ალბათ, ოდესმე გსმენიათ ისეთი ადგილების შესახებ, რომელთა მონახულების შემდეგაც ადამიანები ჭკუიდან იშლებიან ან თუნდაც დარჩენილ დღეებს ფსიქიატრიულ კლინიკაში ატარებენ. დღეს სწორედ ასეთი ადგილის შესახებ მოგიყვებით.
ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი შენობა, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს, ნამდვილად მისტიკური მოვლენების ეპიცენტრია. სასტუმრო „სესილს“ საშინელი ისტორია აქვს. ამიტომ არაერთხელ გამხდარა ფილმისა თუ სხვადასხვა სერიალის შთაგონების წყარო. მაგალითად, ცნობილი სერიალის American Horror Story მეხუთე სეზონი მოგვითხრობს სასტუმრო Cortez-ის სტუმრების ისტორიას, რომელშიც მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი მსგავსება "სესილთან". თუმცა ჩვენი ამბავი საერთოდ არ ეხება სცენარისტის ხრიკებს, ის ძალიან რეალურ მოვლენებს გვიყვება.
როგორც სასტუმროს ავტორს, უილიამ ბენქს ჰანერს თავდაპირველად ჩანაფიქრში ჰქონდა, შენობა უნდა გამხდარიყო გრანდიოზული და მდიდრული ადგილი მილიონერებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ დარჩენა დახვეწილი სასტუმროს ელიტარულ ოთახებში. მეპატრონის უზარმაზარი ინვესტიციები წარმატებით დაგვირგვინდა: 1924 წელს "სესილმა" კარი გაუღო უმდიდრეს სტუმრებს. თავდაპირველად, ბიზნესი მშვენივრად მიდიოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც საფონდო ბირჟას სერიოზული პრობლემები შეექმნა, სასტუმროშიც სტუმართა რიცხვმა იკლო. ელიტარული, გასაოცარი დეკორაციებით გაფორმებული სასტუმროს ნომრების დაქირავება კრიმინალებმა დაიწყეს.
პირველი საშინელი ტრაგედია სასტუმროში 1927 წელს მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთმა მამაკაცმა, ცოლთან მორიგი ჩხუბის შემდეგ, სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა. "სესილისთვის" ეს თვითმკვლელობა პირველი იყო გაუთავებელი და აუხსნელი სიკვდილის სერიაში. შემდეგი აუხსნელი მკვლელობა 1931 წლის 5 სექტემბერს მოხდა: დღიური დალაგების დროს პერსონალმა ნომერში სტუმრის ცხედარი არაბუნებრივ მდგომარეობაში ნახა. ერთი წლის შემდეგ სასტუმროს ფანჯრების ქვეშ მარინე როი ტომპსონის ცხედარი იპოვეს. უცნაურ გარემოებებში გარდაცვალების კიდევ რამდენიმე შემთხვევამ საზოგადოება ამ სასტუმროს მისტიკურობაზე დააფიქრა. ეს იყო უცნაური მკვლელობების ან თვითმკვლელობების სერიები, სადაც ყველა გარდაცვლილი ერთნაირი გზით იქნა მოკლული.
იმაზე, რომ „სესილი“ ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანების არაჯანსაღ ფსიქიკაზე, არაერთი საშინელი ინციდენტი მიუთითებს - აქ რჩებოდა სხვადასხვა ცნობილი სერიული მკვლელი.
1947 წელს საზოგადოება შეაშფოთა ჰოლივუდის დამწყები მსახიობის, ელიზაბეტ შორტის საშინელმა სიკვდილმა. გოგონას კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა და, სავსებით შესაძლებელია, გამხდარიყო თავისი დროის ერთ-ერთი პოპულარული მსახიობი, რომ არა საშინელი ტრაგედია. შორტის უსიცოცხლო ცხედარი ერთ-ერთმა გამვლელმა აღმოაჩინა: სახეზე მას საშინელი ღიმილი ჰქონდა გამოსახული და დანით მიყენებული ჭრილობები. ელიზაბეტ შორტის მკვლელობა, მეტსახელად "შავი დალია", გახდა ყველაზე იდუმალი დანაშაული ამერიკის ისტორიაში.
რეალური დეტექტივი - "შავი გეორგინი", ყველაზე სასტიკი მკვლელობა
საშინელმა სასტუმრომ მიიზიდა მანიაკები, რომლებიც აქ ადვილად პოულობდნენ მსხვერპლს. წლების განმავლობაში საშინელი მკვლელობების სერიები არ წყდებოდა და ყოველივე ეს კი ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარებოდა. ბოლო წლების გახმაურებული შემთხვევაც სწორედ აქ მოხდა. 2013 წელს უბედურმა სასტუმრომ კვლავ დაამწუხრა საზოგადოება მორიგი სიკვდილით. ამჯერად ტრაგედია ნამდვილ საშინელებათა ფილმს უფრო ჰგავდა. ახალგაზრდა სტუდენტი ელისა ლამი შევიდა "სესილის" ერთ-ერთ იაფფასიან ოთახში. გოგონამ სასტუმროს სხვა სტუმრების ყურადღება მაშინვე მიიპყრო, რადგან ელისას ქცევა უცნაურად ეჩვენებოდათ.
როდესაც ლამი გაუჩინარდა, შეშფოთებულმა მეზობლებმა დიდი აჟიოტაჟი ატეხეს. მალე პოლიციამ, რომელიც საქმეს იძიებდა, გაავრცელა შემზარავი ვიდეოკადრები სასტუმროს ლიფტის სათვალთვალო კამერიდან. აშკარად ჩანს, რომ ელისა შეშინებული იყო და ლიფტის კაბინაში ვიღაც უხილავს ესაუბრებოდა, თან ცდილობდა იდუმალი მდევრისგან დამალვას. რამდენიმე დღის შემდეგ "სესილის" სტუმრებმა დაიწყეს ჩივილი წყლის უსიამოვნო სუნისა და გემოს გამო. როდესაც მუშებმა გადაწყვიტეს წყალმომარაგების სისტემის შემოწმება და სასტუმროს სახურავზე უზარმაზარი ავზი გახსნეს, ისინი ძალიან შეშინდნენ. მასში ელისა ლამის ცხედარი მიცურავდა. ეს მკვლელობაც ერთ-ერთია ამ სასტუმროში მომხდარი აუხსნელი მკვლელობების სერიებიდან.
მათთვის, ვინც მისტიკური ამბებით დაინტერესებულია, სასტუმრო "სესილი" ნამდვილი პანდორას ყუთია, მოულოდნელობებით სავსე ადგილი, რომელიც საშინელ ამბებს ყვება.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ