ყველა ბავშვის საოცნება სკოლა, ჯადოსნური არსებები, ცნობილი ჯადოქრები და მათ წინააღმდეგ გამართული ბრძოლები - ჯოან როულინგმა სამი მეგობრის ისტორია 7 ტომში გააერთიანა და ჰარი პოტერის საკულტო ისტორია შექმნა. სამი განუყრელი, გონებამახვილი მეგობრის ამბავმა მწერალს მილიონობით დოლარი მოუტანა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ავტორად აქცია. ამ მაგიური სამყაროს ავტორი ჯოან როულინგია, რომელმაც მსოფლიო აღიარებამდე რთული ცხოვრებისეული გზა განვლო და არცერთხელ დანებდა ყოფით გამოწვევებს. პირიქით, ცხოვრებისეული დაბრკოლებები და პრობლემები შთაგონების წყაროდ აქცია. დღეს „ჰარი პოტერი“ გლობალური ბრენდია, რომელიც 15 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. სერიის უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა.
მარტოხელა დედა, რომელმაც „ჰარი პოტერის” ჯადოსნური სამყარო შექმნა, 1965 წლის 31 ივლისს დაიბადა. მას ადრეული ასაკიდანვე მწერლობა სურდა, წიგნების სერიებს პატარა დებისთვის წერდა და დარწმუნებული იყო, რომ ერთ დღესაც ოცნებას აიხდენდა. მშობლების აზრით, მისი წარმოსახვა ბავშვური ცნობისმოყვარეობა იყო და დარწმუნებული იყვნენ, რომ უბრალო საბავშვო გასართობით ჯოანი საკუთარ თავს მომავალში ეკონომიკურად ვერ უზრუნველყოფდა. ამიტომ მის ოცნებას, გამხდარიყო მწერალი, ხელს უშლიდნენ. დედის გარდაცვალებამ, სამსახურების ხშირმა ცვლამ და მარტოხელა დედობამ მწერლის მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდი ზეგავლენა იქონია. ამას ემატებოდა საზოგადოების მიერ დადგენილი სტერეოტიპული სტანდარტები მარტოხელა დედობასთან დაკავშირებით. მწერალს კლინიკური დეპრესია დაუდგინდა, რაც მეტად უმძიმებდა მდგომარეობას და აკარგვინებდა საკუთარი თავისა და მომავლის რწმენას.
მიუხედავად ყველაფრისა, პირადი პრობლემები ინსპირაციის წყაროდ აქცია, რაც მისი საუკეთესო ნაწარმოების და მსოფლიო ბესტსელერის, „ჰარი პოტერის” ჯადოსნური სამყაროს შექმნაში დაეხმარა. ჯოანი ესწრებოდა თერაპიებსა და სესიებს, გადიოდა მკურნალობას, ცხოვრებაში განცდილი ტკივილი, უსიამოვნო პერიოდი და დეპრესიული ფიქრები კი წიგნში დემენტორების საშუალებით გადმოსცა. თინეიჯერების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟის, ჰარი პოტერის იდეა კი ჯოან როულინგს მატარებელში მოუვიდა, როდესაც მისი რეისი გარკვეული მიზეზების გამო ოთხი საათით გადაიდო. Harry Potter and the Philosopher’s Stone 1997 წელს დაიბეჭდა.
1998 წელს გაჩნდა ფილმის გადაღების იდეა, რომლის უფლებებიც ოფიციალურად Warner Bros.-მა მოიპოვა. ჰარი პოტერის პირველი ეკრანიზაცია მაყურებელმა 2001 წელს იხილა. ფილმის მოგება თითქმის მილიარდ დოლარს შეადგენდა, Harry Potter and the Philosopher’s Stone კი კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმად რჩება. ინგლისელი შემოქმედი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, ის Forbes-მა 2004 წელს პირველ მილიარდერ ქალად დაასახელა, თუმცა ჯოან როულინგმა მილიარდერების სია მალევე დატოვა, რადგან ქველმოქმედებაში 160 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.
მათთვის, ვისაც საკუთარი თავის რწმენა დაკარგული აქვს ან ცხოვრებისეული სირთულეები აშინებს, მწერალი იდეალური მაგალითია, როგორ უნდა იბრძოლოთ საკუთარი მიზნებისთვის.
17 წლის ასაკში გარიცხეს კოლეჯიდან; 25 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა; 26 წლის ასაკში გადავიდა პორტუგალიაში ინგლისურის მასწავლებლად, 27 წლის დაქორწინდა და მალევე განქორწინდა, 28 წლის ასაკში დაუდგინდა კლინიკური დეპრესია და გახდა მარტოხელა დედა; 30 წლისამ გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ამ ცხოვრებაში არ იყო და თვითმკვლელობა სცადა; 31 წლის ასაკში პირველი წიგნი გამოაქვეყნა და მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება; 35 წლის ასაკში ის უკვე იყო 4 ბესტსელერის ავტორი და წლის მწერლად დასახელებული; 42 წლის ასაკში კი პირველ მილიარდერ მწერლად აღიარებული. ამიტომ, ის ნათელი მაგალითია, რომ დანებება არასდროს არის გამოსავალი - „არასდროს დანებდეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის, იმუშავეთ და ყოველთვის ყველაფერი გამოგივათ“.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ