გუგა ნელ-ნელა «მომიჩოჩდა». უცებ გამონახა ჩემთან საერთო ენა. ყოველდღე, სხვებთან «შემოვლას» რომ დაამთავრებდა, მე დამიჯდებოდა ხოლმე გვერდით, ბოლო «პასადკა» შენ ხარო, ხუმრობით მეუბნებოდა.
კომპიუტერი უკვე «დავამხეცე». ისე სწრაფად ვბეჭდავდი, ოთახში ავტომატის კაკანივით ისმოდა ჩემი კლავიატურის ხმა. ვცდილობდი, შეცდომა არ გამპარვოდა. შეცდომა კი არა, სტილსაც ვასწორებდი მექანიკურად. ჩემი სპეციალობის გამოისობით (ფილოლოგი ვარ), რა მექნა, სხვანაირად არ შემეძლო. ძალაუნებურად ასე გამომდიოდა. სულ არ მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი ასეთი საქციელით შეიძლებოდა ვინმე გამენაწყენებინა.
- როგორ მიდის საქმეები? - ზურგზე რატის თითის შეხება ვიგრძენი. ტალღამ დამიარა. ასე იცოდა ხოლმე. დაგიდგებოდა ზურგს უკან და საჩვენებელ თითს «გატაკებდა» ზურგში. ყველას ასე უკეთებდა, მარტო მე არ ვიყავი გამონაკლისი. ავხედე. თვალები ყავისფერი გახდომოდა. ზუსტად მაგ ფერის სვიტერი ეცვა.
- არა უშავს, მიდის ნელ-ნელა, - ალმური წამეკიდა სახეზე. სულ ასე მემართებოდა, ჩემთან რომ გააბამდა საუბარს.
- ხომ არ იღლები?
- არა, სრულებით არა. ხანდახან ზურგი თუ მეტკინება.
- თვალები?
- თვალები? არ-ა?! - გავიკვირვე.
ცოტა ხანს შეჩერდა. წარბზე ცერა თითის ფრჩხილი გადაისვა, დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში და მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა:
- მბეჭდავკა! - თქვა.
თითქოს რაღაც მიჩხვლიტეს გულში. ვერ მივხვდი, მისი ნათქვამი ქათინაურად უნდა მიმეღო თუ შეურაცხყოფად. არ შევიმჩნიე. ურეაქციოდ შევხედე.
- ეს გუგას ტერმინია, - ნიშნი მომიგო და გატრიალდა.
გავშრი. ვისი ტერმინიაო? გუგა რა შუაშია? ან რაში დასჭირდა მისი «ჩაშვება»? ეჭვიანობს? რა სისულელეა! მაშინ რატომ მითხრა? ვიგრძენი, როგორ გაუფერულდა ყველა და ყველაფერი - რატიც, გუგაც და მისი ქათიანურებიც. უხალისოდ გავაგრძელე მუშაობა.
შესვენებაზე ინგამ და გიამ (მგონი, უყვართ ერთმანეთი) ოთახში მოგროვებული ფულით ყველი და შოთის პურები ამოიტანეს, თან მწნილი და წიწმატიც მოაყოლეს. მშვენიერი სადილი გამოგვივიდა. ამასობაში გუგაც შემოგვესწრო.
- დედა, როგორ ჰყვარებიხარ სიდედრს! - შესძახა თინიკომ მის დანახვაზე.
- მართლა? რა კარგია! - ხმამაღლა გაიცინა და დაამატა:
- ასეც ვიცოდი! დღეს ალბათ, ამიტომაც ვარ განსაკუთრებულ ხასიათზე.
- რა ხდება? - დაინტერესდა ინგა.
- გადავწყვიტე, სასიყვარულო ლექსიკონი შევქმნა… ქართველი ხალხისთვის, - პოეტური პათოსით წარმოთქვა.
სიცილი ატყდა. ყველამ იცოდა მისი ენაკვიმატობის ამბავი და რაღაც არაჩვეულებრივის მოლოდინში სმენად იქცნენ.
- გადასარევი აზრია, - «გვერდში ამოუდგა» თინიკო. - აბა, ერთი გაგვიზიარე, რა ჩაიფიქრე!
- ქალბატონებო და ბატონებო! - აქ გუგამ ჩაახველა, - ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მწირია ჩვენს ქვეყანაში სასიყვარულო ლექსიკონი ისევე, როგორც სექსუალური ქმედებების ფორმები. მაგალითად, ცოლს, თუ იგი ახალმოყვანილი არ არის, არა აქვს უფლება, შიშველი ჩაწვეს ლოგინში. ეს ბოზობის უმაღლესი გამოვლინება იქნება. ასევე ქმარს არ შეუძლია ცოლის წინაშე გაიხადოს ტრუსი და შიშველი დაენახოს მას, რადგან კაცისგან ასეთი საქციელი «ტეხავს». ხომ მეთანხმებით? შორს ვართ, მეგობრებო, თავისუფალი სექსისგან, შორს. სრულ სექსუალურ ვაკუუმში ვიმყოფებით. ამიტომაც აუცილებელია, შევქმნათ სიყვარულის ქართული ლექსიკონი. აი, მაგალითად, ხომ არსებობს სიტყვა: «მიყვარხარ»? ჰოდა, რატომ არ უნდა არსებობდეს სიტყვა: «მიხარიხარ»? უყურეთ, რა მრავლისმთქმელი სიტყვაა? ან კიდევ, ვამბობთ: «მენატრები»… რატომ არ უნდა ვთქვათ, მაგალითად, «მეფიქრები»?
სიცილნარევი ჩოჩქოლი შეიქნა. გუგა არ ცხრებოდა:
- რითი გვჯობია რუსები ჩვენ? არაფრით. აი, მაგალითად, რუსულში არსებობს ასეთი გამოთქმა: «ზაიმიომსია ლუბოვიუ». მითარგმნეთ ქართულად.
ატყდა ერთი რია-რია. მე ჩუმად ვიჯექი, ხმას არ ვიღებდი. ჯერაც არ გამნელებოდა «მბეჭდავკათი» მიღებული დარტყმა.
- მივდიოთ სიყვარულს! - დაახეთქა ინგამ.
- არ ვარგა, - ხელი აიქნია გუგამ.
- რატომ, რატომ? თუკი არსებობს «მივდიოთ სპორტს», რატომ არ შეიძლება ვთქვათ, «მივდიოთ სიყვარულს»? - პატარა ბავშვივით აიბზუა ტუჩები ინგამ.
- არ ვარ-გა! - ისევ თავისაზე იდგა გუგა, - შენ ჩუ! შენ ჯერ სექსს გაუგე გემო და მერე ილაპარაკე. ეს «საბავშვო» სიტყვა არ არის.
- დავკავდეთ სიყვარულით, - კომკავშირელივით წამოიძახა თინიკომ.
- აჰ! თინა, თინა, კაკ ტებე ნე სტიდნა? დაკავება მე ხელფასის გამიგია, ან საქმით დაკავება. კი ბატონო, მაგრამ სიყვარულით დაკავება რას ჰქვია! შენ რას იტყვი, რატი? გამოცდილი კაცი ხარ, კარგი ვერსია გექნება.
- მოვისურვილოთ, - «ესროლა» რატიმ და თითებით წვერი ჩამოივარცხნა.
- ახლოსაა, ახლოს, - მოწონების ნიშნად თავი დააქნია, - მაგრამ მთლად ვერ მიესადაგება «პროცესს».
- ვისიყვარულოთ, - არ ჩამორჩა რატის გია.
- ეგ ძალიან მშრალია. მასში ლოგინი არ ჩანს, - დაიწუნა კვლავ.
- ვისექსაოთ, - სიტყვა თავნება ბავშვივით გამექცა ენის წვერიდან.
უცებ წამიერი დუმილი ჩამოვარდა. ჩემგან ამას არავინ ელოდა. ალბათ.
- მოლოდჩინა! - აღტაცებით შესძახა გუგამ და ტაში შემოჰკრა, - აი, ვარიანტი! აი, ვერსია! ხუთიანი ანას! ხუთიანი, მაგრამ… მინუსით.
- რატომ მინუსით? - დაინტერესდა თინიკო.
- იმიტომ, რომ ამ გამონათქვამის ჩემეული, ანუ ქართული ვარიანტი ერთობ მიმზიდველად ჟღერს…
- ე, ბიჭო! ნუ გადაგვაყოლე, გვითხარი, - ვერ მოითმინა ინგამ.
- ვი-დიალოგი-ნოთ! ანუ, ეს არის დიალოგი ლოგინში! - გუგა სკამის საზურგეს დაეყრდნო, მაიაკოვსკივით გაიშვირა ხელი წინ და გამარჯვებული სახით შემოგვხედა.
ორიგინალური მიგნება იყო. ჩაეთვალა.
7 7 7
მხიარულება რომ ჩამთავრდა, გუგამ ჩემკენ გადმოინაცვლა.
- როგორა ხარ, მშვენიერო ანნა?
არ შემიხედავს, ისე დავუქნიე თავი.
- იცი, მე ლექსების ახალი ციკლი უნდა გამოვუშვა და უნდა დავარქვა: ა-ნ-ნ-ა! - მარჯვენა ხელით რევერანსივით ჟესტი გააკეთა.
- ძვირფასი სათაურია, - ვუკბინე, - მაგრამ ეს ორი «ნ» რა ამბავია! ან ერთი დატოვე, ან - მეორე, - ვამძაფრებ ირონიას ნასესხები ფრაზებით.
- ნუ მაშაყირებ. ხომ იცი, როგორ მომწონხარ. პირდაპირ მაგიჟებ. შენ ჩემი მუზა ხარ.
- მერამდენე? ალბათ, მეათე, არა? - სიცილი დავიწყე.
ჩემ დაცინვას არ მიაქცია ყურადღება.
- რომ არ შემიყვარო, იცოდე, თავს მოვიკლავ! - გამწარებულმა განაგრძო «შებმა».
- ვიცი.
- იცი? საიდან?
- ჰმ! შენამდე ყველამ ასე მოიკლა თავი… შენსავით, - «დავარჭვე» მახვილი ბოლო სიტყვას.
- ო-ო-ო! ეშმაკი ქალი ხარ, შენ, მშვენიერო ანა, ეშმაკი, - დამიქნია თითი, - ეშმაკი და თანაც საშიში.
- რატომ საშიში? - წუპაკი ქალივით შევხედე.
- იმიტომ, რომ ჭკვიანი ქალები საერთოდ საშიშნი არიან. კიდევ კარგი, რომ ამქვეყნად ცოტა ქალია ჭკვიანი.
- კი, ნამდვილად საშიში ქალი ჩანს, - ეს რატის ხმა იყო. იგი გემრიელად ხითხითებდა, - მაგრამ შენ ხომ გიყვარს ასეთი ქალები? - გახსნა მის კარტები.
- რა თქმა უნდა. მე რომ ქალთან «ვიდიალოგინო», სამ აუცილებელ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს ლამაზი, ჭკვიანი და… არ უნდა იყოს გაუთხოვარი. ქალიშვილების წუწუნის თავი არ მაქვს.
- და სულ ასეთ ქალებთან აბამ რომანს? - გამოვიჩინე ცნობისმოყვარეობა.
- სულ! - გადაჭრით მითხრა.
- წარმომიდგენია, რა ცოტა ქალთან ყოფილხარ ნამყოფი, - არ დავინდე და ჩავუნისკარტე.
რატი კვლავ ახითხითდა. მწარე ირონია გამომივიდა. სამაგიეროდ, «მბეჭდავკასათვის» სამაგიერო გადახდილი იყო. არ შეიმჩნია.
- ხომ გეუბნებოდი, საშიშია-მეთქი. ახლა სხვა ამ აზრს გამოიტანდა ჩემი ნათქვამიდან? საიდან რა გამოაცხო, დაინახე? - მიუბრუნდა რატის.
- მართალია ეს გოგო, რას ერჩი, - რატი აშკარად ჩემს მხარეზე იყო. სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა. ვიგრძენი, როგორ შემცირდა ჩვენს შორის მანძილი ერთი ნაბიჯით. თითქოს უფრო ახლოს მივედით ერთმანეთთან.
- რამდენსაათიანი რომანები გაქვს ხოლმე? - არ მოვეშვი.
- მ…მ…მ… მაქსიმუმ სამთვიანი. საათებში ნამდვილად არ გამიზომავს, - ნახევრად სერიოზულად მიპასუხა.
- გამოდის, რომ ქალები მხოლოდ სტაჟირებას გადიან შენთან, არა? - ისევ «დავკბინე».
- კი, ასე გამოდის, - ყოყმანით დამეთანხმა.
- შენ გინდა თქვა, რომ ანაზეც ვრცელდება ეს ვადა? - რატი სიცილით იჭაჭებოდა.
- ა-ა-რა, - გუგამ შეურაცხყოფად მიიღო მისი შენიშვნა, - ანას მაგას როგორ ვაკადრებ. მაგან ოღონდ მოისურვოს და…
- პირველი ვიქნები, არა? - ჩავიცინე, - შტატში ჩამსვამ. ვაკანსია არის? - ცივად გავუღიმე.
- სხვათა შორის, ვაკანსია არ არის. ჩემს ცხოვრებაში პირველი ქალი ჩემი ცოლია. იყო და იქნება, - გაბრაზდა გუგა, როცა მიხვდა, რომ აგრესიას ვიჩენდი მის მიმართ, - მე ყველა ქალი მიყვარდა, ვისთანაც მიურთიერთია და არც ერთისთვის არ მიწყენინებია. არც განშორებისას დამიტოვებია რომელიმე გულდაწყვეტილი. არასდროს! ყოველთვის ყველაფერი ლამაზად მთავრდებოდა და დღემდე ყველა დიდი სიმპათიით მიხსენებს, - გადააქნია თავი.
- მაშინ შენ შანსი არა გაქვს, - წამოვდექი და ტუჩები გავაწკლაპუნე, - მე მეორე არასოდეს ვყოფილვარ, - გავუღიმე, დემონსტრაციულად შევტრიალდი და ოთახიდან გავედი. მწარედ «გავუხუნე» ხუმრობა «შეყვარებულ შექსპირს».
7 7 7
ასე გადიოდა დრო სამსახურში. ადვილად მოვერგე კოლექტივს, ყველას ნდობა მოვიპოვე და მოწონება. მე მგონი, მარტო ნინოს «ვეპატარავებოდი» თვალში. ალბათ, პერსპექტიულ მეტოქეს თუ ხედავდა ჩემში. სხვა არაფერი დამიშავებია.
ჯერჯერობით…
ისედაც ვცდილობდი, ფრთხილად მოვქცეულიყავი. სხვისი თვალით ვუყურებდი საკუთარ თავს, საკუთარ ქმედებას. შორიდან ვზვერავდი, ცუდად ხომ არ ჩანდა თანამშრომლებში, გუგა რომ ასე მეფლირტავებოდა გათხოვილ ქალს, მაგრამ იმდენად შეკრული იყო თანამშრომელთა წრე, ამის საშიშროება ნამდვილად არ მემუქრებოდა. ყველამ იცოდა, რომ ჩემი მხრიდან ეს უბრალო ხუმრობა იყო და სხვა არაფერი. რაც შეეხებოდა გუგას… არც ის იყო მაინცდამაინც «დამწვარი» სიყვარულით და ამიტომ ვცდილობდი, ნელ-ნელა ჩემს «რელსებზე» გადამეყვანა. მეგობრობა შევთავაზე, ჩვეულებრივი მეგობრობა. გამიძალიანდა.
- ვერ წარმომიდგენია, რა ადგილში შეიძლება ქალისა და მამაკაცის უბრალო მეგობრობა? - იჩეჩავდა მხრებს, - თანაც შენნაირი ქალის, ან… ჩემნაირი კაცის. მგელს რომ კრავი მიაბარო… ზუსტად ეგ ვარიანტია, - მომანათებდა ხოლმე თავის ცისფერ თვალებს, მერე კი ლექსებს მიკითხავდა.
7 7 7
როგორც იქნა, ჩემი პირველი ნამუშევარი დავამთავრე. ვიღაც გამცემლიძის პუბლიცისტური წერილების სერიალი. უზარმაზარი. ავტორი ერთი პუტკუნა ქალი იყო, სქელი. ფუფალასავით გამოპრანჭული დადიოდა. შინაბერას შთაბეჭდილებას ტოვებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ეს ქალი და პირდაპირ ჩემკენ გამოაჭრა:
- გოგონი, თქვენ აკრიფეთ ჩემი წერილები კომპიუტერზე, არა? - ოფიციალური ტონით მომმართა.
- დიახ, მე, - ვცადე, მომხიბვლელად გამეღიმა.
- სტილიც თქვენ ჩაასწორეთ? - გააგრძელა.
- დი-ა-ხ, - შევცბუნდი. მგონი, შევცდი. რაც ჩემი საქმე არ იყო, არ უნდა გამეკეთებინა. როგორც ჩანს, რაღაც დავაშავე. «დამერხა», - გავიფიქრე.
ქალი უსიტყვოდ გატრიალდა და პირდაპირ რატის კაბინეტში დურთა თავი. დავიძაბე…
გავიდა დაახლოებით თხუთმეტი წუთი. ეს დრო საუკუნედ მეჩვენა. იგი მალე ზურგშექცევით გამოვიდა რატის ოთახიდან და დიდი მოწიწებით მიიხურა ცხვირწინ კარი. მერე მე მომიტრიალდა:
- მე ასეთი არაფერი მინახავს… უბრალოდ, შეცდომა ვერ ვიპოვე შიგ. რა გინდა, შვილო, მბეჭდავად, ასეთი ქართული თუ იცი? - გაასავსავა ხელები, - პირველად შემხვდა ჩემს ცხოვრებაში ოპერატორი, სტილსაც რომ ასწორებდეს, - ეს უკვე თინიკოსა და ინგას მიმართა.
შვებით ამოვისუნთქე. კიდევ კარგი, რომ ასე კეთილად დამთავრდა ყველაფერი…
მალე რატიმ მიმიხმო თავისთან, კაბინეტში.
- შენ თუ ასე გააგრძელებ, არც მბეჭდავი დამჭირდება სხვა და არც სტილისტი, - ღიმილით მითხრა.
როგორც იქნა, «შემამჩნია».
- ადრე მუშაობდი სტილისტად?
- არა, არასდროს.
- აბა, საიდან?
- რა ვიცი, მე… ფილოლოგი ვარ და…
- რას ამბობ! არ ვიცოდი, - დამნაშავესავით გაიღიმა, - ინგას არც უხსენებია….
- არა, რა საჭირო იყო, მე ხომ მბეჭდავად უნდა მემუშავა…
- რას იტყვი, შეითავსებ სტილისტის საქმეს? - თითები ააცეკვა მაგიდაზე.
- რა ვიცი, თუ ვინმეს ხელს არ შევუშლი…
- არა, არ შეუშლი. ჩვენ სტილისტი არ გვყავს. იმიტომ, რომ აქ გასწორებული სტილი არასდროს მოსწონდათ ჩვენს ავტორებს, ამიტომაც დროებით გავაჩერეთ ეგ შტატი. შენ კი უცებ ისეთი ფურორი მოახდინე… თუმცა, არა მარტო მუშაობით, - მრავალმნიშვნელოვნად ამომხედა.
- დაჯექი, რატომ დგახარ? - ახლაღა შეამჩნია, რომ ფეხზე ვიდექი.
- გმადლობთ, - უჩუმრად გამოვწიე სკამი და ჩამოვჯექი. ხმაც ამიკანკალდა და მუხლებიც.
- გუგას გემოვნებაში ეჭვს ვერ შეიტანს ადამიანი, - გააგრძელა შემპარავად, - შეუმჩნეველი არსად დარჩება ლამაზი ქალი.
«ლამაზი ქალი» ყურში მომხვდა. ვითომ ასე ფიქრობს? რაც შეიძლებოდა, მიამიტი სახე მივიღე, რომ შემეფერებინა დირექტორის კომპლიმენტი, პირველად რომ გამოიმეტა ჩემთვის.
- ესე იგი, თანახმა ხარ? - კვლავ ძველ თემას დაუბრუნდა, - სცადე.
- კი ბატონო, ვცდი, - დავუქნიე თავი.
ფეხზე წამოვდექი. თვითონაც წამოდგა, ახლოს მოვიდა და ჩვეული მზერით ჩამხედა თვალებში:
- შენ მართლა ლამაზი თვალები გქონია. როგორ აქამდე ვერ შევამჩნიე?.. - მაღლა აზიდა წარბები და პაუზა გაწელა, - როგორა თქვი მაშინ? ვისექსაოთო, არა? - გამახსენა «დიალოგინის» ჩემეული ვარიანტი.
ცეცხლი წამეკიდა სახეზე. ლოყები გამიხურდა. ესე იგი, იცის, რომ მომწონს. მიხვდა. თუმცა, როდის იყო, ქალის თვალები რამეს მალავდა. მეც ყველაფერი მუდამ ზედ მაწერია. სულ ასე «ჩამიშვებს» ხოლმე. იქნებ, არც მიცდია დამალვა?..
- იფიქრე მაგ საკითხზე, - სერიოზულად მითხრა და მხარზე მომითათუნა ხელი.
თავი დავუქნიე, ოღონდ ვერ მივხვდი, «მაგ საკითხში» რა იგულისხმებოდა - სექსი თუ სტილისტის საქმიანობა.
გაგრძელება იქნება