30 ოქტომბერს პარიზში ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა - სასტუმრო "შატლემ" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა, სადაც ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად იმყოფებოდა. ხვიჩამ ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა, ეს მისთვის დიდი წარმატებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მან ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი არიან. “ამ დღეზე ყოველთვის ვოცნებობდი და დღეს აქ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოვხვდი” - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერი, ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ამ წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მიუხედავად ინტერვიუზე უარისა, მისი წინსვლა არაერთი მიზეზის გამო ახარებს:
"ძალიან მიხარია, ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს ინტერვიუზე უარი საოცარი მიზეზით მითხრა, პირდაპირ შემომითვალა, არ მოგცემთ ინტერვიუს, მიშასთან ასოცირდებიო... მაინც მიხარია. და წარმატებას კი არა, უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.
მარტო იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანაა იქ, სადაც თამაშობს... იმიტომ, რომ სასწაული მემართება, როცა ათასობით ადამიანი სტადიონზე კვარაცხელიას ყვირის... იმიტომ, რომ ემიგრაციაში მყოფი ქურდბაცაცა თანამემამულეების საპირწონეს დებს (დავაკონკრეტებ, საერთაშორისო მედიაში არ ხვდებიან ისინი, ვინც შრომობენ, შრომობენ და შრომობენ, მაგრამ ხვდებიან ისინი, ვინც ქურდობს და ყაჩაღობს).
იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უამრავი ბავშვისთვის მაგალითად და მოტივაციად იქცა... იმიტომ, რომ ნეგატივით სავსე ქვეყანაში ათასობით ადამიანს აბედნიერებს... და ობიექტურად თუ შევხედავთ, სულ არ იცის ხვიჩა კვარაცხელიამ, ვინაა მანანა მანჯგალაძე... აი, საერთოდ და ამაზე კიდევ უფრო მეცინება...
დარწმუნებული ვარ, იმ დროს, ბურთის გარდა, არაფრით ინტერესდებოდა... რა ქნას ახლა, აგენტი რომ ჰყავს ბნელი და კიდევ ვიღაცები ახლომახლო.
წარმატებები და გამარჯვებები. საუკეთესო წამები-წუთები, გოლები და თამაშები წინ არის!" - წერს მანჯგალაძე.
ცნობისთვის, "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მე-17 ადგილზე გავიდა.