ძლიერი მკლავები ჰქონდა, დაკუნთული, როგორც სპორტსმენს. სუნთქვა შემეკრა. მერე მსუბუქად ამიტატა ხელში და ლოგინისკენ წამიყვანა.
მერე… მერე არაფერი მახსოვს…
ყველაფერი სწრაფად მოხდა.
არც მოფერება მიგრძნია, არც კოცნა, არც რამ სიამოვნება…
რაღაც მამძიმებდა. არ ვიცი, რა.
- რა გჭირს, ანა? - რატის ხმამ გამომაფხიზლა. იდაყვს დაყრდნობილი ზემოდან დამყურებდა.
- არ ვიცი, - სასოწარკვეთილი სახე მქონდა.
თითქოს მრცხვენოდა, თითქოს მეშინოდა, თითქოს… რა ვიცი, რა არ მაწუხებდა. თითქოს ყველაფერი ერთად… ვერ აღვწერ იმას, იმწუთში რა მჭირდა, რა მემართებოდა…
- ძნელი ყოფილა… - ჩავიჩურჩულე.
- ნანობ? - ხელებში მოიქცია ჩემი სახე და თვალებში ჩამაცქერდა.
- …ღალატი არ ყოფილა ისე ძნელი, როგორც მერე… - გავაგრძელე ჩურჩული, - რა მეშველება!
- შენ გინდა თქვა, რომ მე შენთვის პირველი მამაკაცი ვარ? - ეჭვნარევად, თითქოს ხუმრობით მკითხა.
- არა, მეორე, - რაც შეიძლებოდა, უდარდელად ვუპასუხე.
გაოცებით აზიდა წარბები. არადა, სიმართლე ვუთხარი. როგორც მამაკაცი, იგი მეორე იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორც საყვარელი - პირველი.
- ბესო და შენ, - დავნომრე ორივე. გაეცინა.
- შენი ქმარი არ ითვლება. მე სხვა რამეს გეკითხები.
- რომ გითხრა, პირველი ხარ-მეთქი, მაინც არ დამიჯერებ. ყველა ქალი ასე ამბობსო, მეტყვი. ამიტომ არ გიპასუხებ, - შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. მიხვდა, რომ მეწყინა.
- გეხუმრე, შე სულელო! ვიფიქრე, ცოტას გავამხიარულებ-მეთქი. ისეთი სახე გაქვს. შენი თქმა რად მინდა, ისედაც ვხვდები, რომ ასეა.
- ჰო-ო-? რანაირად? - თავი წამოვწიე.
- ჯერ ერთი, რომ გაპრანჭვა არ დაგიწყია. ღალატს შეჩვეულმა ქალებმა ასე იციან, ვითომ პირველად ღალატობენ ქმრებს და იწყებენ წუწუნს, ვაი, არ შემიძლია და უნდა წავიდე და რა ვიცი, ამნაირები. შენ კი… იცოდი, რისთვისაც მოდიოდი და სცენების გათამაშება თავში აზრად არ მოგსვლია.
არადა, მეც ხომ დავაპირე გაბრუნება, კარში რომ არ შევფეთებოდი, მაგრამ ახლა ამას როგორ ვეტყოდი, სანქცია ზედ მექნებოდა.
- მეორეც, არ გეწყინოს, მაგრამ… საკმაოდ გამოუცდილი ხარ ლოგინში… გეტყობა ერთფეროვნების კვალი… არ გაგიტყდეს, ძალიან გთხოვ.
- არა, რას ამბობ! - ვუთხარი.
არადა, გამიტყდა. მე თვითონ არ ვიცოდი, რა… ალბათ, სიმართლე.
- შენ კი, პირიქით - ჩანს, კარგა გაშინაურებული ხარ მოღალატე ცოლებში… - ჩავურტყი.
- არც ისე, მაგრამ მთლად უამისობაც არ არის, - გაიღიმა.
«მე მერამდენე ვარ შენთვის მოღალატე ცოლების სიაში?» - მინდოდა, მეკითხა, მაგრამ თავი შევიკავე.
- მესამე, - მიხვდა, რაც გავიფიქრე და გადმოშალა თავისი კარტები, - იმ განსხვავებით, რომ ერთი ქვრივი იყო, მეორე - ქმარს გაცილებული.
- შენც კაი დონჟუანი ხარ, - კრიტიკული ტონი გავურიე ხმაში და თავქვეშ ამოდებულ მკლავზე ვაკოცე, - არადა, მამა აბრამის ბატკანივით მიამიტი ჩანხარ შორიდან. გარეგნულად არაფერი გეტყობა.
- აბა, ხომ არ ვიყვირებ. ეს ამბავი შენს მეტმა არავინ იცის. მხოლოდ ჩემმა ორმა ძმაკაცმა, ვისთანაც ძალიან ახლოს ვარ, მაგრამ იმ ქალების ვინაობა მათაც არ იციან. ეს ჩემი საფირმო მეთოდია: სრული გასაიდუმლოება. მაგრად მუშაობს…
- სამარე ვარ… - გულზე დავიდე ხელები, - შეგიძლია მენდო.
- მოდი ჩემთან, - ჩურჩულით მითხრა, ხელი შემიცურა კისერში და გულში ჩამიხუტა.
თავი დავადე და ჩავიმალე მის მკერდში. იმწუთში ღონიერი, მფარველად მოვლენილი ფრინველის ფრთებქვეშ შეფარებულ ბეღურად ვგრძნობდი თავს და კმაყოფილებას განვიცდიდი.
- თუ გინდა, მიიღო ის, რისთვისაც ჩემთან მოხვედი, არ უნდა იფიქრო ამაზე, - მითხრა და მოფერება დამიწყო.
- მე მგონი, ამას ვერასდროს შევძლებ, - იმედგადაწურული ხმით ვთქვი.
- მოდი, ანა, თავიდანვე შევთანხმდეთ ერთ რამეზე, - კვლავ იდაყვზე წამოიწია და ყელზე მომხვია მარჯვენა, - როცა ერთად ვართ, ნუ ვიფიქრებთ ნურაფერზე. ვიფიქროთ მარტო ჩვენზე. შევირგოთ ის, რასაც ვაძლევთ ერთმანეთს. აქედან გასულები კი ნუ დავიტანჯავთ თავს და თვითგვემად ნუ გავიხდით ამ ურთიერთობას. გესმის ჩემი?
- არა, არ მესმის! - ვერ გავიგე, რისი თქმა უნდოდა.
- აი, რა მინდა გითხრა. ჩვენ ერთად ვართ იმიტომ, რომ გვსიამოვნებს ერთად ყოფნა. მე შენ არ მიყვარხარ. ეს კარგად იცი, მაგრამ ძალიან მომწონხარ. არც შენ გიყვარვარ, ხომ ასეა (გავისუსე)? ჩვენ უბრალოდ, ვავსებთ ერთმანეთს, რაღაც დანაკლისს ვუნაზღაურებთ. სიყვარულთან ნუ გავაიგივებთ ამას. გამიგე? ნურც ღალატზე იფიქრებ. შენ პირველი ქალი არა ხარ, ვინც ქმარს ღალატობს და არც უკანასკნელი. თავიდან ყველა ქალი ნანობს, მაგრამ შემდეგ ეჩვევა. შეუჩვეველი არაფერია ამქვეყნად.
- არა მგონია, ოდესმე შევეჩვიო, - ამოვიოხრე.
- მით უარესი შენთვის, მაშინ ჩემთან ურთიერთობით დაიტანჯები, კი არ ისიამოვნებ! მაშინ რაში გჭირდება ასეთი ყოფა?
გავჩუმდი. აზრებს ვიკრებდი.
მე უკვე მიყვარდა.
ძალიან.
ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ამის თქმა ახლა არ შეიძლებოდა. მისი თამაშის წესი უნდა მიმეღო, რათა არ დამეკარგა.
მერე კი… ჰმ, ვითომ ასეთი გულცივია?
ამასაც ვნახავთ. მაგრამ ახლა რაღაც უნდა მეპასუხა.
- მანქანა ხომ არა ვარ, ქალი ვარ, ბოლოს და ბოლოს. ბარემ კონტრაქტი დამიდე, - გადავწყვიტე, მისი «არ მიყვარხარ» ასე ადვილად არ გამეტარებინა, თუმცა «კონტრაქტის» პირობას უკვე შევეგუე.
- მომისმინე, საწყენად არაფერს გეუბნები. მინდა, რომ ორივე კარგად ვიყოთ. თუ გრძნობათა იმპერია აბობოქრდა, დიდი ტკივილები და სიმწარე არ აგვცდება. შენ თუ არ იცი ეს, მე ვიცი და თანაც ძალიან კარგად. იცოდე, თუ საქმე აქეთ წავა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება, - რატი შეეცადა, რაც შეიძლება მშვიდი და ნეიტრალური ტონით ეთქვა ეს (!) სიტყვები.
როგორც ჩანს, კარგად იცოდა, რა უნდოდა და როგორ მიეღო. მე კი ეს მხოლოდ აზარტს მმატებდა. თუ ჰგონია, რომ ძალიან მაგარი ვინმეა, გაიგებს, რა «რბილთანაც» დაიჭირა საქმე. მაგრამ მოლაპარაკებებში ღია ვაჭრობა სისულელე და უაზრობა იქნებოდა. ამას იგი კარგად ხვდებოდა და ისე დააყენა პირობები, რომ თავად გაგიტყდებოდა შეკამათება. თუმცა, ქალს სხვა იარაღი აქვს. ასეთ საქმეებში გამოცდილებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ ალღო, რომელსაც არასოდეს მოვუტყუებივარ, მკარნახობდა, რომ ჩემი მიზანი სულაც არ იყო მიუღწეველი და თუ მივენდობოდი, შანსები დიდი მექნებოდა.
- კარგი, კარგი, ოღონდ შენ არ ინერვიულო, - ჩავიცინე.
თვალი თვალში გამიყარა. ეტყობა, ირონია იგრძნო. თუმცა ამას «ეტყობა» რად უნდოდა. ასეთი რამეები არ გამოეპარებოდა. «მოლაპარაკებები» ამით ამოიწურა, თუმცა, ჩემი თავდაჯერება, მგონი, ვერ დააფიქსირა.
მით უკეთესი.
ახლა უკვე დამშვიდებული ვიყავი. მოსახდენი მოხდა. აქ შიში არაფრის მქონდა. არც არავინ შემოგვისწრებდა და ვერც ვერავინ დაგვინახავდა. სიამოვნებით გავიზმორე. ხელი ჩამომისვა ზურგზე.
- რა მკვრივი ხორცი გაქვს, გემრიელი. ძნელია, ცდუნებას გაუძლო. ერთ რამედ ღირს შენთან წოლა. უ-უ-ხ! - მძლავრად ჩამბღუჯა და კოცნის მორევში ჩამითრია.
მე ვგრძნობდი მას… მამაკაცს, რომელსაც არ ვუყვარდი, მაგრამ ისე ვნებიანად მეფერებოდა, როგორც შეყვარებული….
მაგრამ მე თვითონ თითქოს რაღაცნაირად ვერ მოვერგე… ამას ჩემს დილეტანტობას ვაბრალებდი. ცოტა არ იყოს, პირველ შეხვედრაზე ძნელი აღმოჩნდა მორგების მომენტი. თითქოს გაგვიჭირდა ერთმანეთთან შეწყვილება. ალბათ, ამასაც, რატის თქმისა არ იყოს, შეჩვევა სჭირდებოდა, როგორც ყველა სხვა შეუჩვეველს ცხოვრებაში.
8 8 8
მეორე პარასკევისთვის კვლავ დავთქვით შეხვედრა. რატისთან მისულს ახალი სიურპრიზი მელოდა. ის, რასაც პირველ პაემანზე ველოდი, მას ახლა «მოეფიქრებინა». სუფრა გაშლილი დამხვდა. შამპანური, ბანანები, შოკოლადის ფილა და ხილი ელაგა მაგიდაზე. გავოცდი. იგი ყველაფერს «უკუღმა» აკეთებდა.
- როგორა ხარ, ჩიტო? - მწვანე ფერის სპორტულები ეცვა, ყავისფერი ზოლებით გაწყობილი.
თვალებიც მწვანე ფერის გახდომოდა, ქამელეონივით ცვალებადი თვალები.
- ვარ, რა, - ავიჩეჩე მხრები.
თმაზე ჩამომისვა ხელი და ჩამიხუტა.
- ვინ არის ტკბილი ქალი? - იდუმალი ხმით მკითხა.
- მე! - გულუბრყვილოდ გავიღიმე.
- შენ, შენ! - სიცილით მითხრა და ჩანთა ჩამომართვა.
- დავლიოთ ცოტა, არა?
- როგორც გინდა.
მაგიდას მივუსხედით. შამპანური უხმაუროდ გახსნა და ჭიქებში ჩააშუშხუნა.
- ეს შენ გაგიმარჯოს, ანა, - ასწია ჭიქა და მომიჭახუნა.
- გამიმარჯოს, - ცალი თვალი მოვჭუტე და ჭიქიდან გავხედე.
- ჯერ ერთი იმიტომ, რომ კარგი ქალი ხარ, რასაც ჰქვია და მეორეც იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ გიხარია ჩემთან ყოფნა, - კმაყოფილებით გამონახა საჭირო სიტყვა და სულმოუთქმელად დალია.
ბოლომდე.
მეც.
სასმელმა მთელი სხეულში დამიარა.
რატიმ ბანანი გაფცქვნა, გადატეხა და ნახევარი თეფშზე დამიდო.
- ახლა მე გამიმარჯოს, - ხელახლა შეავსო ჭიქები.
- გაგიმარჯოს, - «ავიტაცე» სადღეგრძელო, - ჯერ ერთი იმიტომ, რომ კარგი ბიჭი ხარ და მეორეც იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ გიხარია ჩემთან ყოფნა, - თუთიყუშივით გავიმეორე და სულმოუთქმელად დავცალე.
ბოლომდე.
- შენ როდისა ხარ დაბადებული? - თავი გვერდზე გადასწია.
- ეშმაკზე სამი დღით ადრე, - მაცდურად გავუღიმე.
- ასეც ვიცოდი, - ხმამაღლა გაიცინა და მუხლზე დაიტყაპუნა ხელი, - მოდი, აქ ჩამოჯექი.
მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა. წელზე ხელი მომხვია და თავი მკერდზე დამადო.
- რა კარგია, ნამდვილი მალამო ხარ, ტკივილგამაყუჩებელი აბი…
- რომელი, ანალგინი თუ პენტალგინი? - სიცილისაგან ვერ ვჩერდებოდი.
- ბარალგინი, - უკეთესი ვერ გაიმეტა, ჩაიცინა და ისევ ჩამოასხა ჭიქებში.
- ამ ჭიქით კი ჩვენ გაგვიმარჯოს, შენ და მე, - თქვა და მოსვა.
- შენ და მე, - ვთქვი და მოვსვი.
- კიდევ დავლიოთ?
- აღარ გვინდა მეტი.
მეორე შეხვედრა უფრო «ნაყოფიერი» გამოდგა. რა ბედნიერი ვიყავი! აღარაფერი მაწუხებდა. დამავიწყდა შიშიც, ტკივილიც, ღალატიც, დარდიც…
ყველაფერი.
მხოლოდ რატი მახსოვდა.
სამაგიეროდ, შეხვედრის მერე ისევ ავიშლებოდი ხოლმე. მეშინოდა. ვაითუ, უცებ დამთავრდეს ყველაფერი. როცა ადამიანს არ უყვარხარ, ადვილად ბეზრდები. ერთ მშვენიერ დღესაც დაგიქნევს ხელს და მორჩა-ა-ა! ყველაზე მეტად ეს მაფიქრებდა. არადა, არც ის ვიცოდი, როგორ შემეყვარებინა თავი. ასეთ საქმეებში არ მქონდა გამოცდილება. სიმართლე გითხრათ, არც არასდროს დამჭირვებია. ასე ერთი ნახვით შეყვარება მხოლოდ წიგნებში მქონდა წაკითხული. რაღაც სასწაული მჭირდა. ჯერ არ განცდილი. რატი თითქოს ის მეორე ნახევარი იყო ჩემი, რომელსაც მთელი სიცოცხლე ვეძებდი, რომელიც ვიპოვე და რომელსაც მოვერგე. «რა იქნება, რომ ვუყვარდე, რა იქნება?» - მეტი არაფერი მაწუხებდა.
რატი არ იყო ის მამაკაცი, რომელსაც ბანალური ქცევებით შეაყვარებდა ქალი თავს.
აქ სხვა რაღაც იყო საჭირო, მაგრამ რა - ეს არ ვიცოდი.
7 7 7
გადავწყვიტე, მარისთვის მეთხოვა დახმარება. იქნებ ერჩია რამე. მან ჯერ არ იცოდა «ახალი ამბავი», მაგრამ დამინახა თუ არა, მაშინვე რაღაცას მიხვდა, წარბები აწკიპა და ცნობისმოყვარედ მკითხა:
- რა იყო, გოგო, რა სახე გაქვს. ახლა არ მითხრა, რომ…
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- უჟე? - თვალები გაუბრწყინდა ახალი ამბის მოლოდინში, - შემო, შემო, - საჩქაროდ შემიყვანა პირდაპირ საძინებელში და საწოლზე ჩამომსვა პატარა ბავშვივით.
- ჰე, მოჰყევი ახლა, ნუ მომკალი, - ვერ ითმენდა.
მოსაყოლის მეტი რა მქონდა…
- დედა-ა-ა! რა კარგია! - შესძახებდა ხოლმე შიგადაშიგ აღფრთოვანებით.
- ესე იგი, კაი იყო, ხომ? - სატირლად გამზადებული სახე მიიღო და: - შე ბედნიერო! - სასუსნავს დახარბებულივით «ამოიტირა».
- რა მეშველება, მარი? - შევჩივლე.
- რა გინდა, შე ქალო, მოწყობილი გაქვს საქმე. მთავარია, არავინ გაიგოს. ისიც თუ ასე ფრთხილობს, რიღასი გეშინია? _ გაშალა ხელები.
- იმის მეშინია, რომ არ ვუყვარვარ, გაიგე? არ ვუ-ყვარ-ვარ! - დავმარცვლე და თავატკივებულივით შუბლზე დავიდე ხელი.
- ნეტა ერთი შენ! მერე რა, რომ არ უყვარხარ? შეგიყვარებს, სად წავა, - დამაიმედა.
- თან, რა არის, იცი? მიტყდება ძალიან… ტეხავს ეს ღალატი. ჩემ ირგვლივ არც ერთი ქალი არ ვიცი, ქმარს ღალატობდეს.
ტკარცალი აუტყდა.
- კარგი რა, რა სასაცილო ხარ! შე ქალო, შენი ამბავი იცის ვინმემ? არ იცის. ასეა ყველა. რომელი ქალი ამბობს დღეს, ქმარს ვღალატობ და საყვარელი მყავსო? შენ რა იცი, სხვა რას აკეთებს?
- არა, მთლად ასეც არ არის… ხომ იცი, ამქვეყნად არაფერი იმალება.
- კი, არ იმალება, მაგრამ თუ ჭკვიანურად მოიქცევი, ყველაფერიც დაიმალება. ჰმ, არავინ ღალატობს! იცი, რამდენი ვიცი მაგნაირი ქალი? აი, ეკა რომაა, ჩემი მულის დაქალი. სამი შვილი ჰყავს, ქმარი და საყვარელიც.
- რომელი ეკა, დისტროფიკს რომ ჰგავს?
- ჰო, ჰო, ის ეკა. შარშან თავის ძველ შეყვარებულს გადააწყდა შემთხვევით ქუჩაში და იმის მერე ერთად არიან, მაგრამ კი არავინ იცის.
- «არავინში» რამდენი კაცი იგულისხმება, არ დამიმალო! - სიმწრით გამეცინა.
- ახლა ჩვენ რომ ვიცით, ეს არ ითვლება. მე ასი წელი არავის ვეტყვი ამას, არც შენ და… ნუ ფიქრობ, რა, ანა მაგაზე, თორემ შეიძლება გარეკო…
- ქალზე საზიზღარი არსება არ არსებობს ქვეყანაზე. ჩვენს თავში რომ აზრი დატრიალდება, თანაც ბოროტი, კაცებს არც დაესიზმრებათ.
- ოჰ, კაი ახლა, ნუ ფილოსოფოსობ. შენ სიყვარულის გამო უღალატე ბესოს და სხვები ვინ იცის, რისი გულისთვის არ დგამენ მაგ ნაბიჯს. ზოგი ინტერესის გამო, ზოგიც გაჭირვების გამო, ზოგიც…
- შურისძიების გამო, არა?
- ეგეც არის. ზოგს კიდევ მოთხოვნილება აქვს, ერთი კაცი არ აკმაყოფილებს. აგერ, ნონა ხომ იცი, ჩემ ზემოთ რომ ცხოვრობს. თავის გინეკოლოგს მისცა. მაგ კაცმა ამშობიარა. მერე ერთხელაც, მგონი შარშან, გაზაფხულზე, მინი-აბორტის გასაკეთებლად მივიდა. უჟუჟუნა და უჟუჟუნა თვალები. იმან გაიხადეო, უთხრა. ნონამ კიდევ გახდა ზემოდან დაიწყო.
- მერე?
- რა მერე! არაფერი. ჯერ კარგად მიაწვინა, მერე გაუკეთა აბორტი და გამოუშვა. მერე და მერე იცოცხლე, კი ინანა, მაგრამ რაღას უშველიდა. ნერვიულობისაგან შაქარმა აუწია და კინაღამ დაბრმავდა. ქმარმა დღესაც არ იცის. შენი შემთხვევა კი სულ სხვაა. შენ ახლა იმაზე იფიქრე, როგორ შეაყვარო თავი.
- ჰოდა, რომ არ ვიცი, სწორედ ეგ მაგიჟებს.
- მდა-ა-ა! მოვიფიქროთ რამე.
ვერაფერიც ვერ მოვიფიქრეთ.
გაგრძელება იქნება