ანა კოხტა ქალია. სევდიანი თითქოს არ ჩანს, მაგრამ ჩვენი ხანგრძლივი საუბრების პერიოდში ხმამაღლა ერთხელაც არ გაუცინია, მხოლოდ იღიმებოდა. როცა ამ ისტორიას მიყვებოდა, ისე ღელავდა, თითქოს ხელახლა განიცდიდა მომხდარს. მაინტერესებდა, ნანობდა თუ არა თავის წარსულს, თუმცა… ეს თქვენ განსაჯეთ.
მისივე თხოვნით, სახელი შევუცვალე, რადგან, რასაც წაიკითხავთ, სრული სიმართლეა.
7 7 7
- ხვალიდან მუშაობას ვიწყებ! - მტკიცედ გამოვუცხადე ქმარს და მაგიდის ალაგება დავიწყე.
- სად? - სხვათა შორის იკითხა ბესომ.
- გამომცემლობაში.
- იქ რა უნდა აკეთო?
- ტექსტები უნდა ავკრიფო კომპიუტერზე.
- მერე, შენ რა იცი კომპიუტერი?
- რაც მთავარია, ბეჭდვა ვიცი. დანარჩენი ადვილი ყოფილა.
- იმისთვის დაამთავრე ინსტიტუტი, რომ მბეჭდავად იმუშაო? მეტი საქმე ვერაფერი ნახე? - სეტყვასავით დამაყარა.
- მაშინ შენ მომიძებნე უკეთესი სამსახური! - დავახვედრე სეტყვას ქვა.
- ენა დაიმოკლე და წესიერად ილაპარაკე! - ხმას აუწია ბესომ.
გავჩუმდი. ჭურჭელი ნიჟარაში ჩავყარე გასარეცხად და ონკანიდან წყალი მოვუშვი.
- მერე, ბავშვს რას უშვრები? - უკმაყოფილება გაისმა მის ხმაში.
- ბაღში მივიყვან.
- შენ გაგიჟდი, გოგო? რა დროს ამის ბაღია, ძლივს ლაპარაკობს!
- რატომ ვითომ! ორი წლის ბავშვები ბაღში არ დადიან? - არ დავიხიე.
- დაეგდე შინ და ოჯახს მიხედე! - საჩვენებელი თითი რატომღაც იატაკისკენ გაიშვირა ბესომ.
- ჰოდა, ამოგვხდეს სული შიმშილით, არა? თუ იმას ველოდო, როდის გვიბოძებს მამაშენი წყალობას! შენი შვილი მაინც არ გეცოდება? - გვანცას გადავხედე. ბავშვს დადორბლილი ტუჩები სარკესავით უბრწყინავდა, დიდი მონდომებით ჩაჰკირკიტებდა საწოლზე დაყრილ ლოტოს კოჭებს და სულაც არ ადარდებდა ჩვენი ხმამაღალი კამათი.
- ვინ გიშოვა ეს ძვირფასი სამსახური? - ირონიულად ჩაიცინა ბესომ.
- ვინ და ინგამ.
- ვინ ინგამ?
- შენმა დაქალმა, - ნიშნის მოგებით ვუპასუხე. - თვითონაც იქ მუშაობს.
ინგა ბესოს კლასელია. ბავშვობიდან მეგობრობენ. მეც დამიახლოვდა. ერთი კვირის წინ იყო მოსული და შემპირდა, იქნებ ჩემთან რაღაც გაგიხერხოო. წუხელ კი დამირეკა, ორშაბათს გავიდეთო. სხვა რა გზა მაქვს. მეტი აღარ შემიძლია. ათი წელია, გათხოვილი ვარ და ვერა და ვერ დავაღწიე თავი გაჭირვებას. ჩემს ქმარს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ზის მამამისის კისერზე. ის კიდევ 100 ლარზე მეტს არ აძლევს თვეში, ხელი გაანძრიეო. აბა, რა ქნას, ბესოს გარდა, კიდევ ორი ჰყავს სარჩენი. ჩემი დედამთილი კი, როგორც დედების უმრავლესობა, ქალიშვილებსაა გადაყოლილი. სულ არ ედარდება ბესო და მისი ცოლ-შვილი. ხელი ერჩით და ფეხი, მიხედონ თავიანთ თავსო… ისიც ეყოფათ, ცალკე რომ გავუშვით საცხოვრებლადო. რას ერჩი, მართლები არიან…
7 7 7
ღამე თითქმის არ მიძინია. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა.
დილით ადრე ავდექი, თავი დავიბანე, თმა ფენით გავიშრე და ჩაცმას შევუდექი. მერე სარკის წინ მოვკალათდი, თვალები დავიხატე, ბოლო შტრიხი პომადის წასმით დავაგვირგვინე და კიდევ ერთხელ დავტრიალდი სარკის წინ. შევათვალიერე ჩემი ორეული. «მგონი, კარგ ფორმაში ვარ», - კმაყოფილებით გავივლე გულში.
არა უშავს, მშვენიერი აღნაგობა მაქვს, კოხტა ტან-ფეხი, წვრილი წელი, ლამაზი მხრები… მუქი მწვანე თვალები განსხვავებულ იერს აძლევს ჩემს ხორბლიფერ კანს. ერთი სიტყვით, კარგი «ქალოჩკა» ვარ. ხუმრობა ხომ არ არის, ამ დროში 35 წლის ქალი ასე გამოიყურებოდეს, თანაც გათხოვილი! თავი გადავაქნიე, გრძელი, შავი თმა მხრებს უკან გადავიყარე და ქმარ-შვილს გადავხედე. ორივეს გემრიელად ეძინა. ბესო შევაღვიძე, გავდივარ-მეთქი, დავუბარე, დავავლე ჩანთას ხელი და ოთახიდან გავვარდი.
გაგრძელება იქნება