"ნინი აირისისა და სოფია ჰოფმანის მიერ Blondie-ს კლასიკის ახალი ვერსია მართლაც ჯადოსნურია" - წერს Voice-ის ოფიციალური გვერდი ნინი ბრეგვაძისა და მისი პარტნიორის, სოფია ჰოფმანის შესახებ. გუშინ ამერიკულ Voice-ში რინგის ტური შედგა, სადაც ქართველმა ვარსკვლავმა 18 წლის სოფიასთან ერთად იმღერა. ნინის და სოფიას დუეტი მართლაც შთამბეჭდავი იყო, ის შეჯიბრებას კი არა, უფრო შოუს ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონკურენტები იყვნენ, გოგონებმა ერთმანეთის მხარდაჭერა და პატივისცემა სიმღერის დროს მაყურებელს ნათლად დაანახეს: "აი, ეს არის გოგონების ნამდვილი ძალა", "საოცარი საყურებელია", "მხიარულება, სიამოვნება, სიამაყე - ყველაფერი ერთად" - წერენ კომენტარებში. რინგის გამარჯვებული ქართველი ნინი ბრეგვაძე გახდა და ის ნაილ ჰორანის გუნდში გამოსვლას აგრძელებს.
ნინი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის - "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ "X ფაქტორშიც" გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.
"საქართველოში კარგი სტარტი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შემეძლო. ჩვენს ქვეყანაში განვითარების საშუალება არ მექნებოდა... რომ მცოდნოდა, როგორი რთული იქნებოდა, შესაძლოა, არც წავსულიყავი.
ჩასვლისას, ადამიანი, რომელიც უნდა დამხვედროდა, ვერ დამხვდა და ქუჩაში დავრჩი. არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ვარ, რომელსაც ასე დაემართა. კვირაზე მეტი გავატარე ნიუ-იორკის მეტროში, შემდეგ კი გადავწყვიტე, ჩემი სიამაყე გვერდზე გადამედო და დამერეკა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ვიცნობდი.
ჩემი მეგობარი საბა დამეხმარა, მასთან გადავედი საცხოვრებლად ბრუკლინში, სააგენტოების დახმარებით ვიპოვე ჩემი პირველი სამსახური... ბურიტოებს ვაკეთებდი. საშინლად მეზიზღებოდა ეს საქმე... მალევე ვიპოვე სამსახური, სადაც სიმღერას შევძლებდი. შაბათ-კვირას ვმღეროდი, კვირის დღეებში კი მიმტანად ვმუშაობდი წლების განმავლობაში. დროთა განმავლობაში დავიწყე რესტორნებსა და ქორწილებში სიმღერა.
ყველაზე რთული ჩემთვის არის ყოველდღიური ცხოვრება, ჩემი ოჯახის გარეშე გატარებული და არა რამდენიმე კვირა მეტროში ცხოვრება. 6-ჯერ ვცადე რეალურად ამ პროექტში [The Voice] გასვლა... ძალიან რთულია ასეთ პროექტებში მოხვედრა.
როგორც იქნა, შრომა დამიფასდა და მეც გამიმართლა. 120 ადამიანი შეგვარჩიეს. აქედან 100 დარჩა, რომლებმაც ფსიქოლოგიური ტესტი გავიარეთ.
თითო გუნდში 14 ადამიანი რჩება. ჯამში 56 ადამიანი გადავიდა შემდეგ ტურში. იმდენად დიდი სურვილი მქონდა ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალების, რომ სამყარომ მისმინა.
მე გვენთან ვაპირებდი წასვლას, მეორე ვერსიად ნაილს ვფიქრობდი, თუმცა ნაილმა ისე გაიგიჟა თავი, როგორ გავუძლო მის ლამაზ თვალებს-მეთქი და ნაილი ავირჩიე. ეს ხუმრობით. ვცდილობ, გული რასაც მიკარნახებს, ისე მოვიქცე. დავინახე, რომ ნაილს ყველაზე მეტად უნდოდა ჩემთან მუშაობა და ამიტომ ავირჩიე ის. შემდეგი ეტაპი არის „რინგები“, სადაც შევებრძოლები ჩემივე გუნდიდან ერთ-ერთ წევრს. ამას ძალიან მალე გაიგებთ, მომავალი კვირის სამშაბათიდან", – ამბობდა ნინი ბრეგვაძე.