კარმული ურთიერთობები არცთუ ისე მომაჯადოებელი და იდეალურია, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩვენს წარმოდგენებში შეიძლება იყოს. ამის წაკითხვა ნამდვილად არ ღირს მათთვის, ვისაც არ სჯერა სულიერი კავშირისა და რეინკარნაციის; იმ ამოუხსნელი მიზიდულობისა და ძალების, რაც შეიძლება ორმა ადამიანმა ურთიერთობაში განიცადოს. დასაწყისისთვის ეს ურთიერთობა ყოველთვის სავსეა სიყვარულითა და ვნებით, მაგრამ დასასრული არცთუ ისე სასიამოვნოა. ამ ტიპის კავშირი შეიძლება ჩაითვალოს მონათესავე სულების კონტაქტად, მაგრამ მას საერთო არაფერი აქვს ორი ნახევრის ჰარმონიულ გაერთიანებასთან.
გთავაზობთ ნიშნებს, თუ როგორ მიხვდეთ, იმყოფებით თუ არა კარმულ ურთერთობაში, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ტოქსიკური უფროა.
ძლიერი ვნება - სექსუალურ მიზიდულობაზე აგებული ურთიერთობების უმეტეს შემთხვევაში, წყვილის კავშირი არ არის ღრმა ემოციურ გრძნობებზე დაფუძნებული, რაც დროთა განმავლობაში მათ შორის დამოკიდებულების არაჯანსაღად განვითარებას იწვევს და ნელ-ნელა ტოქსიკურ ფორმას იღებს.
მიჯაჭვულობა - კარმულ ურთიერთობაში ყოფნისას, პარტნიორით ხართ შეპყრობილი. ასეთ დროს გინდათ მასზე იცოდეთ ყველაფერი, ის, თუ სად არის, რას საქმიანობს, რას აკეთებს, თითქოს მუდმივი შემოწმების რეჟიმში ხართ. ყოველივე ეს კი არაჯანსაღ დამოკიდებულებას აყალიბებს ორ ადამიანს შორის.
კონტროლი - ეჭვიანობას მოსდევს კონტროლი. თქვენ და თქვენს პარტნიორს შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა გზა ერთმანეთის გასაკონტროლებლად - ეს შეიძლება იყოს თქვენი ახლობლის რეალური ან ვირტუალური მეთვალყურეობა ან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრის აკრძალვა.
ბრაზი - თუ წინა ცხოვრებაში გაბრაზებული იყავით პარტნიორზე, კარმის კონცეფციიდან გამომდინარე, ახალ ურთიერთობაში პარტნიორი იქნება გაბრაზებული თქვენზე. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის გჯერათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ უნდა აღიაროთ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ ადამიანთან, რომელსაც არ შეუძლია ბრაზის მართვა. მისი ქცევა კი გამოიხატება ხმის ამაღლებაში, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ცუდ დამოკიდებულებაში.
ეგოიზმი - მაშინ, როდესაც ჯანსაღი ურთიერთობა აგებულია გაცემასა და მიღებაზე, თუ ამბობთ, რომ თქვენ შორის ყველაფერი სერიოზულია, მაგრამ ამავდროულად, არ გაქვთ ემოციური უკუკავშირი, ეს უკვე კარმული კატასტროფაა, რაც გულისმობს ერთმანეთის აზრების, დამოკიდებულებების უგულელყოფას და მხოლოდ საკუთარ მიზნებსა და სურვილებზე კონცენტრირებას.