მესამე პარასკევსაც შევხვდით ერთმანეთს. ვგრძნობდი, ყოველი ახალი შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად მიჯაჭვული ვხდებოდი მასზე. რატი მართალი გამოდგა, სიყვარული ტანჯვად გადამექცა. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. სულ თვალწინ მედგა. ისე ვიყავი «გაჟღენთილი», მეშინოდა, ბესოსთან არ წამომცდენოდა მისი სახელი.
კიდევ ერთი კვირა გავიდა. რატი მომავალ შეხვედრაზე ხმას არ იღებდა. მოუსვენრობა დამეტყო. ოთხშაბათიც დადგა, ხუთშაბათიც…
მოშუადღევდა…
მოსაღამოვდა…
შეთანხმება არ შედგა.
არც შეხვედრა.
გაოგნებული ვიყავი. «რა დაემართა? თუ არ შეეძლო, ხომ უნდა გავეფრთხილებინე? ხომ უნდა ეთქვა?» - კითხვები ერთმანეთს ცვლიდა.
უპასუხოდ.
პარასკევი ჩვეულებრივად გათენდა, მაგრამ არა ჩემთვის. ღამე თეთრად გავათენე. დილით კი ფიქრებაწეწილი წავედი სამსახურში. რატი არ ჩანდა. გახდა ათი საათი, თერთმეტი, თორმეტი… შევშფოთდი. ვაითუ, ის იქ მელოდება და მე კი… მაგრამ რომ არაფერი უთქვამს? რა ვქნა? ავწრიალდი. რამდენჯერმე გადავრეკე მასთან, შინ. ყურმილს არავინ იღებდა. პირველი ხდებოდა, როცა გამოჩნდა. ჩვეულებრივად მოგვესალმა ყველას და თავის ოთახში შევიდა. ნირი წამიხდა.
ვიგრძენი, როგორ გაუფერულდა ყველაფერი და დამთავრდა.
თითქოს ჩაკვდა სიცოცხლე.
თითქოს რაღაცამ გაიელვა და ჩაქრა. მორჩა!
ნუთუ ასე უცებ გამივიდა ყავლი?!
ნუთუ ოდნავი ინტერესიც ვერ გამოვიწვიე მასში, ნუთუ ასეთი ცარიელი ქალი ვარ?
ამგვარ ფიქრებში გავიდა დღე. ერთხელაც არ მოსულა, არც არაფერი უკითხავს, არც კაბინეტში დავუბარებივარ…
თითქოს ჩვენ შორის არც არასდროს ყოფილა არაფერი.
7 7 7
დღეები დღეებს მისდევდა. მე უკვე ცუდად ვიყავი. ყველაფრისადმი დავკარგე ინტერესი. თითქოს დავცარიელდი. კიდევ კარგი, გვანცა სოფელში იყო, თორემ ყველაზე მეტად ალბათ, ის დაზარალდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნელ-ნელა ვპატარავდებოდი, ვილეოდი.
ასე გაგრძელდა მთელი ორი კვირა. რატის ერთხელაც არ დასცდენია რამე, არც წარსულ და არც მომავალ შეხვედრებზე. ნამდვილი «იყო და არა იყო რა» გამოვიდა. ვერ ვეგუებოდი ამ სიტუაციას, მაგრამ ხმასაც ვერ ვიღებდი. ისიც არ ვიცოდი, რამდენის თქმის უფლება მქონდა, ან რა უნდა მეთქვა საერთოდ. შეხვედრის სურვილი თუ ჰქონდა, ჩემი შეხსენება რაში სჭირდებოდა?
ამასობაში გუგაც ჩამოვიდა ქობულეთიდან. ოთხშაბათი დღე იყო. კართან მისულს მისი გრუხუნა ხმა შემომესმა.
- ამას ვის ხედავს ჩემი ცისფერი თვალები! - აბობოქრდა ჩემ დანახვაზე გაშავებული. ნამდვილ მულატს ჰგავდა, ლაპლაპას. ხელები გაშალა და შესახვედრად გამოეშურა, - ან-ნა, ჩემო მშვენიერო, ჩემო ზღვაზეც კი დაუვიწყარო! - გადამეხვია და თეატრალურად მაკოცა ჯერ ერთ, მერე მეორე ლოყაზე.
უცებ სახე თითქოს შეეცვალა, მხრებში ხელი ჩამავლო, ცოტა უკან გადაიხარა და გამომცდელად დამაკვირდა.
- რა უქენით ამ ქალს? - თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, ისე მიმართა «დამსწრე საზოგადოებას».
თინიკოს და ინგას სიცილი წასკდათ გუგას მორიგი სეირის მოლოდინში. რატი ჩუმად იჯდა. თავისთვის.
- ზნაჩიტ, ბუდეა-ა-ა! - ჩაილაპარაკა გუგამ.
- რა იყო, ბიჭო, რა ბუდე აღმოაჩინე ამისთანა? - კისკისებდა თინიკო.
- ამ ქალის თვალები ნამდვილი სევდის ბუდეა, - გააგრძელა გუგამ, _ შენ შეყვარებული ხარ, ჩემო მშვენიერო, - მწუხარე რაინდივით დაასკვნა.
გავწითლდი. ტყუილზე წასწრებული ბავშვივით შემიხურდა ლოყები. რა «ჟუკია»! ამას რას გამოაპარებ.
- მე კი იქ ლექსებს ვწერდი შენზე და… - შეყოვნდა, მერე მრავალმნიშვნელოვნად გააგრძელა, - და მერე ჩემს ცოლს ვაკითხებდი.
აბა, სიცილი მაშინ უნდა გენახათ. მეც ვერ შევიკავე თავი.
- მერე, რას ეუბნებოდი შენს ცოლს, ანას ვუძღვნიო? - ვერ მოითმინა თინიკომ.
- არა, შენზე დავწერე-მეთქი, ვეუბნებოდი. იმას ვუკითხავდი და ანას ვგულისხმობდი. შემფასებელი ხომ მჭირდებოდა. გინდათ, წაგიკითხოთ? - უცებ «მადაზე» მოვიდა.
- მიდი, აბა, - შევაგულიანე მეც.
- «ნუ დამაფიცებთ სხვას, მას დავიფიცებ ისევ», - თქვა და გაჩერდა.
- ეს რა, სათაურია? თუ სულ ეგ არის? - ახლა გია დაინტერესდა.
- არა, ეს ნაწილია.
- თავი თუ ბოლო?
- თავიც და ბოლოც.
- ეგ როგორ? - არ ცხრებოდნენ სიცილით ჩაბჟირებულნი.
- როგორ და ჩვეულებრივად. ასე იწყება და ასევე მთავრდება.
ინგას ცრემლები სდიოდა სიცილისაგან.
- შენ რა, მაშაყირებ? - ავიმრიზე უცებ.
შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ცოტაც და ალბათ, ავღრიალდებოდი. ისედაც შეძრული მქონდა სული. ახლა კიდევ დაცინვის ობიექტი ვხდებოდი.
შემატყო, რაღაც საშინელება რომ მემართებოდა და უცებ ნელა, დაბალი ხმით დაიწყო:
- «არ საჭიროებს თქმას და აღარც ავხსნი მიზეზს,
ვერ გაგისწორებს თვალს, თუ სიყვარულით გიმზერს;
ნეტავ ვუყვარდე მას, როგორც მე მიყვარს ისე,
ნუ დამაფიცებთ სხვას, მას დავიფიცებ ისევ».
სიჩუმე ჩამოვარდა. ისე ლამაზად გამოუვიდა, ისეთი შთაგონებით კითხულობდა, სიამოვნება ვიგრძენი. რამდენი წელია, ჩემთვის ლექსი არავის მოუძღვნია. ახლა კი… მივუახლოვდი და მადლობის ნიშნად ვაკოცე.
- თხუთმეტი წელია, ჩემზე ლექსი არავის დაუწერია, - მადლიერი მზერით შევხედე.
- თხუთმეტი წელია, ქალზე ლექსი არ დამიწერია, - როხროხით გაიცინა.
- აბა, რისი პოეტი ხარ, ბიჭო! - შეარცხვინა თინიკომ.
- ქალი უნდა იმსახურებდეს ლექსს. ის თავისით კი არ იწერება. მუზა სჭირდება.
- ლიას კიდევ ჰგონია, რომ ეს მას მიუძღვენი? - არ ცხრებოდა თინიკო.
- აბა! - თავმომწონედ გადახედა გუგამ.
- რა გენაღვლება, დაწერ ანაზე და იგულისხმებ ლიას, დაწერ ლიაზე და იგულისხმებ ანას. რაღაც ლენინი და პარტიასავით გამოდის, აი! - ეს რატი იყო. როგორც იქნა, ამოიღო ხმა.
- საერთოდ, ქალებს საზიარო არაფერი უყვართ, ჩემო გუგა, მაგრამ ამჯერად მე თანახმა ვარ. თუ ლიაც არ იქნება წინააღმდეგი, გვქონდეს ერთი საზიარო ლექსი. ჩვენ ხომ ორივენი პირველები ვართ შენთვის. მეც ხომ გიყვარვარ? - მხიარულად ვკითხე.
- აბა რა!
- ლიაც ხომ გიყვარდა ერთ დროს ჩემსავით?
- მიყვარდა.
- ჰოდა, აბა, რა განსხვავებაა ჩვენ შორის?
დიდი მხიარულება ატყდა. გუგას გამოჩენამ თითქოს ცოტათი გამახალისა.
გადავწყვიტე, საბოლოოდ შევგუებოდი ჩემს სიტუაციას და გულთან ახლოს არ მიმეტანა დარდი. არადა, როგორ მენატრებოდა… თვალწინ სულ ძველი შეხვედრები მედგა. გამუდმებით მის სურნელს ვგრძნობდი. მუშაობითაც უხალისოდ ვმუშაობდი. თითქოს ჩემს ჯინაზე, ვიღაცის ისეთ უხეირო რომანს ვბეჭდავდი კომპიუტერზე, გულზე ვსკდებოდი. სტილურ გასწორებას საერთოდ არ ექვემდებარებოდა. აბდაუბდა წინადადებებით იყო სავსე. შესვენებაზე ვეღარ მოვითმინე, დავავლე დედანს ხელი და რატისთან შევაჭერი.
- მე ამის შეყვანა არ შემიძლია, უფროსო! - გაოცებულმა შემომხედა.
- რა მოხდა?
- რა და ამ რომანის სტილის გასწორება შეუძლებელია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ამის დამწერს ქართული საერთოდ არ ესმის. «ნი ტო, ჩტო», არ იცის, არ ესმის საერთოდ. გაგებაში არ არის.
- რა პრეტენზია გაქვს, კონკრეტულად შეგიძლია ამიხსნა? - გაღიზიანება დაეტყო ხმაში.
- აჰა, წაგიკითხავ რამდენიმე წინადადებას და შენ თვითონ მიხვდები: «იმის თავში ბრწყინვალე აზრებმა მოირბინეს»; «ანდროს მომავალი იურისტის სანდომიანი ელფერი გადაჰკრავდა»; «ჯიბეები ამოიპირქვავა» და რა ვიცი, რომელი ერთი წავიკითხო! - უკმაყოფილოდ წავიწუწუნე.
- მართლა ასე წერია?
- აგერ არის და ნახე. თან გამაფრთხილა, მე ჩემი სტილი მაქვს და ცოტა მსუბუქად ჩამისწორეო. წარმოგიდგენია?
- დაურეკე და აუხსენი. არა, ჯობია, მე დავურეკო. რას იტყვი?
- ჩემთვის სულერთია, - ნაღვლიანი ხმა გამიხდა. - ისე, რა მაგის პასუხია და ერთი კვირით სოფელში მინდა წასვლა. ბავშვი მომენატრა. რა ვიცი, თუ მოხერხდება. შვებულება ვიცი, ჯერ არ მეკუთვნის, მაგრამ… - მორიდებით შევბედე.
- ვნახოთ, ანა. ახლა ისეთი პერიოდია, ყველას შვებულება უნდა. თუმცა, ერთი კვირა არაფერს წყვეტს. ვინმეს მოვიყვან შემცვლელად… მაგრამ… მერე? არ გეშინია? - ეშმაკურად გამომხედა.
- რისი? - ვითომ ვერ მივუხვდი.
- შემცვლელის. თუ ესეც სულერთია შენთვის? ჰა?
- არა, ეგ არ არის სულერთი.
- მერე? რატომ აღარ მითანმხდები შეხვედრებზე?
- მე-ე? როდის გითანხმდებოდი, რო?
- რატომ, შენ რომ შემითანხმდე, არ შეიძლება? მე კი მეგონა, უკვე აღარ გიხაროდა ჩემთან ყოფნა, აღარ გაინტერესებდი.
რა საძაგელია! აქეთ გადმომაბრალა! ელაპარაკე ახლა ამას!
- ესე იგი, პარასკევს მოხვალ? დაგელოდო?.. რა კარგია.
საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ვითომ შევეცოდე? თუ საკუთარი გრძნობები გააკონტროლა?
ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერც ვერასდროს მივიღე.
7 7 7
რატის მოულოდნელმა შემობრუნებამ საგონებელში ჩამაგდო. მისი საქცელისთვის ახსნა ვერ მომეძებნა. გადავწყვიტე, პარასკევს ყველაფერი მეთქვა მისთვის. ერთხელ და სამუდამოდ გამეგო, გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, თუ შეწყდებოდა. ვეტყვი, რომ მიყვარს. დანარჩენი თვითონ გადაწყვიტოს. თუ მიტოვებაა, ბარემ ამ ეტაპზე სჯობს. ეგ რომ ციცინათელასავით ხან «გამოანათებს» და ხან - არა, ეგრე სადაა? თან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე!
პარასკევს საგანგებოდ გამოვიპრანჭე. მოკლე, უმკლავებო სარაფანი მეცვა, სალათისფერი. ჩემი თვალების ფერს უხდებოდა ძალიან.
ჩვეული სიჩქარით ავირბინე ექვსი სართული. კარი ღია დამხვდა, როგორც ყოველთვის. ოთახში შევედი, გასაღები გადავტრიალე შიგნიდან და რატის დავუწყე ძებნა. საძინებელში რომ შევედი, თვალები დავაჭყიტე - ლოგინში იწვა და ეძინა… არც კი შემომეგება. შეიძლება არც ეძინა…
ახლოს მივედი და ლოგინთან მუხლებზე ჩავჯექი. სახე სახესთან მივუტანე. თანაბარი სუნთქვის ხმა მესმოდა. ლოყაზე ვაკოცე. ლოგინის ტემპერატურა ჰქონდა, თბილი, თბილი… არა, უფრო ცხელი… შეირხა, თვალები თითქოს ძალით გაახილა, გემრიელად გაიზმორა და მკლავებში მომიმწყვდია. დილის კოცნით დამაჯილდოვა და ჩამჩურჩულა:
- ჩქარა გაიხადე და შემოხტი.
საწოლზე ჩამოვჯექი და გახდა დავიწყე. თან ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან…
კმაყოფილი, ბედნიერი.
რა ცოტა მყოფნის…
შემეცოდა საკუთარი თავი.
გავშიშვლდი, სარჭით მაღლა აწეული თმა ჩამოვიშალე და გარდიგარდმო გადავწექი საწოლზე. ასე, შიშველი.
რატი წამოიწია, ხელი ჩამომისვა მკერდზე, მუცელზე, თეძოებზე…
- ჩემი ალერსიანი, ნაზი მხეცი, - მითხრა, იღლიებში ამომდო ხელები და თავის გვერდით მიმაწვინა, - რა კარგი ხარ, რა სანატრელი… - ჩურჩულებდა და ისე მოწყურებულად მკოცნიდა, როგორც დიდი ხნის მონატრებული.
- როგორ მომენატრე, - თქვა უცებ.
- მე უფრო მომენატრე, - არ დავუთმე.
ასეთ დროს თითქოს ერთი ვხდებოდით.
ერთი მთლიანი.
თითქოს მთელის ორი სხვადასხვა ნაწილი შეაერთეს და გაამთლიანეს.
ასეთი შეგრძნება მეუფლებოდა…
…ორივენი გულაღმა ვიწექით. რატი სიგარეტს ეწეოდა.
- ესე იგი, შენ უფრო მოგენატრე, არა? - გამომხედა.
- აჰა.
- შენ რა იცი, მე როგორ მომენატრე?
- ვიცი და მე იმაზე ათასჯერ უფრო მომენატრე.
- ვივაჭროთ?
- ვივაჭროთ.
- კარგი. მაშინ მითხარი, როგორ მოგენატრე?
- როგორც «დაჭრილი ირმების გუნდს წყარო ანკარა», - სიცილი დავიწყე.
- მე კიდევ, ძალიან მომენატრე, - სერიოზულად მითხრა.
- რაღაც არ გეტყობოდა, უფროსო, - ჩავუნისკარტე.
- ახლა სამსახურში ხომ არ დავიწყებდი ამის გამომჟღავნებას. შენ ხომ იცი ჩემი მეთოდები… არაფერს ვიმჩნევ გარეგნულად.
- მე შენ მიყვარხარ, რატი, - დავაჯახე უცებ.
თითქოს გახევდა.
სულ რამდენიმე წამით.
მერე დინჯად მოაბრუნა თავი ჩემკენ, ცოტა ხანს უხმოდ მიყურა.
არ გავნძრეულვარ.
არც შემიხედავს.
მერე იდაყვზე წამოიწია, ზემოდან დამხედა:
- გაიმეორე, რა თქვი?
- მიყვარხარ… უსაშველოდ… ეს არის და ეს, - ძალიან მშვიდი ვიყავი. მე თვითონ მიკვირდა.
- ახლა ისტერიკებსაც დამიწყებ, ალბათ!
გამეცინა. ყელზე მოვხვიე მკლავები და თითქმის ჩურჩულით ვუთხარი:
- ვერ ეღირსები. არ მჩვევია ეგეთები! - და ტუჩებში ხმაურით ვაკოცე.
- კი მაგრამ, ანა, შენ ხომ გახსოვს ჩვენი შეთანხმება?
- მახსოვს. თან ძალიან კარგადაც.
- მერე? შენ რომ «კონტრაქტის» ყველა პუნქტს არღვევ?
- ეს პუნქტები თავიდანვე იყო დარღვეული, მაგრამ მაშინ არ შემეძლო სხვანაირად. არ მინდოდა შენი დაკარგვა.
- ჰო მაგრამ, მაშინ რაც გითხარი, აღარ გახსოვს?
- მახსოვს, მაგრამ მაშინ სულ გკარგავდი. ახლა რაღაც მაინც დამრჩება.
- როდიდან დაიწყო ეს ყველაფერი?
- პირველივე დღიდან.
- ნუ მაბოლებ!
- თუ დამიჯერებ, ასეა, თუ არადა, როგორც გინდა. ამას ახლა აღარა აქვს მნიშვნელობა.
ისევ გულაღმა გაწვა.
ჭერს შეაჩერდა.
როგორც ჩანდა, საფიქრალი გაუჩნდა.
გაგრძელება იქნება