შესვენებაზე ტორტი გავჭერით. რატი ინგამ გამოიყვანა კაბინეტიდან. ცოტათი დაბნეული ჩანდა.
_ გილოცავ, ანა. მაპატიე, ცუდად გამომივიდა… ამისთანა დღეს… არ ვიცოდი, ბოდიში, _ დამნაშავესავით შემომხედა.
_ არა, რა ბოდიში. არც არავინ იცოდა, _ ბანზე ავუგდე სიტყვა.
_ მე ვიცოდი, _ პატარა ბავშვივით წამოიძახა ინგამ.
«ტორტლაობამ» (ასე მონათლეს იგი გოგოებმა) უღიმღამოდ ჩაიარა. საშინელ ხასიათზე ვიყავი. რატიმ დანაშაულის გამოსასწორებლად ხუმრობა სცადა. არაფერი მშველოდა. ის იყო, ბოლო ჭიქა ჩამოვასხით, რომ კარი ფართოდ გაიღო და საგანგებოდ შეფუთულ მუქი წითელი ვარდების უზარმაზარ თაიგულს გუგა შემოუძღვა.
_ სად იპოვე ბიჭო, მთლად შენი სიგრძის ვარდები! _ სიცილი დააყარა გიამ.
_ თბილისში ყველაზე ლამაზ ქალს, გამომცემლობის დედოფალს! _ ვირტუოზულად წარმოთქვა და ბუკეტი გამომიწოდა.
როგორ გამიხარდა! შემთხვევით რატის გადავხედე. აშკარად უკმაყოფილო ჩანდა… რაღაცით…
7 7 7
_ შენ დღეს რომელ საათამდე იქნები? _ ზურგზე რატის თითის შეხება ვიგრძენი. ეტყობა, გაუარა სიბრაზემ.
_ დღეს ცოტა ადრე მინდა გავიდე. ასე, ხუთისთვის. შეიძლება მეგობრები მესტუმრონ.
თავი დამიქნია და კვლავ თვალებში ჩამაშტერდა. ამჯერად რეაქცია არ მქონია. დაცლილი ვიყავი ყველაფრისგან.
7 7 7
ხუთი რომ გახდა, ყველას გამოვემშვიდობე და უხალისოდ ჩავუყევი კიბეს, დამძიმებული. ვარდები სამსახურში დავტოვე, ბესოს ახსნას ვერ დავუწყებდი. ეზოში რომ გავედი, რატის მანქანა შევნიშნე. წინა კარი გამოღებული იყო, მაგნიტოფონის ხმა ისმოდა. ჩემს დანახვაზე მანქანიდან გადმოვიდა:
_ დაჯექი, წაგიყვან, _ შემრიგებლური ტონით მითხრა.
_ არა, ნუ შეწუხდები, _ ვიუარე.
_ კიდევ ერთხელ გთხოვ პატიებას. ცუდად გამომივიდა, _ დაიწყო ისევ თავის მართლება.
_ არა უშავს, უფროსო, მე მიჩვეული ვარ ასეთ შავ სიურპრიზებს.
_ ვისგან?
_ ცხოვრებისგან, _ არ დავაკონკრეტე. _ ასე რომ, სულაც არ არის შენი ბრალი.
_ ესე იგი, არ მიბრაზდები?
_ არა, _ გავუღიმე და თვალებით მოვეფერე. ვერ მოვითმინე.
მგონი, მეც დავბრმავდი.
სამუდამოდ.
ისეთი რა უნდა დაეშავებინა ამ კაცს ჩემთვის, რომ ვერ მეპატიებინა.
_ მაშინ მოიცა! _ უცებ მანქანისკენ წავიდა…
ცოტა ხანში მობრუნდა…
ხელში ერთი ცალი ყვითელი ვარდი ეჭირა, შიშველი, შეუფუთავი.
_ ეს შენ! კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს! _ მითხრა და მოულოდნელად ხელი ყელზე წამავლო, ახლოს მიმიზიდა და ლოყაზე მაკოცა, ზედ ტუჩის კუთხეში… რბილად… მუხლები მომეკვეთა. ოდესმე განმიცდია კი ასეთი სიამოვნება? არ შევწინააღმდეგებივარ.
_ დღეს ისეთი ლამაზი ხარ… ვერ მივხვდი, რომ მეთქვა.
_ სად გეცალა მაგისთვის, _ საყვედური ჩემდა უნებურად აღმომხდა.
მორიდებით გადააქნია თავი და გააგრძელა:
_ მართალია, მე გუგასავით არა მაქვს გრძნობები მოძალებული და ამიტომ წითელი ვარდი ვერ მოგიტანე… სამაგიეროდ ეს შევარჩიე. გიყვარს ყვითელი ფერი? ამბობენ, მეგობრობას ნიშნავსო. ამის უფლება ხომ მაქვს? _ შემომცინა.
_ მე ყველაზე მეტად მაგნოლია მიყვარს, თუმცა არასდროს მჭერია ხელში, მაგრამ ეს არის ყვავილი, რომელიც სიგიჟემდე მომწონს და დღემდე ცისფერ ოცნებად რჩება ჩემთვის. მერე კი ყვითელი ვარდი და ყვითელი ტიტა. ასე რომ, ჩაგეთვალა! ისე… ყვითელი ვარდი სულაც არ ნიშნავს მეგობრობას. იგი… მზადყოფნას გამოხატავს, _ ვერაგულად ვიცრუე. საიდან მომაფიქრდა?
_ მზადყოფნას? მართლა? არ ვიცოდი! _ ორაზროვნად შემომხედა.
_ აწი გეცოდინება, _ მაცდურად შევხედე თვალებში და დავამატე:
_ დიდი მადლობა.
_ რისთვის: ყვავილისთვის, თუ მზადყოფნისთვის? _ შეფარვით მკითხა.
_ ერთისთვისაც და მეორისთვისაც, _ მეც შეფარვით ვუპასუხე და კვლავ მოვეფერე თვალებით.
დღემდე არ ვიცი, რა მოხდა მაშინ, რა ფერის კატამ გაირბინა რატისა და ნინოს შორის. ერთი კია, უკვე აღარ ხვდებოდნენ ერთმანეთს. უფრო მეტიც _ ნინომ საერთოდ დაანება სამსახურს თავი. როგორც ჩანს, იმ შენობაში შემოსვლაც აღარ სურდა.
არასდროს მიკითხავს რატისთვის მიზეზი _ არც მაშინ და არც მერე…
თუ საჭიროდ მიიჩნევდა, თავად მეტყოდა. არც ის ვიცოდი, გაარკვია თუ არა ტელეფონის ზარების ამბავი.
არც ამით დავინტერესებულვარ.
მე მართალი ვიყავი საკუთარ თავთან და მასთანაც. ამასთან, თითქოს ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ წყდებოდა. განგება აშკარად ჩემს მხარეზე იყო, თუმცა სწორედ ეს მაღელვებდა უფრო. ვეღარ ვერეოდი საკუთარ თავს. ვიცოდი, ჩემს ღალატს არანაირი გამართლება არ ექნებოდა, მაგრამ…
სწორედ იმ აკრძალულისკენ გამირბოდა თვალიც და გულიც.
გონებაც აღარ მემორჩილებოდა.
რაც დრო გადიოდა, მით მეტის უფლებას ვაძლევდი თავს, თუმცა ვცდილობდი, კონტროლი არ დამეკარგა და სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო ჩემი განცდები.
ვახერხებდი კიდეც მეტ-ნაკლებად.
მზად ვიყავი, გადამედგა გადამწყვეტი ნაბიჯი. არ ვფიქრობდი იმაზე, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემს საქციელს. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა არ მაინტერესებდა, რა იქნებოდა ხვალ, რა მელოდა წინ. თუმცა… ბესოს გახსენებაზე სინდისი მაინც მქენჯნიდა. არა იმიტომ, რომ იგი იმსახურებდა ან არ იმსახურებდა ღალატს… არც უიმისობა იყო, რომ არ მიყვარდა… ალბათ მიყვარდა, მაგრამ არა როგორც მამაკაცი, არამედ როგორც ოჯახის წევრი, როგორც… როგორც ჩემი შვილის მამა… რაღაც ამდაგვარად. განსაკუთრებით ახლა, რატის «ფონზე», უფრო მეტად ვგრძნობდი, რამდენად უნიათო და არაფრის მაქნისი იყო… ბოლო ხანებში ხომ საერთოდ _ თხუნელასავით იყო ჩაკეტილი თავის უადამიანებო სამყაროში, ყველას და ყველაფერს გაურბოდა… მაგრამ ღალატი მაინც არ მინდოდა. არადა, უკვე აღარც რატის გარეშე შემეძლო ყოფნა.
ეს ვერ წარმომედგინა.
ოჯახის დანგრევაც რომ არ მინდოდა?
თან მინდოდა…
ერთი სიტყვით, მე თვითონ არ ვიცოდი, რა მინდოდა…
რატიც არ იყო თითქოს გულგრილი ჩემ მიმართ. ვიცოდი, არ ვუყვარდი, ვიცოდი, რომ მისთვის მხოლოდ ერთ-ერთი «საკოლექციო ეგზემპლარი» ვიქნებოდი, მაგრამ ეს არ მადარდებდა. ჩემთვის სულერთი იყო _ ოღონდ ურთიერთობის სურვილი ჰქონოდა, ცოტა ხნით მაინც, სანამ არ მოსწყინდებოდა… მერე?
ფიქრები ამის იქით აღარ მიდიოდა.
ამ «მერესაც» შინაგანი ხმა თუ ჩამძახებდა. თითქოს მეორე ანა მეწინააღმდეგებოდა _ უფრო ჭკვიანი და უფრო გამოცდილი.
დაუფიქრებელი ნაბიჯი არასდროს გადამიდგამს. მუდამ დიდხანს მიხდებოდა ხოლმე ყველაფრის აწონ-დაწონა, სანამ რამეს გადავწყვეტდი. ასეთ დროს საკუთარ თავთან მიყვარდა ლაპარაკი. მე და ჩემი ორეული მუდამ შეთანხმებულად ვმოქმედებდით, ანგარიშს ვუწევდით ერთმანეთის აზრს. ახლა კი წინააღმდეგობას ვაწყდებოდი. ჩემი ამდენი თვის ნაფიქრ ნაბიჯს დაუფიქრებელს ვერ დავარქმევდი. როგორც იტყვიან, გრძნობასაც დავეკითხე, გონებასაც. ორივე თანახმა იყო.
«რომ არ უყვარხარ?» _ მეკამათებოდა შინაგანი ხმა.
«მერე რა, მე ხომ მიყვარს», _ ამ დათმობაზე მივდიოდი.
«რომ ვერც ვერასოდეს შეგიყვაროს?» _ არ მეშვებოდა.
«რა აუცილებელია? მე ხომ მეყვარება…» _ ჩემი გამქონდა.
თითქოს გზაჯვარედინზე ვიდექი და სწორედ იმ გზას გავყურებდი, რომლის აბრაზეც მსხვილი ასოებით ეწერა: «თუ ამ გზით წახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდები», _ როგორც ზღაპარში.
მე კი სწორედ ეს გზა მიზიდავდა…
7 7 7
ბოლო ხანებში რატი საკმაოდ გულჩათხრობილი გახდა. გარეგნულად ვითომ არაფერს იმჩნევდა, მაგრამ… თვალები სევდიანი გაუხდა, სახე გაუქვავდა. ეს არ გამომპარვია. კარგად მესმოდა მისი, მაგრამ აბა, რას ვუშველიდი… წვერიც გაიპარსა. ვერაფრით შევეჩვიე. ისე შეიცვალა, ერთი კვირა შეხედვა არ მინდოდა, სულ სხვანაირი გახდა. ახლა უფრო დაეტყო სევდა. მარტო ცდილობდა ყოფნას, ნაკლებად გვეკონტაქტებოდა. გვიან მოდიოდა გამომცემლობაში, ადრე მიდიოდა. თვალებით მივაცილებდი ხოლმე კარამდე. ძალიან მიმძიმდა ამის ყურება. მისი უხასიათობა მეც გადამედო. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ერთ დღეს, როცა სხვები შესვენებაზე იყვნენ გასულები, პირდაპირ მივადექი:
_ შეიძლება? _ შევყავი თავი კაბინეტში.
_ მოდი! _ მითხრა, ბლოკნოტი გვერდზე გადადო და ინსტინქტურად მობილურს წაავლო ხელი. რატომღაც ჩვევად აქვთ მამაკაცებს _ დგანან თუ სხედან, მობილური მექანიკურად ხელში უჭირავთ.
მივუახლოვდი და უკითხავად ჩამოვჯექი სკამზე.
_ რატომ ხარ უხასიათოდ, უფროსო, რა გჭირს? _ პირდაპირ დავიწყე.
_ არაფერი. რა უნდა მჭირდეს? _ აიჩეჩა მხრები და თვალები დახარა. კილოზე შეეტყო, რომ ყველაფერიც სჭირდა.
_ რა, მეტყობა რამე? _ შემომიბრუნა კითხვა.
_ უალიბო პატიმარივით! _ უცერემონიოდ დავაჯახე.
_ ჰო-ო? მაინც რა მეტყობა? _ აზიდა ცალი წარბი და მობილური ისევ მაგიდაზე დადო. მგონი, გამორთო.
_ ის, რომ ბოლო ხანებში გაფითრებული ხარ, თვალები ჩაგიშავდა და, საერთოდ, ადამიანს არ ჰგავხარ. რა, ღამეები არ გძინავს? _ შეტევას შეტევაზე ვახორციელებდი.
_ შენ ვინ რას გამოგაპარებს… თვალები რადარებივით გაქვს… ჰო, ცოტა მძინავს, ან თითქმის არ მძინავს, _ ცალყბად გაიღიმა.
ვიცოდი, ზედმეტი კითხვის დასმა არ შეიძლებოდა. ვინ იცის, იქნებ სულაც ჩემი არსებობის გამო შეექმნა პრობლემა, იქნებ… იქნებ კი არა, ასე იყო. თუმცა, არ მინდოდა, რამე მეკითხა. უსიამოვნო ბრალდების მოსმენის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. მით უმეტეს, ლომის წილი მე მიმიძღოდა მის არეულ საქმეებში.
_ შემიძლია რითიმე დაგეხმარო? _ თითები ერთმანეთში გადავხლართე და გვერდულად გავხედე.
_ არა, _ მოკლედ მომიჭრა, _ არის ისეთ რამ, რაშიც ადამიანს სხვისი დახმარება არ სჭირდება. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა და მე უნდა მოვაგვარო, _ როგორც იქნა, შემომხედა თვალებში.
გული შემეკუმშა. რა მეთქმოდა, ავდექი და სკამი მაგიდისკენ შევწიე.
_ ყოველი შემთხვევისთვის, იცოდე, თუ რამეში დაგჭირდე, აქა ვარ, გვერდით, _ თავი ჩემი ოთახისკენ გადავაქნიე.
_ არ იქნები საჭირო, _ მტკიცედ თქვა.
მხრები ავიჩეჩე გუნებაწამხდარმა. ვიგრძენი, ზედმეტი ვიყავი…
_ ისე, ჩემგან არ გესწავლება, მაგრამ… ერთი რამ მინდოდა მერჩია… _ აღარ გავაგრძელე და ყოყმანის ნიშნად ცხვირზე მოვისვი ხელი…
წამოდგა და მომიახლოვდა:
_ აბა, მითხარი ერთი, შენ უცხო აზრები მოგდის ხოლმე თავში _ მე რომ არც დამესიზმრება!
ჩავიცინე, აქაოდა, ნუ მაშაყირებ-მეთქი.
_ მართლა, მართლა! მითხარი, ნუ გერიდება. რომ იცოდე, შენს რჩევას დიდი წონა აქვს ჩემთვის… გეფიცები, _ გულწრფელობა დაეტყო ხმაში, _ მითხარი, რისი თქმა გინდოდა.
_ იცი? მე არ ვიცი, რა იყო და როგორ იყო, არ ვიცი, რა მოხდა ან ახლა რა ხდება, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ამქვეყნად არც ერთი ქალი არ იმსახურებს იმას, მისი გულისთვის საკუთარი ცხოვრება გაიმრუდოს კაცმა და მსხვერპლი გაიღოს. არც ერთი! არც მე და არც სხვა! ეს ყოველთვის გახსოვდეს! _ ჯიქურ გავუსწორე თვალი.
_ გმადლობთ, _ გაკვირვებული ხმით გადამიხადა მადლობა, ცოტა შეყოყმანდა და დააყოლა: _ გავითვალისწინებ შენს რჩევას… თავად უფროსო! _ დააყოლა და გამიღიმა.
7 7 7
იმ დღიდან თითქოს გალხვა ყინული და ნელ-ნელა დაიძრა. რატი ცოტა «მოფერიანდა» _ ფიზიკურადაც და სულიერადაც. მერე და მერე, როცა უფრო ახლოს გავიცანი, მივხვდი, რომ საკმაოდ ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა. მუდამ ცდილობდა, ცხოვრების დარტყმა მსუბუქად გადაეტანა. უბრალოდ, არ ეფიქრა ამაზე. არ ეფიქრა და მორჩა! გულთან ახლოს არ მიეტანა არაფერი. ასე უფრო ადვილი იყო ცხოვრება… მაგრამ ეს ყველაფერი გვიან გავიგე. იქამდე კი… თურმე მე უფრო მაწუხებდა მისი ტკივილი, ვიდრე თავად მას. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე ჩანდა.
…ივლისი დაიწყო. ბაღმაც შეწყვიტა მუშაობა. გვანცა დედაჩემს გავაყოლე სოფელში. იქ ბებია მყავს. ასე უფრო იმედიანად ვიყავი. მე ხომ ჯერ არ მიწევდა შვებულება. ბავშვს კი თბილისში ვერ გამოვხრუკავდი ამისთანა სიცხეში. სოფელში არაფერი მოაკლდებოდა. განსაკუთრებით ბებიაჩემის ხელში. მეც ხომ მისი გაზრდილი ვარ…
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთან არავის ულაპარაკია რატისა და ნინოს შესახებ. კრინტი არ დაუძრავთ. არადა, მაინტერესებდა, გოგოებმა რა იცოდნენ მათ შესახებ. რატის ხომ ასი წელი არ ვკითხავდი არაფერს ამის თაობაზე.
ერთ საღამოს მე და ინგას ერთად მოგვიწია სამსახურიდან შინ წასვლამ. ყოველ საღამოს გია აცილებდა ხოლმე, მეც ვერიდებოდი. იმ დღეს გია არ იყო და ამიტომ ერთად ვიმგზავრეთ.
_ ინგა, ნინო მართლა წავიდა სამსახურიდან? _ შორიდან მოვუარე.
_ ჰო, გოგო, წასულა. ისე გამიკვირდა-ა! უკეთესი ადგილი უშოვია რომელიღაც ტურისტულ სააგენტოში, მე მგონი, «მეტეხში». მე ის უფრო მიკვირს, რატიმ როგორ გაუშვა. როგორ შეელია. აქ სულ ერთად იყვნენ, მთელი დღე და იქ კიდევ…
_ ისევ ხვდებიან ერთმანეთს? _ ვიკითხე და მივხვდი, შეცდომა დავუშვი.
_ რატომ არ უნდა ხვდებოდნენ? რა, მოხდა რამე? _ ინტერესით შემომხედა.
_ არა, არაფერი! ისე ვთქვი, რა ვიცი. ერთად რომ ვერ ვხედავ… მექანიკურად!
_ მაგათ რა დააშორებთ. ტკიპასავით არიან ერთმანეთს მიკრულები. ვერ ხედავ, რა ადრე მიდის სამსახურიდან?
_ შენი საქმეები როგორ არის? _ სასწრაფოდ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი, როცა მივხვდი, რომ არავინ არაფერი იცოდა. ცოდნით არც მე ვიცოდი, მაგრამ ვგრძნობდი შინაგანად. ასეთ რამეში არასდროს ვცდებოდი.
_ გადასარევად! მე მგონი, სექტემბერში დავიწერთ ჯვარს.
_ რა კარგია! _ ეს რატის ჩვეული გამოთქმა იყო და მეც ძალაუნებურად წამომცდა.
_ უი! რა რატივით თქვი! _ გაეცინა ინგას, _ შენც ჩემნაირად გცოდნია სხვისი ჩვევების აკვიატება. მეც სულ მაგათი ლექსიკონით ვსაუბრობ. განსაკუთრებით გუგასი, ხომ იცი, რა ტიპია. ჩემი სიცოცხლე! როგორ მომენატრა ის საძაგელი! _ ეს გუგას მისამართით თქვა.
იგი ზღვაზე იყო წასული ცოლთან ერთად. ქობულეთში, მგონი.
_ აი, ჯვარს დავიწერთ და ჩვენც წავალთ! _ თვალები გაუბრწყინდა ინგას და ხელზე ხელი მომიჭირა, _ რა კარგია იცი, შეყვარებული რომ ვარ? ისე მსუბუქად ვგრძნობ თავს, თითქოს დავფრინავ.
გამეცინა. ინგა ხომ ბესოს კლასელია. უკვე 37 წლისაა. ეს არც ისე პატარა ასაკია გასათხოვარი ქალისთვის და როგორ პატარა გოგოსავით უხარია. ისედაც ბავშვივით ხასიათი აქვს, გულუბრყვილო. ჰმ! კარგი ცოლი იქნება… შეეფერება გიას.
7 7 7
პარასკევს სამსახურის ფარდები წავიღე შინ გასარეცხად. შაბათ-კვირას დავრეცხე, დავაუთოვე, გავაპიწკინე და ორშაბათს სათუთად დაკეცილი მივიტანე გამომცემლობაში. საერთოდ, ყველაზე ადრე მე მივდიოდი ხოლმე. კარსაც მე ვაღებდი, თუმცა გასაღები რატისაც ჰქონდა და ინგასაც. ინგა რადგან ბუღალტრად მუშაობდა, ხშირად უხდებოდა ადრე მოსვლა.
ორშაბათი დღე ყველაზე მეტად შემიყვარდა _ ორი დღის უნახაობის შემდეგ რატისთან რომ მიწევდა შეხვედრა.
ამიტომ.
სამაგიეროდ, შაბათ-კვირას ვერ ვიტანდი… ისე გაიწელებოდა ხოლმე დრო…
კიბე ავირბინე. კარი ღია დამხვდა. ოთახში არავინ იყო. რატის კაბინეტში შევიხედე, რაღაცას წერდა.
_ პრივეტ! _ კარის ზღურბლიდან მივესალმე. ცალი ფეხი უკან, ჰაერში მქონდა გაშვერილი, _ რა ადრე მოსულხარ, უფროსო?
_ საქმე მქონდა, _ ჩამაშტერდა თვალებში, როგორც ჩვეოდა ხოლმე.
_ ძალიან კარგი. მაშინ ერთი თხოვნა მექნება შენთან, _ ვისარგებლე მისი იქ ყოფნით.
_ ორი იყოს!
_ ფარდები მოვიტანე და მომეხმარე, ჩამოვკიდოთ. თუ არ შეწუხდები, რა თქმა უნდა…
_ ო-ო-ო… არ შევწუხდები, თუ ჯერ ერთ ჭიქა ყავას მომიდუღებ, _ შემევაჭრა.
_ ორი იყოს, _ გამოვაჯავრე და კარი მოვიხურე.
ამ ბოლო ხანებში მარტო ჩემს მოდუღებულ ყავას სვამდა ხოლმე. გამოიხედავდა კაბინეტიდან, თითით მანიშნებდა და ჩუმად მთხოვდა, ყავა მომიხარშეო. მეც მეტი რა მინდოდა. ნეტარი სიამოვნებით ვასრულებდი მის თხოვნას.
ახლაც სასწრაფოდ მოვადუღე და ციმციმ შევუტანე.
_ შენ?
_ არა, მე უკვე დავლიე შინ.
_ რამე ხომ არ ჩამიყარე შიგ? _ ეშმაკურად მოჭუტა თვალები და გამომცდელად შემომხედა.
_ კი, როგორ არა, _ მეც თვალმოჭუტულმა გავხედე.
წარბები აზიდა და პასუხის მოლოდინში გაისუსა.
_ ორი კოვზი შაქარი, _ დამნაშავესავით ავიწურე მხრები. სიცილი ვერ შეიკავა.
_ რა ეშმაკი ხარ, გუგას ტყუილად კი არ ეშინია შენი! _ სიცილი არ შეუწყვეტია, ისე თქვა, _ მე კი იმედი მქონდა, მოსაჯადოებელ წამალს ჩამიყრის-მეთქი, _ თვალი არ მოუცილებია.
_ მე-ე? არა, რას ამბობ! _ მიამიტად ვუპასუხე, მერე მაცდური სახე მივიღე და დავამატე:
_ ხელოვნური მეთოდები რაში მჭირდება, მე ისედაც ვაჯადოებ კაცებს… ბუნებრივად.
_ ვიცი, ვიცი, რა საშიში ქალიც ხარ, _ ღიმილით გადააქნია თავი.
_ ჯერ აქ დავკიდოთ, არა? _ ბანზე ავუგდე სიტყვა, _ «დირექტორი უპირველეს ყოვლისა», _ გავილექსე.
_ აქ დავკიდოთ, _ მორჩილად დამთანხმდა და ყავა მოსვა, _ უ-უ-უ! რა გემრიელია, ვიღაცას მაგონებს… _ ისევ ეშმაკურად მოჭუტა თვალი.
არაფერი ვთქვი. დაბნეულობისგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ფარდებს წავატანე ხელი. ძლივს მოვახერხე, გადამერჩია მისი კაბინეტის ფარდები და მაგიდაზე გადავფინე.
_ რაში მოგეხმარო? _ მორჩა ყავის სმას, ხელები მოიფშვნიტა და საქმიანი იერი მიიღო.
_ შენ ფარდა დამიკავე, იატაკს არ დაედოს. მე კი მაღლა ავალ და დავკიდებ.
_ რას ამბობ… როგორ გგონია, მაღლა შენ აგიშვებ? აბა, მე რას ვაკეთებ აქ? _ შორს დაიჭირა.
_ არა, არა! შენ ისე ვერ გადაანაწილებ «შპილკებზე», როგორც მე. ვერ გენდობი, _ გავეხუმრე ბოლოს და ფანჯრის რაფაზე ავძვერი. ნელ-ნელა დავიწყე სამაგრებზე ფარდის გადანაწილება _ ჯერ ბოლოები დავამაგრე, მერე შუა ადგილი მოვნიშნე, მერე იმ შუა ნაწილის პირველი ნახევარი გავანაწილე, ბოლოს _ მეორე.
_ რა ოსტატურად მუშაობ. ყოჩაღი ქალი ხარ, _ შემაქო.
ზურგით ვიდექი, მაგრამ მთელი სხეული მიხურდა. შინაგანად ერთიანად აფორიაქებული ვიყავი. ვიცოდი, რაღაცა არ ამცდებოდა…
_ მორჩა! აბა, გაუშვი ხელი? _ რატიმ ფარდას ხელი უშვა და ისიც ნარნარით მიეფინა ფანჯარას.
ჩამოსვლა დავაპირე.
_ მოიცა, მოგეხმარები, _ წინ დამიდგა, წელზე შემავლო ხელები და მსუბუქად ჩამომსვა. ძალიან ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან. ისევ ვიგრძენი მისი უცნაური სურნელი _ თითქოს პატარა ბავშვის, თითქოს ბანანის…
რაღაც ამდაგვარი…
ჟრუანტელმა დამიარა სიამოვნებისგან.
მოწოლილი სისხლისგან სახე ამიფეთქდა.
რატიმ თითებით ჩემი წელი ჩაბღუჯა:
_ რა ერთი ბეწო წელი გაქვს, ხელს შემოგაწვდენს კაცი! _ ჩურჩულით მითხრა და მისი ლამაზი თითები ნელა ამოძრავდა ჩემს ზურგზე.
ჩემდა უნებურად კვნესა აღმომხდა. თვალები დავხუჭე. უცებ მისი ტუჩები ვიგრძენი, ცხელი… ცხელი…
ყელი დამეწვა…
თავი გადავწიე და მისი სახე ჩემს ყელსა და მხარს შუა მოვიქციე. ლოყა შევახე ლოყაზე. პრიალა კანი ჰქონდა, მკვრივი…
მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია. ვკოცნიდი, სადაც მომიხვდებოდა _ ცხვირზე, თვალებზე, ლოყაზე, ყელზე, შუბლზე…
ტუჩებმა დაუკითხავად მოძებნეს მისი ტუჩები…
რა კარგი იყო…
_ რა ტკბილი ხარ, _ ჩამესმოდა მისი ხმა… და როდესაც რატის ხელები ჩემს შიშველ ბარძაყებს შეეხო, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს. შემკრთალი გავუძალიანდი და უკან გავიწიე:
_ ვინმე არ შემოვიდეს! _ ჩურჩულით ვთქვი.
სახე მთლიანად ალეწილი მქონდა. ჩემს ოთახში გავედი, ფანჯარა გამოვაღე და ცხვირ-პირი ჰაერს შევუშვირე. გრილი ნიავი მესიამოვნა. საბედნიეროდ, არავინ მოსულა იმ წუთებში. გადავრჩი. ნელ-ნელა დამიწყნარდა სახე. დავმშვიდდი. ფანჯარა მივხურე. სიგარეტი მომინდა.
_ მოწევ? _ რატი მომიახლოვდა.
თითქოს ჩემს გულში იჯდა. უსიტყვოდ დავუქნიე თავი. «კენტი» მომაწოდა. რამდენიმე წუთი მდუმარედ ვეწეოდით.
_ ხომ არ გეწყინა რამე? _ წყნარად მკითხა.
_ არა, რა უნდა მწყენოდა. არაფერი, _ ცოტა დარცხვენილი ვიყავი.
«რა კარგია, იტყვის ახლა», _ გავიფიქრე.
_ რა კარგია, _ თქვა რატიმ.
გამეცინა.
_ რა გაცინებს?
_ ვიცოდი, მაგას რომ იტყოდი.
_ შენ რა არ იცი. სანამ სხვა რამეს მოიფიქრებს, შენ უკვე ნაფიქრი და დავიწყებულიც გაქვს.
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, თინიკო შემოვიდა ოთახში.
_ აუ! რა ბუღი დგას. აქ რატომ ეწევით, ხალხნო, დერეფანში ვერ გახვედით? _ ხელი გაიქნია ჰაერში, _ ფანჯარა მაინც გამოგეღოთ.
_ ფარდებს ვკიდებდით და იმიტომ არ გამოვაღეთ, _ გადმომხედა რატიმ და თვალი ჩამიკრა…
იმ დღეს საკმაოდ უხეიროდ ვიმუშავე. სულ არ ვიყავი ბეჭდვის ხასიათზე. ვატყობდი, უამრავ შეცდომას ვუშვებდი. თვალი და ყური რატისკენ მქონდა, თუმცა მთელი დღე გაბუტულებივით ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის. ყავაც ინგას მოადუღებინა. ეს კარგის ნიშანი იყო. მომეწონა შენიღბვის მისეული მეთოდი. გამოდის, სიფრთხილეს იჩენს თანამშრომლებთან. ესე იგი, შეიძლება მასთან საიდუმლოს შენახვა. ზოგიერთი მამაკაცივით არ მოიწონებს თავს გათხოვილ ქალთან ურთიერთობით.
იმედია…
გაგრძელება იქნება