კარგია, რომ უფრთხილდება ჩემს რეპუტაციას. იქნებ თავისას? ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. მთავარი სხვა რამ იყო. გამოდიოდა, რომ ჩვენ უკვე შეკრულები ვიყავით ერთმანეთთან. საერთო საიდუმლო გაგვაჩნდა, რომლის გამჟღავნება არც ერთს გვაწყობდა, არც - მეორეს.
ეს კი გააადვილებდა ურთიერთობას.
- შავი პასტა ხომ არ გაქვთ ვინმეს? - იკითხა რატიმ, რომელიც ინგასთან ერთად, უკვე ორი საათი იქნებოდა, ანგარიშობდა რაღაცას.
- აგერ არის, - მოვატრიალე თავი და კომპიუტერთან დადებულ პასტაზე მივანიშნე.
ჩემკენ წამოვიდა. არ ავმდგარვარ, ისე გავუწოდე. გააჭიანურა გამორთმევა. პასტას ჩემი თითებიც «გააყოლა» თან, ოდნავ მომიჭირა ხელი…
შევცინე…
…ექვსი რომ გახდა, წასასვლელად გავემზადე.
- აბა, კარგად, - დავემშვიდობე გოგონებს და რატისკენ გავაპარე მზერა.
თვალები წამით დახუჭა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.
თვალებით დამემშვიდობა.
ეს კი ნიშნავდა, რომ სამსახურებრივი რომანი დაიწყო…
იმ ღამეს როგორ გავათენებდი, ძნელი მისახვედრი არ არის… მეორე დილითაც ადრიანად წავედი სამსახურში, თან სინდისი მქენჯნიდა. «რას ვაკეთებ ამხელა ქალი, რამ გამაგიჟა», - ვტუქსავდი ჩემს თავს. ამასთან, კი არ მივდიოდი, მივფრინავდი. გულის ძგერას სხეულის ყველა წერტილში ვგრძნობდი…
ოთახში გულისფანცქალით შევედი იმ იმედით, რომ რატი უკვე მოსული დამხვდებოდა. კართან ინგა შემეფეთა. მოულოდნელობისაგან შევყვირე. ისიც შეკრთა.
- როგორ შემეშინდა! არ გელოდი, რა ადრე მოსულხარ? - უხერხულობის გასაფანტავად, რაც შეიძლებოდა, მხიარულად ვუთხარი.
- საგადასახადოში ფორმები მაქვს ჩასატანი, - ბუზღუნით ჩაიქნია ხელი და დერეფანში გავიდა.
რატი ჩემს კომპიუტერთან იჯდა, რაღაცას ამოწმებდა. ალბათ, ჩემს ნამუშევარს. საუბრის ხმაზე მოტრიალდა, ღიმილით შემომხედა.
«როგორ ხარ?» - მკითხა თვალებით.
«კარგად, შენ?» - მეც თვალებით გავესაუბრე.
- გადასარევად! - ხმამაღლა თქვა.
არ ველოდი ხმამაღალ პასუხს. რაღაცნაირად დავიბენი. სიცილი აუტყდა.
- გგონია, მარტო შენ ხვდები სხვის აზრებს? ეგეთები მეც მეხერხება! - თავმომწონედ მითხრა.
ინგა ისევ შემობრუნდა - ბეჭედი გამყოლიაო, რატის გადააწოდა და შეწუხებული სახით ისევ გავიდა ოთახიდან.
- ყავა გინდა? - შემპარავად მკითხა რატიმ.
- მოგიდუღებ, - მივუხვდი ეშმაკობას და მადუღარას წავავლე ხელი.
უკნიდან მომიახლოვდა და კაბის საყელოს თითი გააყოლა.
- შაბათს შეგიძლია სახლიდან გამოსვლა? - ხმადაბლა მკითხა.
შევკრთი. წყლიანი გრაფინი თითქოს ხელში გამიშეშდა.
- გააჩნია, რისთვის, - ვითომ ვერ მივუხვდი.
- საქმისთვის, - თქვა.
- არ ვიცი, ალბათ, ცოტა გამიჭირდება, - ყრუდ ვუპასუხე.
«საქმისთვის»…
ვიცოდი, რასაც გულისხმობდა მაგ «საქმეში».
სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა ასე უცებ დავთანხმებულიყავი შეხვედრაზე. არადა, უარის თქმისაც მეშინოდა - ვაითუ გადაიფიქროს?
- პარასკევს? - ვარიანტებს მთავაზობდა რატი, წინ დამიდგა და ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი ჩამომისვა.
მხრები ავიჩეჩე. ისეთი სახე მქონდა, მიხვდა, ვყოყმანობდი.
- პარასკევი შედარებით მსუბუქი დღეა, ცოტა გვიან რომ მოხვიდე სამსახურში, არაფერი უჭირს. იქამდე კი… (აქ ხმა შეიცვალა) იქამდე კი… რა ვიცი, ბაზარში გაივლი, ან… ან კიდევ… შენ უკეთ მოიფიქრებ, სად გაივლი… - თვალები მოხუჭა და გამომცდელად დამაცქერდა, - მოხვალ?
- სად? - მთლად წამერთვა ხმა.
- ჩემთან, სახლში.
- არ ვიცი… - შევიკავე თავი.
ცოტა ხანს დამაცადა, რომ არაფერი ვთქვი, თვითონვე გააგრძელა:
- მე მაინც დაგელოდები. თორმეტ საათამდე დაგიცდი. თუ მოხვალ, ხომ კარგი, თუ არადა… არ მოხვალ და ეგ იქნება, - იდუმალი ტონით მითხრა და დაამატა: - ძალიან გამახარებ, თუ მოხვალ.
ცხვირზე ავიფარე მარჯვენა ხელი. ახლოს მოვიდა და ზუსტად ცხვირის გასწვრივ მაკოცა თითზე:
- ნუ ნერვიულობ, გულმა როგორც გიკარნახოს, ისე მოიქეცი. მე არ გაძალებ, მაგრამ მაინც დაგელოდები, - გატრიალდა და ფანჯარასთან მოკალათდა ყავის მოლოდინში.
მაინც ვყოყმანობდი.
საჭიროზე მეტხანს ვურევდი კოვზით ქაფქაფა ყავას.
- ოთახში შევიტანო? - უკან არ მიმიხედავს, ისე ვკითხე.
- არა, აქ დავლევ, თან შენ გიყურებ, - ფეხი მოინაცვლა და მოხერხებულად დაჯდა მაგიდასთან.
მივუტანე. ამომხედა და თვალებით გადამიხადა მადლობა, ხმამაღლა კი მესროლა:
- ხორბლისფერი პანტერა! - და თვალებში ჩამაშტერდა.
სიამოვნებისაგან სახე გამებადრა. რაღაც უცხო და ზედმეტად სასიამოვნო კომპლიმენტი იყო.
- მაგარი ქალი ხარ, - ქვედა ტუჩით გამოხატა აღფრთოვანება, - შენი კანის ფერი ხომ, საერთოდ!.. ნებისმიერ კინოვარსკვლავს შეშურდებოდა. ნამდვილი საჰოლივუდე კანი გაქვს, - ვეღარ მოითმინა, მკლავში წამავლო ხელი და მაგრად მომიჭირა.
კიდევ ერთხელ გავიბადრე და ასე გაბადრული დავრჩი. ისე ვიყავი გაბრუებული, ყოველგვარი სიფრთხილე დავკარგე. იმწუთში რომ ვინმე შემოსულიყო, ყველაფერს მიხვდებოდა. მე კი სულ არ მადარდებდა. მოლოდინით შევციცინებდი დირექტორს მორიგი ქათინაურის მოლოდინში.
- შეგიძლია ჩემს ოთახში შეხვიდე და ერთი ღერი სიგარეტი გამომიტანო? მაგიდაზე დევს, - მორიდებით მთხოვა და ჩემს მოლოდინს ცივი წყალი გადაასხა.
- შენ მხოლოდ მთხოვე და… - აღარ გავაგრძელე და კაბინეტისკენ გავეშურე.
კარი შევაღე, მაგიდას თვალი მოვავლე და უცებ გავშტერდი - «კენტის» კოლოფზე, ზემოდან, უზარმაზარი, ბოლომდე გაშლილი, «თეთრხორციანი» მაგნოლია იდო. სუნთქვა შემეკრა. რამდენი ხანია, ასეთი ბედნიერი წუთები არ მქონია. რა ეშმაკია! იცის, როგორ მომხიბლოს. ან საიდან დაამახსოვრდა მაგნოლია, ან სად გაახსენდა…
სულ დამავიწყდა სიგარეტი, გამოვტრიალდი. როგორც კი დამინახა, ხელები ფართოდ გაშალა და მხიარულად შესძახა:
- სიურპრიზ! - რუსულად შესძახა.
- სად იშოვე? - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
- ჯერ სიგარეტი მომიტანე და მერე გეტყვი! - ბარტერი შემომთავაზა.
სიგარეტიც წამოვიღე და მაგნოლიაც. პირველი რატის მივაწოდე, მეორე კი წყლიან ჭიქაში ჩავდე და ჩემს მაგიდაზე დავდგი.
ამ დროს თინიკო შემოვიდა. ცოტა კი გაუკვირდა, კვლავ მარტო რომ დაგვინახა, მაგრამ უცებ მაგნოლიაზე გადაიტანა ყურადღება.
- ვაი, მაგნოლია?! საიდან? უჰ, რა სუნი აქვს! - ხელში მოიმწყვდია ყვავილი და ხარბად დაყნოსა.
კითხვის ნიშნად რატის გადავხედე. ხელები გაშალა, შენ მოიფიქრეო.
- მაჩუქეს! - ვთქვი და ავამუშავე გონება ტყუილის მოსაფიქრებლად. რატიმ დამასწრო:
- პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის წინ მოუწყვიტა თურმე ვიღაც «ვაჟკაცმა», - ბოლო სიტყვაში ირონია გაურია და თხრობა გააგრძელა, - ვერ წვდებოდა თურმე და ნაყინის მაცივარზე ასულა, გამყიდველისთვის უთხოვია, მანდილოსანთან ნუ შემარცხვენო…
«რას ერჩი, მშვენივრად გამოსდის ტყუილები. რომ ჰკითხო, ეშმაკი და საშიში ქალი ხარო, მე მეუბნება». თავი გადავაქნიე. წარმოვიდგინე, რა სანახავი იქნებოდა დახლ-მაცივარზე ამძვრალი რატი შუა პლეხანოვზე და სიცილი ამიტყდა.
- ვინ იყო? - იდუმალი შეკითხვა დამისვა თინიკომ.
- რა ვიცი, ვინ იყო, - ყასიდად ავიჩეჩე მხრები, - შაქარასავით შევციცინებდი მაგნოლიას. იმანაც შენიშნა და მოგიწყვეტო, თვითონ შემომთავაზა. უარს ხომ არ ვეტყოდი.
- რა სუნი აქვს! ისე კი, არ შეიძლება მაგნოლია დიდხანს გააჩერო ოთახში. შხამიანი ყოფილა და თავს ატკიებს თურმე და რაღაც დაავადებებსაც აჩენს! - გამაფრთხილა თინიკომ.
რას დავეძებდი. ახლა მთლად სეფსისი რომ შემყროდა, თანახმა ვიყავი. მთავარი იყო, რომ ჩემი ოცნების ყვავილი რატიმ მომიტანა და ამით კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი შეხედულება მასზე…
იგი სრულებით არ ჰგავდა სხვა მამაკაცებს.
ყველასგან განსხვავებული იყო…
სხვაგვარად იზიდავდა ქალებს…
7 7 7
- ნახე, მამიკო, დედიკომ რა მომიტანა! - გვანცამ ცხვირწინ აუფრიალა ბესოს მაგნოლია.
იგი ჯერ ჩუმად შეხვდა ამ ამბავს, მერე კი მაგნოლიისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე მკითხა:
- შენ რა, კავალერი გამოგიჩნდა?
იცოდა, როგორ მიყვარდა ეს ყვავილი და რა ისტორიაც მაკავშირებდა მასთან… ყოველ ზაფხულს მპირდებოდა, ერთი უნდა გიყიდო და მოგიტანოო, მაგრამ… შეპირება შეპირებად რჩებოდა. ან სად უნდა ეყიდა… ახლა კი გაუტყდა. იფიქრა, ვიღაცამ დამასწროო.
- შენ გეკითხები, კავალრები გამოგიჩნდნენ? - გააბევრა უცებ მეტოქეთა რიცხვი.
- რა შუაშია კავალერი, რა გჭირს? პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის წინ მოვწყვიტე, - უტიფრად ვიცრუე.
- იქ რა გინდოდა? - ეჭვის თვალით შემომხედა.
- ტილების წამალი, - ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყე.
- რა ტილების წამალი, ვისთვის გინდოდა? - მომაყარა.
- გვანცას ბაღის მასწავლებელმა მთხოვა ბავშვებისთვის.
ეს ტყუილი გზაში მოვიფიქრე. ვიცოდი, დაახლოებით ამგვარი სცენა რომ გაიმართებოდა და თავიდანვე დავიჭირე თადარიგი, რომ არ ჩავჭრილიყავი. ბოლო დროს იმდენი და ისეთი ტყუილის თქმა მიწევდა, მე თვითონ მჯეროდა ხანდახან.
- რაღაც არ მომწონხარ მე შენ ამ ბოლო ხანებში, - კბილებში გამოსცრა.
- რატომ, რას ვაშავებ?
- რაღაც ზედმეტად გახარებული მეჩვენები. რაო, რას გეუბნებიან, მაგარი ქალი ხარო? ხელსაც ხომ არ გითათუნებენ შემთხვევით, ჰა?
- ავადმყოფი ხარ, - ზიზღით ჩავილაპარაკე და აივანზე გავედი.
უცებ გვანცას ჭყივილის ხმა შემომესმა. გიჟივით შემოვვარდი ოთახში. მაგნოლია ფურცლებად დაშლილი ეყარა იატაკზე…
რაღაც ჩამწყდა გულში.
ბავშვი გულამოსკვნილი ტიროდა და პატარა ხელებს გამეტებით უტყაპუნებდა მამამისს ზურგზე. ხმა არ ამომიღია. სათუთად ავკრიფე ყვავილის თითოეული ნაწილი და საძინებელში გავიტანე.
იგი ხომ ჩემთვის ორმაგად ძვირფასი იყო - როგორც ყვავილი და როგორც საჩუქარი.
…იმ საღამოს უკვე დანამდვილებით ვიცოდი, რომ პარასკევს აუცილებლად მივიდოდი რატისთან.
ბესომ მოვლენები დააჩქარა.
7 7 7
ხუთშაბათ საღამოს, სანამ შინ წამოვიდოდი, რატიმ მიმიხმო კაბინეტში.
- რას იზამ ხვალ, მოხვალ? - ისევ ხმადაბლა მკითხა.
- მოვალ, - გადაჭრით მივიღე გადაწყვეტილება.
- მაშინ მოდი, აგიხსნი, როგორ მოაგნო ჩემს სახლს, - თაბახის ფურცელი აიღო და კალმით გეგმის დახაზვას შეუდგა. ანაგრიშმიუცემლად ვუსმენდი.
- შენ მისამართი მომეცი და როგორმე მოვაგნებ, - მხოლოდ ეს ვუთხარი.
- რომელზე მოხვალ? - უკვე ღიმილით მკითხა.
- ცხრისთვის, ალბათ.
…იმ დღეს რა დამავიწყებს!.. ყველა ნიუანსი გავითვალისწინე ჩაცმაშიც, თვალების დახატვაშიც და თითქმის მშვიდად გავეშურე «საქმეზე». რატი დოლიძეზე ცხოვრობდა. რაც უფრო ვუახლოვდები მის სახლს, მით უფრო ვნერვიულობდი. მეგონა, ყველა გამვლელი ხვდებოდა, სად მივდიოდი და რისთვის. «ნუთუ ამდენ ხალხში მარტო მე მივდივარ «საქმეზე»?» - აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს, ნაცნობი არავინ შემეფეთოს-მეთქი… ჯერ ერთ კორპუსში შევედი, მერე - მეორეში, მესამეში… სულ ამერია ერთმანეთში. ძლივს მივაგენი. უმწეოდ გამოვიწურებოდი.
სირბილით ავედი მეექვსე სართულზე, ფრთხილად ჩამოვწიე სახელური და… გაიღო.
დავიძაბე.
ზურგს უკან მივიხურე კარი და მივეყრდენი.
სული მოვითქვი. ნერვიულობისგან პირი მქონდა გამშრალი.
რატი არსად ჩანდა. «ვაითუ სხვის ბინაში ამოვყავი თავი… ახლა რომ ვინმე ბანჯგვლიანი ბიძა გამომიხტეს», - გამეცინა გულში. აბაზანიდან წყლის ხმა ისმოდა. შევიჭვრიტე. წელზევით შიშველი რატი წვერს იპარსავდა.
- მოაგენი? - ვითომ არაფერი, ისე მკითხა და სარკეში შემომხედა.
- როგორც იქნა, - მორცხვად გავიღიმე.
რა სანახავი იყო! თეთრი, ძალიან თეთრი კანი ჰქონდა, ფართო მხარ-ბეჭი. თვალები თაფლისფერი გახდომოდა.
- ოთახში შედი, ახლავე გამოვალ, - შინაურულად მითხრა.
გული ამოვარდნაზე მქონდა. ასე მეგონა, მისი ბაგაბუგი რატისაც ესმოდა აბაზანაში. ხომ არ წავიდე? რას ვაკეთებ! რა ვქნა? ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში.
საძინებელში გავედი. ლოგინი აშლილი დამხვდა.
გამზადებული.
თეთრეული - ახალი გამოცვლილი.
გამიკვირდა. მე სულ სხვა რამეს ველოდი. მეგონა, მაგიდა დამხვდებოდა გაშლილი და არა ლოგინი. შამპანურს დამახვედრებდა, ხილს, შოკოლადს… ცოტას დავლევ, შევხურდები და უფრო გამიადვილდება ყველაფერი-მეთქი. შენც არ მომიკვდე!.. ახლა მართლა მომინდა წასვლა. მოვტრიალდი. ამ დროს რატიც შემოვიდა და საპნის სასიამოვნო სუნი შემოიტანა.
- ნახე, რა პრიალა კანი მაქვს? - მოჩვენებითად მოიწონა თავი, ჩემი ხელი აიღო და ლოყაზე მიიდო.
- ხომ კარგია? - ღიმილით მკითხა, პასუხს არ დაელოდა, წელზე ხელი მომხვია და მიმიზიდა.
ყელზე მაკოცა. ცივი ტუჩები ჰქონდა. კინაღამ ჩავიკეცე შიშველი სხეულის შეხებისგან. თავი უკან გადავწიე და ყელ-კისერი მივუშვირე.
მეფერებოდა, მკოცნიდა, თან ხელებით კაბის ღილებს მიხსნიდა. სპეციალურად შერჩეული სარაფანი მეცვა, ბოლომდე ღილებით რომ იხსნებოდა. ისე უცებ გამაშიშვლა, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. მერე ხელები მომხვია. მესიამოვნა უცხო მამაკაცის შეხება.
გაგრძელება იქნება