ია ფარულავა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, სადაც მან საკუთარი ცხოვრების, წარსულისა და მომავლის შესახებ ისაუბრა. იამ ყოფილ მეუღლესთან, ტარიელ სუართან დაშორებაზეც გააკეთა კომენტარი:
"ძნელი იყო, მაგრამ გარდაუვალი ეს დაშორება. ჩემთვის ტარიელი არის და დარჩება ძალიან ძვირფას ადამიანად. მას სხვანაირი ქალიც მოუხდება, უნდა მოიყვანოს ცოლი, ჰყავდეს შვილი. განცალკევების ეტაპი რთული იყო, 10 წლის მანძილზე არავისთან მიცხოვრია, თან ისე, რომ გვერდზე არავისთვის გამიხედავს. გამიჭირდა მისი წასვლა ამხელა ბინიდან, მის ოთახში ვერ შევდივარ. მაგრამ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მინდა, რომ მას, როგორც მუსიკოსს, მხარი დავუჭირო", - ამბობს ია.
"ბედნიერი ვარ, რომ იმ ასაკში, ვარ, რომ თუ მაქვს საერთოდ ნაოჭი, ძალიან მახარებს, ახლა უკვე ბრძენი ვარ. ჭკუა ვისწავლე, ისევ იმ შეცდომებს აღარ დავუშვებ. ახლა გამოცდილებას და ინტუიციას მივენდობი.
ყველა ქალი შამანია, ყველა ქალს აქვს "კუდი", რისი საშუალებითაც ჩვენ ვძლიერდებით. იცით, რა, იშვიათად ვტირი, მაგრამ ტარიელი რომ წავიდა, ცოტა ვიტირე. სევდა არის ჩემთვის განმარტოება, არის ხოლმე, როცა გავეთიშები ყველაფერს, ვუსმენ მუსიკას, ვიძინებ და ამ ძილით ვაგვარებ ყველა იმ ფსიქოლოგიურ თუ სხვა პრობლემას. ასე ხდება უკვე 30 წელია, იმიტომ, რომ თუ ხარ "კუდიანი" ქალი, აუცილებლად იცი, როგორ უმკურნალო შენს სულსა და გულს..." - ამბობს ის.
ია ფარულავამ გაიხსენა წლების წინანდელი ამბავიც და თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გამო დაბრუნდა:
"ერთი ადამიანის სიყვარული იყო ნამდვილი, რომლის გამოც 1998 წელს მე გავბედე და ამერიკიდან ჩამოვედი. მაშინ ხალხი ამ ქვეყნიდან გარბოდა, მე კი ჩამოვედი. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მანიპულაციის მსხვერპლი ვიყავი და არ ვაქცევდი ყურადღებას ნიშნებს. სხვაგან ფუფუნებაში ყოფნას ჩემს ქვეყანაში მირჩევნია ყოფნა, ვერ გავძლებ სხვაგან... არსად არ მაქვს ეს ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის გამო ჩამოვედი საქართველოში. ძალით ჩამომიყვანა. ჩემს საქმროს უთხრა, ია ცოლად მომყავს და საქართველოში მიმყავსო. როგორც ყველა თავის ქალს, მეც ცუდად მომექცა... მიშაზე, როგორც პოლიტიკოსზე, მე ცუდს ვერ ვიტყვი; როგორც პიროვნებაზე, კი. მას ძალიან უყვარს თავის ქვეყანა" - თქვა ია ფარულავამ