ორნელა მუტი მოსკოვში გაემგზავრება. იტალიელი კინოს ვარსკვლავი თეატრალური და მუსიკალური წარმოების „ბეთჰოვენი - გენიოსის გმირული ცხოვრება“ მთავარი გმირი იქნება, სპექტაკლის პრემიერა 27 ნოემბერს მოსკოვის ახალგაზრდობის სასახლეში იგეგმება.
როგორც ცნობილია, 68 წლის მსახიობი მოსკოვში პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გაემგზავრება. ორნელა მუტის ბებია და ბაბუა სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ. მსახიობმა მათ შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა:
„რუსები იყვნენ: პეტერბურგში ცხოვრობდნენ. ბაბუაჩემი მეფის ექიმი იყო. ბებიაჩემი - პიანისტი. 1917 წელს მოუწიათ ესტონეთში წასვლა. დედაჩემი საბჭოთა ესტონეთში დაიბადა, თუმცა ოჯახი ესტონელი არ იყო. დედა თითქმის არალეგალურად ჩავიდა იტალიაში, როცა ოცდაათ წელს გადაცილებული იყო.“
მსახიობის დედა იტალიელ ჟურნალისტზე დაქორწინდა და 1955 წელს რომში დაიბადა ფრანჩესკა რომანა რიველი. (ორნელა მუტი შემოქმედებითი ფსევდონიმია.) მსახიობის დედა შარშან 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.