უკვე 45 წელია, რაც 74 წლის მერილ სტრიპი და 76 წლის დონ გამერი დაქორწინებულები არიან და ერთმანეთს ისეთივე მოსიყვარულე თვალებით უყურებენ, როგორც მრავალი წლის წინ. 30 სექტემბერს წყვილის ქორწინებიდან 45 წელი გავიდა. მაშინ, როდესაც გულშემატკივრები მათი სიყვარულის დღეს ზეიმობდნენ, მერილ სტრიპმა გაამხილა, რომ ის და გამერი უკვე 6 წელია, რაც ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა აქამდე საზოგადოებასთან ამ თემაზე საჯაროდ სასაუბროდ მზად არ იყვნენ. მას შემდეგ, რაც მერილმა საქმროს სიკვდილის შემდეგ დეპრესიული ეპიზოდი გადაიტანა, შეხვდა მომავალ მეუღლეს, დონ გამერს. მას მერე ისინი ერთად იყვნენ და, როგორც მთელ ჰოლივუდში, კინოინდუსტრიის მიღმაც, სამაგალითო სიყვარულის ისტორიით გამოირჩეოდნენ.
"დონ გამერი და მერილ სტრიპი 6 წელზე მეტია დაშორებულები არიან და, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ერთმანეთი დღემდე ძალიან ძვირფასია, ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს", — აღნიშნა მერილ სტრიპის მენეჯერმა.
სტრიპმა და გამერმა ერთმანეთი 1978 წელს გაიცნეს, გაცნობიდან 6 თვეში იქორწინეს და ქორწინებაში ოთხი შვილი შეეძინათ. მიუხედავად სამაგალითო ოჯახისა და ჰარმონიული თანაცხოვრებისა, მსახიობი პირად თემებზე კამერებთან იშვიათად საუბრობდა. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა მათი განშორების შესახებ ინფორმაციის მედიისგან დიდხანს დამალვა. ჯერჯერობით მსახიობს ექვსწლიან განშორებასთან და მის მიზეზებთან დაკავშირებით არ უსაუბრია. კომენტარი მხოლოდ მისმა წარმომადგენელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ საქმე ღალატს ან სკანდალებს არ ეხება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ ჰქონდათ.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ