ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი სწორედ გიგო გაბაშვილია. მის შემოქმედებას ბევრი იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის ის, როგორც ფოტოგრაფი. მთელი ცხოვრების მანძილზე განათლებასა და ხელოვნებას დიდ ყურადღებას უთმობდა და მუდამ განვითარებაზე იყო კონცენტრირებული. მისი ნამუშევრები მე-19 საუკუნის რუსული და ევროპული რეალიზმის ფერწერის ძირითად პრინციპებს იზიარებს. გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მის სახელოსნოში შექმნილი ფოტოების დიდი სერიაა - ეტიუდები - ექსპერიმენტები შიშველ სხეულზე.
იმ რეალობაში, სადაც საბჭოთა რეჟიმი მძვინვარებდა, ხელოვანი საკმაოდ თამამ განაცხადებს აკეთებდა. მისი ფოტოგრაფია, ისევე, როგორც ფერწერა, სავსეა რელიგიური და მითოლოგიური ქვეტექსტებითა და სიმბოლიკით, ისევე, როგორც ალეგორიებითა და ფანტაზიებით. მაშინ, როდესაც განსხვავებული ხედვა, აზროვნება, ცხოვრების წესი და მისწრაფებები სასტიკად ისჯებოდა, მისი შემოქმედება, მხატვრობასა თუ ფოტოგრაფიაში, ერთფეროვნებისა და ბანალურობის წინააღმდეგ ამბოხად შეიძლება მივიჩნიოთ.
„გიგო გაბაშვილი თავისი ნამუშევრებით ფერწერასა და ფოტოგრაფიას შორის სიმბიოზურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, ფრთებით წარმოდგენილი ქალები, შიშველი სხეულები, რომლებიც თითქოს ჰაერში ლივლივებენ მისი ფერწერის დამახასიათებელი ელემენტებია, რომლებიც ავტორის ფოტოხელოვნებაშიც ვლინდება“.
საინტერესოა მისი, როგორც ფოტოგრაფის ისტორია. პირველი კამერა ილია ჭავჭავაძის დახმარებით შეიძინა. მას შემდეგ, რაც პეტერბურგის სკოლაში ჩაააბარა, გაიცნო ილია. მწერალი აღფრთოვანებული იყო ახალბედა ხელოვანის შემოქმედებით და მისი ნამუშევრები გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდა.
ფოტოების გადაღება გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. მან მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის სახეები გააცოცხლა. შიშველი სხეულზე მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების გარდა, გაბაშვილის არქივი შუა აზიაში ისევე, როგორც საქართველოში, ქართლის მთიანეთში და თუშ-ფშავ-ხევსურეთში მოგზაურობის ამსახველ ფოტომასალასაც აერთიანებს. არაჩვეულებრივი შუქჩრდილები, ხასიათის საოცარი გამოხატულება და შიშველი სხეულები. ის სტუდიურ, შავ-თეთ ფოტოებს იღებდა, სადაც მთავარ როლს შუქჩრდილები თამაშობდა. მხატვრის ფოტოარქივი, რომელიც 684 ფირს აერთიანებს, 1936 წელს, მისივე ანდერძის თანახმად, შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმს გადაეცა, სადაც დღემდე ინახება. ფოტოების უმეტესობა საზოგადოებისთვის უცნობი იყო და დიდი ხნის შემდგომ გამჟღავნდა და გამოქვეყნდა.