ნინა სუბლატი ცნობილი მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გახდა. მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა და 2015 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო წარადგინა, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
ნინა არაორდინარული გარეგნობითა და სტილით მალევე გახდა ბევრი თინეიჯერისთვის მისაბაძი. მისი ვოკალური მონაცემები კი საქართველოს ფარგლებს გასცდა და მეუღლესთან ერთად შექმნილი პროექტი მან საზღვარგარეთაც გაიტანა.
ნინა სუბლატი „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობისას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ოცნებობდა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, მან დაქორწინება გადაწყვიტა და 2013 წელს რჩეულთან, გიორგი შამანაურთან ერთად ფოტოები იუსტიციის სახლიდან გამოაქვეყნა, სადაც წყვილმა ხელი მოაწერა. გიორგი თავადაც მუსიკოსია და მომავალი მეუღლე სწორედ მუსიკალურ პროექტში გაიცნო.
ამჯერად ნინა მთავარი არხის დილის გადაცემის რუბრიკის "კითხვების გარეშე" სტუმარია. მომღერალი დედობაზე, მუსიკასა და კარიერაზე საუბრობს:
"დედობა ძალიან საინტერესოა, ყოველდღე ახალ რამეს იგებ საკუთარი თავის შესახებ. აღმოვაჩინე, რომ როცა ჩემს შვილს ვუყურებ, ვხვდები, რომ ყველა ადამიანი სიცოცხლეს ნულიდან იწყებს.
ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ემოციური ვარ. სულ მეგონა, რომ არ ვიყავი. ბევრ ემოციას ვინახავ და ამიტომ, ჩემს თავს საშუალებას ვაძლევ, გრძნობები მაქსიმალურად გამოვხატო.
სულ შეყვარებული ვარ... ხან სამყარო მიყვარს, ხან ადამიანები, ხან კი ყველაფერი ერთად..." - ამბობს ნინა სუბლატი.