"ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს; არ ვარ კარგად, მაგრამ საქმეს გვერდზე ვერ გადავდებ" - თი მაჭავარიანის პირველი მიმართვა გამომწერებს დაშორების შემდეგ - Marao

"ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს; არ ვარ კარგად, მაგრამ საქმეს გვერდზე ვერ გადავდებ" - თი მაჭავარიანის პირველი მიმართვა გამომწერებს დაშორების შემდეგ

2023-10-20 17:09:05+04:00

"ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, კარგიც, ცუდიც, აღარ ჩავშლი... ადამიანებს გადაგვაქვს ტკივილები და ვაგრძელებთ ცხოვრებას, რადგან გვაქვს ვალდებულებები. გარდა იმისა, რომ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და პირად ცხოვრებას, ეს ჩემი საქმეცაა, ჩემი შემოსავლის წყაროა. ეს დღეები მომიწია პაუზის აღება. მადლობას ვუხდი, ვისთანაც ვთანამშრომლობ, გაგებისთვის, თუმცა მიწევს, გავაგრძელო მუშაობა. კარიერას ვერაფრის გამო ვერ დავთმობ, ჩემი შვილების გარდა. მოკლედ, დღეიდან უნდა გავაგრძელო მუშაობა. 

ძალიან ბევრი ადამიანი მეტყვის, რომ თუ განიცდი და გლოვობ, რატომ დებ ვიდეოებსო. გაგებით მიუდექით ამ საკითხს, ბევრი რთულად გადასალახი პერიოდი მქონია და მუშაობა გამიგრძელებია. ეს ჩემი საქმეა. ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს, არ ვარ კარგად, მაგრამ საქმეს გვერდზე ვერ გადავდებ", - ამბობს ინფლუენსერი თი მაჭავარიანი ვიდეომიმართვაში, რომელსაც საკუთარი გამომწერებისთვის ავრცელებს. 

ინფლუენსერი თი მაჭავარიანი რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული დავით გაფრინდაშვილი იყო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაშორდა. მიზეზებზე არც ერთ მხარეს არ უსაუბრია. თის სამი შვილი ჰყავს და ოფიციალურად ერთხელ იყო დაოჯახებული.