გუშინ საფრანგეთში, პარიზში, ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა - სასტუმრო "შატლემ" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა. ქართველების ყურადღება კი ამ საღამოს ახალგაზრდა ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მეუღლის, ნიცა თავაძისკენ იყო მიპყრობილი.
ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა. ეს მისთვის დიდი წარმატებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მან ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი არიან. “ამ დღეზე ყოველთვის ვოცნებობდი და დღეს აქ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოვხვდი” - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ. მისთვის ეს ნომინაცია რომ მართლაც საამაყოა, მისი ემოციებიც მოწმობს - მას და მის მეუღლეს ღელვა ეტყობოდათ, თუმცა საღამოზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და კამერების წინ პოზირებაც მოასწრეს.
ღონისძიებას ოჯახთან ერთად ესწრებოდა ლეო მესიც. მან კარიერაში მერვედ მიიღო "ოქროს ბურთი" და ეს წარმატება სცენაზე შვილებთან ერთად აღნიშნა. მესის გვერდს უმშვენიერესი ანტონელა უმშვენებდა. ლიონელ მესი მომავალ მეუღლეს, ანტონელა როკუზოს, პირველად 5 წლის ასაკში შეხვდა. გოგონა მისი საუკეთესო მეგობრის, ლუკას სკალიას და იყო. ანტონელა და ლიონელი მეზობლად ცხოვრობდნენ და ერთმანეთის ნახვაც ხშირად უწევდათ. თავდაპირველად მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, გრძნობების მატებასთან ერთად კი მესის კარიერაც თანდათან იზრდებოდა. დღეს ანტონელა მესის ყველაზე დიდი გულშემატკივარია და მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის მის გვერდითაა.
კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას მეორე ნახევართან ერთად დაესწრო, ერლინ ჰალანია. 23 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი 23 წლისაა, თუმცა მსოფლიოს თავი უკვე კარგად გააცნო. იზაბელ ჰაუგსენგ იოჰანსენი ერლინ ჰალანის პარტნიორია, თუმცა წყვილის სიყვარულის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია, ჰალანი ცდილობს, პირადი ცხოვრება მაქსიმალურად დაიცვას კამერებისგან. ვიცით ის, რომ იზაბელი თავადაც სპორტსმენია და მათ ერთმანეთი ბრაინის ახალგაზრდულ აკადემიაში გაიცნეს. ჰალანი და იზაბელი გუშინდელ საღამოზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ.