"ეს არის მონდომება, შესანიშნავად გამოიყურები" - თეა ადეიშვილი ეკრანს აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯით დაუბრუნდა - Marao

"ეს არის მონდომება, შესანიშნავად გამოიყურები" - თეა ადეიშვილი ეკრანს აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯით დაუბრუნდა

2023-11-01 18:16:06+04:00

„დღეს 2-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ვუბრუნდები ჩემს საყვარელ პროფესიას, ჩემს ოჯახს „მთავარ არხს“… მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს. ასევე - ჩემს კოლეგებს, რომლებიც უანგაროდ მუშაობდნენ ჩემ ნაცვლადაც კი ჩემთვის ძალიან მძიმე დროს... ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მიმყავდა „დღის სტუმარი“ და ვერ ვამზადებდი ჩემთვის ძალიან საინტერესო სიუჟეტებს... ახლაც რეაბილიტაციის პროცესში ვარ და იმედია მომიტევებთ, თუ რამე შეფერხებები მექნება, მაგრამ დავბრუნდი იმიტომ, რომ მაყურებელი ამ ორი თვის მანძილზე მწერდა და მეკითხებოდა, ხომ არ დავტოვე „მთავარი არხი“ – არა, ეს ჩემი ოჯახია და ოჯახიდან არ მიდიან.." - ამბობს თეა ადეიშვილი, რომელიც "მთავარი არხის" ეთერს დაუბრუნდა. 

მის ემოციურ გამოსვლას უამრავი კომენტარი მოჰყვა. მეგობრები და უბრალოდ უცნობი ადამიანები აღნიშნავენ, რომ თეა არაჩვეულებრივად გამოიყურება. ერთი შეხედვითაც შესამჩნევია, რომ, ბოლო წლებთან შედარებით, მან წონაში საგრძნობლად დაიკლო: 

„2016 წელს "რუსთავი 2"-ზე დებატები მიგვყავდა ოთხ ჟურნალისტს. მახსოვს, მაშინ კახა კალაძემ ერთ გადაცემაში ოთხჯერ მითხრა, რას ჰგავხარო. ნიკა გვარამია კი, როცა ეთერში შესასვლელად პიჯაკების მორგებას მთხოვდა, ჩემს კითხვაზე, ამ წონაზე რომელი პიჯაკი უნდა მომერგო, მპასუხობდა, რომ მთავარია, მე მომწონდეს ჩემი თავი. ბოლოს ეთერში 110 კილო ვიჯექი, ჯანმრთელობის პრობლემებიც შემექმნა, მქონდა პრედიაბეტი, პრობლემები გულზე, ფსიქიკაზე... ჩემს თავს ვეღარ ვიტანდი, სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა. აღარ მაინტერესებდა, როგორ გამოვიყურებოდი გადაცემის წინ, ვინც ჩემს სხეულში იჯდა, იყო სხვა გოგო და ვინც ამას ატარებდა, იყო სხვა ქალი და ეს ქალი არ მომწონდა.

დავიწყე ჯანსაღი კვება, დიეტები, მაგრამ არაფერმა მიშველა, დავიკლებდი სამ კილოს და ექვსს ისევ ვიმატებდი. 95 კილო რომ გავხდი, ჩავვარდი პანიკაში. მართლა პანიკური შეტევები მემართებოდა. საშინლად გამოვიყურებოდი. არ მინდოდა ჩემი თავის დანახვა და არც ის მინდოდა, სხვას დავენახე.

 შენ [ნანუკა ჟორჟოლიანი] იყავი პირველი, ვინც მითხრა, რომ ბარიატრიისკენ წავსულიყავი. მანამდე ყველა დიეტოლოგთან და ნუტრიციოლოგთან მიმიყვანე. გიორგი გაბუნიაც მაგას მეუბნებოდა, ნიკა გვარამიას სჯეროდა მხოლოდ, რომ ჩემით მოვერეოდი.

ოპერაციის წინ ვიდეო გადავიღე და ოჯახს ვემშვიდობებოდი. ეს იყო პირველი ნარკოზი და ოპერაცია ჩემს ცხოვრებაში, რასაც თან ახლდა შიშები. ახლა ბევრად ახალგაზრდად გამოვიყურები, ბევრად უფრო ძლიერი ვარ, ლაღი, თავისუფალი, მგონია, რომ ჟანგბადით დავიტენე” - ამბობდა თეა ადეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუში.