ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 86 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.
საქართველოს რკინიგზა, პროექტ „შენი გზის“ ფარგლებში, ნანი ბრეგვაძის მონაწილეობით ვიდეოს აქვეყნებს.
„ძალიან მიყვარდა მატარებელი. მე რომ ვიზრდებოდი მაშინ მანქანა არ იყო, მატარებლით ვმოგზაურობდი.
პურ-მარილი მახსოვს, ზოგი ღვინოს დაასხამდა და ქეიფი იწყებოდა... არაჩვეულებრივ დროს ვატარებდი...
სულ ვმოგზაურობდი... მოგზაურობისას ვითარდები – არაჩვეულებრივ და საინტერესო ცხოვრებას უყურებ ხალხისას. მათ გამოცდილებებს იზიარებ და ეცნობი სამყაროს, რომელიც იქამდე არასდროს გინახავს.
დიდი დრო გავიდა იმის მერე, რაც მე ჩემი თავი ვაღიარე მომღერლად... ვმღეროდი ჩემი სიამოვნებისთვის, არა იმიტომ, რომ პოპულარული გავმხდარიყავი.
50 წლამდე, რაც მე ნამღერი მქონდა და ჩაწერილი, არ მომწონდა... ვერ ვხვდებოდი, რატომ ვერ ვუგდებდი ყურს ჩემს თავს. ყველა კმაყოფილი იყო, მე კი - არა... სწორიც ვიყავი, ძალიან ბევრი იყო გამოსასწორებელი ჩემს სიმღერაში...
50 წლის რომ გავხდი, მაშინ მივხვდი, ალბათ, ვარ მომღერალი.
არ უნდა კმაყოფილდებოდე შენი მუშაობით, სულ წინ უნდა მიდიოდე“, - ამბობს მომღერალი.