯავშნეს, - აუხსნა მორიგემ, - კიდევ კარგი, თორემ ხომ ხედავთ, უამინდობის გამო რამდენმა ადამიანმა მოიყარა თავი. ისინი ექსკურსიაზე იყვნენ ჩამოსული და ქარის გამო უკან ვეღარ ბრუნდებიან.
რა ყურადღებიანია ვასიკო, - გაიფიქრა ნანიმ. მან ალბათ გაითვალისწინა, რომ ამინდი გაუარესდებოდა და მასზე იზრუნა! დასანანია, რომ მისი შეყვარება არ შეუძლია. სამაგიეროდ, სანდროს დაუძვრა და ახლა ის დროა, ცოტა დაისვენოს.
8 8 8
მშვენიერი მყუდრო ნომერი გამოდგა. ნანი საწოლზე ჩამოჯდა, ფეხსაცმელი გაიხადა და საწოლზე წამოწვა. არა, მაინც რა ბედი აქვს, რაღა აქ გაიჭედა და ისიც სანდროსთან ერთად. ნანი ისევ სანდროსა და ოჯახს შუა აღმოჩნდა, მაგრამ ოჯახი მისთვის პირველ ადგილზე იყო. წარსულს იხსენებდა და დარწმუნდა, რომ სწორად მოიქცა - კონცერნი გადაარჩინა.
ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ნანის ვიღაც ქალმა დაურეკა, უთხრა, ბატონი სანდროს მდივანი ვარო და დაინტერესდა, წესრიგში ჰქონდა თუ არა საზღვარგარეთის პასპორტი. ისიც უთხრა, ბატონი სანდრო თაფლობის თვის გატარებას საზღვარგარეთ აპირებსო.
- როგორ, რა შუაშია თაფლობის თვე? - ვერ შეიკავა თავი ნანიმ.
- მე მგონი, ყველა ახალდაქორწინებულს აქვს თაფლობის თვე, - გაეცინა ქალს, - და ურჩევნიათ ეს დღეები ოჯახიდან შორს, მარტო გაატარონ.
ნანი შეეცადა თავი ხელში აეყვანა.
- რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ სანდრომ ამაზე უკვე იზრუნა, მართალი გითხრათ, არ მეგონა, ის ხომ ძალიან დაკავებულია.
- სანდროსნაირი მამაკაცი საყვარელი ქალისთვის დროს ყოველთვის გამონახავს, - ისევ გაიცინა მდივანმა.
- თქვენ ისიც გეცოდინებათ, საით მივემგზავრებით? - ფრთხილად იკითხა ნანიმ.
- ნამდვილად არ ვიცი, თორემ გეტყოდით, ბატონმა სანდრომ სიურპრიზი მოგიმზადათ.
8 8 8
ჯვრისწერის დღეც დადგა. ნანის ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ პატარძალი იყო. ქორწილი ხალხმრავალი არ ყოფილა, ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე კაცს მოეყარა თავი.
ნანის ულამაზესი ცისფერი კაბა ეცვა, არ უნდოდა ამ სპექტაკლში ქორწინებისთვის ტრადიციული თეთრი კაბით მიეღო მონაწილეობა.
ნანის საკურთხეველთან ელეგანტური და არაჩვეულებრივად მომხიბვლელი სანდრო ელოდა. გოგონას წამიერად გაახსენდა, როგორ მოეხვია სანდრო, მისი ტუჩების სითბოც იგრძნო და ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
ფეხები ისე მოეკვეთა, ლამის გული წაუვიდა. შეამჩნია, რომ სანდრო დაჟინებით უყურებდა, თვალს არ აცილებდა. ეშინია, არ გავიქცეო, მიუხვდა ნანი და ამერიკული ფილმი გაახსენდა, სადაც ჯულია რობერტსი თავქუდმოგლეჯილი გარბის მორიგი ჯვრისწერიდან. უნებლიე ღიმილი მოჰგვარა ამის გახსენებამ. ახლა რომ დაჰკრას ფეხი და გაიქცეს ეკლესიიდან, რა სანახაობა იქნება. მთელი ქვეყანა მასზე ალაპარაკდება!
არა, გაქცევა უკვე გვიანაა. მან მამას პირობა მისცა და რადაც უნდა დაუჯდეს, სიტყვას არ გატეხს.
დოდომ ორქიდეების ულამაზესი თაიგული გადასცა ნანის, რომელშიც ბარათი იდო. ნანიმ ამოიღო ბარათი, რომელშიც ერთადერთი სიტყვა ეწერა: «სანდროსგან». დოდომ წაუჩურჩულა, სანდრომ დამირეკა და მკითხა, ნანის რომელი ყვავილები უყვარსო.
ეს რას უნდა ნიშნავდეს - მისთვის სულერთი არ არის, ნანის რა უყვარს და რა არა? ამ დღეების განმავლობაში სანდროს არც ერთხელ არ დაურეკავს მისთვის და ნანი გულის სიღრმეში იმედოვნებდა, იქნებ გადაიფიქრა და ჯვრისწერა არ შედგესო.
ახლა კი ისინი ეკლესიაში გვერდიგვერდ იდგნენ და მღვდელს ყურადღებით უსმენდნენ. სჯობდა, ოფიციალურად მოგვეწერა ხელი, ეს ხომ მკრეხელობაა, საკურთხევლის წინ ვცრუობთ, - ფიქრობდა ნანი.
სანდრომ საცოლეს თითზე ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი წამოაცვა. ისეთი გრძნობა დაეუფლა, ბეჭედმა თითქოს თითი მოუყინა.
ნანიმ ყურადღება მიაქცია ასაკოვან, კარგად ჩაცმულ, არისტოკრატიული გარეგნობის ქალბატონს და მისმა გამჭოლმა მზერამ დააბნია.
ეს ალბათ სანდროს ბებიაა, კიდევ ერთი მსხვერპლი ამ საზიზღარი სიცრუის!
8 8 8
მანქანაში რომ ჩასხდნენ, ნანი კუთხეში მიიკუნჭა.
- დამშვიდდი, პატარავ! - ჩაიცინა სანდრომ, - მე უცხოების თანდასწრებით თავდასხმა არ მიყვარს.
- ძალიან სასიამოვნოა ამის გაგონება, მაგრამ მოწმეები ყოველთვის არ იქნებიან.
- ჩემი ნდობა უნდა ისწავლო, - გაეღიმა სანდროს.
- ეს არც ისე იოლი იქნება, მით უმეტეს, რომ თაფლობის თვის სიურპრიზი მომიმზადე.
- რა უნდა მექნა? ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ეჭვს აიღებდნენ. ისე, დასვენება არ გვაწყენდა.
- დასვენების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ შენთან ერთად დასვენება არ მაწყობს.
- მოგიწევს, ესეც გარიგების ნაწილია.
- ვერ მაიძულებ შენთან ერთად გამგზავრებას! - წამოიყვირა ნანიმ.
- იძულება ჩემი ჰობი სულაც არ არის. ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ შენი ოჯახი იმედოვნებს, რომ სისულელეებს არ ჩაიდენ.
- სისულელე უკვე ჩავიდინე, მაგრამ იმის უფლებას არ მოგცემ, რომ ჩემს ცხოვრებაში ცხვირი ჩაყო!
- ერთი კარგად ამიხსენი, გათხოვება რა გეგონა? იმას თუ ფიქრობდი, რომ ჯვრისწერის შემდეგ ხელს დაგიქნევდი და ცალ-ცალკე წავიდოდით, მწარედ შემცდარხარ! საინტერესოა, როდის ჩამოფრინდები დედამიწაზე?
- არ შემიძლია შენთან წამოსვლა, - ამოიკვნესა ნანიმ.
- შეეცადე! მერე კი, როცა დავბრუნდებით, შეგიძლია ყველას მოუყვე, რომ თაფლობის თვემ არ გაამართლა. ხალხი მორალურად შეემზადება ამისთვის და განვქორწინდებით. ხომ იცი, ხალხი ბრბოა, ყველანაირ სისაძაგლეს იჯერებს.
- ალბათ მართალი ხარ, - ამოიოხრა გოგონამ, - უბრალოდ, ჩემი ქორწილი სხვაგვარად წარმომედგინა.
- კარგი, დაწყნარდი და იმაზე იფიქრე, რომ სხვა დროს გაგიმართლებს. როგორც ქალებმა იცით თქმა, ერთხელ გათხოვებაა ძნელი, თორემ მერე მიდის ლიწინ-ლიწინით.
- არც ეგეთი მათხოჯი ვარ, რომ გათხოვება გამძნელებოდა, - იუკადრისა ნანიმ.
- ეს არ მიგულისხმია, უბრალოდ, ვიხუმრე.
- ის ქალი შენი ბებიაა?
- ჰო, რა იყო?
- ჩემზე რა უთხარი?
- რა უნდა მეთქვა? ვუთხარი, ერთი ნახვით შემიყვარდა-მეთქი.
- მერე? დაგიჯერა? - გაკვირვებით გახედა მამაკაცს.
- ვინ იცის… ბებიას ზედმეტი ლაპარაკი არ სჩვევია.
- ალბათ არ მოვეწონე, ხმაც არ გაუცია ჩემთვის.
- ის ჯერ გაკვირდება, ხომ გითხარი, ზედმეტი ლაპარაკი არ სჩვევია-მეთქი.
- გასაგებია, - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა გოგონამ და ფანჯარაში გაიხედა…
8 8 8
ნანიმ შეცდომა დაუშვა, როდესაც დათანხმდა და მასთან ერთად ეგვიპტეში სამოგზაუროდ გაემგზავრა თაფლობის თვის გასატარებლად. მაშინვე უარი უნდა ეთქვა და სულაც არ ანაღვლებდა, რას იფიქრებდნენ სანდროს ბებია და სხვა ახლობლები. ვაგზალზეც კი შეეძლო უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ…
არა, მაინც რატომ წაჰყვა? ახლა კი ხვდება, რატომაც. მისი დაყოლიება ან დაშინება ყოველთვის იოლი იყო და სამწუხაროდ, რაც უნდა ეხტუნა, ბოლოს ისე მოიქცეოდა, როგორც სხვებს სურდათ და არა თვითონ.
ყველაფერში დამნაშავე კი ის პირველი კოცნა იყო, როდესაც ისინი ეკლესიაში ამბის გასაგებად მიდიოდნენ. მასში მოულოდნელად ქალურმა ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა. არა, მაინც რატომ აკოცა? რატომ აღარ შეეცადა გამეორებას? არ იცის ეგ…
დიდი ვერაფერი თაფლობის თვ გამოვიდა. ერთი კვირა ძლივს გაძლო და უკან გამოიქცა. ორიოდ დღეში მობეზრდა იქაურობა, რადგან მთების გარდა საინტერესო იქ ვერაფერი აღმოაჩინა. სანდრომ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
თბილისში ჩამოსულებს აეროპორტში მანქანა დახვდათ. როგორც კი ჩასხდნენ, სანდრო ფრთხილად ალაპარაკდა.
- ბებიას არ ესიამოვნა, შენ კომფორტულად რომ ვერ იგრძენი თავი ეს ერთი კვირა. ამიტომ ნამდვილი თაფლობის თვის გასატარებლად თავისი ზღვისპირა სახლი შემოგვთავაზა. შენ ხომ ზღვა გიყვარს, რაც მე ვერ გავითვალისწინე და მთებში წაგიყვანე. ამჯერად მართლა დაგასვენებ, სახლი ლამაზია. იქ ახლა მხოლოდ ჩემი ძიძა ცხოვრობს, მარტოა და ეზო-კარს უვლის.
- ღმერთო ჩემო! არ მითხრა, რომ ახლა პირდაპირ იქ მივდივართ!
- რა თქმა უნდა, პირდაპირ იქ!
- კი მაგრამ…
- არავითარი მაგრამ. შენ ჩემი ცოლი ხარ და მე როგორც გადავწყვეტ, ისე იქნება! დამიჯერე, ამჯერად არ დარჩები განხიბლული.
ოჰ… თუ აუცილებელია ეს დაწყევლილი თაფლობის თვე, უმჯობესი არ იქნებოდა, სადმე სასტუმროში დაბინავებულიყვნენ? რატომ უნდა მოატყუონ ის ქალბატონი?
- ასე ნუ განიცდი, - დაამშვიდა სანდრომ, - სახლი ისეთი დიდია, რომ თავს არავინ მოგაბეზრებს, დარწმუნებული ვარ. ძიძასაც კი იშვიათად ნახავ.
- ეგ კარგია, - გულზე მოეშვა ნანის.
ამ ყველაფერში უფრო ის უხაროდა, რომ თავისი ოჯახის წევრების ნახვა არ მოუწევდა. ჯერ კიდევ ბრაზობდა მამაზე და ძმაზე. ჰოდა, ახია მაგათზე, არაფრად ჩააგდებს და აეროპორტიდან პირდაპირ ზღვის სანაპიროზე ამოჰყოფს თავს.
რამდენიმე საათის მგზავრობის შემდეგ მანქანა მწვანეში ჩაფლულ დიდ სახლთან გაჩერდა. ნანი მანქანიდან გადმოვიდა.
პარმაღზე ხანში შესული მოღიმარი ქალი იდგა.
- გამარჯობა, დეიდა შურა, - მიესალმა ღიმილით სანდრო, ნანის ხელი მოჰკიდა და კიბესთან მივიდა.
8 8 8
ამ სახლმა ნანიზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. უზარმაზარი, ხეებში ჩაფლული შენობა ძველებურ სასახლეს მოგაგონებდათ.
- აქ საოცარი სიმშვიდეა, - უთხრა სანდრომ, სანამ დეიდა შურა, მისი ბავშვობისდროინდელი ძიძა, მათ ნივთებს თავს დასტრიალებდა.
- თუ აქაურობა არ მოგწონს, მაშინ შეგვიძლია ანტალიაში წავიდეთ, თანაც ახლავე. შენ ხომ გიყვარს ზღვა. ჩემი ბრალია, ეგვიპტე რომ შევარჩიე, შენთვის უნდა მეკითხა.
- არა, რას ამბობ. ძალიან მომწონს. ანტალიაში წასვლა და კიდევ საზღვარგარეთ გამგზავრება აღარ მიხსენო! - მიახალა და თან იმას ფიქრობდა, ნეტავ ცალკე ოთახს თუ გამომიყოფენო.
ამასობაში დეიდა შურამ მოსამსახურეს სტუმრების ჩემოდნები აატანინა და სანდროს მიუბრუნდა.
- ყოჩაღ, ჩემო სანდრო, კარგი გოგო კი აგირჩევია, მაგრამ ძალიან გამხდარია, მგონი. არა უშავს, აქ მოვასუქებთ, რომ ჯანსაღი და ლამაზი ბავშვები გაგიჩინოს.
ნანი წამოწითლდა და თვალები დახარა, რათა მამაკაცის მზერას არ შეჩეხებოდა.
შურა დეიდამ ოჯახის რძალი საძინებლისკენ წაიყვანა, კარი გააღო და ოთახში შეუძღვა.
საძინებელი საკმაოდ მოზრდილი და გემოვნებით მორთული აღმოჩნდა. კედელთან უზარმაზარი არაბული ტახტი იდგა, ორადგილიანი, შეღებული კარიდან კი მეორე, შედარებით მომცრო ოთახი მოჩანდა.
- აი, ჩემო კარგო, აქ შენი საძინებელი იქნება, იქით კი სანდროსი, - აუხსნა ქალმა.
ნანის გუნებაში გაუხარდა, რომ ცალკე ოთახში იქნებოდა, თუმცა იმანაც დააფრთხო, რომ სანდრო მის გვერდით უნდა ყოფილიყო და ნებისმიერ მომენტში შეეძლო მასთან შემოსვლა.
გაგრძელება იქნება