შესანიშნავ ხასიათზე ვბრუნდებოდი შინ. გზად გვანცას გამოვუარე ბაღში. სანამ სახლამდე მივაღწევდით, ენა არ გაუჩერებია, რაღაცებს მეტიტინებოდა. შუქი მოსული დაგვხვდა. ამ ბოლო ხანებში საგრძნობლად გამოსწორდა გრაფიკი. თუმცა რა, უკვე მარტი მთავრდებოდა. დრო არ იყო თუ რა?.. ბესო ტელევიზორში დამხვდა «შემძვრალი», საფეხბურთო მიმოხილვას უყურებდა.
- ახალს რას იტყვი? - ალმაცერად გამომხედა.
გვანცას უკვე მოესწრო მის მუხლებზე მოკალათება. სავარძელში ჩავესვენე. მოვუყევი ჩემი «წინსვლის» შესახებ. რა თქმა უნდა, მხოლოდ სამსახურის საქმეზე. დიდად არ აღფრთოვანებულა. ტუჩი აიბზუა.
- კიდევ? - ჩამეძია.
- რა კიდევ? - შევუბრუნე კითხვა.
- კიდევ არ არის ახალი?
- მეტი არაფერი, - განზე გავიხედე.
ამ ბოლო ხანებში ბლომად ტყუილის თქმა მიწევდა. უნდობლად შემომხედა. შეიძლება არც შემომხედა, მაგრამ ასე მომეჩვენა. ვიფიქრე, მივალ და მოვეხვევი-მეთქი, მაგრამ… ხელოვნურად გამომივიდოდა. არ ღირდა. არადა… ისე ვიცხოვრეთ ათი წელი, არასდროს მოგვიტყუებია ერთმანეთი. ჩხუბით როგორ არ გვიჩხუბია, მაგრამ ტყუილი არ დაგვჭირვებია. დავიწყე მუშაობა და დავიწყე ტყუილებიც… მის სათქმელად კი ათასნაირი მიზეზი მოიძებნება ყოველთვის. მით უმეტეს, ჩემს სიტუაციაში. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ტყუილი «კეთილი» იქნება თუ «ბოროტი». ხანდახან მოტყუება იმდენად დიდი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთელი ცხოვრება შეცვალოს… რა მეშველება…
…თავიდან ისე კარგად აეწყო ურთიერთობა… თაფლობის პერიოდი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა - მთელი სამი წელიწადი. ამას უშვილობამაც შეუწყო ხელი. მთელი შვიდი წელი არ დავორსულებულვარ. მერე, როცა თაფლი «მოილია» და შიშველ ცხოვრებას ჩავუვარდით ხახაში, პირველმა უსიამოვნებებმაც იჩინა თავი. გვანცას დაბადებამ დროებით შეაჩერა ჩვენი ოჯახური კონფლიქტები, მაგრამ მხოლოდ დროებით… რა ცუდია, როცა გრძნობა ხუნდება. სიყვარულის გაუფერულებას ვერ ეჩვევი ადამიანი. შეუცნობლად მუდამ რაღაც ახალს ეძებ, რაღაცას ელი. კონკრეტულად რას - არავინ იცის, მაგრამ მოლოდინში კი სულ ხარ… შეიძლება არც ფიქრობდე ამაზე, მაგრამ ქვეშეცნეულად მაინც უჩვეულოს ელოდები… გინდა, რაღაც შეიცვალოს… მეც სწორედ ამ დღეში ვიყავი….
გვიან დავწექი. კედლისკენ გადავბრუნდი და ოცნებისთვის მოვემზადე. ვცადე, მთელი დღის კადრი უკუღმა დამეტრიალებინა და თავიდან განმეცადა მომხდარი… სიბნელეში სულელივით მეღიმებოდა… გვიან ჩამეძინა…
რატი მესიზმრა.
პირველად.
საკმაოდ «ურცხვი» გამოდგა ზმანება…
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მთელი არსებით განვიცდიდი ყველაფერს - ცხადად ვგრძნობდი მის ხშირ სუნთქვას, ცხელ ტუჩებს, მისი თითების ჩამოსმას ჩემს შიშველ ზურგზე; ვგრძნობდი, როგორ ვყავდი ჩაბღუჯული მკლავებში… თითქოს არც მეძინა…
ეს იყო ყველაზე სრულყოფილი, სასიამოვნო და ყველაზე ცხადი სიზმარი ჩემს ცხოვრებაში.
«დიალოგინი» შედგა…
მე უკვე ვუღალატე ქმარს…
ფიქრებში.
დრო გადიოდა. როგორც იქნა, დათბა. გაზაფხულმა თავისი ქნა - ხეებმა ნელ-ნელა შემოსვა იწყეს, ქალებმა - გაშიშვლება. ძარღვებში სითბო დატრიალდა, ჰაერში - აპრილის სურნელი… მამაკაცებს სიხარბე მოეძალათ - სუფთა ჰაერის შესუნთქვისა და «შიშველი» ქალების თვალიერების…
შაბათი დღე იყო. შინ გაჩერება არ მინდოდა. დავავლე გვანცას ხელი და მარისთან წავედი. კარი დათომ გამიღო:
- აი, შე ბანდურა, შენა, - მიესიყვარულა გვანცას და ხელში აიტატა, - სად დაიკარგე, შე ყურუმსაღო, ასე უნდა? - «დამაჯახა» თავისი საყვარელი სიტყვა.
- ვინ არის, დათო? - გამოსძახა მარიმ სამზარეულოდან.
- ჩემპიონთა შორის უჩემპიონესი მოვიდა, - ასე მეძახდა ხოლმე.
- მომკლა შენმა ორიგინალობამ! - დასცინა მარიმ ქმარს და ლოყა მომიშვირა.
- რავა ხარ? - მზრუნველად მკითხა.
მხრები ავიჩეჩე ყოფნა-არყოფნის ნიშნად.
- როგორ გამოპრანჭულა შენი ქმარი, რაშია საქმე? - შევეკითხე.
- ცირკში მიჰყავს ბავშვი. გვანცაც გავაყოლოთ.
გამიხარდა. მარტო მინდოდა მარისთან დარჩენა. დათომ ჯიბიდან «პარლამენტის» კოლოფი დააძრო, რამდენიმე ღერი მაგიდაზე დაყარა, ეს თქვენო, დააყოლა, მერე მოჰკიდა ბავშვებს ხელი და კარი გაიხურა.
- როგორ გამოსწორებულა ეს კაცი, რაშია საქმე? - გამეცინა.
- ჰმ! სხვა რა გზა აქვს. თხასავით მყავს გამოჭერილი! - ნიშნისმოგებით თქვა.
- რა ჩაიდინა ასეთი «სქესთა შორის უსქესესმა»? - დათო ასე «ამკობდა» ხოლმე თავის თავს.
- პრეზერვატივი ვუპოვე ჯიბეში.
- მერე რა? - სენსაციური ვერაფერი აღმოვაჩინე ამ ინფორმაციაში.
- მერე რა და, ვიღაცა ჰყავს ამ იდიოტს. იშოვა ორი კაპიკი და გაიჯეჯილა, რა ქნას, აღარ იცის, - ამრეზით მოიხსენია, - ვერაფრით გავიგე, ვისთან დაეთრევა.
- კაი ახლა! მაგას რომ ვინმე ჰყავდეს, პრეზერვატივებს შინ მოგიფრიალებდა, როგორ გგონია? კაცების ამბავი ხომ იცი, გაერთობიან ხოლმე ხანდახან. ყველაფერზე კი არ უნდა მიედავო.
- არა, გოგო! ახლა მაგას შევარჩენდი! შევაძვრინე ერთ ადგილას. შავი დღე ვაყარე, - დააკვესა თვალები, - იმის მერეა, ასე «მილენკივით» რომ დადის, სულ თვალებში მიყურებს.
- ო-ო-ო! როგორც ჩანს, კარგად მოხვედრია, - სიცილს ვერ ვიკავებ.
- ბესო რას შვრება? - ახლა ჩემს ქმარს გადასწვდა მარი.
- არაფერს…
- შენი «კაცი»? ახალი არაფერია? - ბოლოს რატის მიადგა.
- ისეთი არაფერი. მივლის შორიდან.
- მერე, შეუშვი შენც ევას პრინციპი! - ჩამაწოდა იდეა.
- ეგ რას ნიშნავს, გაფიცებ ყველაფერს? - ავზიდე წარბები.
- რა და, «შემთხვევით» გაეხახუნე მკერდით, ფეხი ფეხზე მიადე, ცოტა ზედმეტად გადაიხარე და შენი ლამაზი მკერდის ღარი დაანახვე. ნუ, მოკლედ, გააგიჟე, რა! მაგის მეტს რას აკეთებენ გოგოები, შე ქალო? - გადაიკისკისა. - მაგ ნინო კიდევ უყვარს?
- კი… მყარად.
- მოვქესტოთ, არ გინდა? - ჟარგონებით ალაპარაკდა მარი. - მოვაშოროთ სამკუთხედს ზედმეტი გვერდი.
- შენ მოგძალებია იდეები. აბა, ერთი მითხარი, რას გულისხმობ? - დავინტერესდი.
- რა და! შენ მე მაგის ნომერი გამიგე და დანარჩენი მე ვიცი. ავუფეთქებ ტელეფონს რეკვით. ხომ იცი, მაგნაირი ინტრიგები ჩემი მოგონილია. გახსოვს, გოგოებს რომ ვარეკინებდი დათოს დედასთან და დედაჩემთან? რა, არ გამომდიოდა? - ალმაცერად გადმომხედა.
- არა, რას ამბობ! მაგას ვერ ვიზამ! მე შენს ინტრიგებში მაშინაც არ მიმიღია მონაწილეობა, ხომ არ დაგავიწყდა? - შორს დავიჭირე.
_ მახსოვს, მახსოვს! ძველი ბიჭივით რომ აწვებოდი კაცურ მეთოდებს. ვერ იზამ! - გამომაჯავრა, - რატომ ვითომ, მამა აბრამის ბატკანია? მაგი განზე იმდენ კაცს ახვევდეს იქნება, არც დაგესიზმრებათ შენ და რატის.
- კარგი, რა სისულელეს იძახი! საცაა დაქორწინდებიან.
- დაქორწინდებიან არა, იხვი! აგერ ნახავ! შენ ღმერთი არ გაგწირავს. იღბლიანი გოგო ხარ. მაგრამ თუ არ იბრძოლე, უწვალებლად არაფერი გამოვა, გენაცვალე.
- ვიცი, როგორ არ ვიცი, მაგრამ ბინძური თამაშებით მოპოვებული არც კაცი მინდა და არც სიყვარული. ოცი წლის გოგო ხომ არა ვარ… ადამიანი სუფთა უნდა იყო ურთიერთობაში.
- ხო-ხო-ხო! ქურდად ზიხარ, აი! - ამავსო ირონიებით, - ზუსტად მაგ «სუფთა» მუშაობისთვის შეგრჩა ხელთ შენი ბედოვლათი ქმარი. კიდევ აწუხებს პირველობის კომპლექსები?
- უჰ! აწუხებს რომელია! დათვრება თუ არა, დამიწყებს: შენ ჩემზე მაგარი გგონია შენი თავი, მაგრამ იცოდე, რომ არარაობა ხარ, უჩემოდ ნული ხარ. მე გაქციე ქალად, თორემ ეგდებოდი ახლა ცირკის წინ კლიენტების მოლოდინშიო.
მარი აკისკისდა.
- გაურეკავს მაგ საცოდავს!
- გამოთაყვანდა ამდენი შინ ჯდომით. მეგობრებსაც აღარ ეკონტაქტება, ვიღაცასთან რომ გაიაროს და ცოტა თვალებში გამოიხედოს. არაფერი ამქვეყნად არ აინტერესებს. მარტო ჭამს, ეწევა და ტელევიზორშია შემძვრალი.
- ჰოდა, ყველაფრის ღირსია! - გამოუტანა ვერდიქტი მარიმ, - მაგნაირი ქმარი შეგაფერხებს ცხოვრებაში, მეტი კი არაფერი! ასეთი ინერტულობა შეგაზიზღებს ადამიანს, აბა, რა იქნება!
7 7 7
სამსახურშიც ნელ-ნელა ვითარდებოდა მოვლენები. სტილისტობა მშვენივრად შევუხამე ოპერატორობას. ერთი დარტყმით ორ კურდღელს ვკლავდი. ვიღლებოდი, მაგრამ ეს არ მადარდებდა. მთავარი იყო, რომ ხელფასი გამიორმაგდა და საკუთარი კაპიტალი გამიჩნდა.
გუგა ძველებურად აგრძელებდა ფლირტაობას. როგორც კი შესვენება დაიწყებოდა (სხვა დროს სად მეცალა), მაშინვე «შეტევაზე» გადმოდიოდა:
- მშვენიერო ა-ნ-ნ-ა, ჩემო მუზავ, უპირველესო, - სასწრაფოდ დაამატებდა ბოლოს ამ სიტყვას, - სანამ უნდა დატოვო ჩემი გრძნობები უპასუხოდ? - ნამდვილი შეყვარებულივით მინაბავდა თვალებს.
- მანამ პირველი არ გავხდები, - მაცდურად ავყვებოდი მეც.
- შენ უკვე პირველი ხარ, პირველი და ერთადერთი, თუ გინდა, ყველას გასაგონად ვიყვირებ…
- მერე შენი ცოლი?
- ცოლი?.. მ…მ…მ… ისიც პირველია და შენც, - მომაყრიდა ხოლმე.
- ეგ როგორ? - ეშმაკურად გავუღიმებდი.
- როგორ და… ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი შენზე ვფიქრობ, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი - ცოლზე.
- კვირას? - გამოჭერაზე მივდიოდი.
- კვირას? - დაფიქრდებოდა, - კვირა დასვენების დღეა. პაუზას ვაკეთებ.
მოკლედ, სიტყვას ვერ მოუგებდი. პასუხი ყველაფრისთვის მზად ჰქონდა.
რატი შორიდან მზვერავდა. მე უკვე ისე ვიყავი შეყვარებული, რომელ ოთახშიც უნდა ყოფილიყო, ყველგან ვგრძნობდი მის არსებობას. საკმარისი იყო, გარეთ გასულიყო, მაშინვე სიცარიელე მეუფლებოდა. კარის სახელურის ჩამოწევაზეც კი ვხვდებოდი, რომ «ის» მოდიოდა. გამუდმებით მასზე ვფიქრობდი. კაცები ყოველთვის თვითონ მოიწევდნენ ხოლმე ჩემკენ, აქ კი… ყველაფერი უკუღმა იყო - მე მიწევდა მასზე «ნადირობა». კეთროვანივით უკვე გარედან მეტყობოდა სიყვარულის «ლაქები» - თვალებში, საუბარში, მანერებშიც კი. ვერანაირად ვახერხებდი დამალვას. თუმცა, არც თვითონ იჯდა გულხელდაკრეფილი. როგორც კი დამიმარტოხელებდა, თოვლის გუნდასავით მესროდა ერთ-ორ კომპლიმენტს. ეს მეთოდი ჩემთვის უცხო არ იყო. მერე რა, რომ შეყვარებული ჰყავდა. არც სხვა მომენტის გაშვება სურდა ხელიდან. რას კარგავდა, რო? კაცის გული ხომ ხარბია! არც მწვადს წვავს ხოლმე, არც - შამფურს. «ევას პრინციპიც» ავამუშავე - მარის იდეა ჭკუაში დამიჯდა. იმდენი «შემთხვევით» გამომდიოდა, რომ უკვე მოთხოვნილებად მექცა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ რატი იღებდა ჩემს გამოწვევას. აშკარად მოსწონდა ჩემი «შემთხვევითი» შეხებები.
7 7 7
არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ასეთი სიტუაცია, რომ არა ერთი უსიამოვნო შემთხვევა. მაისის ბოლო დღეებში ბესოსთან ვიღაც მამაკაცმა დაიწყო დარეკვა, მე მკითხულობდა. მაინცდამაინც მაშინ რეკავდა, როცა შინ არ ვიყავი. ბესოს მეტიც არ უნდოდა. ძალიან «ინტიმურად» გკითხულობსო. შენი სამსახურის ტელეფონი მივეცი, იქ არ გირეკავსო? ვერ დავარწმუნე, რომ ჩემი ნახვის მოსურნე შინ არ დამირეკავდა და სამსახურშიც მშვენივრად მომაგნებდა.
გული მიგრძნობდა, ძაღლის თავი სადღაც ახლოს იყო დამარხული. ეჭვი მაშინვე ნინოზე აღმეძრა. აბა, სხვას ვის უნდა დასჭირვებოდა მსგავსი რამ? მაგრამ მას საიდან უნდა სცოდნოდა ჩემი გრძნობების ამბავი? რატიმ ხომ არ მოიწონა თავი? ციხე ხომ ყოველთვის შიგნიდან ტყდება!.. იქნებ… მაშაყირებს კიდევაც მასთან.
რაღაც უნდა მეღონა. რა თქმა უნდა, 25 წლის გოგოსთან «საქმის გარჩევას» არ ვაპირებდი, თანაც ვერაფერს დავუმტკიცებდი. ქურდს თუ ქურდობაზე არ წაასწარი, ქურდი არ არის. ეს კარგად მესმოდა… ამიტომ სხვა რამე მოვიფიქრე.
ნინო ხშირად შემოდიოდა ხოლმე ჩვენს გოგოებთან, ჭორაობით იჯერებდა გულს. ამიტომაც მეორე დილით, როგორც კი სამსახურში მივედი, სასოწარკვეთილი სახე მივიღე და თინიკოს შევჩივლე: როგორ მირეკავს ვიღაც თავხედი და როგორ მინგრევს ოჯახს. თან იქვე დავამატე:
- რა ვიცი, ამნაირი ოჯახის ქონას, იქნებ არქონა სჯობდეს! ახლა რომ გასათხოვარი ვიყო, უფრო ჭკვიანურ არჩევანს გავაკეთებდი. ერთხელ ჭირს გათხოვება, თორემ მერე ძალიან ადვილია.
ანკესი ჩაგდებული იყო. ნინო წამოეგო. ვიცოდი, ჩემი «ქსივა» აუცილებლად მიაღწევდა მის ყურამდე. გაჭრა ჩემმა ხერხმა და შედეგმაც არ დააყოვნა. ტელეფონის ზარები შეწყდა. როგორც ჩანს, შეეშინდა, მართლა არ გავშორებოდი ქმარს და კონკურენტუნარიანი მეტოქე არ გავმხდარიყავი.
მაგრამ «სიურპრიზი» ახლა სხვა მხრიდან მელოდა… ნინომ რევანშის აღება გადაწყვიტა.
7 7 7
5 ივნისს ჩემი დაბადების დღე იყო. თავი არ გამიგიჟებია, ტორტი გამოვაცხვე და სამსახურში წავიღე. საგანგებოდ გამოპრანჭულმა თან ერთი ბოთლი «ამარეტოც» გავაყოლე ხელს.
აღფრთოვანებით შემხვდნენ ყველანი. თვალს ვერ მაშორებდნენ მეც და ტორტსაც. ერთი სიტყვით, სულ «ელიტური ჟესტებით» მილოცავდნენ იუბილეს. რატი არ ჩანდა. არც გუგა.
ერთ საათში შესვენება დაიწყებოდა. მოუსვენრობა დამეტყო. რატის გარეშე არ მინდოდა ტორტის დაჭრა… ამ ფიქრში ვიყავი, რომ გასაღების ჩხაკუნის ხმა გაისმა. მივხვდი, რატი იყო. შემოვიდა, ცივი სალამი გვესროლა და კაბინეტში შეიკეტა. ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ. ცუდი სიჩუმე ჩამოვარდა.
რამდენიმე წუთში გამომიძახა… შევედი. შეფიქრიანებული მეჩვენა. არც კი შეუმჩნევია ჩემი საგანგებო «გარდაქმნა». შუბლზე გადაისვა ხელი, მერე ცერა თითის ზურგით წარბი მოიფხანა და დაიწყო:
- იცი, ანა, რაღაც უნდა გითხრა… - დახარა თვალები.
უსიამოვნოდ მომხვდა გულზე ეს «რაღაც».
- მე საერთოდ არ მიყვარს ასეთ საქმეებში ჩარევა, მაგრამ… იძულებული ვარ… ძალიან მიმძიმს საუბრის დაწყება. იმედია, სწორად გამიგებ.
- იმედია, - ხმა გამებზარა.
- შენ ალბათ, იცი ჩემი და ნინოს ურთიერთობის ამბავი.
უსიტყვოდ დავუქნიე თავი. ვერ მივხვდი, საით უმიზნებდა.
- ბოლო რამდენიმე დღეა, მას ვიღაც ქალი ურეკავს, ლანძღავს უშვერი სიტყვებით, ემუქრება და ჩემით ევაჭრება. მოკლედ, გესმის, არა, რისი თქმაც მინდა?
- გასაგებია, მაგრამ მე რა შუაში ვარ? - მივხვდი, რაღაც ავისმომასწავებელი მელოდა.
ნიკაპი ხელისგულზე ჩამოდო და გამომცდელად შემომხედა. თვალი თვალში გავუყარე.
- ესე იგი… შენ გინდა, თქვა, რომ (არც ერთი წინადადება არ დაამთავრა)… ნინო კი დარწმუნებულია, რომ შენ აკეთებ ამას, - ამოთქვა, როგორც იქნა.
გავფითრდი. ყველაფერს ველოდი და ამას არა.
- მაპატიე, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ… არ ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა, - შემატყო, რომ ცუდი ფერი დამედო.
ჩემი ბედი ახლა წყდებოდა. ახლა ნათქვამი სიტყვა გადაწყვეტდა ყველაფერს. არ მითქვამს მისთვის, რომ მეც მირეკავდა ვიღაც. მაინც არ დამიჯერებდა. სხვა გზა არ იყო, კარტები უნდა გამეხსნა:
- შენ მე არ მიცნობ კარგად, უფროსო! მე ის ქალი არა ვარ, ინტრიგებით მოვიპოვო სიყვარული. მე დამსახურებული მინდა კაციც და სიყვარულიც. ნინოს, როგორც ჩანს, სხვა «სკოლა» აქვს გავლილი. ეტყობა, სიყვარულით თვითგვემა მისთვის ნაცნობი ხილია.
- ვერ გავიგე? - აზიდა ცალი წარბი.
- ოდესმე გაიგებ… ვწუხვარ, მაგრამ მისამართი შეგეშალა, ძალიან გთხოვ, სხვა დროს არ იყოს ჩემთან ამ თემაზე საუბარი, - კატეგორიული ხმით წარმოვთქვი, წამოვდექი და კარისკენ წავედი. სანამ გავიდოდი, შევჩერდი, მაგრამ არ მოვტრიალებულვარ:
- იცი, მე ერთი რამ მომაფიქრდა, შეიძლება გითხრა? - უცებ იდეა მომწიფდა თავში და სასწრაფოდ მოვტრიალდი.
- მითხარი, - თითქოს შვებით ამოისუნთქა, გამოცოცხლება რომ შემატყო.
- მე ჩემს სიმართლეს ვერ დავამტკიცებ, მაგრამ შენ შეგიძლია ამის გაკეთება. მონახე ნაცნობი ატეესში, დააყენონ მოსმენაზე მაგის ტელეფონი. ეს კანონით აკრძალულია, მაგრამ ნაცნობობით - არა. სამი დღეც საკმარისი იქნება შენთვის იმის გასაგებად, ვინ ურეკავს.
თავი უნდობლად გადააქნია.
- მერე? რა შეიცვლება მაგითი? თუ ამას შენ აკეთებ, ხომ აღარ დარეკავ მეტჯერ. მაგაზე ადვილი რა არის? - ცინიკურად ჩაიცინა.
- არა, უფროსო. შენ ვერ გამიგე. მე დავრეკავ თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ნინომ არ გაიგოს ამის შესახებ. სამი დღის განმავლობაში იგი კიდევ სამჯერ გეტყვის, დამირეკესო. შენ კი მისი ყველა ზარი ზეპირად გეცოდინება.
სახეზე გაოცება შეეტყო. მიხვდა, რომ ჭკვიან ქალთან ჰქონდა საქმე. საკმაოდ ჭკვიანთან.
ნინოს ეს პარტია აშკარად მოვუგე.
ასეა, საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა.
გაგრძელება იქნება