"შემეცნება ამ სამყაროსი არის შესანიშნავი გართობა ადამიანისთვის, რაც მეტს გაიგებ, მიხვდები, რომ არაფერი არ იცი... სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს, რომ გავაგრძელოთ მოძრაობა" - ლევან წულაძის ტაატით მოყოლილი ამბავი - Marao

"შემეცნება ამ სამყაროსი არის შესანიშნავი გართობა ადამიანისთვის, რაც მეტს გაიგებ, მიხვდები, რომ არაფერი არ იცი... სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს, რომ გავაგრძელოთ მოძრაობა" - ლევან წულაძის ტაატით მოყოლილი ამბავი

2023-10-25 15:25:39+04:00

პირველი, რაც მისი სახელისა და გვარის გაგონებისას გვახსენდება, გარდა დაუვიწყარი სპექტაკლებისა, ალბათ, მისი გამორჩეული იუმორი და თხრობის მანერაა. ზღაპრის კეთილ გმირს ჰგავს და, მიუხედავად იმისა, რომ 58 წლისაა, გული კვლავ ბავშვურად უცემს. ლევან წულაძე თეატრის მოყვარულთათვის, და არამარტო, საყვარელი რეჟისორი და გამორჩეული პერსონაა. 

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სადავეები ხელში 2006 წელს აიღო, ხანგრძლივი, საინტერესო, თავგადასავლებითა და წარმატებით სავსე 17 წლის შემდეგ კი მან ეს სივრცე დატოვა და ახალი, საკუთარი თეატრი, "თეატრი სახელოსნო 42" გახსნა. "განახლებას აქვს დიდი მნიშვნელობა როგორც რეჟისორისთვის, ისე მსახიობისთვისაც, ახლიდან დაწყების სურვილი ძალიან მნიშვნელოვანია. რომ დარწმუნდები, რომ ყველაფერი კარგადაა, ესე იგი, რაღაც ფუჭდება და უნდა დაიწყო კომფორტის ნგრევა" - ასე ხსნის ის თავის გადაწყვეტილებას taatibeer-სთან საუბრისას: 

"ეს ჩემთვის უკვე აღარ ვიცი, მერამდენე, ალბათ, მეოთხე თეატრია. მეკობრისთვის რაც არის გემი, ის არის ჩვენთვის დამოუკიდებელი თეატრი - მიდიხარ იქით, საითაც გინდა, შენ თვითონ ირჩევ კურსს. დამარცხდები და შენი ბრალია, არ ჩაიძირები და ეყვარები შენს მეზღვაურებს.

სრულყოფილება, მიუხედავად ყველაფრისა, არ განისაზღვრება შენობითა და არქიტექტურით. თეატრი არის იქ, სადაც სრულყოფილი მსახიობები ერთმანეთთან ორგანულად ურთიერთქმედებენ. იდეალური თეატრი არ არსებობს, იდეალური თეატრი ცუდია.

შემეცნება ამ სამყაროსი არის შესანიშნავი გართობა ადამიანისთვის, რაც მეტს გაიგებ, მიხვდები, რომ არაფერი არ იცი. ეს ჩემი აზრი არ გეგონოთ, სოკრატეს სიტყვებია და ახლის გაგების ეს გაუთავებელი წრე გვაძლევს სტიმულს, რომ გავაგრძელოთ მოძრაობა.

თეატრი გველეშაპივით ყლაპავს ადამიანს, მის პირად ცხოვრებას. ამით მე, შეიძლება, ბედნიერი ვარ, მაგრამ არ არიან ჩემი გარშემომყოფები. ბალანსი აუცილებელია.

მოკლედ, რთულია ეს ცხოვრება, ამიტომ აიღეთ ხელში თასი და იფიქრეთ რაიმე უკვდავზე, მაშინ ყველაფერი თავისით დალაგდება" - ამბობს ლევან წულაძე.