- კი ბატონო, მე რა მაქვს საწინააღმდეგო, - ღიმილით დააქნია თავი თინიკომ, - ოღონდ რატიმ უნდა ნახოს. მე ვერ გადავწყვეტ. აი, ხვალ მოვა და დაველაპარაკოთ. დღეს, ხომ იცი, არ იქნება.
თინიკო დირექტორის მოადგილეა. თეთრი, სანდომიანი ახალგაზრდა ქალია, ალბათ, ჩემი ხნის იქნება. როგორ არ მიყვარს ქალი უფროსად, ვერ ვიტან, როცა ქალები იძლევიან განკარგულებებს, მაგრამ ეს რატომღაც თვალში მომივიდა. კაი ვიღაცა ჩანს.
- იცი, რა კარგი გოგოა? - უხსნის ინგა.
- ეჭვიც არ მეპარება. შენი მოყვანილი არ შეიძლება ცუდი იყოს, - თინიკომ ღიმილით გადმომხედა.
- მოდი, გიას ვთხოვ და ხვალამდე რაღაც-რაღაცებს აგიხსნის კომპიუტერზე. რატი ხვალ მოვა და… მაინც მან უნდა შეგამოწმოს. თვითონ უნდა დაგაკვალიანოს. დაგიჯდება და ყველაფერს თვითონ აგიხსნის. ეგეთი «პრივიჩკა» აქვს. ნუ, მოკლედ, პრობლემა არ იქნება.
გია ცოტა ოფიციალურად შემხვდა. ოპერატორების ნამუშევარმა მის ხელში უნდა გაიაროს და ამიტომ მათ ცოტ-ცოტას ეუფროსება, «მომთხოვნელობას» ამკვიდრებს… ცოტა დავიძაბე…
შუადღემ მოატანა. ზურგი მეტკინა კომპიუტერთან ჯდომისგან.
- გათხოვილია? - მომესმა თინიკოს ხმა.
- კი, კაცო, კაი ათი წელი იქნება.
- ეგ კარგია, თორემ ხომ იცი გაუთხოვარი გოგოების ამბავი…
- ეგ გამორიცხულია. არ იცი, რა კარგი გოგოა.
ვიგრძენი, როგორ ამეწვა ლოყა! ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ოპერატორად კი არა, დირექტორის მდივნად ვიწყებდი მუშაობას…
ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ვიღაც მამაკაცი დიდი ხმაურით შემოიჭრა:
- კამპანიას გაუმარჯოს! - ჰიტლერივით გაიშვირა ხელი წინ.
«რა კაი ტიპია?» - შევათვალიერე უცნობი. მაღალი, ქერა, ცისფერთვალება მამაკაცი რაღაცით პოლ ნიუმანს ჩამოჰგავდა. «ცოლიანია», - დავასკვენი, როგორც კი მის არათითზე საქორწინო ბეჭედი შევამჩნიე.
- ვა-ა-ა! ვინც მოსულა, გაუმარჯო-ო-ს! როგორა ხარ, გუგა? _- ინგა უცნობს გადაეხვია. თინიკოც.
- ეს რა ჩიტი შემოფრენილა ჩვენთან? - გუგამ ახლა ჩემკენ გამოიხედა.
- ეს «ჩიტი» ხვალიდან ჩვენი ახალი თანამშრომელი იქნება. ჩემი მეგობარია, ანა. გაიცანი.
- ია პალშჩიონ, - გუგამ მუჭში მოიმწყვდია ჩემი თითები და მოწიწებით მეამბორა ხელზე. კიდევ უფრო დავიძაბე. სამი წელია, შინ ვზივარ, გადავეჩვიე ხალხთან ურთიერთობას. საერთოდაც მიჭირს ახალ გარემოსთან, უცხო ადამიანებთან შეგუება. «რა ლამაზი თითები აქვს», - გავაგრძელე გულში მამაკაცით აღფრთოვანება.
- რა ამბავია ამ ოთახში ამდენი ლამაზი ქალი! ჩემი გული ვერ გაუძლებს ამას. რა მშვენიერი ანაა. რომ შემიყვარდეს, რას მიპირებთ მერე? - სასიამოვნო ბარიტონით ხმაურობს «ნიუმანი».
- ბიჭო, შენ რავა ყველა გიყვარდება, ვინც ამ შენობაში ფეხს შემოადგამს! - სიცილით შეუტია თინიკომ. - ამას არ უსმინო, ანა. მასე იძახის, თორემ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველანი ჩემი დები ხართო, დაიწყებს თავის მართლებას.
- აბა, რა! ეგრეც არის. თქვენში მე ქალს ვერ ვხედავ. ნუ, იმნაირ პონტში, რა თქმა უნდა. თქვენ ჩემი ძმაქალები ხართ. აი, ანაზე კი რა გითხრათ…
გავიღიმე. «მაგარი ვინმეა», - გავიფიქრე კვლავ. მიყვარს ასეთი ჭკუამხიარული ტიპები. რა ვქნა…
გუგამ არ მოისვენა. გინდა თუ არა, რესტორანში უნდა წაგიყვანოთო. ინგას და თინიკოს ხვეწნა არც დასჭირვებიათ. როგორც ჩანს, მიჩვეულნი იყვნენ, მე კი ცოტა შევყოყმანდი. პირველი დღეა და სახლში რომ დავიგვიანო, ბესო გაგიჟდება. ჯერ არ დარჩენილა ბავშვთან ერთად მარტო. თანაც რა ვუთხრა, რესტორანში ვიყავი-მეთქი? ხომ მომკლავს. საშინელი აზიატია. ცოლი რესტორნებში არ უნდა დადიოდესო, - ასეთია მისი კრედო. ინგამაც იცის ბესოს ხასიათი, ამიტომ თვითონვე შემომთავაზა:
- წამო, წამო და ვაბშე არ ვუთხრათ შენს ქმარს, სად ვიყავით. ვითომ სამუშაოზე შემოვრჩით. სწავლობდი. კარგი?
თანახმა ვარ, რა თქმა უნდა. საუკუნეა, რესტორანში არ ვყოფილვარ. თანაც ასეთ ხალხთან. მით უმეტეს, დღევანდელი ქეიფი ხომ ჩემი გულისთვის ხდება.
- შამო კოლექტივში! - გუგამ მკლავი მომხვია სახეშეფაკლულს და ოდნავ მომიჭირა ხელი მხარზე.
7 7 7
დროსტარება შედგა. ქეიფი შესანიშნავი გამოვიდა. ბევრი ვიმხიარულე. გუგა დიდი იუმორით აღმოჩნდა «შეიარაღებული». იმდენი ვიცინე, ცრემლები წამომივიდა თვალებიდან. ტუჩის კუნთებიც კი მეტკინა. იმასაც კარგად ვგრძნობდი, რომ მამაკაცი ჩემზე ცდილობდა ეფექტის მოხდენას. კარგადაც გამოსდიოდა…
ათი ხდებოდა, როცა დავიშალეთ. გუგამ თინიკო გააცილა. ასე იყო საჭირო. მე და ინგა ერთად წამოვედით.
ბესო დაბოღმილი დამხვდა, მაგრამ ინგას დანახვაზე არაფერი უთქვამს… ღამემაც უკონფლიქტოდ ჩაიარა.
7 7 7
დილით ათის ნახევარზე გავედი შინიდან.
- ამეღამაც ორ საათზე მოხვალ? - დამგესლა ბესომ.
- არ ვიცი. საქმე როგორც მოითხოვს, - «საქმიანი» დავიჭირე. თუმცა, ჯერ ისიც არ ვიცი, ის რატი მიმიღებს, თუ არა.
ცოტა მეშინია კიდეც. ეს დაძაბულობა ხომ არა და არ მშორდება. რატომღაც გუგა გამახსენდა. «ნეტავ, დღეს თუ მოვა?» თავი გადავაქნიე. რა დროს ეგ არის, ჩემი ფინანსური ბედ-იღბალი წყდება. ისე, გუგა პოეტი ყოფილა, იმიტომაც მოდის ხოლმე გამომცემლობაში. თანამშრომლობს. მომღერალი პოეტი: გადასარევად მღერის და უკრავს თურმე გიტარაზე…
სულმოuთქმელად ავირბინე მეოთხე სართულზე, გრძელი დერეფანი გავიარე და კართან შევჩერდი. დაძაბულობამ იმატა. ახლა გადაწყდება ჩემი ბედი. ჩუმად ჩავახველე, თმა გავისწორე და კარი ნელა შევაღე. ოთახში შესულს პირველი, ვინც თვალში მომხვდა, ფანჯარასთან მდგომი წვერიანი მამაკაცი იყო, რომელმაც დიდრონი, თაფლისფერი თვალები დაკვირვებით მომართა ჩემკენ. «ქამელეონია», - მაშინვე გამიელვა გონებაში, როცა წვერიანის თვალებს შევხედე, «რა ფერსაც ჩაიცვამს, თვალებიც იმ ფერის გაუხდება. ეს ხომ არ არის რატი?»
- აი, ისიც! - შესძახა ინგამ და ჩემკენ გამოემართა. მამაკაცმა ღიმილით დააქნია თავი და ხელი გამომიწოდა.
- რატი, - ხავერდივით ხმა ჰქონდა, მშვიდი, დინჯი.
«მოეშვი, ნუ გეშინია», - თითქოს თვალებით გამომელაპარაკა. ვიგრძენი, როგორ უცებ გაქრა დაძაბულობა, თითქოს მძიმე ტვირთი ჩამომხსნეს მხრებიდან. «გმადლობთ», - თვალებითვე გადავუხადე მადლობა და მარჯვენა შევაგებე. თეთრი, სანთელივით ჩამოქნილი, სწორი თითები ჰქონდა, რბილი და თბილი. აშკარად ვიგრძენი მამაკაცის ხელი, რაღაც ტალღა წამოვიდა მისგან. დაჟინებით ჩამცქეროდა თვალებში, თითქოს უფრო ღრმად სურდა შეღწევა, იქ, სადღაც, სიღრმეში, თითქოს რაღაცის გამოცნობა უნდოდა. «ეს კაცი არ შემიყვარდეს», - სული შემიშფოთდა. «რა სისულელეა, რა დროს ჩემი სიყვარულია», - იქვე დავიმშვიდე თავი და ხელი გავითავისუფლე. იმდენად თბილი თითები ჰქონდა, რომ ხელის შეშვების შემდეგ სიცივე ვიგრძენი.
- გიმუშავიათ ოდესმე კომპიუტერზე? - შემეკითხა რატი.
- არა.
- ბეჭდვა იცით?
- კი, როგორ არა.
- რომელ განლაგებაზე ბეჭდავთ?
- რუსულზე.
- კარგია. მაშინ არ გაგიჭირდებათ.
შვებით ამოვისუნთქე. ესე იგი, მიმიღეს. რას გადამიხდიან, სულ არ მაღელვებს. რაღაცას ხომ მომცემენ. ჯანდაბას, სულ არარაობას ორი კაპიკი მაინც ჯობია…
კომპიუტერს მივუსხედით. ვგრძნობდი, რაღაც უცნაური მემართებოდა. უჩვეულოდ სასიამოვნო რაღაცის ტალღა ნელ-ნელა მეღვრებოდა სხეულში. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ როგორც კი რატი გვერდით დამიჯდა და ცალი ხელით ჩემი სკამის ზურგს შეეხო, უცხო სურნელება ვიგრძენი… ეს არ იყო სიგარეტის, არც სასმლის, არც ძვირად ღირებული ოდეკოლონის - ეს იყო რაღაც ახალი, აქამდე უცნობი, ჩემთვის ჯერ უცნობი, მამაკაცის სურნელი. აი, თოთო ბავშვებს რომ აქვთ ხოლმე, თითქოს ისეთი. არა, უფრო ალბათ… ნესვის… თუ ბანანის? რაღაც ამდაგვარი.
გაბრუებული ვიყავი. ბეჭდვისას ხელები მიკანკალებდა. რატი მიხსნიდა, ჩემამდე კი არაფერი დადიოდა. უცებ ვიგრძენი, მამაკაცი თითით როგორ შეეხო ჩემს ზურგს:
- მისმენთ? - ქვემოდან ამომხედა.
- როგორ არა, დიახ, გისმენთ, - უცებ გამოვფხიზლდი და ვცადე, გონება მომეკრიბა.
- მოდით, ერთ რამეში თავიდანვე შევთანხმდეთ. ჯერ ერთი, ვისაუბროთ შენობით. სხვანაირად არ გამოვა. მეორეც: მე წვრილად აგიხსნი ყველაფერს, ორჯერ, სამჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. რასაც ვერ გაიგებ, მითხარი, არ მოგერიდოს. არ მეზარება, თავიდან აგიხსნი. გამიგე?
- გაგიგე, - დაბნეული ღიმილით გადავდგი შეთანხმების პირველი ნაბიჯი და გავწითლდი.
არ მახსოვს, რამდენ ხანს ვმეცადინეობდით. ორჯერ გამეორება არ დამჭირვებია. უცებ ვითვისებდი ყველაფერს. ნიჭი, იცოცხლე, ფენომენალური მაქვს. სულ იმას ვამბობ, ტვინი დამიბლაგვდა უმოქმედობით-მეთქი. ვინმემ რომ ჩემი ტვინის ოთხი პროცენტი აამუშავოს და საქმეში «დააბანდოს», ისიც აშენდება და მეც.
ასეც იყო. სანამ გავთხოვდებოდი, ყოველთვის ყველაფერში პირველი ვიყავი. სკოლაშიც, ინსტიტუტშიც, ანსამბლშიც, მეგობრებშიც… ქალებშიც.
7
- ამხანაგებო, შესვენებას არ აპირებთ? ასე გალურჯდებით, - ვერც შევამჩნიე, როგორ წამოგვადგა ინგა თავზე, - ჭამის დროა, არ მოგშივდათ? წამო ანა, კაფეში ჩავიდეთ.
ჩავედით. პირველ სართულზე. აქაურობა მუშათა სასადილოს ჰგავს. მიხარია, ინგა რომ დავიმარტოხელე. რაღაცები მაინტერესებს.
- კარგი ადამიანი ჩანს რატი, - დავიწყე შეფარვით.
- ვაი, რა კარგი ბიჭია, იცი? ისეთი დიდსულოვანი, ისეთი ჭკვიანი… უგზო-უკვლოდ განათლებული. გადასარევი ვინმეა. აი, ახლოს გაიცნობ და შენ თვითონ ნახავ. როგორ მიყვარს ეგ საძაგელი. ქალებს აგიჟებს.
- ცოლი ჰყავს?
- არა, მაგრამ, ალბათ, მალე მოიყვანს. შეყვარებულია, - დაამატა.
უსიამოვნოდ მომხვდა გულზე. ვიგრძენი, როგორ ჩაწყდა რომელიღაც სიმი გულში.
- ჩვენთან მუშაობს?
- ვინ, ნინო? არა. მესამე სართულზე. იქ ერთი ტურისტული სააგენტოა და… რა ლამაზი გოგოა, იცი? თვალს ვერ მოაშორებ, ისეთი სახის კანი და თვალები აქვს. ცისფერი, ცისფერი. შვლის ნუკრივითაა. ჭკუა ეკეტებათ ერთმანეთზე. შემოდის ხოლმე ჩვენთან, გაჩვენებ ერთხელაც.
- უჰ, აქ ისეთი ამბები ხდება, გაოცდები, - გააგრძელა ინგამ მოყოლა, - ჭამენ ერთმანეთს. ნამდვილი ინტრიგების ბუდეა. რატიზე დიდი «მოთხოვნილებაა». არადა, რომ შეხედავ, თითქოს არაფერი ბიჭი არაა, ხომ? მაგრამ ისეთი სხვანაირი ბუნებისაა, რაღაც ძაან მამაკაცური, უსიტყვო, სასწაულად მშვიდი, რომ მაშინვე გიზიდავს ადამიანს. მაგრამ ძალიან თავდაჭერილია, ადვილად ვერ მიიქცევ მის ყურადღებას. იშვიათად, ვინმე მოეწონოს. ახლა - მით უმეტეს. ნინომ შეძლო მისი მორჯულება. კაი ხანია, სხვისკენ არ გაუხედავს. მოკვდა ის ერთჯერადი რომანები. ან რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ასეთ ურთიერთობებს? არანაირი.
საბოლოოდ გამიფუჭდა ხასიათი. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელიაო, იტყვიან. კარგია, რომ შეყვარებული ჰყოლია, თორემ… ვინ იცის, რა ჭკუაზე დავდგებოდი. რატის ისეთი თვალები აქვს, თვითონაც კარგად გავებმებოდი მახეში.
კიდევ კარგი.
ახლა აღარ მემუქრება ღალატის საშიშროება. ღალატი… მოულოდნელად ამოტივტივდა ეს სიტყვა. ამაზე არასოდეს მიფიქრია. თუმცა, სადაც კი მიმუშავია, მუდამ ვუფრთხოდი, ვინმე არ შემყვარებოდა…
მით უმეტეს, ისეთი ეშხიანი ვარ, თაყვანისმცემლები არსად და არასდროს მელევა. მერე რა, რომ გათხოვილი ვარ. მუდამ ბუზებივით ირეოდნენ. ყველგან. ეფექტს ხომ თავიდანვე ვახდენდი ჩემი შარმით, მაგრამ მერე და მერე, ხასიათსაც რომ გამოვამჟღავნებდი, უფრო ინტერესში ვაგდებდი მამაკაცს. შინაგან მომხიბვლელობასთან ერთად ვაჟკაცური ბუნებაც მიწყობს ხელს. ზედმეტად მამაკაცური ხასიათი მაქვს. ამიტომ ადვილად ვპოულობ საერთო ენას მათთან. ქალებთან უფრო მიჭირს ურთიერთობა. აი, კაცების «მოჯადოება» კი არასდროს გამჭირვებია. თუმცა, რაც გავთხოვდი, არც სურვილი გამჩენია ამისი და არც საჭიროება. ახლა კი…
7
«მგონი, სურვილი სულ თავისით მოდის», - შიშით გავიფიქრე. არა, არა, ამ საქმიდან, ძალიანაც რომ მოვინდომო, არაფერი გამოვა. ის ბიჭი უკვე შეყვარებულია. ჰოდა, ძალიანაც კარგი!..
გული მაინც დამწყდა, რაღაც უჩვეულოს მოლოდინი რომ გამიცრუვდა.
7 7 7
შუადღე გადავიდა. კიდევ დიდხანს ვიმეცადინეთ. მსიამოვნებდა რატის გვერდით ჯდომა, მარჯვენა მხარი მეწვოდა, ვგრძნობდი მამაკაცის სიახლოვეს. შიგადაშიგ ხარბად შევისუნთქავდი ხოლმე ჰაერს, თითქოს რაღაცის დანაკლისს ვინაზღაურებდი.
ხუთი გახდა. უცებ კარი გაიღო და მაღალი, ტანადი გოგო გამოჩნდა. ქერა. თითქმის რატის სიმაღლის იქნებოდა. ლამაზი, ლამაზი. «ის არის», - მაშინვე მივხვდი.
- არ გამოდიხარ? - პირდაპირ რატის მიადგა და მტრული მზერა მესროლა. არც მომსალმებია.
- ათ წუთში გამოვალ, დამელოდე, - შეყვარებული თვალები მიანათა რატიმ, - ზუსტად ათ წუთში.
- არ მალოდინო, - ნინომ კიდევ ერთხელ შემომხედა და მეორე ოთახში გაუჩინარდა. გოგოებთან.
მართლა ლამაზი ყოფილა. ისე ნაზად ხრიდა საუბრისას წამწამებს, როგორც ნახატი ფილმების პერსონაჟები.
ეჰ, ამისთანა ქალის გვერდით მე რა მოსატანი ვარ.
შემშურდა.
გაგრძელება იქნება